როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

ივლისი 1, 2023

  • როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას?
  • ევროკავშირმა განაცხადა, რომ აწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ ეხება ეს შეზღუდვები?
  • რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?
  • ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?
  • რა მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ევროკავშირი უკრაინელი მოსახლეობისთვის?
  • როგორ ეხმარება ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს?
  • რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ უკრაინა ენერგიის გარეშე არ დარჩეს?
  • უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე. როგორია ამ განაცხადზე ევროკავშირის პასუხი?
  • რას აკეთებს ევროკავშირი უკრაინის მეზობელი მოლდოვის რესპუბლიკის დასახმარებლად?
ბარათი %1 %2-დან

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას?

უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა დაუყოვნებლივ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. ევროკავშირი მოითხოვს რუსეთისგან, რომ მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ევროკავშირი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

 

ევროკავშირი ერთიანია უკრაინისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერაში და მან ქვეყნისადმი პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერა.რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა და მისმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა 43.4 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს. ეს თანხა უკრაინის ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ გამძლეობას მაკროფინანსური თუ საბიუჯეტო მხარდაჭერის, სასწრაფო დახმარების, კრიზისზე პასუხისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ხმარდება. 

დამატებით, სამხედრო დახმარების ზომების ღირებულება დაახლოებით 28 მილიარდ ევროს გაუტოლდა, რის შედეგადაც უკრაინისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ მთლიანობაში 71.4 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. იმ რესურსებთან ერთად, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა ომის გამო ევროკავშირში გაქცეული უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად გაიღეს, უკრაინისა და უკრაინელებისთვის განკუთვნილმა მხარდაჭერამ ჯამში 88 მილიარდ ევროს მიაღწია.

ამავე დროს, ევროკავშირმა მიიღო სანქციების უპრეცედენტო პაკეტი როგორც კრემლის, ისე ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ ეხება ეს შეზღუდვები?

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა. 

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან — ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად — სანქციების რამდენიმე პაკეტზეა შეთანხმებული. 23 თებერვალს დაწესდა სანქციები რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. მას ინტერვენციის დაწყების შემდეგ სანქციების 13 პაკეტი დაემატა, რომელთაგან პირველი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დამტკიცდა. 2022 წლის  26 თებერვალს, 28 თებერვალს, 15 მარტს, 8 აპრილს, 30 მაისს21 ივლისს, 6 ოქტომბერს და 16 დეკემბერს, 2023 წლის 25 თებერვალს, 23 ივნისს და 18 დეკემბერს და 2024 წლის 23 თებერვალს  კი ევროკავშირმა სანქციების დამატებითი პაკეტები დააწესა. 

 

ფინანსური სექტორი

 

 ევროკავშირმა რუსეთის წამყვანი ბანკები გათიშა SWIFT-იდან, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ბანკების პირველ ჯგუფს სანქციები დაუწესდა 2022 წლის 2 მარტს, შემდეგ კი მათ რუსეთის სამი საკრედიტო ინსტიტუტი დაემატა, მათ შორის 2022 წლის 3 ივნისს — ქვეყნის უდიდესი ბანკი, სბერბანკი. 2022 წლის 16 დეკემბერს სანქციები შეეხო დამატებით სამ რუსულ ბანკს. ამ შეზღუდვაში რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციების სრულად აკრძალვაც შევიდა. 

 

SWIFT-ის ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას უმნიშვნელოვანეს ზიანს აყენებს, რადგან ეს ნაბიჯი მკაცრად ზღუდავს  ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. ამასთან, რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ურთულდებათ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდა, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღება. დამატებით, ევროკავშირმა სრულად აკრძალა ოპერაციები რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან და მათ აქტივები გაუყინა. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირის ბაზრებს სრულად ჩამოშორდნენ. ამ ბანკებზე რუსეთის საბანკო სექტორის საბაზრო წილის 23% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ზომა კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის ფინანსურ სისტემას. 

 

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას იწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს უკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

 

ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა. სანქციები კრიპტოაქტივებზეც ვრცელდება.

 

ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიღება აუკრძალა. მათ ასევე აღარ აქვთ წვდომა კრედიტუნარიანობის შეფასებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სააბონენტო მომსახურებაზე. ამ გზით მათ კიდევ მეტად ეზღუდებათ ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა.

 

2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირი ბიზნესთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურებების გაწევის აკრძალვაზე შეთანხმდა. ეს მომსახურებებია: ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი, კანონმდებლობით დადგენილი აუდიტი, ბუღალტრული და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, ბიზნესის და მართვის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მომსახურებები. ამ სერვისებზე წვდომა ეზღუდებათ რუსეთის მთავრობას, იურიდიულ პირებს, ორგანოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში არიან დაარსებული.

 

ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტას აღარ შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვა.

 

საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი

 

ევროკავშირმა დაკეტა ევროპის საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის — მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება, ამ ტერიტორიიდან აფრენა ან მის თავზე გადაფრენა. 

 

2022 წლის 8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აუკრძალა. ასევე დაწესდა აკრძალვა ევროკავშირში მომუშავე რუსულ და ბელარუსულ ტვირთის საგზაო გადამზიდავებზე. გამონაკლისი შეეხება ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და სასურსათო საქონელი, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგია. 

 

გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე აიკრძალა ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების  ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული.

 

ენერგეტიკა

 

2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება. 

 

ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა.

 

ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.

 

2022 წლის 15 მარტს კი ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე. 

 

სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული  მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს. 

 

2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე.

 

ტექნოლოგიები

 

ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტზე. შეზღუდვები დაწესდა იმ ტიპის საქონლის და ტექნოლოგიის ექსპორტზეც, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის და უშიშროების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამაში შედის ისეთ პროდუქცია, როგორიცაა ნახევარგამტარები თუ მოწინავე ტექნოლოგიები და, ასევე, რეაქტიული ძრავების საწვავი და საწვავის დანამატები, რომლებიც რუსეთის ჯარმა შეიძლება გამოიყენოს.

 

2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა დააწესა დამატებითი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიების ექსპორტზე. მან რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი იმ სახელმწიფო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ფინანსურ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. გარდა ამისა, საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის წინასწარი ინფორმაციის გაზიარების პირობა დაწესდა.

 

8 აპრილს ევროკავშირმა დამატებითი მიზნობრივი საექსპორტო აკრძალვები შემოიღო ისეთ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ევროკავშირის მარაგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ეს მოიცავს კვანტურ კომპიუტერებს, მოწინავე ნახევარგამტარებს, მგრძნობიარე აღჭურვილობას, სატრანსპორტო აღჭურვილობას და ქიმიურ ნივთიერებებს. აკრძალვებში მოხვდა სპეციალური კატალიზატორებიც, რომლებიც გადამამუშავებელ წარმოებაში გამოიყენება.

 

3 ივნისს ევროკავშირმა გააფართოვა საექსპორტო შეზღუდვების ნუსხა და მასში ისეთი დამატებითი ქიმიური ნივთიერებები შეიტანა, როგორებიც ქიმიური იარაღის წარმოების პროცესში შეიძლება იყოს გამოყენებული.

6 ოქტომბერს შეზღუდვებში მოყოლილი პროდუქტების სია კვლავ გაიზარდა და მასში მოექცა ის კონკრეტული ელექტრონული კომპონენტები, ქიმიკატები და საქონელი, რომლებიც სიკვდილით დასჯის, წამების თუ სხვა სასტიკი, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. სანქციების მერვე პაკეტით ასევე აიკრძალა სამოქალაქო იარაღის და მისი არსებითი კომპონენტების თუ ტყვია-წამლის, სამხედრო ტრანსპორტის და მოწყობილობების, გასამხედროებული მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, მიწოდება, ტრანსპორტირება თუ ექსპორტი. 

 

2022 წლის 16 დეკემბერს მიღებული სანქციების მეცხრე პაკეტით საექსპორტო შეზღუდვები შეეხო დრონის ძრავებს, საკამუფლაჟო მოწყობილობას, დამატებით ქიმიურ/ბიოლოგიურ აღჭურვილობას, მასობრივი არეულობების აღსაკვეთ ნივთიერებებს და იმ დამატებით ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებსაც რუსული არმია იყენებს. ასევე აიკრძალა ისეთი დამატებითი ინდუსტრიული პროდუქცია და ტექნოლოგია, როგორიცაა სათამაშო/სამოყვარულო დრონები, კომპლექსური გენერატორები, ლეპტოპები და კომპიუტერის კომპონენტები, ნაბეჭდი პლატები, რადიო-სანავიგაციო სისტემები, დისტანციური მართვის რადიოაპარატები, საავიაციო ძრავები და ძრავების შემადგენელი ნაწილები, კამერები და ლინზები.

 

მე-11 პაკეტში მოხვდა სანქციებისთვის  გვერდის ავლის საწინააღმდეგო ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს განსაზღვრული სანქცირებული პროდუქციისა და ტექნოლოგიის იმ მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტირება, რომელთა იურისდიქციები გვერდის ავლის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

 

2024 წლის 23 თებერვალს ევროკავშირმა დამატებითი საექსპორტო აკრძალვა დრონების კომპონენტებზე დაამტკიცა. 

 

ინდუსტრია

 

2022 წლის 15 მარტს ევროკავშირმა რკინითა და ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოიღო, რაც რუსეთს ექსპორტიდან დაახლოებით 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლებს დააკარგვინებს. 

 

ვაჭრობა

 

ევროკავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სხვა წევრებთან ერთად, 2022 წლის 15 მარტს გადაწყვიტა, რომ რუსულ პროდუქტებსა და სერვისებს ევროკავშირის ბაზრებზე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს გაუუქმებდა. ამას წინ უძღოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების 11 მარტის განცხადება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ სარგებელს, რომელსაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან იღებს.   

 

ევროკავშირმა ასევე შემოიღო საიმპორტო აკრძალვა ცემენტზე, რეზინის პროდუქციაზე, ხე-ტყის მასალაზე, ალკოჰოლურ სასმელზე (არყის ჩათვლით) და ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტზე (ხიზილალას ჩათვლით). 21 ივლისს კი შეზღუდვა შეეხო რუსული ოქროს იმპორტსაც. სავაჭრო შეზღუდვები გაფართოვდა 6 ოქტომბერს და შეეხო მანქანა-დანადგარებს, პლასტმასას, სატრანსპორტო საშუალებებს, ტექსტილს, ფეხსაცმელს, ტყავს, კერამიკას, გარკვეულ ქიმიურ ნაწარმს, ხის მერქანსა და ქაღალდს, სიგარეტს, კოსმეტიკურ ნაწარმსა და სამკაულებში გამოყენებულ ისეთ მასალას, როგორიცაა ძვირფასი ქვები და ლითონები. ეს ის პროდუქციაა, რომლით ვაჭრობაც რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილზე იყო პასუხისმგებელი. სანქციების 2023 წლის 18 დეკემბერს მიღებული მე-12 პაკეტით კი ევროკავშირმა რუსული ალმასის იმპორტიც აკრძალა. 

 

მედია

 

ევროკავშირმა სამაუწყებლო საქმიანობა შეუჩერა მედიასაშუალებებს, Sputnik და RT/Russia Today, ასევე არხებს, Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24/Russia 24 და TV Centre International. ეს კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაუწყებლები გახლავთ, რომელთა სამიზნეც უკრაინისა და ევროკავშირის აუდიტორიებია. ისინი ავრცელებენ პროპაგანდას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მეცხრე პაკეტის ფარგლებში სანქცირებულ მედიასაშუალებათა სიას დაემატა ოთხი არხი: NTV, Pervyi Kanal, Rossiya 1 და REN TV.

 

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას. 

 

ინდივიდუალური სანქციები

 

შემზღუდველი ზომები ამჟამად 2,000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ პირებს აქტივები გაეყინათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ.  გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გადაადგილების უფლებაც ჩამოერთვათ.  

 

ამ სიაში შეყვანილები არიან: რუსეთის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციას და აღნიშნულ ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის დადებულ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში,  მეტალურგიულ, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის  და ციფრულ მრეწველობაში დასაქმებული ოლიგარქები თუ ბიზნესმენები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები, ასევე უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში მონაწილე სამხედრო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანი უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს და მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციაზე დადებითი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. 6 ოქტომბრიდან მოყოლებული, სიას დაემატა ის პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიაში და რომლებმაც წვლილი შეიტანეს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე/ოლქებში ჩატარებულ ფსევდო რეფერენდუმების ორგანიზებაში

 

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, აკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებთან სხვადასხვა სექტორში — კერძოდ, კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. 6 ოქტომბერს კი ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში ან კონტროლის ქვეშ არსებული იურიდიული პირების თუ ორგანიზაციების მმართველ ორგანოებში ნებისმიერი სახის თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. 

 

ამასთან, დიპლომატებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, ხოლო სხვა რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომდგენლები ვეღარ სარგებლობენ გამარტივებული სავიზო პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება არ ეხება რიგით რუს მოქალაქეებს. 

 

ევროკავშირმა ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაცემის შეზღუდვის შესახებაც მიიღო ზომები. ეს პასპორტები მდიდარ რუსებს ევროკავშირის მოქალაქეებად გახდომის საშუალებას აძლევს. მან ასევე დააწესა ევროკავშირის საექსპორტო აკრძალვა ფუფუნების საგნებზე (მაგალითად, ძვირადღირებულ მანქანებზე, საიუველირო ნაკეთობებზე და სხვა), რაც უშუალოდ რუსეთის ელიტას მიაყენებს დარტყმას. 

სანქციების შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, #გვერდში დავუდგეთ უკრაინას და ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც გაეცნობით ცნობებს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ევროკავშირის სანქციებზე.

რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?

ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.

ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელარუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

 

შეზღუდვები შეეხო ბელარუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

 

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.

 

2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. 

 

2023 წლის 3 აგვისტოს ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები, რის შედეგადაც ბელარუსზე დაკისრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეესაბამება. ამაში შედის: იმ საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში — მაგალითად, ესაა საავიაციო ძრავები და დრონები; ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების თუ არსებითი კომპონენტებისა და ტყვია-წამლის ყიდვის, მომარაგების, ტრანსფერის ან ექსპორტის აკრძალვა; დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს — მათ შორისაა ნახევარგამტარი მოწყობილობები, ელექტრონული ინტეგრალური სქემები, სამეწარმეო და სატესტო აღჭურვილობა, ფოტოკამერები და ოპტიკური ნაწილები; და ორმაგი გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება. 

 

გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსში დამატებითი სანქციები დაუწესა იმ 38 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების რეპრესირებაში და რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან და მხარს უჭერენ მას. ამჟამად ბელარუსში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ჯამში 233 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.

 

ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?

 

უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას აწოდებს.

 

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად, 2022 წლის თებერვალში, 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. მოგვიანებით, დამატებითი ტრანშების შედეგად, დაფინანსებამ მთლიანობაში 6.1 მილიარდი ევრო შეადგინა. 

 

ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას.  

 

დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები ჩაუტარდება. მისია ასევე კოორდინირებას გაუწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ.

 

საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება — რომელიც ევროპის სამშვიდობო მექანიზმმა და უშუალოდ წევრმა სახელმწიფოებმა გაიღეს — დაახლოებით 28 მილიარდ ევროს შეადგეს. 

ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?

უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას აწოდებს.

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად, 2022 წლის თებერვალში, 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. მოგვიანებით, დამატებითი ტრანშების შედეგად, დაფინანსებამ მთლიანობაში 5.6 მილიარდი ევრო შეადგინა. 

ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას.  დამატებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ორწლიან სამხედრო დახმარების მისიას (EUMAM Ukraine) შექმნის. მის ფარგლებში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს წვრთნები ჩაუტარდება. მისია ასევე კოორდინირებას გაუწევს ევროკავშირის იმ ქვეყნების საქმიანობას, რომლებიც უკრაინაში წვრთნებს გამართავენ.

საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება — რომელიც ევროპის სამშვიდობო მექანიზმმა და უშუალოდ წევრმა სახელმწიფოებმა გაიღეს — დაახლოებით 27 მილიარდ ევროს შეადგეს.

რა მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ევროკავშირი უკრაინელი მოსახლეობისთვის?

უკრაინაში ომით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდამჭერი ჰუმანიტარული დახმარების პროექტებისთვის მთლიანობაში 926 მილიონი ევროა გამოყოფილი. ამ თანხაში შედის 860 მილიონი ევრო უკრაინისთვის და 66 მილიონი ევრო მოლდოვისთვის უკრაინიდან წასული ლტოლვილების დასახმარებლად. ევროკავშირის ეს ჰუმანიტარული დახმარება აფინანსებს საკვებს, წყალს, ჯანდაცვას, თავშესაფარს თუ სხვა პირველად მოთხოვნილებებს და, ასევე, ზამთრის თავშესაფრის პროგრამას.

დამატებით 330 მილიონი ევრო გამოიყო გადაუდებელი დახმარების პროგრამისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო წვდომას ისეთ აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სურსათი. გარდა ამისა, თანხა ხმარდება მოსახლეობის — როგორც ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირების, ისე მათი მასპინძელი თემების — დაცვას და ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს და სოფლის მეურნეობას. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანებია მცირემასშტაბიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, უწყვეტი ენერგომომარაგება და კიბერუსაფრთხოების, მედიის თავისუფლების და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საქმიანობის გაძლიერება.

9 აპრილს ევროკომისიისა და კანადის ორგანიზებით გამართულ ‘Stand Up for Ukraine’ გლობალურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე უკრაინელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 9.1 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო ევროკომისიამ გაიღო. დამატებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რუსეთის შეჭრის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სესხის სახით 1 მილიარდი ევრო გამოყო.

კომისია, ამასთან, მატერიალური დახმარების მიწოდებას უწევს კოორდინაციას. დახმარება ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება და მასში ევროკავშირის ყველა, 27 წევრი სახელმწიფო და ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, თურქეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაა ჩართული. ეს ისტორიაში მექანიზმის ყველაზე მასშტაბური გააქტიურების შემთხვევაა. დახმარება მოიცავს 80 მილიონზე მეტ ისეთ ჰუმანიტარულ ერთეულს, როგორებიცაა პირველადი დახმარების ნაკრებები, თავშესაფრების მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა, წყლის ტუმბოები, ელექტროგენერატორები და საწვავი. ამასთან, ევროკავშირი ყოველდღიურად იღებს დახმარების ახალ-ახალ შეთავაზებებს.

მოლდოვამაც გაააქტიურა მექანიზმი, რათა მის ტერიტორიაზე გადასულ უკრაინელებს დაეხმაროს. ავსტრიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა უკვე შესთავაზეს მას სასწრაფო მხარდაჭერა — მათ შორის, საცხოვრებელი ნივთებისა და სამედიცინო დახმარების სახით. 3 მარტს კი ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მოლდოვას გადაუდებელი დახმარების სახით — 15 მილიონი ევრო, ხოლო სამოქალაქო დაცვისთვის 5 მილიონი ევრო გამოუყო. 

ევროკავშირი თავად უკრაინასაც უზრუნველყოფს მსხვილმასშტაბიანი მხარდაჭერით, რათა ქვეყანამ კრიზისთან გამკლავება შეძლოს. ამის ნაწილია სესხების სახით გაცემული 25.2 მილიარდამდე ევროს ოდენობის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარება და დამატებითი 620 მილიონი ევრო უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის. 

საჭიროებათა მატების გათვალისწინებით, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და უნგრეთში მდებარე rescEU-ის სამედიცინო საწყობებიდან უკრაინაში დამატებითი დახმარება გაიგზავნა. rescEU-ს მთლიანი მხარდაჭერის ღირებულება 127 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს და მოიცავს სამედიცინო დახმარების ისეთ ნივთებს, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, საინფუზიო ტუმბოები, პაციენტის მონიტორები, ნიღბები, ულტრაბგერითი აპარატურა და ჟანგბადის კონცენტრატორები. 

სანქციების შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, #გვერდში დავუდგეთ უკრაინას და ევროკომისიის ვებგვერდზე, ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინას“ (EU Solidarity with Ukraine)

როგორ ეხმარება ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს?

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროპის ტერიტორიაზე 6 მილიონზე მეტი ლტოლვილი აღირიცხება.

2022 წლის 4 მარტს ევროპის კავშირის საბჭო დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურებაზე ერთსულოვნად შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს შეაძლებინებს, სწრაფად და ეფექტიანად დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს.

კერძოდ, ომს გამოქცეული ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება დროებითი დაცვა მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რეზიდენტობის და მუშაობის უფლებას, საცხოვრებელსა და საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ, სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარებას

დროებითი დაცვა დაუყოვნებლივ ვრცელდება უკრაინელ ლტოლვილებზე. ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს სამ წლამდე — მანამ, სანამ მდგომარეობა უკრაინაში საკმარისად არ გამოსწორდება იმისათვის, რომ ადამიანებს სახლებში დაბრუნება შეეძლოთ. 

გარდა ამისა, ევროკავშირი დაცვით უზრუნველყოფს უკრაინაში ლეგალურად მცხოვრებ არაუკრაინული ეროვნების ადამიანებს. მათ შორის მოიაზრებიან მოქალაქეობის არმქონე პირებიც, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში ან სამშობლო რეგიონში — მაგალითად, თავშესაფრის მაძიებლებს ან საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს. რაც შეეხება მათ, ვინც უკრაინაში მოკლე ვადით ლეგალურად არის ჩასული და შეუძლია, უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სამშობლოში ჩასასვლელად ისინი ევროკავშირში ტრანზიტით შესვლის უფლებას მიიღებენ. 

ევროკავშირმა ომს გამოქცეული ადამიანების მხარდასაჭერად  სასაზღვრო კონტროლიც გაამარტივა. კერძოდ, ევროკავშირში შესვლის პირობები მეტად მოქნილი ხდება. ასევე იხსნება საზღვრის გადაკვეთის დროებითი პუნქტები და მარტივდება წვდომა სამაშველო მომსახურებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ის ლტოლვილები კი, რომლებსაც თან პირადი ნივთები მიაქვთ და შინაური ცხოველები ახლავთ, შესაბამის მხარდაჭერას იღებენ.

ევროკავშირის სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ლტოლვილებისთვის, რომლებიც უკრაინას ომის გამო ტოვებენ. აქ მათ შეუძლიათ გაეცნონ დაწვრილებით ინფორმაციას ევროკავშირში თავიანთი უფლებების შესახებ და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. აქვეა თავმოყრილი ბმულები, რომლებზე გადასვლითაც ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოში ამჟამად ხელმისაწვდომი მხარდაჭერის მოძიებაა შესაძლებელი.

რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ უკრაინა ენერგიის გარეშე არ დარჩეს?

2022 წლის 16 მარტს უკრაინული ენერგოქსელი — მოლდოვის ენერგოქსელთან ერთად — წარმატებით დაუკავშირდა კონტინენტურ ევროპულ ქსელს. ეს იმ პროექტის ასწრაფებით გახდა შესაძლებელი, რომელიც 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავისი ქსელი რუსეთის სისტემიდან ომის დაწყების პირველ დღეს გამორთო, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO E) ტექნიკოსებმა „მთელი წლის საქმე ორ კვირაში შეასრულეს“. 

ევროკავშირი უკრაინას გაზსაც აწვდის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი რევერსული ნაკადითაა შესაძლებელი. დამატებით, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უკრაინის მიერ გამზადებული სია მიაწოდა, რომელიც ენერგოსექტორში მის გადაუდებელ საჭიროებებს მოიცავს. ამ სიაში შეტანილია დიზელი, ბენზინი, საავიაციო საწვავი და გენერატორები. პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ჩეხეთიდან უკვე დაგეგმილია მოთხოვნილი რესურსების მიწოდება. ხოლო ბევრმა სხვა წევრმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ უკრაინას ამ მიმართულებით დახმარების ხელს გაუწვდიდა.

2022 წლის 11 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას, „უკრენერგოს“ საგანგებო დახმარების სახით 50 მილიონი ევრო გადასცა. დაფინანსება უკრაინის ენერგოქსელის და ბირთვული გენერატორების სტაბილურ მუშაობას და საწარმოებისა თუ ოჯახების ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდება. 

ევროკავშირი ქვეყანას 2,400 ენერგოგენერატორს გადასცემს, რაც იმ 3,000 ენერგოგენერატორს დაემატება, რომლითაც უკრაინა ომის დაწყებიდან მოყოლებული მომარაგდა. ევროკომისიის თხოვნით, ენერგოსექტორში არსებული სასწრაფო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, უკრაინის ელექტროენერგიით მხარდაჭერის ფონდის ფარგლებში, 157.5 მილიონი ევრო გამოიყო. გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინისთვის 35 მილიონი LED ნათურის შესაძენად 30 მილიონი ევროს მობილიზებას ახდენს. 

უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე. როგორია ამ განაცხადზე ევროკავშირის პასუხი?

2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს. გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გაცემულ რეკომენდაციას დაეფუძნა. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა. 

ამ ნაბიჯიდან ერთი კვირის შემდეგ, 7 მარტს კი ევროკავშირმა გადაწყვიტა, სამივე ქვეყნის მიერ შეტანილი წევრობის განაცხადები ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტთან (COREPER II) ერთად განეხილა. გარდა ამისა, მან ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები თითოეული ქვეყნის განაცხადის თაობაზე. ეს ნაბიჯი ტექნიკური ხასიათისაა და ის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების სტატუსით მიღების პროცესის დაწყებას აღნიშნავს.

8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა. ეს ევროკავშირის მიერ უკრაინის წევრობის საკითხის გადაწყვეტის პროცესში საწყის ნაბიჯს წარმოადგენს.

კითხვარი ფორმალური ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც ევროკომისია აფასებს ქვეყნის მზადყოფნას, გააგრძელოს სვლა გაწევრიანებისკენ — კერძოდ, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩაერთოს გაწევრიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში. 

„ჩვენი ასოცირების შეთანხმების მეშვეობით, უკრაინა უკვე ახლო შესაბამისობაშია ევროკავშირთან. ამგვარად, ჩვენ შეძლებისდაგვარად ავასწრაფებთ ამ პროცესს და გამოვიკვლევთ, დაკმაყოფილებულია თუ არა ყველა პირობა“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უკრაინამ მასშტაბური რეფორმების პროგრამა დაიწყო. მისი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება გახლდათ. იმავდროულად, ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა რეფორმების მხარდასაჭერად გრანტებისა და სესხების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება შეძლეს.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კიევს 2023 წლის 2-3 თებერვალს 15 კომისართან ერთად ესტუმრა და უკრაინის მთავრობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა ისეთ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ფინანსები, ჰუმანიტარული დახმარება, ენერგეტიკა, საბიუჯეტო მხარდაჭერა და, ასევე, დიპლომატიური საქმიანობა. დამატებით, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის მიმდინარე რეფორმებზე, რომელთა დახმარებითაც ქვეყანა ევროკავშირის გზას ადგას. ასევე გამოიკვეთა ის მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც სექტორულ თანამშრომლობას გააძლიერებს. 

2022 წლის 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადები მოლდოვის რესპუბლიკამ და საქართველომაც წარადგინეს. 2022 წლის 23 ივნისს  ევროკავშირმა მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, მომდევნო წელს კი, 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსაც მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. 

უკრაინის განაცხადის შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ევროკავშირის გაფართოების გვერდზე და ევროკომისიის ვებგვერდზე,ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინას“ (EU Solidarity with Ukraine).

 

რას აკეთებს ევროკავშირი უკრაინის მეზობელი მოლდოვის რესპუბლიკის დასახმარებლად?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის უწყვეტ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

 

 

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს მოლდოვას, რომელიც ახლა მრავალი ლტოლვილის თავშესაფრადაა ქცეული. კერძოდ, 2023 წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 750,000-ზე მეტი ლტოლვილი იყო შესული, რომელთაგან დაახლოებით 102,000 ადამიანი ჯერ კიდევ მოლდოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 

 

ამ მდგომარეობის საპასუხოდ ევროკომისიამ ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის და მოლდოვაში მყოფი ლტოლვილებისა და მათი მასპინძლების მხარდასაჭერად მთლიანობაში 66 მილიონი ევრო გამოყო.

 

2022 წლის თებერვალში მოლდოვამ გაააქტიურა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი და მიგრაციის ნაკადებთან გასამკლავებლად დახმარება ითხოვა. ამ დროისთვის აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით მოლდოვას სასწრაფო დახმარება ევროკავშირის 19 სახელმწიფომ და ნორვეგიამ გაუწიეს. მხარდაჭერაში შედის თავშესაფრის აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგები, ელექტრო გენერატორები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები. 

 

5 აპრილს ევროკავშირმა განაცხადა, რომ მოლდოვის რესპუბლიკისთვის დამატებით 53 მილიონ ევროს გამოყოფს. დაფინანსება ქვეყანას უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულ მრავალმხრივ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება. დაფინანსება ბელარუსს რაც შეიძლება სწრაფად და ბიუჯეტური მხარდაჭერის პროგრამის სახით მიეწოდება. 

 

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოლდოვას უშიშროებისა და თავდაცვის სექტორებშიც აღუთქვა მხარდაჭერა. კერძოდ, ევროკავშირი მას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. ამ მიზნით კიშინიოვში ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. ის შეაფასებს საჭიროებებს და დაგეგმავს მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლების განხორციელებაც უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი. კრიზისის შემთხვევაში, ევროკავშირი მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს სამედიცინო აღჭურვილობითა და მხარდაჭერით, მათ შორის ლოგისტიკური დახმარებითაც უზრუნველყოფს. 

 

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუერთებს მოლდოვის ელექტროსისტემას ევროკავშირის ენერგოქსელს. 2022 წლის ნოემბერში კი ევროკავშირმა 250 მილიონი ევროს ოდენობის ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც მოლდოვას გაზის საჭირო რაოდენობით მომარაგებაში და მოსახლეობის დაუცველი ნაწილის მხარდაჭერაში დაეხმარება. 

 

იმავდროულად, ევროკავშირი მოლდოვის დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების ფარგლებს გარეთაც აგრძელებს. ამას ის 600 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღდგენის გეგმის საშუალებით და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმ ხუთი საფლაგმანო ინიციატივით აკეთებს, რომელიც 3.4 მილიარდი ევროს  მობილიზაციას ისახავს მიზნად.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,