შუშის სფერო
კომიქსი განახლებადი ენერგიის შესახებ

ოზი
ზაზუნა ოზი კომიქსის მთავარი პერსონაჟია. საყვარელი და მოუსვენარი ოზი გამუდმებით ზრუნავს პლანეტაზე და გამჭრიახობითაც გამოირჩევა.

ახალი თავგადასავალი
ოზი და მეგობრები ახალ თავგადასავალში ებმებიან. მათ პლანეტა უნდა გადაარჩინონ — ამჯერად ენერგიის ისეთი ბუნებრივი წყაროების გამოყენებით, როგორებიც მზე, ქარი და წყალია.
ლეა სამეცნიერო გამოფენისთვის ემზადება, სადაც საკუთარი გამოგონება უნდა წარადგინოს:
შუშის სფერო, რომელიც ამინდის აპლიკაციასთან დაკავშირებისას აჩვენებს, გარეთ რა ამინდია.
ლუნას ახალი ჰობი აქვს — ოზისთვის სვიტრების ქსოვა. ეს წამოწყება არც ოზის ეხატება დიდად გულზე და არც ლეას.
მაქსმა და დანიმ სკოლაში კლუბი დააფუძნეს, სადაც მეგობრებს ასწავლიან, როგორ დაზოგონ ენერგია. თან ინსტადრამის პოპულარულ გვერდსაც მართავენ — ოზი მათი ვიდეოების მთავარი ვარსკვლავია.
როცა, როგორც იქნა, პროექტზე მუშაობას ასრულებს, ლეას თავის ოთახში ეძინება.
მაგრამ მომდევნო დილას ერთი დიდი სიურპრიზი ელის.
ოზის როგორღაც მოუხერხებია და შუშის სფეროში შემძვრალა.
გამოძრომის მცდელობისას ოზი რაღაც ღილაკს აჭერს, რაც სფეროს გადატვირთვას იწვევს და ახლა ის მომავლის ამინდს აჩვენებს.
და ეს სულაც არაა სასიამოვნო სანახაობა!
ჩვენი მეგობრები გადაწყვეტენ, რომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ.
შუშის სფეროში ნანახით შეშფოთებული ბავშვები პროფესორ სლეიტთან დაკავშირებას ცდილობენ — იმედი აქვთ, რომ ის კიდევ ერთხელ დაეხმარება მათ, დროულად გადაარჩინონ პლანეტა.
შეძლებენ ოზი და მისი მეგობრები ამ მნიშვნელოვანი მისიის წარმატებით შესრულებას?
რა ელით მათ წინ?

ასწავლე სხვებს განახლებადი ენერგიის შესახებ
სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის
(მალე გამოქვეყნდება)
გაიგე მეტი იმ ენერგიათა შესახებ, რომლებიც ჩვენს გმირებს წარმატებაში დაეხმარება.

მზის ენერგია
მზის პანელები მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც შეგიძლია დატენო ტელეფონი ან მთლიანი სახლიც კი — გააჩნია მზის სხივების რაოდენობასა და პანელის ზომას. ასევე, შეგიძლია, ეს ენერგია სამომავლო გამოყენებისთვის აკუმულატორში შეინახო.
პანელების მსგავსად, მზის კოლექტორებიც გარდაქმნის მზის ენერგიას. თუმცა ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ნაცვლად, სითბოს ვიღებთ.

ქარის ენერგია
ქარის ელექტროსადგური ქარის ტურბინებისგან შედგება, რომელთა მეშვეობითაც ელექტროენერგია გამომუშავდება.

წყლის ენერგია
პატარა ჰიდროელექტროსადგურს 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, რისთვისაც გამდინარე წყლის ენერგიას იყენებს. ამ სისტემიდან მიღებული ელექტროენერგიით შეიძლება განათდეს ერთი სახლი ან მთლიანი დასახლებაც კი.
წინარეისტორია
ოზისა და მისი ოთხი მეგობრის ამბავი გვამოგზაურებს სამყაროში, სადაც ყველანაირი ბოროტება უცოდინარობისა და დაუდევრობის შედეგია.
წინა თავგადასავლის დროს ჩვენმა გმირებმა მთელ ქალაქს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლეს — როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ, სამყაროც უკეთესობისკენ იცვლება. საერთო მიზნის დასახვით და ენერგიის ჭკვიანურად გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ბავშვებმა ქალაქის გადარჩენა შეძლეს.

ლუნა და ლეა
ლეა ტექნოლოგიებზე გიჟდება. თავისუფალ დროს სულ ფიქრობს და ახალ გამოგონებებზე მუშაობს. ამასთან, საყვარელ ზაზუნა ოზისაც უვლის უმცროს დასთან, ლუნასთან ერთად, რომელიც ზოგჯერ (მხოლოდ ზოგჯერ) ნერვებს აწიწკნის.
მაქსი და დანი
მაქსი და დანი, მიუხედავად წარსული მტრობისა, საერთო მიზანმა დაამეგობრა. ბიჭები ერთად უძღვებიან სკოლის კლუბს და მართავენ სოციალური მედიის პოპულარულ გვერდს, სადაც თანატოლებს ენერგიის გამოყენების გონივრულ გზებს ასწავლიან.
პროფესორი სლეიტი და გაჯეტ თეილსი
პროფესორი სლეიტი მეცნიერია, რომელიც მთელი ცხოვრებაა, ენერგიის ეფექტიანად გამოყენების გზებს იკვლევს. მისი უმცროსი ძმა და ბრწყინვალე ინჟინერი, გაჯეტ თეილსი, სლეიტს ეხმარება, იდეები რეალობად აქციოს. გაჯეტის მიერ შექმნილი მოწყობილობები ბუნებრივ ენერგიაზე მუშაობს და გარემოს არ აბინძურებს.
ჩამოტვირთე კომიქსები

შუშის სფერო: ოზის ახალი თავგადასავალი
