ევროკავშირის გაფართოება

საქართველო

ევროკავშირში ამჟამად 27 წევრი სახელმწიფოა. წევრად გახდომის მსურველი თითოეული ევროპული სახელმწიფო უნდა მოემზადოს ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონმდებლობის მისაღებად. ევროკავშირში გაწევრიანების პირობები ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრება.

ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესია შეფასებული.

2023 წლის გაფართოების პაკეტში კომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ეს გვერდი გაგაცნობთ გაფართოების პაკეტს, გაწევრიანების პროცესსა და საქართველოს პროგრესს.

პაკეტი

ყოველ წელს ევროკომისია ამტკიცებს გაფართოების კომუნიკეს, სადაც გაწერილია გაფართოების პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

კომუნიკეს თან ახლავს ანგარიშები, რომლებშიც დეტალურადაა შეფასებული კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების საქმეთა მდგომარეობა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესი.


ეს შეფასებები კონცენტრირდება ფუნდამენტური რეფორმების შესრულებაზე და შეიცავს ზედმიწევნით მითითებებს სარეფორმო პრიორიტეტებზე. კომუნიკე და ანგარიშები ერთად „გაფართოების პაკეტს“ შეადგენს.

საქართველო

Reuters

Reuters

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინა. 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ განაცხადზე თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაცია, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას მერე, რაც ის გარკვეულ პრიორიტეტებს შეასრულებს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების პაკეტის ნაწილად გასცა რეკომენდაცია, მიანიჭოს საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.

კომისია მიესალმა ძალისხმევას, რომელიც საქართველომ საკუთარ კონსტიტუციასთან შესაბამისი რეფორმების გატარების მხრივ გასწია. კერძოდ, კონსტიტუციაში ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტადაა დასახული. 

საქართველოს ანგარიში

ევროკომისიის მიერ საქართველოზე გაკეთებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, იმ თორმეტ პრიორიტეტთან მიმართებით, რომელიც კომისიამ თავის თავდაპირველ, 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრა, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. კერძოდ, მან მიიღო საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით. ქვეყანამ ასევე გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენები სასამართლო განხილვებისას, მიაღწია პროგრესს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და აირჩია ახალი სახალხო დამცველი. თუმცა მოსაზრებაში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ რეფორმების პროცესი შეაფერხა უწყვეტმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ღრმა პოლარიზაციამ და იმ გამოწვევებმა, რომელიც ეროვნული ინტერესის განმსაზღვრელ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის მიმართულებით არსებობს.

კომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა რამდენიმე მიმართულებით გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ამ მიმართულებათა შორისაა დეზინფორმაციასთან და ინფორმაციის გარე მანიპულაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გაუმჯობესებული თანხვედრა, პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, დეოლიგარქიზაციის სისტემური პოლიტიკის შემუშავება და ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის შემუშავება.

წაიკითხეთ მეტი ანგარიშის მთავარ მიგნებებზე.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ

გასულ თვეებში საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან მეტად დასაახლოებლად და რეფორმების ტემპის გასაზრდელად, რათა შეასრულოს ის თორმეტი პრიორიტეტი, რომელიც წევრობის განაცხადზე ევროკომისიის მოსაზრებაში განისაზღვრა.

მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მიანიჭოს საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ ის რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.   

გადადით ამ ბმულზე, რომ გაიგოთ მეტი საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე და წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

როგორ

მუშაობს გაწევრიანების

პროცესი?

როგორ

მუშაობს მოლაპარაკებების პროცესი?

მოლაპარაკებები

მოლაპარაკებები დაყოფილია 35 თავად, რომლებიც 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული. თითოეულ ბლოკზე მოლაპარაკებები იწყება ერთიანად — მას მერე, რაც ქვეყანა განსაზღვრულ მაჩვენებლებს მიაღწევს. თითოეულ თავზე მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად, მისი პირობითი დახურვის მიზნით. 

საფუძვლები

საფუძვლების შესახებ მოლაპარაკებები იხსნება პირველ რიგში და იხურება ბოლოს; ამ ბლოკში მიღწეული წინსვლა მოლაპარაკებების საერთო ტემპს განსაზღვრავს.

რა არის მთავარი პროცესში?

მთავარი ღირებულებები

ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების უმრავლესობას რამდენიმე ურთიერთგადამკვეთი პოლიტიკური საკითხის მოგვარება უწევს. ამაში შედის კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. მთავარი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

მთავარი ტერმინები

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტერმინი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება გაწევრიანების პროცესს. მთლიანი ინგლისურენოვანი ლექსიკონი ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

გაწევრიანების კრიტერიუმები

გაწევრიანების კრიტერიუმები, იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები (მიემართება ევროპული საბჭოს 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტს, რომელზეც განისაზღვრა ეს კრიტერიუმები) ის არსებითი პირობებია, რომელიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა გახდეს წევრი სახელმწიფო. გაიგეთ, რას წარმოადგენს ისინი

EU acquis

ევროკავშირის კანონთა კრებული, იგივე EU acquis, შეიცავს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო საერთო უფლებებსა და მოვალეობებს. ის გამუდმებით იხვეწება. გაიგეთ, რას მოიცავს ის.

კანდიდატი ქვეყნები

ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შემტან ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება მიანიჭოს. 

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროკავშირში ავტომატურად გაწევრიანების უფლებას არ იძლევა. კომისია განაცხადს გაწევრიანების კრიტერიუმების (კოპენჰაგენის კრიტერიუმების) გათვალისწინებით აფასებს და ადგენს მოსაზრებას, ხოლო ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, გახსნას თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები კანდიდატ ქვეყანასთან.

გაიგეთ მეტი

2023 წლის გაფართოების პაკეტი დეტალურად აფასებს გაწევრიანების მსურველი ქვეყნების საქმეთა მდგომარეობას და თითოეული მათგანის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და, პირველად ისტორიაში, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო.

სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) მიზანია, წინ წაწიოს ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების პოლიტიკა. DG NEAR ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მქონე ქვეყნებს ეხმარება, დააკმაყოფილონ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს ხელშეკრულებით განსაზღვრული კრიტერიუმები.

გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზეა დამოკიდებული. თითოეული ქვეყნის სტატუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.