ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი: შეზღუდვა რუსულ ოქროსაც შეეხო 
ივლისი 22, 2022

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი: შეზღუდვა რუსულ ოქროსაც შეეხო 


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პასუხად, 21 ივლისს ევროკავშირმა ახალი შემზღუდველი ზომები მიიღო. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და მათი აღსრულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

პაკეტი აწესებს ახალ აკრძალვას ოქროს პირდაპირ ან არაპირდაპირ შესყიდვაზე, იმპორტზე და ტრანსფერზე, თუ ის რუსული წარმომავლობისაა და ევროკავშირში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში რუსეთიდან ექსპორტის სახით მოხვდა. აკრძალვა ეხება საიუველირო ნაკეთობებსაც. 

გარდა ამისა, ევროკავშირი ამკაცრებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციით და მოწინავე ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე კონტროლს, რისი მიზანიც რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა. ევროკავშირმა, ამასთან, ენერგეტიკული და სამეწარმეო უსაფრთხოების, სახელმწიფო შესყიდვების, ავიაციის და სამართლის სფეროებში უკვე არსებულ შემზღუდველ ზომებშიც შეიტანა შესწორებები. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის კიდევ ერთი მსხვილი ბანკი, „სბერბანკი“.  განახლებულ სიაში შევიდნენ ის პირებიც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიაში არიან ჩაბმულები — კერძოდ, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები, მოტოციკლისტთა კლუბი, „ღამის მგლები“ და დეზინფორმაციის გამავრცელებლები.

„არცერთი ზომა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის საპასუხოდ მიგვიღია, არანაირად არ ზღუდავს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციით, მათ შორის ხორბლით და სასუქებით მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობას“, — აზუსტებს ევროკავშირი, — „ანალოგიურად, ევროკავშირის სანქციები არ უკრძალავს მესამე ქვეყნებს და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მომუშავე მათ მოქალაქეებს, რუსეთისგან შეიძინონ ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქცია“.

საბჭომ ანგარიშგების მოთხოვნებიც გაამკაცრა, რის შედეგადაც სანქცირებულ პირებს თავიანთი აქტივების დეკლარირების ტვირთი დაეკისრათ. 

„ეს მძლავრი სიგნალია მოსკოვისთვის: ჩვენ ზეწოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება“, — დაწერა Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,