ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა
აპრილი 9, 2022

ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა


8 აპრილს ევროპის კავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ამის შედეგად დაწესდა ემბარგო რუსულ ქვანახშირზე, აიკრძალა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების ევროკავშირის პორტებში შესვლა და შეიზღუდა რუსული და ბელარუსული ავტოგადაზიდვები.

„ეს უახლესი სანქციები ქალაქ ბუჩაში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ადგილებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შემდეგ დაწესდა. სანქციების მიზანია, შეაჩეროს რუსი სამხედროების თავზეხელაღებული, არაადამიანური და აგრესიული ქმედებები და კრემლში გადაწყვეტილებების მიმღებებს მკაფიოდ დაანახოს, რომ ეს უკანონო აგრესია ძვირი დაუჯდებათ“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს შემდეგს:

·      ქვანახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვის, იმპორტის და გადაზიდვის აკრძალვა ევროკავშირში, თუ ის რუსული წარმომავლობისაა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან, 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული. ამჟამად ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის ღირებულება წელიწადში 8 მილიარდი ევროა.

·      ევროკავშირის პორტებში იმ გემების შესვლის აკრძალვა, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. გამონაკლისი ეხება გემებს, რომლებსაც გადააქვთ  სოფლის მეურნეობის და სასურსათო პროდუქცია, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგია.

·      ნებისმიერი რუსული ან ბელარუსული საგზაო ტრანსპორტისთვის ევროკავშირის მასშტაბით გზებზე საქონლის ტრანსპორტირების — მათ შორის, ტრანზიტის — აკრძალვა. ამასთან, გამონაკლისი დაშვებულია რიგი პროდუქტებისთვის, რომელთა შორის არის ფარმაცევტული წარმოების, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და სასურსათო პროდუქცია (ხორბლის ჩათვლით) და ჰუმანიტარული სახის საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვები.

·      დამატებითი აკრძალვები ექსპორტზე, რაც მოიცავს საწვავს რეაქტიული ძრავებისთვის, კვანტურ კომპიუტერებსა და მოწინავე ნახევარგამტარებს, მაღალტექნოლოგიურ ელექტრონიკას, პროგრამულ უზრუნველყოფას, მგრძნობიარე აღჭურვილობას და სატრანსპორტო აღჭურვილობას. ასევე წესდება ახალი აკრძალვები ისეთი საქონლის იმპორტზე, როგორიცაა ხე-ტყე, ცემენტი, სასუქები, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები. ექსპორტსა და იმპორტზე შეთანხმებული აკრძალვების ღირებულება შეადგენს 10 მილიარდ ევროს და 5.5 მილიარდ ევროს, შესაბამისად.  

·      მიზნობრივი ეკონომიკური ზომების სერია, რომლის ამოცანაა არსებული შეზღუდვების გაძლიერება და ხარვეზების გასწორება. კერძოდ: ევროკავშირი ზოგადად კრძალავს რუსული კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და გამორიცხავს ყოველგვარ ფინანსურ მხარდაჭერას რუსული საჯარო უწყებებისთვის. ამასთან, ფართოვდება აკრძალვა დეპოზიტებზე კრიპტოსაფულეებში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნებისმიერი ოფიციალური ვალუტის ბანკნოტების და მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების მიყიდვაზე რუსეთისა და ბელარუსისთვის ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციის თუ სააგენტოსთვის რუსეთსა და ბელარუსში.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუწესოს სანქციები კომპანიებს, რომელთა პროდუქტებმა ან ტექნოლოგიებმა გარკვეული როლი შეასრულა ინტერვენციაში. სანქციები ასევე უწესდებათ წამყვან ოლიგარქებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, კრემლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და დეზინფორმაციის და ინფორმაციით მანიპულირების მხარდამჭერებს, რომლებიც სისტემატურად ავრცელებენ კრემლის ნარატივს  უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ. ამასთან, შეზღუდვები ვრცელდება სანქციებს დაქვემდებარებული პირების ოჯახის წევრებზეც, რათა ზემოაღნიშნულმა პირებმა ევროკავშირის ზომებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლონ.

დამატებით, სრულად აიკრძალა ოპერაციები რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან, რომლებზეც რუსეთის საბანკო სექტორის საბაზრო წილის 23% მოდის. SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის შემდეგ, ამჯერად ამ ბანკებს აქტივებიც ეყინებათ და ამგვარად ისინი ევროკავშირის ბაზრებს სრულად ჩამოშორდებიან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,