ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტს ამტკიცებს
ოქტომბერი 7, 2022

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტს ამტკიცებს


6 ოქტომბერს ევროპის კავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი პაკეტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის უწყვეტი ესკალაციის საპასუხოდ და ევროკავშირის საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით შემუშავდა. რუსეთის მხრიდან ამ ესკალაციის ნაწილია ფსევდო-რეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია, დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაცია და ბირთვული იარაღის გამოყენების ღია მუქარა.

სანქციებით მისაღები ზომები გააძლიერებს წნეხს რუსეთის მთავრობასა და ეკონომიკაზე, შეზღუდავს რუსეთის შემოსავლებს და შეასუსტებს მის სამხედრო პოტენციალს.

კერძოდ, პაკეტი  ევროკავშირში 7 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტზე აწესებს ახალ აკრძალვებს. მაგალითად, აკრძალვა შეეხება ისეთ საქონელს, როგორიცაა ფოლადის მზა და ნახევრად მზა პროდუქტები, მანქანა-დანადგარები, პლასტმასა, სატრანსპორტო საშუალებები, ტექსტილი, ფეხსაცმელი, ტყავი, კერამიკა, კონკრეტული ქიმიური ნაწარმი და სამკაული, რომელიც ოქროსგან არაა დამზადებული.

დამატებით, სანქციების საფუძველზე რუსეთის არმია და მისი მომმარაგებლები ვეღარ მიიღებენ კონკრეტულ პროდუქციას და აღჭურვილობას, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე ომის საწარმოებლად სჭირდებათ. ეს მოიცავს ექსპორტის აკრძალვას ქვანახშირზე, რუსულ იარაღში გამოყენებულ კონკრეტულ ელექტრონულ კომპონენტებზე, საავიაციო სექტორში გამოყენებულ ტექნიკურ პროდუქციაზე და კონკრეტულ ქიმიკატებზე.

გარდა ამისა, წამების საწინააღმდეგო რეგულაციის საფუძველზე, სანქციებს დაემატა ექსპორტის აკრძალვა ხელის ცეცხლსასროლ იარაღსა და სხვა შესაბამის საქონელზე.

პაკეტს  ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოაქვს, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვა ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე. ზღვრული ფასი ევროპელ ოპერატორებს რუსული ნედლი ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების იმ პირობით მხარდაჭერას შეაძლებინებს, რომ  მისი ფასი დადგენილ ზღვარს არ აღემატება. ეს კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს მსოფლიოს ენერგეტიკის ბაზრების სტაბილურობას.

ნედლი ნავთობისთვის ზღვრული ფასი 2022 წლის 5 დეკემბრიდან დაწესდება, ხოლო გაწმენდილი ნავთობპროდუქტებისთვის — 2023 წლის 5 თებერვლიდან.

ამასთან, სანქციები დამატებით დაუწესდებათ კერძო პირებსა და ორგანიზაციებსაც. ეს სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდნენ რუსული ოკუპაციაში, უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიაში და დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე/ოლქებში ჩატარებულ ფსევდო-რეფერენდუმებში. შეზღუდვები ასევე შეეხება იმ კერძო პირებს თუ ორგანიზაციებს, რომლებიც დასაქმებულები არიან თავდაცვის სექტორში და კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ევროკავშირის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგაც, ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას ომის თემაზე. 

მერვე პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს, დაიკავონ თანამდებობები კონკრეტული სახელმწიფო საწარმოების მმართველ ორგანოებში. პაკეტი ამკაცრებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვებსაც, რაც გულისხმობს ყოველგვარი კრიპტოვალუტის საფულის, ანგარიშის ან სადეპოზიტო მომსახურების აკრძალვას, საფულის მოცულობის მიუხედავად (აქამდე ნებადართული მოცულობა 10,000 ევრომდე გახლდათ).

ახალი პაკეტი ასევე აფართოებს იმ მომსახურების მასშტაბს, რომლის გაწევა რუსეთის მთავრობისათვის ან რუსეთში დაარსებული იურიდიული პირებისთვისაა აკრძალული: ამჟამად აღნიშნული საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებას, იურიდიულ კონსულტაციებსა და არქიტექტურულ და საინჟინრო მომსახურებას მოიცავს.

დამატებითი ინფორმაცია

ევროკომისიის პრესრელიზი

ევროპის კავშირის საბჭოს პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,