ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რუსეთისთვის ფრენების აკრძალვას და რუსეთის ცენტრალური ბანკის საწინააღმდეგო ზომებს თანხმდება
მარტი 2, 2022

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რუსეთისთვის ფრენების აკრძალვას და რუსეთის ცენტრალური ბანკის საწინააღმდეგო ზომებს თანხმდება


ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საწინააღმდეგოდ ახალი ღონისძიებების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეტალური იარაღის და მარაგების მიწოდებას, ყველა რუსული თვითმფრინავისთვის ფრენის აკრძალვას და რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას მოიცავს.

ევროპის კავშირის საბჭო ამ ზომებზე ევროკავშირის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შეთანხმდა.

„ჩვენ დაუყოვნებლად ვრეაგირებთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნაზე. კერძოდ, ჩვენ სამშვიდობო მექანიზმის მობილიზებით სისრულეში მოგვყავს სასწრაფო დახმარების ორი ღონისძიება, რათა დავაფინანსოთ უკრაინის არმიისთვის ლეტალური და არალეტალური მარაგების მიწოდება“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, — „ისტორიაში პირველად ხდება, რომ ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მესამე ქვეყანას მიაწოდებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია უკრაინის დასახმარებლად, ჩვენ მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს“.

ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საბჭომ დახმარების ორი ღონისძიება დაამტკიცა. ეს ზომები ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და მიმდინარე სამხედრო აგრესიისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ღონისძიებებით დაფინანსდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის და მარაგების მიწოდება — მათ შორის, ისტორიაში პირველად, ლეტალური იარაღისაც.

გარდა ამისა, საბჭომ დაამტკიცა მკაცრი შემზღუდველი ზომები ავიაციის და ფინანსების სფეროში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული ავიაკომპანიების მიერ მართულ არცერთ თვითმფრინავს არ მისცემენ თავიანთ ტერიტორიებზე დაჯდომის, თავიანთი ტერიტორიებიდან აფრენის ან თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვას. ეს შეზღუდვები ეხება რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს ან რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელსაც ფლობს, ჩარტერული რეისებისთვის იყენებს ან სხვაგვარად აკონტროლებს რუსული იურიდიული ან ფიზიკური პირი.

ამასთან, იკრძალება ტრანზაქციების წარმოება რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ან ნებისმიერ იურიდიულ პირთან, ორგანიზაციასთან თუ უწყებასთან, რომელიც მოქმედებს რუსეთის ცენტრალური ბანკის სახელით ან მისი მითითებით.

ამ ღონისძიებების გამოცხადებით ევროკავშირმა „უკიდურესად მკაცრი გზით დაგმო რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ბელარუსის ჩართულობა ამ აგრესიაში“. ევროკავშირმა რუსეთისგან  მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი სამხედრო ძალა და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. 

„საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის და იძულების გამოყენება 21-ე საუკუნეში დაუშვებელია. დაძაბულობა და კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და დიპლომატიის გზით“, — აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. იქვე დართულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მეზობლებთან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის უწყვეტ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,