17 ივნისს ევროკომისიამ, საბჭოს თხოვნის შესაბამისად, უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განცხადებებზე თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემის რეკომენდაცია გაიცა, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მთელი რიგი პრიორიტეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მიენიჭება.
აღნიშნული მოსაზრებები ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული იმ სამი ტიპის კრიტერიუმების შეფასებით მიიღო, რომელიც ევროპული საბჭოს მიერაა შეთანხმებული. ესენია პოლიტიკური კრიტერიუმები, ეკონომიკური კრიტერიუმები და ქვეყნის უნარი, შეასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები (EU acquis). ევროკომისიის პრესრელიზში მითითებულია, რომ ეს მოსაზრებები ასევე ითვალისწინებს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ძალისხმევას, შეასრულონ ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები — მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის (EU acquis) მნიშვნელოვან ნაწილებს ეხება.
საქართველო
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს იმის საფუძველი, რომ მიაღწიოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობათა პატივისცემისა და დაცვის უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების სტაბილურობას — იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ქვეყნის პროგრესს ძირს უთხრის; ქვეყანამ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ ხარისხს და მას აქვს საიმედო ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო, თუმცა საბაზრო ეკონომიკის გასაუმჯობესებლად შემდგომი რეფორმებია საჭირო; მთლიანობაში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) დასაახლოებლად საქართველოს მყარი საფუძველი აქვს შექმნილი.
“უკრაინელები მზად არიან, სიცოცხლე გასწირონ ევროპული პერსპექტივისთვის“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოსაზრებების გამოცხადებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, — “ჩვენ გვსურს, რომ მათ ევროკავშირში ჩვენთან ერთად იცხოვრონ“.
“უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იზიარებენ ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე და ლეგიტიმურ მისწრაფებას“, — დაურთო მან, — “დღეს მათ ამ მისწრაფებების მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით, მათ წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის მიუხედავად“.
„დღეს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ხალხებისთვის ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შესაბამის დროს ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან. ახლა მომდევნო ნაბიჯები ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან“, — აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის მოსაზრებების საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახლა მომდევნო ნაბიჯების თაობაზე ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ განაცხადებს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მომავალ კვირას, 23 და 24 ივნისს ევროპულ საბჭოში ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით განიხილავენ.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,