როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

მარტი 8, 2022

  • როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას?
  • ევროკავშირმა განაცხადა, რომ აწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ ეხება ეს შეზღუდვები?
  • რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?
  • ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?
  • რა მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ევროკავშირი უკრაინელი მოსახლეობისთვის?
  • როგორ ეხმარება ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს?
  • რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ უკრაინა ენერგიის გარეშე არ დარჩეს?
  • უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე. როგორია ამ განაცხადზე ევროკავშირის პასუხი?
  • რას აკეთებს ევროკავშირი უკრაინის მეზობელი მოლდოვის რესპუბლიკის დასახმარებლად?
ბარათი %1 %2-დან

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. მათ მოსთხოვეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ევროკავშირი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ევროკავშირი საქმითაც ამტკიცებს თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი. ისტორიაში პირველად, ის აფინანსებს იარაღის და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას და იმ  ქვეყნისთვის მიწოდებას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. ამავე დროს, ევროკავშირი აძლიერებს სანქციებს როგორც კრემლის, ისე ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აწესებს „უმკაცრეს სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ ეხება ეს შეზღუდვები?

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა. 

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან — ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ექვს პაკეტზეა შეთანხმებული. 

პირველი მათგანი ევროკავშირმა 23 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. უკვე მეორე დღეს — 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მეორე პაკეტი დამტკიცდა.  26 თებერვალს, 28 თებერვალს, 15 მარტს და 8 აპრილს კი ევროკავშირმა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესა. 

ფინანსური სექტორი

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. აღნიშნული ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს მნიშვნელოვნად უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას. ეს ყველაფერი რუსეთს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის. დამატებით, ევროკავშირმა სრულად აკრძალა ოპერაციები რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან და მათ აქტივები გაუყინა. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირის ბაზრებს სრულად ჩამოშორდნენ. ამ ბანკებზე რუსეთის საბანკო სექტორის საბაზრო წილის 23% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ზომა კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის ფინანსურ სისტემას. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას იწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს უკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად აიკრძალა: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა. სანქციები კრიპტოაქტივებზეც ვრცელდება.

ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიღება აუკრძალა. მათ ასევე აღარ აქვთ წვდომა კრედიტუნარიანობის შეფასებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სააბონენტო მომსახურებაზე. ამ გზით მათ კიდევ მეტად ეზღუდებათ ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა.

ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტას აღარ შეუძლია თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვა.

საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი

ევროკავშირმა დაკეტა ევროპის საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის — მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება, ამ ტერიტორიიდან აფრენა ან მის თავზე გადაფრენა. 

8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აუკრძალა. ასევე დაწესდა აკრძალვა ევროკავშირში მომუშავე რუსულ და ბელარუსულ ტვირთის საგზაო გადამზიდავებზე. გამონაკლისი შეეხება ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და სასურსათო საქონელი, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგია. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე აიკრძალა ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების  ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული.

ენერგეტიკა

ევროკავშირი ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვას, მიწოდებას, გადაზიდვას ან ექსპორტს კრძალავს. მან ასევე დააწესა შეზღუდვები შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაზეც.

ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.

15 მარტს კი ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე. 

სანქციების 8 აპრილს დაწესებული უახლესი პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს. 

ტექნოლოგიები

ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტზე. შეზღუდვები დაწესდა იმ ტიპის საქონლის და ტექნოლოგიის ექსპორტზეც, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის და უშიშროების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამაში შედის ისეთ პროდუქცია, როგორიცაა ნახევარგამტარები თუ მოწინავე ტექნოლოგიები და, ასევე, რეაქტიული ძრავების საწვავი და საწვავის დანამატები, რომლებიც რუსეთის ჯარმა შეიძლება გამოიყენოს.

9 მარტს ევროკავშირმა დააწესა დამატებითი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიების ექსპორტზე. მან რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი იმ სახელმწიფო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ფინანსურ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. გარდა ამისა, საზღვაო უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტისთვის წინასწარი ინფორმაციის გაზიარების პირობა დაწესდა.

8 აპრილს ევროკავშირმა დამატებითი მიზნობრივი საექსპორტო აკრძალვები შემოიღო ისეთ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ევროკავშირის მარაგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ეს მოიცავს კვანტურ კომპიუტერებს, მოწინავე ნახევარგამტარებს, მგრძნობიარე აღჭურვილობას, სატრანსპორტო აღჭურვილობას და ქიმიურ ნივთიერებებს. აკრძალვებში მოხვდა სპეციალური კატალიზატორებიც, რომლებიც გადამამუშავებელ წარმოებაში გამოიყენება.

ინდუსტრია

15 მარტს ევროკავშირმა რკინითა და ფოლადით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოიღო, რაც რუსეთს ექსპორტიდან დაახლოებით 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლებს დააკარგვინებს. 

ვაჭრობა

ევროკავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სხვა წევრებთან ერთად, 15 მარტს გადაწყვიტა, რომ რუსულ პროდუქტებსა და სერვისებს ევროკავშირის ბაზრებზე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს გაუუქმებდა. ამას წინ უძღოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების 11 მარტის განცხადება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ სარგებელს, რომელსაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან იღებს. 

ევროკავშირმა ასევე შემოიღო საიმპორტო აკრძალვა ცემენტზე, რეზინის პროდუქციაზე, ხე-ტყის მასალაზე, ალკოჰოლურ სასმელზე (არყის ჩათვლით) და ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტზე (ხიზილალას ჩათვლით).  

მედია

ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების,  Sputnik-ისა და RT/Russia Today-ის (RT English, RT UK, RT Germany, RT France, და RT Spanish) სამაუწყებლო საქმიანობა შეაჩერა.

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას. 

ინდივიდუალური სანქციები

შემზღუდველი ზომები ამჟამად სულ 1,093 ფიზიკურ და 80 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ პირებს აქტივები გაეყინათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ.  გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გადაადგილების უფლებაც ჩამოერთვათ. 

ამ სიაში შეყვანილები არიან: რუსეთის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციას და აღნიშნულ ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის დადებულ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში,  მეტალურგიულ, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის  და ციფრულ მრეწველობაში დასაქმებული ოლიგარქები თუ ბიზნესმენები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანი უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს და მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციაზე დადებითი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. 

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, აკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებთან სხვადასხვა სექტორში — კერძოდ, კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში.

ამასთან, დიპლომატებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, ხოლო სხვა რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომდგენლები ვეღარ სარგებლობენ გამარტივებული სავიზო პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება არ ეხება რიგით რუს მოქალაქეებს. 

ევროკავშირმა ე.წ. „ოქროს პასპორტების“ გაცემის შეზღუდვის შესახებაც მიიღო ზომები. ეს პასპორტები მდიდარ რუსებს ევროკავშირის მოქალაქეებად გახდომის საშუალებას აძლევს. მან ასევე დააწესა ევროკავშირის საექსპორტო აკრძალვა ფუფუნების საგნებზე (მაგალითად, ძვირადღირებულ მანქანებზე, საიუველირო ნაკეთობებზე და სხვა), რაც უშუალოდ რუსეთის ელიტას მიაყენებს დარტყმას. 

სანქციების შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, #გვერდში დავუდგეთ უკრაინას და ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც გაეცნობით ცნობებს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ევროკავშირის სანქციებზე.

რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?

ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.

ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელარუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელარუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.

9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. 

ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?

უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს.

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში თავდაპირველად 500 მილიონი ევროს მობილიზებას დათანხმდა, რათა უკრაინის არმიის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობით მომარაგება დაეფინანსებინა. ეს რიცხვი 23 მარტს გაორმაგდა, 13 აპრილს კი გასამმაგდა, როცა დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყდა. ამის შედეგად, მთლიანობაში დაფინანსებამ 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა. 

ამ დაფინანსებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალებს მიაწოდებენ როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებების თუ საწვავის მსგავს მარაგებს, ასევე თავდაცვისთვის განკუთვნილ ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობას. ამასთან, დამხმარე ზომების მოქმედების ვადა 24 თვემდე გაიზარდა. 

რა მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ევროკავშირი უკრაინელი მოსახლეობისთვის?

ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ საჭიროებებთან გასამკლავებლად  ევროკავშირი საკუთარი ბიუჯეტიდან მინიმუმ 500 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა მოხმარდება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საჭიროებებს, ასევე — ლტოლვილებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მარტს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ სასწრაფო დახმარებისკენ გაეროს მოწოდების საპასუხოდ, ჰუმანიტარული პროგრამებისთვის დამატებით 90 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა ომით დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას მოხმარდება. ევროკავშირის ეს ახალი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში დარჩენილ თუ მოლდოვაში გადასულ ლტოლვილებს საკვებით, წყლით, სამედიცინო დახმარებით და თავშესაფრით უზრუნველყოფს.

9 აპრილს ევროკომისიისა და კანადის ორგანიზებით გამართულ ‘Stand Up for Ukraine’ გლობალურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე უკრაინელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 9.1 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო ევროკომისიამ გაიღო. დამატებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რუსეთის შეჭრის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სესხის სახით 1 მილიარდი ევრო გამოყო.

კომისია, ამასთან, მატერიალური დახმარების მიწოდებას უწევს კოორდინაციას. დახმარება ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება და მასში ევროკავშირის ყველა, 27 წევრი სახელმწიფო და ნორვეგია და თურქეთია ჩართული. ეს ისტორიაში მექანიზმის ყველაზე მასშტაბური გააქტიურების შემთხვევაა. დახმარება მოიცავს 80 მილიონზე მეტ ისეთ ჰუმანიტარულ ერთეულს, როგორებიცაა პირველადი დახმარების ნაკრებები, თავშესაფრების მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა, წყლის ტუმბოები, ელექტროგენერატორები და საწვავი. ამასთან, ევროკავშირი ყოველდღიურად იღებს დახმარების ახალ-ახალ შეთავაზებებს. 

მოლდოვამაც გაააქტიურა მექანიზმი, რათა მის ტერიტორიაზე გადასულ უკრაინელებს დაეხმაროს. ავსტრიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა უკვე შესთავაზეს მას სასწრაფო მხარდაჭერა — მათ შორის, საცხოვრებელი ნივთებისა და სამედიცინო დახმარების სახით. 3 მარტს კი ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მოლდოვას გადაუდებელი დახმარების სახით — 15 მილიონი ევრო, ხოლო სამოქალაქო დაცვისთვის 5 მილიონი ევრო გამოუყო. 

საჭიროებათა მატების გათვალისწინებით, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და უნგრეთში მდებარე rescEU-ის სამედიცინო საწყობებიდან უკრაინაში დამატებითი დახმარება გაიგზავნა. rescEU-ს მთლიანი მხარდაჭერის ღირებულება 10 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს და მოიცავს სამედიცინო დახმარების ისეთ ნივთებს, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, საინფუზიო ტუმბოები, პაციენტის მონიტორები, ნიღბები, ულტრაბგერითი აპარატურა და ჟანგბადის კონცენტრატორები. 

სანქციების შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, #გვერდში დავუდგეთ უკრაინას და ევროკომისიის ვებგვერდზე, ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინას“ (EU Solidarity with Ukraine)

როგორ ეხმარება ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს?

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა უკვე ხუთ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

4 მარტს ევროპის კავშირის საბჭო დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურებაზე ერთსულოვნად შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს შეაძლებინებს, სწრაფად და ეფექტიანად დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს.

კერძოდ, ომს გამოქცეული ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება დროებითი დაცვა მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რეზიდენტობის და მუშაობის უფლებას, საცხოვრებელსა და საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ, სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარებას

დროებითი დაცვა დაუყოვნებლივ ვრცელდება უკრაინელ ლტოლვილებზე. ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს სამ წლამდე — მანამ, სანამ მდგომარეობა უკრაინაში საკმარისად არ გამოსწორდება იმისათვის, რომ ადამიანებს სახლებში დაბრუნება შეეძლოთ. 

გარდა ამისა, ევროკავშირი დაცვით უზრუნველყოფს უკრაინაში ლეგალურად მცხოვრებ არაუკრაინული ეროვნების ადამიანებს. მათ შორის მოიაზრებიან მოქალაქეობის არმქონე პირებიც, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში ან სამშობლო რეგიონში — მაგალითად, თავშესაფრის მაძიებლებს ან საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს. რაც შეეხება მათ, ვინც უკრაინაში მოკლე ვადით ლეგალურად არის ჩასული და შეუძლია, უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სამშობლოში ჩასასვლელად ისინი ევროკავშირში ტრანზიტით შესვლის უფლებას მიიღებენ. 

ევროკავშირმა ომს გამოქცეული ადამიანების მხარდასაჭერად  სასაზღვრო კონტროლიც გაამარტივა. კერძოდ, ევროკავშირში შესვლის პირობები მეტად მოქნილი ხდება. ასევე იხსნება საზღვრის გადაკვეთის დროებითი პუნქტები და მარტივდება წვდომა სამაშველო მომსახურებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ის ლტოლვილები კი, რომლებსაც თან პირადი ნივთები მიაქვთ და შინაური ცხოველები ახლავთ, შესაბამის მხარდაჭერას იღებენ.

ევროკავშირის სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ლტოლვილებისთვის, რომლებიც უკრაინას ომის გამო ტოვებენ. აქ მათ შეუძლიათ გაეცნონ დაწვრილებით ინფორმაციას ევროკავშირში თავიანთი უფლებების შესახებ და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. აქვეა თავმოყრილი ბმულები, რომლებზე გადასვლითაც ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოში ამჟამად ხელმისაწვდომი მხარდაჭერის მოძიებაა შესაძლებელი.

რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ უკრაინა ენერგიის გარეშე არ დარჩეს?

16 მარტს უკრაინული ენერგოქსელი — მოლდოვის ენერგოქსელთან ერთად — წარმატებით დაუკავშირდა კონტინენტურ ევროპულ ქსელს. ეს იმ პროექტის ასწრაფებით გახდა შესაძლებელი, რომელიც 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავისი ქსელი რუსეთის სისტემიდან ომის დაწყების პირველ დღეს გამორთო, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO E) ტექნიკოსებმა „მთელი წლის საქმე ორ კვირაში შეასრულეს”.

ევროკავშირი უკრაინას გაზსაც აწვდის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი რევერსული ნაკადითაა შესაძლებელი.  „პირველი ამგვარი მიწოდება ამ ზამთარს უნგრეთიდან განხორციელდა. გაიზარდა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის რევერსული ნაკადის სიმძლავრეც. ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ეს პროცესი მომავალ გათბობის სეზონზეც განმეორდეს“, — აღნიშნა 28 თებერვალს ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა.

დამატებით, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უკრაინის მიერ გამზადებული სია მიაწოდა, რომელიც ენერგოსექტორში მის გადაუდებელ საჭიროებებს მოიცავს. ამ სიაში შეტანილია დიზელი, ბენზინი, საავიაციო საწვავი და გენერატორები. პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ჩეხეთიდან უკვე დაგეგმილია მოთხოვნილი რესურსების მიწოდება. ხოლო ბევრმა სხვა წევრმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ უკრაინას ამ მიმართულებით დახმარების ხელს გაუწვდიდა.

უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე. როგორია ამ განაცხადზე ევროკავშირის პასუხი?

28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ოფიციალურად მოაწერა ხელი. 3 მარტს იგივე გააკეთეს მოლდოვის რესპუბლიკამ და საქართველომაც. უკვე 7 მარტს კი ევროკავშირი სამივე ქვეყნის განაცხადების განხილვის დაწყებაზე შეთანხმდა. ეს ნაბიჯი ტექნიკური ხასიათისაა და ის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების სტატუსით მიღების პროცესის დაწყებას აღნიშნავს.

8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა. ეს ევროკავშირის მიერ უკრაინის წევრობის საკითხის გადაწყვეტის პროცესში საწყის ნაბიჯს წარმოადგენს.

„ეს კითხვარი მომდევნო თვეებში ჩვენი განხილვების საფუძველი იქნება. აქედან იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაურთო, რომ ევროკავშირი მზადაა, ამ საზიარო საძირკველზე უკრაინასთან „დღეში 24 საათი და კვირაში 7 დღე იმუშაოს“.

კითხვარი ფორმალური ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც ევროკომისია აფასებს ქვეყნის მზადყოფნას, გააგრძელოს სვლა გაწევრიანებისკენ — კერძოდ, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩაერთოს გაწევრიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში.

„ჩვენი ასოცირების შეთანხმების მეშვეობით, უკრაინა უკვე ახლო შესაბამისობაშია ევროკავშირთან. ამგვარად, ჩვენ შეძლებისდაგვარად ავასწრაფებთ ამ პროცესს და გამოვიკვლევთ, დაკმაყოფილებულია თუ არა ყველა პირობა“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მატი მაასიკასს შევსებული კითხვარი გადასცა. ევროკომისია უკრაინის განაცხადზე თავის მოსაზრებას ივნისის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უკრაინამ მასშტაბური რეფორმების პროგრამა დაიწყო. მისი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება გახლდათ. იმავდროულად, ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა რეფორმების მხარდასაჭერად გრანტებისა და სესხების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება შეძლეს.

11 აპრილს ევროკომისიამ ანალოგიური კითხვარები გადასცა საქართველოსა და მოლდოვასაც, რაც მათთვისაც ევროკავშირისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. 

სანქციების შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, #გვერდში დავუდგეთ უკრაინას, და ევროკომისიის ვებგვერდზე, ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინას“ (EU Solidarity with Ukraine).

რას აკეთებს ევროკავშირი უკრაინის მეზობელი მოლდოვის რესპუბლიკის დასახმარებლად?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის უწყვეტ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„მოლდოვას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ის ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე“, — 3 მარტს მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ომის პირველ კვირაში მოლდოვამ უკრაინიდან გამოქცეულ 100,000-ზე მეტ ლტოლვილს — მათ შორის 20,000-ზე მეტ ბავშვს — თავისი საზღვარი უსაფრთხოდ გადააკვეთინა.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს მოლდოვას, რომელიც ახლა მრავალი ლტოლვილის თავშესაფრადაა ქცეული. 

ევროკავშირი მოლდოვას  ლტოლვილთა კრიზისის ეფექტიანად სამართავად 15 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო დამატებით 5 მილიონ ევროს სამოქალაქო დაცვისთვის გადასცემს. მოლდოვის თხოვნას, მიეღო დახმარება  ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, თავდაპირველად საფრანგეთი, ავსტრია და ნიდერლანდები გამოეხმაურნენ. მას მერე  ხორვატიამ, დანიამ, საბერძნეთმა, ფინეთმა და შვედეთმაც გაუგზავნეს ქვეყანას სასწრაფო დახმარების მანქანები, კარვები, საბნები და საველე სამზარეულოები. 10 მარტს ევროკავშირმა განაცხადა, რომ მოლდოვის ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის დამატებით 3 მილიონ ევროს გამოყოფდა. ეს ახალი დაფინანსება უკრაინელ ლტოლვილებს თბილი სამოსით, თავშესაფრებით, ნაღდი ფულით და ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე წვდომით უზრუნველყოფს.

5 აპრილს ევროკავშირმა განაცხადა, რომ მოლდოვის რესპუბლიკისთვის დამატებით 53 მილიონ ევროს გამოყოფს. დაფინანსება ქვეყანას უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულ მრავალმხრივ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება. დაფინანსება ბელარუსს რაც შეიძლება სწრაფად და ბიუჯეტური მხარდაჭერის პროგრამის სახით მიეწოდება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოლდოვას უშიშროებისა და თავდაცვის სექტორებშიც აღუთქვა მხარდაჭერა. კერძოდ, ევროკავშირი მას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. ამ მიზნით კიშინიოვში ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. ის შეაფასებს საჭიროებებს და დაგეგმავს მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლების განხორციელებაც უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი. კრიზისის შემთხვევაში, ევროკავშირი მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს სამედიცინო აღჭურვილობითა და მხარდაჭერით, მათ შორის ლოგისტიკური დახმარებითაც უზრუნველყოფს. 

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუერთებს მოლდოვის ელექტროსისტემას ევროკავშირის ენერგოქსელს. 

იმავდროულად, ევროკავშირი მოლდოვის დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების ფარგლებს გარეთაც აგრძელებს. ამას ის 600 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღდგენის გეგმის საშუალებით და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმ ხუთი საფლაგმანო ინიციატივით აკეთებს, რომელიც 3.4 მილიარდი ევროს  მობილიზაციას ისახავს მიზნად.

 

ჩასვით


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,