„ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება“: მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ
ოქტომბერი 30, 2023

„ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება“: მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ


„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.

ოლექსანდრა ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ 40 სტუდენტიდან, ვინც EU4Youth პროგრამის სასტიპენდიო შესაძლებლობით ისარგებლა. 

„შესაძლებლობა, რომელსაც ნატოლინის ევროპის კოლეჯში სწავლის მსურველებს ვთავაზობთ, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოსულ სტუდენტებს ვაჩვევთ არასტანდარტულ აზროვნებას, რომელიც არ არის შეზღუდული ამა თუ იმ დისციპლინით და მიკერძოებული წარმოდგენებით. ჩვენ, ამავე დროს, ვუბიძგებთ მათ, ევროკავშირისა და მსოფლიო პოლიტიკას ფართო პერსპექტივიდან შეხედონ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

კოლეჯის სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდებას ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში იღებენ. ისინი კონცენტრირდებიან ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკაზე და ისეთ კონკრეტულ თემატურ სფეროებზე, როგორიცაა მიგრაცია, ციფრული და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ, კოლეჯში მიღებული განათლება მშობლიური ქვეყნების განვითარებას მოახმარონ. ამის მიზეზი ისაა, რომ სტუდენტები სიღრმისეულად ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოების საკითხები და მისი თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

„პროგრამაზე განაცხადის შეტანა იმ ადამიანების რჩევით გადავწყვიტე, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. მინდოდა, ცოდნა გამეღრმავებინა და ამეთვისებინა ის ახალი უნარები, რომელთა დახმარებითაც მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ ჩემი ახალგაზრდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრირების პროცესს შევუწყობდი ხელს. არასტაბილური საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროინტეგრაცია დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, — ამბობს მოლდოველი იანინა ჟაპალაუ, რომელიც ექვსი წელი რუმინეთში ცხოვრობდა და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხიც იქ მიიღო.

რითაა უნიკალური ეს სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა 10-თვიანი დიპლომისშემდგომი კურსია ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში. მასში ჩართვა უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრის ხარისხი. კურსის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს ადამიანები, რომლებსაც განათლება შემდეგ სფეროებში აქვთ მიღებული როგორებიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, ისტორია, ჟურნალისტიკა და, ასევე, STEM მიმართულებები — მათ შორის მედიცინა და ბიოლოგია. ძირითადი მოთხოვნაა დაინტერესება ევროპეისტიკით, ევროკავშირის ფუნქციონირებით და ევროინტეგრაციის ისტორიითა თუ მექანიზმებით.

რაც შეეხება პროგრამის სტრუქტურას, პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები იღებენ ფუნდამენტურ ცოდნას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. მეორე სემესტრში, ცოდნის გასაღრმავებლად, სტუდენტები ირჩევენ ერთ მიმართულებას შეთავაზებული შემდეგი ოთხი სპეციალიზაციიდან: ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკა; ევროკავშირი და მსოფლიო; ევროკავშირი და მისი კომპლექსური სამეზობლოები; ევროპული ისტორია და ცივილიზაცია.

„ევროპის კოლეჯი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული flying faculty-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ  კოლეჯში სწავლების მიზნით მთელი ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები. პროგრამა მოიცავს ორ სასწავლო ვიზიტს ევროკავშირსა და მის სამეზობლოებში. აქ სტუდენტები 30-მდე ქვეყნიდან იყრიან თავს, ამიტომ კამპუსში სხვადასხვა კულტურასთან გასაცნობად ეროვნული დღეები ეწყობა ხოლმე. ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან შედარებით, აქაური აკადემიური პროგრამა იმითაა უნიკალური, რომ კოლეჯში დანერგილია ინტერდისციპლინური მიდგომა და გეძლევა შესაძლებლობა, ისწავლო დარგის ექსპერტებისგან“, — აღნიშნავს კოლეჯის კურსდამთავრებული საქართველოდან, ცისანა ნემსიწვერიძე.

შეფასების სისტემა მოიცავს წელიწადში ორ საგამოცდო სესიას, რომელთაგან თითოეული ხუთი-შვიდი გამოცდისგან შედგება. ნიშნების დაწერისას 20-ქულიანი ფრანკოფონიური (ბელგიური/ფრანგული) სისტემა გამოიყენება. გარდა ამისა, სტუდენტები ცისანას მიერ ნახსენები სასწავლო ვიზიტებითაც აგროვებენ ECTS-ის კრედიტებს.

„საგამოცდო ფორმატი ჩემთვის სრული სიახლე იყო. ადრე არასდროს მქონია გამოცდები ‘ღია წიგნის’ მეთოდით ან საშინაო დავალების სახით. ჩემთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა უპირატესობას მაინც ზეპირ ან ‘დახურული წიგნის’ მეთოდით ჩასაბარებელ გამოცდებს ვანიჭებ“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან.

კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მოცულობით საბაკალავრო თეზისს უტოლდება და დაახლოებით 12,000-იდან 18,000-მდე სიტყვას მოიცავს.

„მნიშვნელოვანი შენიშვნა თეზისთან დაკავშირებით: აირჩიეთ თემა, რომლის შესახებ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, რადგან ეს ახალი თემის კვლევისთვის საჭირო დროს დაგაზოგვინებთ. ამასთან, ეცადეთ მასზე მუშაობა ადრე დაიწყოთ, მეორე სემესტრს ნუ დაელოდებით“, — გირჩევთ ოლექსანდრა.

სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან. „გარდა ამისა, ჩვენ სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმაც ვთავაზობთ აქტივობებს — მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტებს. წელს ჩვენი სტუდენტების ინიციატივით გვქონდა პირდაპირი ვიდეოჩართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა. ამასთანავე, კამპუსში გვეწვია მონტენეგროს პრეზიდენტი, აკადემიური წელი კი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა  გახსნა“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ პროგრამა

2024/25 აკადემიური წლისათვის ონლაინგანაცხადების მიღება დაწყებულია და განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 16 იანვარი. განაცხადების მიღების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აქ.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრიატის ხარისხი. კოლეჯში ჩასარიცხად მათ ონლაინგანაცხადი უნდა შეიტანონ. დეტალური ინსტრუქციების ნახვა აქაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება: სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული; კანდიდატებმა ერთი სამუშაო ენა, სულ მცირე, B2 დონეზე უნდა იცოდნენ, ხოლო მეორე სამუშაო ენა — სულ მცირე, B1 დონეზე.

ქვეყნებისთვის კვოტები არ არის გათვალისწინებული. ორგანიზატორების თანახმად, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ კულტურული მრავალფეროვნება. კოლეჯში მიღების მინიმალური ასაკი 21 წელია. „ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ განაცხადის შეტანა თქვენი საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელსაც შეგიძლიათ. მაგალითად, წელს განაცხადების მიღების დაწყებას ოქტომბერში ვაპირებთ და ეს პროცესი მომავალი აკადემიური წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სტუდენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელს 2023 წლის შემოდგომაზე იწყებენ, განაცხადის შეტანა 2024/25 აკადემიური წლისათვის უკვე დამდეგ ოქტომბერს შეუძლიათ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

რაც შეეხება კანდიდატების ზედა ასაკობრივ ზღვარს, EU4Youth პროგრამა 35 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სასტიპენდიო სქემა, რომელსაც ევროპის კოლეჯი კანდიდატებს სთავაზობს. ევროპის კოლეჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტების  სხვადასხვა სახის სტიპენდიებს სთავაზობს.

გამოწვევებით სავსე ჩვენს დროში ახალგაზრდები სასწავლო პროგრამის არჩევისას მის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებსა თუ უპირატესობებსაც აქცევენ ყურადღებას. ამის გათვალისწინებით, ევროპის კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერის მძლავრ ქსელს, რომელიც 18,000-მდე კურსდამთავრებულს აერთიანებს.

„ჩვენი შიდა სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 90% პირველ ანაზღაურებად სტაჟირებას ან პირველ ანაზღაურებად სამუშაოს კოლეჯის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში პოულობს. რასაკვირველია, კოლეჯში სწავლის პერიოდში სტუდენტებს შეუძლიათ, კონსულტაციები გაიარონ კარიერის მართვის სპეციალისტებთან და დაესწრონ პროფესიულ ტრენინგებს, ამასთან, თავად ჩვენც ვამყარებთ კონტაქტებს კომპანიებსა და ორგანიზაციებთან“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას კურსდამთავრებულებს იშვიათად უხდებათ იმის განმარტება, თუ რა არის ევროპის კოლეჯი. „შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის კოლეჯი ამ სფეროში ცნობილი ბრენდია“, — დასძენს კუბიცა.

ნატოლინის კოლეჯში, მისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 340-მდე სტუდენტს აქვს მიღებული განათლება. ბოლო სამი აკადემიური წლის განმავლობაში კი სტუდენტებს დამატებითი სასტიპენდიო სქემით სარგებლობა პროგრამის, „EU4Youth: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა, III ფაზა“, ფარგლებში შეუძლიათ. ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებულ ამ პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) ახორციელებს. სწავლის საფასურის გარდა, სტიპენდია მთლიანად ფარავს საცხოვრებლის და კვების ხარჯებს.

„არ შეგეშინდეს განაცხადის შეტანის!“

ჩვენ წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ რჩევები განაცხადების შეტანის პროცესის შესახებ. აი, რა გვიპასუხეს მათ:

„როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ, აღმოაჩენ, რომ შენ გარშემო არიან საოცრად ნათელი გონების მქონე ადამიანები: სტუდენტები, პროფესორები და მაღალი დონის პროფესიონალები. ისინი საკუთარი აზრების გაზიარების და იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას მოგცემენ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ გზით მოქმედებისთვის აუცილებელ გამბედაობას შეგმატებენ. ეს ადამიანები და საგანმანათლებლო პროცესი აზრის სიცხადეს შეგძენს, მაგრამ, იმავდროულად, ისწავლი, როგორ დასვა კითხვები და როგორ შეხედო ყველაფერს კრიტიკული თვალით“.

იანინა ჟაპალაუ (მოლდოვა). მას აქვს ორი ბაკალავრის ხარისხი (ერთი ევროპეისტიკაში) და მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ნატოლინის კოლეჯში სწავლამდე მან Erasmus+ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

„არ შეგეშინდეს,  ფრანგული ენის (ან რომელიმე სხვა საგნის) არასაკმარისმა ცოდნამ არ დაგაბრკოლოს განაცხადის შეტანისას. იყავი ცნობისმოყვარე, გამოიყენე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ისწავლე უცხო ენები“.

ოლექსანდრა ლისა (უკრაინა). მან თავისი წინა ხარისხი 2012 წელს მიიღო, განაცხადის შეტანამდე კი ვინიცაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მუშაობდა.

„თუ პროგრამაში ჩართვას აპირებ, ჩემი რჩევა იქნება, ძალიან ბევრი ისწავლო. მაგრამ არ დაგავიწყდეს საგანმანათლებლო პროცესის სოციალური ცხოვრებით დაბალანსება. ნატოლინის კოლეჯში მიღებული გამოცდილება უნიკალურია, აქ დაწყებულ მეგობრობა კი — სამუდამო“.

ცისანა ნემსიწვერიძე (საქართველო). 2019 წელს ცისანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში მუშაობდა.

ავტორი: ოლგა კონსევიჩი

სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად Tsn.ua-ზე

EU4Youth პროგრამამ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად ცხრა პროექტი დაიწყო. ეს პროექტები ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობას უჭერს მხარს. ასევე დაგეგმილია ინოვაციური მეთოდების შემუშავება, რომლებიც ახალგაზრდებს ახალი ცოდნისა და უნარების მათთვის ხელსაყრელი ტემპით შეძენის შესაძლებლობას მისცემს.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,