სომხეთი გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპს გადის: მას სურს, ახლებურად განსაზღვროს თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია, გააღრმაოს კავშირები ევროკავშირთან და გაუმკლავდეს მზარდ რეგიონულ და ადგილობრივ გამოწვევებს.
სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ევროკავშირის ელჩის, ვასილის მარაგოსისთვის ამ მომენტის მნიშვნელობა დიპლომატიის საზღვრებს სცდება.
„სომხეთმა ევროპას მნიშვნელოვანი შეტყობინება გაუგზავნა“, – აღნიშნა მან სამ ევროპულ მედიასაშუალებასთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით მას ახალ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე და სტრატეგიული დივერსიფიკაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე, რისი მიზანიც ისაა, რომ სომხეთი რომელიმე ერთ პარტნიორზე არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული.

ამას წინათ თქვით, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო აქამდე არასოდეს ყოფილა. აახლოებს ეს სომხეთს ევროპულ მომავალთან, თუნდაც გარკვეულ სექტორებში? და როგორ გეგმავს ევროპა, დაეხმაროს სომხეთს ეკონომიკის გაძლიერებისა და იმ შესაძლო რისკების შემცირების მიმართულებით, რომლებიც რუსეთზე მის წარსულ დამოკიდებულებას უკავშირდება?
ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცესი, რომლის მიზანიც სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის ყველა მხრივ გაძლიერება არის. ეს დავალება მოგვცეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროპულ საბჭოში. ამაზე დაყრდნობით, ჩვენ სომხეთთან ერთად ვცდილობთ დავადგინოთ, ერთად რისი გაკეთება შეგვიძლია. ამის შედეგად გასული სამი წლის განმავლობაში სომხეთთან უკვე დაწყებულია რამდენიმე საფლაგმანო პროექტი.
მთავარი მექანიზმი, რომელსაც ვიყენებთ, 270 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე „გამძლეობისა და ზრდის გეგმა“ არის. ის 2024 წელს გამოცხადდა და ახლა უკვე განხორციელების ეტაპსაა მიახლოებული. გეგმის მიზანია სომხეთის გამძლეობის განმტკიცება ეკონომიკის სფეროში, ენერგეტიკის სექტორსა და საზოგადოებაში და, ასევე, კერძო სექტორისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის გაძლიერება.
რა პრაქტიკული შედეგები მოაქვს ამას სომხეთის ეკონომიკისთვის?
ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება შემიძლია გამოვყო.
პირველი პროდუქციაზე ევროპული სტანდარტების დაწესების მხარდაჭერაა, რაც სომხურ პროდუქციას და სომხურ ნაწარმს ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს.
სომხეთის ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ინვესტიციებისა და ვაჭრობის დივერსიფიკაცია და ევროკავშირი ამ ორივე მიმართულებით უჭერს მას მხარს.
ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობას. რადგან რუსეთი ახსენეთ, როცა საქმე მასთან ურთიერთობას ეხება, ჩვენ, ცხადია, სომხეთთან სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით ვთანამშრომლობთ.
ამგვარად, მიზანი ისაა, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა და სანქციებით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციაზე შეზღუდვები დაცული იყოს და სომხეთი ამ პრინციპს ძლიერ ერთგულობს. გარკვეული გამოწვევები შეიძლება ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მთლიანობაში მგონია, რომ ეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.
მაგრამ სომხეთს თავისი ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა, რათა, მაგალითად, ერთ კონკრეტულ სავაჭრო პარტნიორზე არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული. და ჩვენ მათ ამ მიმართულებითაც ვეხმარებით.

კონკრეტულ მაგალითს ხომ ვერ მოგვიყვანდით?
მხოლოდ გასულ წელს ჩვენ ტექნიკური დახმარების ფარგლებში 40-ზე მეტ საწარმოს ვურჩიეთ, როგორ გაეტანა პროდუქცია ახალ ბაზრებზე. ამ კომპანიებს ექსპორტირების გაფართოება ევროკავშირში შეუძლიათ.
ეს აჩვენებს, რომ პოტენციალი არსებობს, მაგრამ თან ინვესტიციაც არის საჭირო.
როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი სომხეთის კერძო სექტორს?
ჩვენ სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი საგარანტიო შეთანხმებას ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, კარლ ნეჰამერთან ერთად.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საბანკო სექტორთან, რათა კერძო ბიზნესს მივაწოდოთ მხარდაჭერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის საინვესტიციო ბანკმა კერძო სექტორს მთლიანობაში 330 მილიონი ევროს ოდენობით დაუჭირა მხარი. ასევე შეიქმნა 27 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
ამგვარად, სომხეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის წასახალისებლად მრავალფეროვან მექანიზმებს ვიყენებთ.
და, ცხადია, საბოლოო შედეგი ასევე დამოკიდებულია სომეხი ხალხის ინოვაციურ და სამეწარმეო სულისკვეთებაზე.
სომხეთის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ენერგოუსაფრთხოება რჩება. რას აკეთებს ევროკავშირი ამ მიმართულებით?
ენერგეტიკის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელშიც ინვესტიციებს ვდებთ, ურთიერთდაკავშირებადობაა. ამ მხრივ ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“, რომელშიც მთლიანობაში 500 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. პროექტის მიზანია საქართველოსთან ელექტროგადამცემი ხაზის მოდერნიზება, რაც სომხეთს განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.

საქართველოსთან დაკავშირების მიზნით არაერთი ინვესტიცია ხორციელდება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, სომხეთისთვის ამჟამად ესაა ერთადერთი ღია საზღვარი დასავლეთის მიმართულებით.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა საექსპორტო ბაზრებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“ პროექტი, რომელშიც სომხეთს სურს ჩართვა. ის ჯერ არ აშენებულა, თუმცა მისი მიზანი სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის დაკავშირება არის. რადგან კაბელი სამხრეთ კავკასიიდან მწვანე ენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელს, მას აქვს იმის პოტენციალიც, რომ მწვანე გარდაქმნის მიმართულებით ამბიციური მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი.
სომხეთის ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მიაჩნია თუ არა ევროკავშირს, რომ უახლოეს წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრებისა და სატრანსპორტო კავშირების გახსნა რეალისტური პერსპექტივაა?
რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად რეალისტურია.
ევროკავშირს ამ პროცესში განსაზღვრული როლი აქვს?
ევროკავშირს თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში როლი არ აქვს. თუმცა ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონული ურთიერთადაკავშირებადობის ხელშეწყობაში.
ურთიერთდაკავშირებადობის თემაზე მომავალშიც გაიმართება ფორუმები, რომლებშიც რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას.
ამრიგად, ეს მხოლოდ სომხეთს არ ეხება. საუბარია სომხეთის, როგორც ჰაბის, დაკავშირებაზე „შუა დერეფნის“ დანარჩენ ნაწილთან. ეს ქმნის ურთიერთდამოკიდებულებას, მაგრამ, როდესაც პროცესში მეტი პარტნიორია ჩართული, ქვეყნები, ამავდროულად, შეიძლება ითქვას, მეტად დამოუკიდებლებიც ხდებიან.
სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნა, ცხადია, ახალ შესაძლებლობებს შექმნის – მათ შორის ადგილობრივი თემებისთვისაც.
სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ საზღვრის ორივე მხარეს ვუჭერთ მხარს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობას. ასევე მზად ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით შევუწყოთ ხელი ინვესტიციებს – არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ კერძო სექტორის განვითარებაშიც.

ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე დასახულ მნიშვნელოვან მიზნებს შორის იყო განცხადება, რომ სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობაზე ვიმუშავებთ. ერთი მათგანი დაკავშირებულია აზერბაიჯანთან, ქვეყნის სამხრეთით.
დანარჩენი ორი სომხეთ-თურქეთის საზღვარს ეხება. ერთი მარგარასთანაა, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ მის გაფართოებას შევუწყოთ ხელი. მეორეა ახურიკის გამშვები პუნქტი, რომელიც ყარსსა და გიუმრის შორის ახალი სასაზღვრო გადასასვლელი შეიძლება გახდეს.
ეს ის კონკრეტული პროექტებია, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით მუშავდება.
სომხეთის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის იყო თუ არა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი?
დიახ, იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ის გახლდათ, რომ პირველად მიიღო მონაწილეობა კანადამაც.
მგონია, რომ ჩვენ ამ გზით სომეხ ხალხს გავუგზავნეთ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილი.
მაგრამ ასევე მჯერა, სომხეთის საზოგადოებამ და სომეხმა მონაწილეებმაც გაუგზავნეს გზავნილი ევროპას, რომ სომხეთი აქ არის, სომხეთი არსებობს და სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს.
და მე მჯერა, რომ დემოკრატიის არსი სწორედ ისაა, როცა პოლიტიკური ლიდერები განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებს ადარდებთ.
ავტორი: ოლგა კონსევიჩი
ინტერვიუ თავდაპირველი სახით გამოქვეყნდა უკრაინულ ენაზე, გამოცემის TSN.UA მიერ





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,