„იგრიკა“: თანამედროვე დიზაინით გაცოცხლებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა
მარტი 25, 2026

„იგრიკა“: თანამედროვე დიზაინით გაცოცხლებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა


ქართული სახელოსნო, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გარდაიქმნა სოციალურ საწარმოდ, ეროვნულ ხალხურ სიმბოლოებს მსოფლიოს აცნობს.

ძველ ქართულ კალენდარში სიტყვა „იგრიკა“ აპრილის თვეს აღნიშნავს. თუმცა ბაია ლომსაძისა და გრიგოლ დალაქიშვილისთვის ეს თვე მხოლოდ გაზაფხულთან არ ასოცირდება — ის იმ შემოქმედებითი პარტნიორობის დასაწყისსაც უკავშირდება, რომელიც საქართველოს მითური წარსულით მათ საერთო გატაცებას ეფუძნება. ახალგაზრდებმა ერთობლივად დააარსეს „იგრიკა“ — სახელოსნო და სოციალური საწარმო, რომელიც დავიწყებულ სიმბოლოებს, მითებსა და ლეგენდებს თანამედროვე დიზაინით სძენს ახალ სიცოცხლეს.

„იგრიკას“ იდეა ბიზნეს-გეგმიდან არ აღმოცენებულა, ის დაიბადა კულტურულ ფესვებთან მიბრუნების სურვილიდან, შემდეგ კი ეს ხედვა EU4Youth პროექტის მხარდაჭერით წარმატებულ წამოწყებად იქცა. სწორედ ეს პროექტი დაეხმარა ბაიასა და გრიგოლს, თავიანთი შემოქმედებითი უნარები მდგრადი სოციალური საწარმოს შესაქმნელად გამოეყენებინათ. მათ გაიაზრეს, რომ საქართველოს მდიდარი სიმბოლური მემკვიდრეობა მუზეუმის კედლებსა თუ ისტორიის დამტვერილი წიგნების ფურცლებს იშვიათად სცდება; შედეგად კი თანამედროვე ბაზარზე ისეთი ნივთებისთვის აღმოაჩინეს სივრცე, რომლებიც მივიწყებულ ღირებულ ამბებს მოგვითხრობს.

„ჩვენ დავიწყებული სიმბოლოების გახსენება და მრავლისმეტყველი ფორმების საშუალებით მათი ყოველდღიურობაში დაბრუნება გვინდოდა“, ამბობს ბაია. სახელოსნოს ფილოსოფია მის სლოგანშიც აისახა: „ამბავი შენით განაგრძობს თხრობას“. ამ კონცეფციის მიხედვით, მომხმარებელი უბრალო მყიდველი არ არის — ის ქართული კულტურული მეხსიერების მცველად გარდაიქმნება.

„იგრიკას“ საქმიანობა ხელოვნების, განათლებისა და სოციალური ზეგავლენის სფეროებს აერთიანებს. მისი ძირითადი მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის იმ ხელნაკეთი ნამუშევრების საშუალებით შენარჩუნება და ახლებურად გააზრება, რომლებიც ადამიანებს ისტორიულ ფესვებთან აკავშირებს.

სახელოსნო მყიდველებს სთავაზობს მაგიდის ბილიკებს, კედლის დეკორაციებს, ექსლიბრისებს, ხის ჩუქურთმებს, ჩანთებს, საგანმანათლებლო საბავშვო სამაგიდო თამაშებს და სხვა უნიკალურ ნივთებს. თითოეული ნამუშევარი იქმნება ხელით და ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ქსილოგრაფია, ხეზე კვეთა, ბამბისა თუ სელის ქსოვილზე და მდგრად ფურცელზე  ხატვა. მთავარი მოთხოვნა სახელოსნოში ისაა, რომ ნივთები მდგრადი უნდა იყოს, ამიტომ აქ პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა მასალას და ბუნებრივ ბოჭკოებს ენიჭება. „რტოს“ კოლექციის საშუალებით „იგრიკა“ საკუთარ მისიას ახალგაზრდა თაობაზეც ავრცელებს: ბავშვები სამაგიდო თამაშების საშუალებით ეცნობიან ქართული მითოლოგიის პერსონაჟებს და ამ გზით უბრალო გართობა კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარების გამოცდილებად გარდაიქმნება.

ესთეტიკური ნივთების დამზადების მიღმა, „იგრიკა“ სოციალური საწარმოც არის, რომლის მთავარი მიზანიცაა განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდებისა და უცხოელი ტურისტებისთვის ქართული კულტურული იდენტობის ჩვენება. ამას გარდა, ხელნაკეთი ნამუშევრების პოპულარიზაციით ბაია და გრიგოლი საქართველოში მდგრადი შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებასაც უჭერენ მხარს.

თუმცა მათ წარმატებისკენ გზაზე სირთულეებიც ხვდებათ. მთავარ გამოწვევად რჩება მაღალი ხარისხის მასალებზე ადგილობრივად წვდომა. შემოქმედებით ხედვასა და ბიზნესის ზრდის პრაქტიკულ მოთხოვნებს შორის ბალანსის პოვნა კი საქმისადმი მუდმივ თავდადებას და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

„იგრიკას“ განვითარების გზაზე გადამწყვეტი ეტაპი აღმოჩნდა ევროკავშირის პროექტის, EU4Youth Greenhouse for Social Innovators („სათბური სოციალური სფეროს ნოვატორებისთვის“), ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც სახელოსნოს დამფუძნებლებმა ამ პროექტის შესახებ ადგილობრივი შემოქმედებითი ქსელების მეშვეობით შეიტყვეს, ძალზე მნიშვნელოვანი სამეწარმეო მხარდაჭერა მოიპოვეს, მენტორობა მიიღეს და საკუთარი თავი უფრო ფართო საზოგადოებას გააცნეს.

„ევროკავშირის მხარდაჭერით „იგრიკას“ ორგანიზაციული სტრუქტურის უკეთ გამართვა და ონლაინგაყიდვების გაზრდა შევძელით “, ამბობს ბაია.

EU4Youth პროექტის საშუალებით „იგრიკას“ დამფუძნებლები ბიზნესის მუშაობის დეტალებში გაერკვნენ და საწარმოს ზრდისთვის საჭირო სტრუქტურული საფუძველი შექმნეს, თუმცა კულტურული მემკვიდრეობისადმი ერთგულების მისია არ შეცვლილა. პროექტმა ერთგვარი ხიდის როლი შეასრულა — მან პატარა შემოქმედებითი სახელოსნო პროფესიონალიზმის უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და მდგრად სოციალურ საწარმოდ გარდაქმნა.

„იგრიკა“ განვითარებას არ წყვეტს. ბაია და გრიგოლი სპეციალიზებული მაღაზია-სახელოსნოს გახსნას გეგმავენ — ეს იქნება სივრცე, სადაც ვიზიტორები ლექციებს, გამოფენებსა და მასტერკლასებს დაესწრებიან და უშუალოდ მიიღებენ ცოდნას ტრადიციული ხელნაკეთობების შესახებ.

ბაიასა და გრიგოლის გრძელვადიანი მიზანია ქართული ხალხური სიმბოლოების გლობალურ ასპარეზზე გატანა, ამ უნივერსალური ისტორიების მსოფლიოსთვის გაზიარება და, ამავე დროს, სოციალური ინკლუზიისა და შემოქმედებითი განათლების მხარდაჭერა საქართველოში. სახელოსნოს შექმნის პროცესმა ისინი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ კულტურული მეხსიერება ცოცხალია — უბრალოდ, ისტორიების ახალი გზებით მოყოლაა საჭირო. თითოეული ადამიანი, რომელიც „იგრიკას“ აღმოაჩენს, ამ ცოცხალი ამბის ნაწილი გახდება.

„მიგვაჩნია, რომ ის სიბრძნე, რომელსაც თითოეული სიმბოლო ატარებს, მთელი მსოფლიოს კუთვნილებაა; მასთან შეხებისას შენ არა მარტო ნივთის მფლობელი ხარ, არამედ, ამბის ნაწილიც ხდები და ამგვარად ის შენით განაგრძობს თხრობას“, აღნიშნავს ბაია.

გაიგეთ მეტი „იგრიკას“ შესახებ.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,