„ცხოვრებაში სხვადასხვა ტიპის კრიზისი გვაქვს ხოლმე – იქნება ეს ურთიერთობები, მარტოობა თუ სხვა მრავალი გამოწვევა. ამიტომ ვცდილობთ, რეალობაში განვახორციელოთ იდეა, რომ თუნდაც ერთი შეხვედრიდან დიდი სარგებელი შეიძლება მიიღო“, — ამბობს მიიკა ნიმელია, ფინეთში walk-in თერაპიის (მყისიერი ფსიქოლოგიური დახმარების ფორმა) ეროვნულ დონეზე დამამკვიდრებელი პროექტის ხელმძღვანელი.
ამგვარი თერაპიის მიღება არ საჭიროებს ლოდინს, წინასწარ ჩაწერას ან იმის ახსნას, რამდენად „სერიოზულია“ შენი მდგომარეობა — შენ შეგიძლია, უბრალოდ, მიხვიდე და ილაპარაკო. იდეა მარტივია: ზოგჯერ ერთი საუბარიც საკმარისია, რომ რაღაც შეიცვალოს. ფინეთში თერაპიის ეს ფორმა პირველად 2021 წელს საპილოტე პროექტად გამოიცადა და 2022 წლიდან მოყოლებული ეროვნული მასშტაბით მკვიდრდება. პროგრამას ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებს.

ფინური გამოცდილება მრავლისმთქმელია, რადგან აჩვენებს, რომ შესაცვლელია არა მხოლოდ მომსახურება, არამედ ზოგადი მიდგომაც. ამ საკითხის უკეთ გამოსაკვლევად TSN.ua უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ახალგაზრდულ მუშაკებთან და აქტივისტებთან ერთად შეუერთდა EU4Youth პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტს. ვიზიტის მიზანი იმის გამორკვევა იყო, თუ რა მიზეზებით იქცა მენტალური ჯანმრთელობა ასეთ აქტუალურ საკითხად ისეთ სივრცეებში, როგორიცაა დისქორდის ჯგუფები თუ ახალგაზრდული ცენტრები და წინ წამოიწია ისეთმა მეთოდებმა, როგორიცაა თამაშები თუ ერთშეხვედრიანი თერაპიული მხარდაჭერა.
როგორც აღმოჩნდა, მრავალი მსგავსი მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უკვე იწყებს ფორმირებას – თუმცა კი გაცილებით რთულ რეალობაში. მაგრამ ამის შესახებ უფრო ვრცლად დაბლა ვისაუბრებთ.
ჩატები და დისქორდი: კრიზისის ონლაინპრევენცია
ზოგ ქვეყანაში დამკვიდრებულია ზოგადი სქემა, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ახალგაზრდებს, „მიმართონ სპეციალისტს“. ფინეთში განსხვავებული კითხვები უფრო ისმევა: „სად არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე სჭირდებათ დახმარება? რომელი საკომუნიკაციო არხი იქნებოდა მოსახერხებელი და ანონიმური?“.
პასუხი ონლაინკონსულტაციებია. მაგალითად, უკრაინისთვის ეს ფორმატი უკვე ნაცნობია, რადგან იქ მრავალი მსგავსი უფასო თუ ფასიანი სერვისი არსებობს. მაგრამ ფინეთში ყურადღებას შესაძლებლობათა მრავალფეროვნება იპყრობს.
მსგავსი მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო მაგალითია პლატფორმა Sekasin, რომელიც MIELI Mental Health Finland-ის მიერ კოორდინირებული ინიციატივის, Sekasin Collective-ის ნაწილია.
MIELI-ის ჩატი 12-29 წლის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ეროვნული ონლაინსერვისია, რომლის გამოყენებაც უფასოდ, ანონიმურად და რეგისტრაციისა თუ მიმართვის გარეშეა შესაძლებელი. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებულია: სისტემაში შესვლის მერე რიგში გაყენებენ, რის მერეც კონსულტანტს უკავშირდები.
საუბარი დაახლოებით 45 წუთს გრძელდება და, როგორც წესი, ფუნდამენტური საკითხების გარშემო ტრიალებს – რა ხდება, რა გეხმარება გამკლავებაში, რა შეიძლება მოიმოქმედო. მხოლოდ გასულ წელს ამ ჩატში თითქმის 55 ათასი საუბარი შედგა.
პარალელურად, დისქორდის მესენჯერში მოთამაშეთა ჯგუფი არსებობს. აქ ყოველთვის ხდება რაღაც: სხვადასხვა საკითხზე გახსნილი ტექსტური არხები, ოთახები, სადაც სხვა მომხმარებლებთან აუდიო კონტაქტი შეგიძლია დაამყარო, სტრიმები, არაფორმალური თუ შეჯიბრების სახის სათამაშო სესიები. თანაც, მონაწილეობის ხარისხი მთლიანად მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული: შესვლა შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან, ასევე კომპიუტერიდან, კამერა და მიკროფონი გამორთული შეგიძლია გქონდეს, შეგიძლია იაქტიურო, ან, უბრალოდ, სხვების აქტივობებს დააკვირდე.
„უმთავრესი მიზანი მარტოობის დაძლევა და დიალოგის ღირებულების ჩვენება არის. ეს ფინეთში ეროვნული მასშტაბის უდიდესი ახალგაზრდული ონლაინჯგუფია, რომელსაც 20 ათასზე მეტი წევრი ჰყავს და 2018 წლიდან მოქმედებს. პლატფორმა 24 საათი ფუნქციონირებს, თუმცა მოდერირება მთელი ღამის განმავლობაში არ გრძელდება“, – გვიხსნის იოოსუა „ზავო“ ვალკეაკუნასი, Sekasin Gaming-ის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ამ ონლაინსივრცეში სხვადასხვა ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც საუბრებში ერთვებიან და არსებულ სერვისებზე წვდომას ამარტივებენ. მონაწილეებმა საკუთარი ინიციატივითაც კი მისცეს ხმა იმას, რომ ჩატებში კიბერპოლიციის წარმომადგენელი იმყოფებოდეს. იმავე დროს, უმთავრეს ღირებულებად საყოველთაო მიმღებლობაა მიჩნეული. „ბევრ პლატფორმაზე მომხმარებლებს საკუთარი თავის არასწორად გამოხატვის გამო მყისიერად ბლოკავენ და არც უხსნიან, როგორ გამოასწორონ საკომუნიკაციო უნარები. აქ სხვა მიდგომა გვაქვს: მოდერატორები მომხმარებლებთან აქტიურად ურთიერთობენ, განსაკუთრებით მათთან, ვინც საზიანო ან ტოქსიკურ ენას იყენებს და ეხმარებიან, რომ მეტად კონსტრუქციულად გამოთქვან საკუთარი აზრები“, – ურთავს ვალკეაკუნასი.
ვიდეოთამაშებთან ასოცირებული პრობლემებიდან მოთამაშეთა კეთილდღეობამდე
ვიდეოთამაშები და სოციალური მედიის გამოყენება საჯარო დისკურსში ხშირად პრობლემადაა წარმოჩენილი. ფინურ პრაქტიკაში მიდგომა სხვანაირია.
არასამთავრობო ორგანიზაციის, Sosped-ის პროგრამის ფარგლებში იმ ახალგაზრდებთან მუშაობენ, რომლებიც მნიშვნელოვან დროს უთმობენ თამაშებს. მაგრამ ყურადღება ექცევა არა თავად ქცევას, არამედ იმას, თუ რა დგას ამ ქცევის უკან. „ამ ახალგაზრდებს თამაშთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ან სირთულეები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენთან მხარდაჭერის მისაღებად მოსული ადამიანები მთელ დღეებს თამაშში იმიტომ ატარებენ, რომ სხვა არაფერი აქვთ საკეთებელი – ისინი არც მუშაობენ, არც სწავლობენ, არც მეგობრები ჰყავთ და არც რომელიმე თემის წევრად აღიქვამენ თავს“, – გვიხსნის ჰელმი კორჰონენი, ციფრულ რეალობაზე დამოკიდებულების მიმართულებით მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელი.

გამოსავალი ის არაა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ განუცხადო, ვიდეოთამაშებთან პრობლემა გაქვსო. „სანაცვლოდ, ყურადღება გადატანილია მოთამაშეების კეთილდღეობაზე. იდეა ისაა, რომ როცა ისინი ცხოვრების სხვა ღირებულ ასპექტებს აღმოაჩენენ, როგორიცაა მეგობრებთან ურთიერთობა ან დასაქმება, თამაშისთვის მიძღვნილი დრო თავისთავად იკლებს და ხშირად ძალიან სწრაფადაც“, – ურთავს ის.
პროგრამები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მხოლოდ საუბრებით არ შემოიფარგლება. ისინი მრავალფეროვან ფორმატებს მიმართავენ. მაგალითად, მათ აქვთ ათკაციანი მხარდამჭერი ჯგუფები მოთამაშეებისთვის, სადაც სპეციალისტები და ტრენერები თავთავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით ერთად მუშაობენ.
Sosped საერთაშორისო დონეზეც მუშაობს. კერძოდ, ის მონაწილეობს პროექტში, „Gambling Free Feed“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და თამაშის სურვილის გამომუშავებაზე ციფრული გარემოს გავლენას იკვლევს.
ორგანიზაცია ახალგაზრდებს ასევე სთავაზობს ოთხდღიან განტვირთვის ბანაკებს, სადაც ციფრული მოწყობილობების გარეშე ატარებ დროს. ბანაკში მინიმალური ტექნოლოგია, საერთო აქტივობები, საუბრები და ის სივრცეა, სადაც მათ, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ინტერნეტკავშირის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.
ორგანიზაციის ერთ-ერთი ტაქტიკა საგანგაშო ნიშნებზე რეაგირებაა. მაგალითად, Sosped აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემაზეც მუშაობს – ის ახალგაზრდებს სთავაზობს უფასო ონლაინკურსებს და მასალას, რომელიც მათ ეხმარება, ამოიცნონ ისეთი საგანგაშო ნიშნები, როგორიცაა „ამოგების“ იმპულსი, გემბლინგთან დაკავშირებული ქცევისა თუ შედეგების დამალვა ან ფინანსური პრობლემები. ამასთან, მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ როგორც თავად მოთამაშეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც.
მხარდაჭერის ახალი ფორმატები: პოდკასტები და ვირტუალური რეალობა
მთავარი ისაა, რომ სხვადასხვა სახის გამოსავალი არსებობს – თანაც მათგან ბევრი ერთობ პროგრესულიც არის. ამას ცხადყოფს ორი ისეთი განსხვავებული ქვეყნის მაგალითები, როგორიც უკრაინა და აზერბაიჯანია.
ფსიქოლოგმა დარინა აიტოვამ საქველმოქმედო ფონდში, „SpivDiia“, ახალგაზრდათა მხარდასაჭერად პოდკასტი „კავშირი ბავშვთან“ შექმნა, სადაც მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის გარშემო არსებული სტიგმის დაძლევას ცდილობს. „პოდკასტი ადამიანების დიალოგში ჩართვას, უმთავრესად, მოქნილობისა და არაძალდატანებითი ფორმატის გამო უწყობს ხელს. მისი შექმნის პროცესში გუნდთან ერთად ბევრი ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ, გავაანალიზეთ მშობლების საჭიროებები და გავითვალისწინეთ მათი რეალური მოთხოვნილებები. გარდა ამისა, მშობლებსაც უშუალოდ გავესაუბრეთ, რათა დაგვედგინა, რომელი თემები ადარდებდათ ყველაზე მეტად“, – ჰყვება დარინა აიტოვა.

აუდიტორიასთან ონლაინფორმატებით მუშაობის გადაწყვეტილება კონკრეტულ დაკვირვებებს ეფუძნება.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ტენდენცია შევნიშნეთ: მშობლებისთვის ბავშვების აღზრდასა და პოზიტიურ მშობლობაზე ინფორმაციის მიღების ყველაზე ხელსაყრელი და ეფექტიანი ფორმატი ონლაინმასალა არის. ამას ის ფაქტი ხსნის, რომ ასეთ ინფორმაციასთან გაცნობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ტემპით და დამატებითი ინტერაქციის გარეშეა შესაძლებელი“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
კიდევ ერთი საილუსტრაციო მაგალითი არასამთავრობო ორგანიზაციის, Divchata, კომპლექსური მუშაობა არის. ეს უკრაინული ორგანიზაცია პრევენციაზე ფოკუსირდება და, ამასთან, „ფემინისტური აკადემიის“ მეშვეობით სთავაზობს ახალგაზრდებს გრძელვადიან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რა დროსაც, უბრალოდ კრიზისზე რეაგირების ნაცვლად, გამოჯანსაღების ხანგრძლივ პროცესზეა აქცენტი გადატანილი.
ორგანიზაცია მხარდაჭერას ციფრულ სივრცეშიც უზრუნველყოფს. „ჩვენ ციფრულ ხელსაწყოებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის ვიყენებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, რთულ საკითხებზე ახალგაზრდებისთვის გასაგები და მარტივი ენით ვისაუბროთ“, – ამბობს ორგანიზაციის წევრი, კატერინა ზაიჩენკო.
ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება, არამედ, ისეთი ფორმატებიც, რომლებიც კლასიკური საგანმანათლებლო აქტივობებისგან განსხვავდება. ამის მაგალითებია სიმღერა „Guard Your Borders (STOP!)“ („დაიცავი შენი საზღვრები (შეჩერდი!)”), რომელიც ტიკტოკისთვის „Тьотя Panda-სთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და პოდკასტი „ძალა შენში“, სადაც რთული თემები იმ ადამიანების გამოცდილების გამოყენებით განიხილება, რომელთაც აუდიტორია ენდობა. ამგვარი მიდგომა დამოძღვრის ნაცვლად უშუალო კავშირის ფორმას იღებს.

ასეთ დროს განსაკუთრებით ეფექტიანი ინტერაქტიური ფორმატებია – მაგალითად, ონლაინტესტები, რომლებიც მომხმარებლებს სწრაფ და პერსონალიზებულ მხარდაჭერას სთავაზობს. მათი მეშვეობით არა მხოლოდ ინფორმაციას იღებ, არამედ მიღებულ ცოდნას საკუთარ გამოცდილებასთანაც აკავშირებ: აფასებ საკუთარ ქცევას ციფრულ გარემოში ან სწავლობ ძალადობის გამოვლინებათა შემჩნევას ყოველდღიურ ცხოვრებაში. და სწორედ ამიტომ მუშაობს ეს ფორმატები.
თეატრალური რეჟისორი და ფასილიტატორი, აინურ ზარინტაკი, რომელიც აზერბაიჯანში მოქმედ „რიტუალურ თეატრსა და შემოქმედებით ლაბორატორიაში“ მუშაობს, თეატრს იმისათვის იყენებს, რომ ახალგაზრდებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ემოციური თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.
„ჩემს გუნდთან ერთად ასევე ვიმუშავეთ ვირტუალურ რეალობაზე ადაპტირებულ ორ სპექტაკლზე და გამოვიყენეთ ინტერაქტიური დათვი-რობოტიც. ეს პროდუქტები იმის დადგენაში გვეხმარება, როგორ შეგვიძლია, რომ ვირტუალური რეალობის მეშვეობითაც გავაძლიეროთ მენტალური ჯანმრთელობა და შემოქმედებითი უნარები“, – გვიხსნის ის.
აინურ ზარინტაკი განსაკუთრებით დაინტერესდა მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერი იმ მეთოდოლოგიებით, რომლებიც ფინეთში გამოიყენება. „ისინი მიმართულია თანდათანობითი ურთიერთქმედებისკენ, ემოციური უსაფრთხოებისკენ და არავერბალური მონაწილეობისკენ, რაც უმნიშვნელოვანესია იმ ახალგაზრდებთან მუშაობისას, რომლებიც მარტოობას, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ან სოციალურ იზოლაციას უმკლავდებიან“, – აღნიშნავს ის.

ის გეგმავს, რომ ეს მიდგომები აზერბაიჯანში თავის თეატრალურ საქმიანობაში გამოიყენოს და ერთმანეთს შეუფარდოს შემოქმედებითი მეთოდები, დრამა და ამბის თხრობა.
რატომ არის ზოგჯერ მხოლოდ სახლიდან გასვლაც კი საკმარისი
თუმცა ფინეთში ყველა ცვლილება საუბრით არ იწყება. ასევე საჭიროა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს მისვლა და სოციალიზაცია შეეძლებათ.
ჰელსინკიში მრავალი ასეთი ადგილია. კერძოდ, მხოლოდ ქალაქის საზღვრებში ახალგაზრდებისთვის 60-მდე სივრცეა მოწყობილი.
და ეს არაა ცალკეული ინიციატივები, არამედ სისტემური მუშაობის შედეგია: ყველაფერს ქალაქი აფინანსებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის ამგვარი მომსახურება სრულიად უფასოა. „ამ ადგილებში ახალგაზრდებს ერთ სივრცეში შეუძლიათ, დაკავდნენ სპორტით, შემოქმედებითი საქმიანობით თუ სოციალური ინტერაქციით, იქნება ეს კალათბურთი, კრივი, ხელსაქმე, კულინარია თუ სამაგიდო თამაშები“, – აცხადებენ ჰელსინკის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
ბიბლიოთეკის შიგნით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სივრცეებში ამოყოფთ თავს. აქაა ჩამწერი და საპოდკასტე სტუდიები აუდიოსა და მუსიკის ჩასაწერად, ვიდეო- და ფოტოსტუდიები, სამონტაჟო სადგურები, სხვადასხვა მოწყობილობა, რომელიც ადგილზე შეგიძლია გამოიყენო. ასევე ნახავთ სათამაშო ზონებს, ჯგუფური მუშაობისთვის გამოყოფილ ოთახებს, ღია სივრცეებს შეკრებებისა და ღონისძიებებისთვის. და ეს ყველაფერი უფასოდაა ხელმისაწვდომი.
ამგვარი ცენტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტაბილურობის პერიოდებში, როცა, მაგალითად, 2025 წელს ფინეთში უმუშევრობის დონე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო ახალგაზრდებში – 20%-ით, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.
მოდელები მუშაობს – სისტემები არა?
ბოლო წლებში EU4Youth-ის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალგაზრდების მხარდამჭერი უმსხვილესი პროგრამაა, შემუშავდა ინიციატივები საერთო მიდგომის დასამკვიდრებლად – დასაქმებით დაწყებული, მენტალური ჯანმრთელობით დასრულებული.
ეროვნულ კოორდინატორთა დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ეფექტიან მოდელებს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. საუკეთესოდ მუშაობს ის მიდგომები, რომლებიც ამარტივებს ხელმისაწვდომობას და არ საჭიროებს რთულ პროცედურებს, იცავს ანონიმურობას და არ გაიძულებს, რომ დაუყოვნებლივ „ოფიციალურად“ ითხოვო დახმარება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანატოლთაშორისი ფორმატები – როცა ახალგაზრდები ერთმანეთს ელაპარაკებიან – ასევე, კულტურული კონტექსტისა და თავად მომხმარებელთა ჩვევების გამთვალისწინებელი მიდგომები. მაგრამ არსებითი მაინც სისტემური პრევენციაა: არა ინდივიდუალური კამპანიები თუ პროექტები, არამედ, მხარდაჭერის მუდმივი ხელმისაწვდომობა, რაც ყოველდღიური ყოფის ნაწილი ხდება.
გამოწვევათა შორისაა ახალგაზრდების მენტალურ მხარდაჭერაზე მომუშავე პროექტების ხანმოკლეობა. ინიციატივები კი ჩნდება, მაგრამ იშვიათად თუ იღებს განგრძობით სახეს და ყოველ ჯერზე მუშაობის თავიდან დაწყება ხდება საჭირო, რა დროსაც არ გამოიყენება დაგროვილი გამოცდილება და ვერ მიიღწევა სტაბილური შედეგი. ძალისხმევა ხშირად რეაქციულია და არ კონცენტრირდება ადრეულ ინტერვენციაზე. ეს პრობლემა იმ საზოგადოებებშიც კი არსებობს, სადაც მრავალი აქტივობა ხორციელდება – ინიციატივათა რაოდენობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ სისტემა მუშაობს.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა მხარდაჭერაზე უთანასწორო წვდომა. შედარებით პატარა ქვეყნებში, როგორიც მოლდოვა და სომხეთია, ან დიდი ქალაქების მიღმა, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მწირია და მხარდაჭერა ან ფრაგმენტულია, ან საერთოდ ხელმიუწვდომელია. ამას ემატება ზოგიერთი ჯგუფის დაბალი ხილვადობა. ახალგაზრდები, რომლებიც პროგრამების „სტანდარტულ“ კატეგორიაში ვერ თავსდებიან, ხშირად, უბრალოდ, ყურადღების მიღმა რჩებიან და, შესაბამისად, ვერც დახმარებაზე მიუწვდებათ ხელი. ასეთ პირობებში სერვისების არსებობაც კი არ არის იმის გარანტი, რომ ის ადამიანები მიიღებენ მხარდაჭერას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სიტუაციას ზოგადი კონტექსტიც ართულებს. ზოგ ქვეყანაში კანონმდებლობა არ შეესაბამება ახალგაზრდების საჭიროებებს ან ზედმეტად ზოგადია იმისათვის, რომ ეფექტიანად იმუშაოს. სხვა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და ბელარუსია, პოლიტიკური კონტექსტი საკითხის გამოკვლევასაც კი ართულებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სისტემური მიდგომების დამკვიდრებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არა მხოლოდ რესურსებსა და მიდგომებშია, არამედ, ასევე, იმაშიც, თუ რამდენად უწყობს გარემო ხელს ეფექტიანი მიდგომების დამკვიდრებას.
ფინეთის გამოცდილება აჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს სისტემური სამთავრობო მიდგომა. უკრაინისა და აზერბაიჯანის გამოცდილებები კი ცხადყოფს, როგორაა შესაძლებელი ამ მიდგომების ისეთ ქვეყნებზე მორგება, სადაც ნაკლები რესურსი და მეტი გამოწვევაა. ბოლო დროა, სწორედ ამ მაგალითების გათვალისწინებით აფინანსებს EU4Youth პროგრამა ადგილობრივ ინიციატივებს და რეგიონში ნელ-ნელა ფორმირდება ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი მოდელი.
ავტორი: ოლგა კონსევიჩი
სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად TSN.ua-ზე





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,