ომის პერიოდის დემოგრაფიული სტატისტიკა: უდიდესი საფრთხე უკრაინისათვის
Photo: Sergei Chuzavkov / SOPA Images/Sipa USA
ივნისი 23, 2026

ომის პერიოდის დემოგრაფიული სტატისტიკა: უდიდესი საფრთხე უკრაინისათვის


მსოფლიოში, რომელსაც ზოგადად ემუქრება მოსახლეობის შემცირების პრობლემა, უკრაინაში შექმნილი დემოგრაფიული სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა. ქვეყანა ორმაგი კრიზისის პირისპირ დგას: უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მისი მოსახლეობა მცირდება, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო აასწრაფა. ომის პერიოდში ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა მარტივად გადასაჭრელი დილემა ნამდვილად არ არის. ასეთ დროს ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებით ამ პროცესის შეჩერება ან თუნდაც გამოსწორება?

„მსოფლიოს მოსახლეობის კლების დაწყება იმაზე ათწლეულებით ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ“, – წერს The Atlantic-ის ჟურნალისტი, მარკ ნოვიკოფი. მაშინ, როცა გაეროს პროგნოზებით მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის შემცირება 2084 წელს უნდა დაწყებულიყო, ზოგიერთი ექსპერტი ამ თარიღად ახლა უკვე 2055 წელს ასახელებს.

„უკრაინაში მოსახლეობის შემცირება უნიკალური მოვლენა არ არის. ეს გლობალური პროცესია, რომლის მეცნიერული სახელწოდებაც „დემოგრაფიული გადასვლა“ გახლავთ. უნიკალური ამ შემთხვევაში არის ის სიტუაცია, რომელშიც უკრაინა იმყოფება“, – განმარტავს უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პტუხას სახელობის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, ოლეკსანდერ გლადუნი.

მართლაც, უკრაინა მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. The Kyiv Independent-ში ჯერ კიდევ 2023 წელს დაიბეჭდა სტატია სათაურით, „დემოგრაფიული კატასტროფა: უკრაინის უდიდესი ომის-შემდგომი საფრთხე“.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოსახლე ეწირება ნებისმიერ ომს, მსგავს კონფლიქტებს არასოდეს არ აქვს ქვეყნის დემოგრაფიაზე დადებითი გავლენა. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე იზრდება ქრონიკული დაავადებების გამწვავების, სტრესის და ზოგიერთ შემთხვევაში დროული სამედიცინო დახმარების მიღების შეუძლებლობის გამო“, – ურთავს გლადუნი. იმავე დროს, იკლებს შობადობაც: „ადამიანები ბავშვის ყოლის გადაწყვეტილებას ავადებენ. ეს ბუნებრივი რეაქციაა“.

პირადი ისტორია  |  ბავშვის ყოლა ომის პერიოდში, ავტორი ანჯელინა კარიაკინა
მე და ჩემს ქმარს ოჯახის შექმნა გვინდოდა და ამის დაგეგმვა იმის მიუხედავად დავიწყეთ, თუ რა ხდებოდა ჩვენ გარშემო. ცხადია, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება მოგვიწია – საკუთარი სახლი გვქონდა, რომელიც იმ დროისთვის უსაფრთხო და ყველასათვის კომფორტული იყო. ორივე ვმუშაობდით და მომავლის დასაგეგმად საჭირო ფინანსური რესურსიც გვქონდა. იმასაც კი ვიტყვი, რომ ომმა, გარკვეულწილად, დაგვაჩქარა კიდეც.
 
ეს არასოდეს განგვიხილია, მაგრამ ალბათ ორივენი ვგრძნობდით, რომ ჩვენი დრო ძალიან შეზღუდული შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ამიტომ ყველაფრის მიუხედავად უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება. კი ვეკითხებოდი თავს, რამდენად პასუხისმგებლობიანი საქციელი იქნებოდა ბავშვის იმ ადგილას გაჩენა, რომელიც მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამის საჰაერო შეტევების დროს დაბლა დამალვა მიწევდა ან აფეთქებები მესმოდა ორსულობისას და მერეც კი, როცა უკვე ხელში მეჭირა ბავშვი. მაგრამ ამგვარი ფიქრები მაშინ მიქარვდება, როცა შინ ჩემი შვილების ცხოვრებას ვუყურებ, და ვხედავ, როგორ ახვევიათ გარშემო ოჯახის წევრები თუ მეგობრები. მათ ხომ საკუთარ ქვეყანაში ომის დროსაც არაერთი შესაძლებლობა აქვთ – იქნება ეს სამშობლოს შიგნით მოგზაურობა, თავიანთი კულტურის გაცნობა თუ თავიანთ ფესვებთან დაახლოება.
 
ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახი სახლში დარჩეს. გვინდა, რომ ჩვენი შვილები უკრაინაში გაიზარდონ  და ვცდილობთ და ვახერხებთ კიდეც, რომ შინ რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყვნენ. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ კიევში კარგად და კომფორტულად იცხოვრონ, აქ დავრჩებით. ცხადია, ოჯახისთვის სათადარიგო გეგმაც გვაქვს, იმ შემთხვევისთვის, თუ უსაფრთხოების ხარისხი შემცირდება. უკრაინის ყველაზე დასავლეთ და ალბათ ყველაზე უსაფრთხო ნაწილში ვმუშაობთ  ოჯახისთვის საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ჯერჯერობით შინ ვრჩებით და სწორედ ესაა ის, რაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად გვაგრძნობინებს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, რომელიც The Kyiv Independent-ში გამოქვეყნდა, 2024 წელს უკრაინაში 495 090 ადამიანი გარდაიცვალა. ეს რიცხვი შობადობის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული უახლესი მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ 55 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა (მათ შორის არიან როგორც პროფესიონალი სამხედროები, ასევე გაწვეულები). თუმცა მიიჩნევა, რომ ეს შეფასება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეალურ რიცხვებს. ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის, „სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) შეფასებით, უკრაინულ მხარეს დაღუპულთა რიცხვი 100 ათასიდან 140 ათას შორის მერყეობს, მაშინ, როცა რუსეთის ჯარის დანაკარგები, სავარაუდოდ, 275 ათასიდან 325 ათასამდე არის.

„უკრაინის მოსახლეობა 1993 წლიდან მოყოლებული მცირდება“, – განმარტავს გლადუნი, – „ომმა ეს პროცესი მნიშვნელოვნად აასწრაფა. ჩვენი პროგნოზების თანახმად, მოსახლეობის კლება გაგრძელდება. თუმცა კლების ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ წელს და რა პირობებით დასრულდება ომი“.

1991 წლიდან, ანუ იმ დროიდან მოყოლებული, როცა უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ მოსახლეობის ლამის ნახევარი დაკარგა. „ჩემი გამოთვლების თანახმად, 2026 წლის დასაწყისში უკრაინის მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლოებით 28 მილიონი ადამიანისგან შედგებოდა. 1991 წლის მიწურულს მოსახლეობა 51,7 მილიონს უტოლდებოდა“, – აღნიშნავს გლადუნი. გაეროს პროგნოზით, რომელიც  Ukrainska Pravda-ში გამოქვეყნდა, 2100 წლისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 15,3 მილიონი იქნება.

თუმცა, როგორც გლადუნი განმარტავს, ეს მონაცემები შესაბამის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. „პირველი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორია 1991 წლის ტერიტორიასთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მცირეა. მეორე, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ აკონტროლებს. მესამე, ჩვენ არ ვიცით, იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში აფარებენ ომს თავს, რამდენი დაბრუნდება უკან“.

რამდენი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს საზღვარგარეთ?

ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრი (CES) უკრაინული დამოუკიდებელი არასამთავრობო კვლევითი ცენტრია, რომელიც კიევში 2025 წელს დაარსდა. ცენტრის მიერ ლტოლვილების თემაზე მომზადებული მეხუთე ანგარიშის თანახმად, 2026 წლის დასაწყისში საზღვარგარეთ 5,6 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. მათგან ოთხმა მილიონმა ადამიანმა უკრაინა დასავლეთ საზღვრებიდან დატოვა.

„ამას გარდა, ქვეყნის საზღვრებში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობაც 4 მილიონს უტოლდება. ამგვარად, საკუთარი სახლის დატოვება 10 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია, რაც ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს“, – ურთავს გლადუნი.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგაც უკრაინაში მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს“, – ადასტურებს CES-ის უფროსი მკვლევარი, ირინა იპოლიტოვა, – „დემოგრაფიული დანაკარგის მთავარი მიზეზი მიგრაციაა. CES-ის შეფასებებით, 2025 წელს უკრაინა დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა დატოვა. დამატებით, მოსახლეობის შემცირებას იწვევს სამხედრო პერსონალსა და მშვიდობიან მოსახლეობაში ომით გამოწვეული მსხვერპლი და, ასევე, შობადობის მაჩვენებლის კლება.“

2025 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში უკრაინის მთავრობამ 18-იდან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლება მისცა. მანამდე, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოქმედი საომარი მდგომარეობის პირობებში, 18-იდან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეკრძალებოდათ. ამ შეზღუდვის მიზანი ის იყო, რომ უკრაინის ჯარს გასაწვევად საკმარისი რაოდენობის ადამიანი ჰყოლოდა. „გვინდა, რომ უკრაინელებმა უკრაინასთან რაც შეიძლება მეტი კავშირი შეინარჩუნონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ. ამგვარად, მთავრობას უწევს, იპოვოს ბალანსი ომის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ახალგაზრდა თაობების შენარჩუნებისა და ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფის საჭიროებას შორის.

CES-ის მონაცემების თანახმად, 2025 წლის აგვისტო-ნოემბერში ქვეყნიდან დაახლოებით 96 ათასი მამაკაცი წავიდა ემიგრაციაში. CES პოლონეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის სასაზღვრო დაცვის მონაცემებს და DPSU-ის მონაცემების შეფასებებს  იყენებს. უნგრეთისა და მოლდოვის მონაცემები კი მთელ საზღვარზე კვეთის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელთარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის პროპორციულად ექსტრაპოლირებული. „უხეში გამოთვლებით, [2025 წლის] აგვისტოდან მოყოლებული ქვეყნიდან 18-იდან და 22 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით ყოველი მეშვიდე ახალგაზრდა მამაკაცი გავიდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში. BBC უკრაინის თანახმად, ამ მონაცემში არაა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, ამასთან, მნიშვნელოვანი რაოდენობის მამაკაციც დაბრუნდა და არც ის, რომ ერთსა და იმავე ადამიანს საზღვარი რამდენჯერმე შეიძლებოდა გადაეკვეთა. TheKyiv Independentწერს, რომ ახალგაზრდა კაცები სამსახურებს ტოვებენ, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

რამდენი დაბრუნდება?

CES-ის პროგნოზით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში 1,3 მილიონიდან 2,2 მილიონამდე ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, თუმცა ბევრი რამ განვითარებულ სცენარზე იქნება დამოკიდებული.

„დაბრუნების გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს უამრავი ფაქტორი: უკრაინაში საცხოვრებელი ადგილების ხელმისაწვდომობა, დასაქმების შესაძლებლობები, სოციალური ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. ადამიანები ერთმანეთს შეადარებენ იმას, თუ რა მოეპოვებათ მასპინძელ ქვეყანაში და რა შესაძლებლობები ელოდებათ უკრაინაში. გადაწყვეტილების მიღებაში ახალ ქვეყანაში ადაპტირების ხარისხიც შეიტანს როლს“, – განმარტავს ოლეკსანდერ გლადუნი.

გადამწყვეტი ფაქტორი, ცხადია, მაინც ის იქნება, თუ როგორ – და რა პირობებით – დასრულდება ომი. „ორი წლის წინ საზოგადოების გამოკითხვის შედეგები აჩვენებდა, რომ ომის 1991 წლის საზღვრების აღდგენით დასრულების შემთხვევაში უკრაინაში იმაზე 25%-ით მეტი ადამიანი დაბრუნდება, ვიდრე  იმ შემთხვევაში, თუ საზღვრები დღევანდელი ფრონტის ხაზით განისაზღვრება“. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, „რომ, თუ ომი ფრონტის ამჟამინდელ ხაზთან დასრულდება, რუსეთის ფედერაცია მას რამდენიმე წელიწადში კვლავ განაახლებს“, – ამბობს გლადუნი.

საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელ მოქალაქეთა 66% შრომითი ქმედუნარიანობის ასაკისაა (18-65 წელი). 35 წლამდე ახალგაზრდები უკრაინელი ლტოლვილების ნახევარზე მეტს, 56%-ს შეადგენენ. ისინი ქვეყნის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ. თუმცა, CES-ის მონაცემებით, სწორედ ეს დემოგრაფიული ჯგუფია, რომლის წევრებიც ნაკლებად იქნებიან მოტივირებულები, რომ უკრაინაში დაბრუნდნენ. „ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ 35 წლამდე ახალგაზრდების დაბრუნების შანსი ნაკლებია, ვიდრე მეტად ასაკოვანი – განსაკუთრებით, 50 წელს გადაცილებული – ხალხის. ამას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, ის, რომ ახალგაზრდები მასპინძელ ქვეყნებში უკეთ ინტეგრირდებიან. ასევე გასათვალისწინებელია ისეთი ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა დასაქმება და ხელფასები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების რისკები. გარკვეულ პირობებში მაინც შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები უკან დაბრუნდნენ. პირველი პირობა ესაა უსაფრთხოება და ომის დასრულება. ამ თაობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ კონკრეტულად როგორ დასრულდება ომი: ლტოლვითმა უმრავლესობა დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ომი სრულად დამთავრდება და უკრაინაში სამოქალაქო ფრენები აღდგება. გაყინული კონფლიქტი ლტოლვილების დაბრუნების სურვილზე გაცილებით ნაკლებ გავლენას მოახდენს“.

ვიტალი (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთი ასეთი ლტოლვილია. ცხრამეტი წლისა, ის ბოლო ორი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. ვიტალი წარმოშობით უკრაინის სამხრეთიდანაა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის დასავლეთით გადავიდა. საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად იმიტომ გაემგზავრა, რომ ომის დაწყებით სტიპენდიის მიღების შანსი დაკარგა. ვიტალი რამდენიმე ქვეყანას განიხილავდა, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკას და პოლონეთს. საბოლოოდ, საფრანგეთი აირჩია, რადგან, როგორც თავად ამბობს, „გავაცნობიერე, რომ მეტად მასშტაბური მიზნები უნდა დამესახაო“.

დღეს ვიტალი ხან სამშენებლო ობიექტებზე მუშაობს, ხანაც – გაყიდვების ასისტენტად. სექტემბერში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავს. ვიტალი იმ უამრავ ახალგაზრდათაგანია, რომლებიც უცხო ქვეყანაში რთულ და დაბრკოლებებით სავსე გზას დაადგნენ და ცხოვრების ახლიდან დაწყებას ცდილობენ. ვიტალის გეგმა და მომავლის ხედვა აქვს; მას არ სურს, გაწეული მსხვერპლი „გაფლანგოს“: „აქ მინდა დავრჩე; უკვე ვისწავლე ფრანგული, თავდაუზოგავად ვიმუშავე და უნივერსიტეტშიც ვაპირებ ჩაბარებას“. ვიტალის უკრაინა, ოჯახი, ნაცნობი ადგილები ენატრება, მაგრამ არ ჰგონია, რომ დაბრუნება პრაქტიკული გადაწყვეტილება იქნება.

„იმ შემთხვევაში ვიტყოდი, უკან დავბრუნდები-მეთქი, თუ გამიმართლებდა და უკრაინაში კარგ, მაღალხელფასიან სამსახურს ვიშოვიდი. მაგრამ ამ ეტაპისთვის უკრაინის ეკონომიკა ცუდ დღეშია“, – ამბობს ანტონინა, 27 წლის. ის წარმოშობით ხარკივიდან არის, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული დედამისთან ერთად იტალიაში ცხოვრობს. ის ევროპული და საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ანტონინა აღნიშნავს, რომ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია კვლავ ძალიან არასტაბილურია: „ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ ვიცით, ომი როდის დამთავრდება. არ ვიცით, მის დასაწყისში ვიმყოფებით თუ შუაში. არ მინდა, ჩემი ცხოვრება გაურკვეველი დროით შევაჩერო. მჯერა, რომ კარიერის დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა და შეიძლება, წარმატებასაც მივაღწიო, შეიძლება პარტნიორიც ვიპოვო და ოჯახი შევქმნა“.

ამჟამად უკრაინელები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან „დროებითი დაცვით“ სარგებლობენ. ეს სტატუსი უკრაინელებს სწავლის, მუშაობისა და ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაზე წვდომის უფლებას აძლევს. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის მარტში შევიდა და ვადა 2027 წლის მარტში ეწურება.

ამ მომენტისთვის არაა ცნობილი, რას იზამენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვადის გასვლის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკვე აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელი უკრაინელი მამაკაცებისთვის რაოდენობრივი ზღვრის დაწესება სურს. გეგმის მიზანი ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა, რათა „მათ საკუთარი ქვეყნის დახმარება შეძლონ“, – ამბობს ის.

რამდენად შეცვლიდა ტენდენციას ევროკავშირში გაწევრიანება?

„ხალხის მსახურის“ (2015-2019 წლების სატელევიზიო სერიალი, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ისტორიის მასწავლებლიდან უკრაინის პრეზიდენტი ხდება) მეორე სეზონის მეოთხე ეპიზოდში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაამტკიცა, რაც ევროკავშირის წევრობისკენ პირველ გადადგმულ ნაბიჯს აღნიშნავს.

პრეზიდენტი ვასილ პეტროვიჩ ჰოლობოროდკო მეორე დღეს აღმოაჩენს, რომ უკრაინაში მარტოდმარტოა დარჩენილი, რადგან ყველა მოქალაქე უკეთესი მომავლის საძიებლად ევროპაში გაემგზავრა. 2017 წლის ოქტომბერში, როცა ეს ეპიზოდი გამოვიდა, სიუჟეტი ხალხს მსუბუქად ირონიული შეიძლებოდა მოსჩვენებოდა, მაგრამ ახლა, თითქმის ცხრა წლის თავზე, რომელთაგან ოთხი წელი ქვეყანამ ომში გაატარა, ის პირში მწარე გემოს ტოვებს. უკრაინა უკვე დაცარიელდა და ოფიციალური კიევი კვლავ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ, იქნებ, ამჯერად ევროკავშირში შესვლამ მოსახლეობის გადინების შეჩერებას ან თუნდაც ხალხის უკან დაბრუნებას შეუწყოს ხელი?

„ჯერ კიდევ რთულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ეფექტების ცხადად პროგნოზირება“, – აღნიშნავს CES-ის მკვლევარი, ირინა იპოლიტოვა, – „ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილება ანახებს, რომ ზოგი ადამიანი ევროკავშირში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობის მიღებისთანავე შეიძლება წავიდეს“. თუმცა უკრაინის შემთხვევაში „დროებითი დაცვის“ მექანიზმით უკრაინელებს ამის უფლება ჯერ კიდევ 2022 წელს მიეცათ. გაწევრიანებასთან ერთად მიღებულმა თავისუფლად გადაადგილების უფლებამ, შესაძლოა, „ზოგ მიგრანტს დაბრუნებისკენ უბიძგოს, რაც იმ უკრაინელთა შორის ცირკულარულ მიგრაციას შეუწყობს ხელს, რომლებიც ამჟამად სამშობლოში დაბრუნებას არ განიხილავენ, რადგან ევროკავშირში მუშაობისა და ცხოვრების უფლების დაკარგვის ეშინიათ“. იმავე დროს, იპოლიტოვა ურთავს, რომ „უკრაინამ, შეიძლება, აღდგენის ფაზაში ევროკავშირიდანაც მოიზიდოს პროფესიონალი კადრები“.

მოსახლეობის კლება და დემოგრაფიული  ჩანაცვლება
რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% უკავია. ქვეყნის მომავალი ნაწილობრივ სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ამ ტერიტორიებზე. „ის, რაც ახლა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპირველესად, მარიუპოლში, მაგრამ ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქებში არის უკრაინული მოსახლეობის მიზანმიმართული წაშლა და მისი რუსული მოსახლეობით ჩანაცვლება“, წერს ონლაინგამომცემლობის, Engelsberg Ideas-ს მკვლევარი, ჯეიდ მაკგლინი.

მაკგლინი განმარტავს, რომ მარიუპოლის მაგალითი განსაკუთრებით მრავლისმთქმელია: ქალაქის მოსახლეობა 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაახლოებით 450 ათასს შეადგენდა; დღეს, სხვადასხვა შეფასებაზე დაყრდნობით, იქ 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 70 პროცენტი 60 წელსაა გადაცილებული. მარიუპოლში შობადობის მაჩვენებელი უკრაინის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით გაცილებით დაბალია და ხალხი იქაურობას ყოველთვიურად ტოვებს. ქალაქი, სადაც ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გაიმართა, ნელ-ნელა კვდება.

იმავე დროს, მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს: „ოკუპაციის კვლევითი ცენტრის მიერ ახალმოსახლეთა შემოდინებაზე მომზადებული მონაცემების თანახმად, 2023 და 2025 წლებს შორის მარიუპოლში რუსი მოქალაქეების რიცხვი, სულ მცირე, 80 ათასით გაიზარდა, რაც ამჟამინდელი ტემპით ყოველთვიურად დაახლოებით 2 200 რუს ახალმოსახლეს ნიშნავს. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რუსები რიცხობრივად უკვე ამ წლის ბოლოს დაჯაბნიან მათ, ვინც სრულმასშტაბიან შეჭრამდე მარიუპოლს სახლს უწოდებდა; სამ წელიწადში მათი რიცხვი ორჯერ მეტად გადააჭარბებს ადგილობრივი მოსახლეობისას; ხოლო ათ წელიწადში ჩანაცვლების პროცესი თითქმის მთლიანად დასრულდება“.

დემოგრაფ ოლეკსანდერ გლადუნის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება. თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მისი თქმით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან მოსახლეობის მასობრივი გადინება გამოიწვიოს“. უკრაინა 2022 წლამდეც კი უკვე ნაწილობრივ ინტეგრირებული იყო ევროპის შრომის ბაზარში: „2021 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბინადრობის ნებართვა 1,6 მილიონ უკრაინელს ჰქონდა, რომელთაგან 900 ათასი იქ სამუშაოდ იმყოფებოდა“.

იპოლიტოვასთვის „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინასაც და ევროკავშირსაც მნიშვნელოვან სარგებელს იმ გამოწვევათა მიუხედავად მოუტანს, რომლებიც ინტეგრაციას აუცილებლად მოჰყვება“. უკრაინისთვის ეს პროცესი იქნება „ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და პროგრამებზე წვდომის“ გარანტი. უკრაინას ასევე მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს „შრომითი უფლებების უფრო ძლიერი დაცვით, მეტად უსაფრთხო პროდუქტებისა და მომსახურების ქონით და გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი რეგულაციებით“, – ურთავს იპოლიტოვა.

რაც მეტად უსაფრთხოდ აღიქმება ქვეყანა – სოციალურად, ეკონომიკურად და მილიტარისტულად – მით მეტად დაუკავშირებენ მას ადამიანები თავიანთ მომავალს. უსაფრთხოების კუთხით, რაც უკრაინისთვის არსებითი საკითხია, „ევროკავშირის წევრობა უკრაინის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ მედეგობას გააძლიერებს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში მის ინტეგრაციას გააღრმავებს“ – ეს კი მიგრანტების დაბრუნებისთვისაც პოტენციურად გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს. იმავე დროს, უკრაინას „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში თავისი თავდაცვითი შესაძლებლობებით, სტრატეგიული მდებარეობითა და გარე საფრთხეებთან გამკლავებაში დაგროვილი გამოცდილებით“.

თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირის დედაქალაქები უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას გამორიცხავენ. წევრი სახელმწიფოები არ თანხმდებიან ევროკომისიის წინადადებას „შებრუნებულ გაფართოებაზე“, რომელიც ოფიციალურ კიევს რეფორმების განხორციელებამდე მისცემდა ევროკავშირში შესვლის უფლებას, აცხადებს Politico. სანაცვლოდ, ისინი „დაჩქარებული ეტაპობრივი ინტეგრაციის“ მოდელს უჭერენ მხარს, რომელიც უკრაინას ევროკავშირთან დაუყოვნებელი გაწევრიანების გარეშე დააახლოებს.

ეს გეგმა უკრაინას ერთიან ბაზარზე, ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებზე მეტ წვდომას მისცემს. ამგვარი მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის შედეგად, ომის დროს ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებისა და კლების პროცესი შეიძლება შემცირდეს და, იმავდროულად, ემიგრაციის წნეხიც შემსუბუქდეს.

ახლა, როცა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, მომდევნო გამოწვევა მოლაპარაკებების თავების გახსნა და დახურვა იქნება. ოპტიმისტური სცენარითაც კი, ოფიციალური კიევი მოლაპარაკებების თავების დახურვას მხოლოდ 2027 წლისთვის შეძლებს, ხოლო სრულფასოვანი წევრობისთვის ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა იქნება საჭირო.

ავტორი: ფრანჩესკა ბარკა

სტატია თავდაპირველი სახით გამოქვეყნდა გამოცემის VoxEurop მიერ



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,