სომხეთის პატარა სოფელში მოზარდები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია. აზერბაიჯანში ახალგაზრდები დიპლომატიას, ლიდერობასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს განიხილავენ. საქართველოს რეგიონებში მოსწავლეები პირველად იგებენ, რომ საზღვარგარეთ სწავლა და მოხალისეობა მათთვისაც რეალური პერსპექტივაა. მოლდოვაში ახალგაზრდები სკოლებში დადიან და მოსწავლეებს უხსნიან, რას წარმოადგენს ევროკავშირი პოლიტიკისა და ახალ ამბებში წაკითხული ფაქტების მიღმა. უკრაინაში ახალგაზრდა აქტივისტები თავიანთ საქმიანობას ომისეულ რეალობას არგებენ და თავიანთ თემებს აძლიერებენ.
შექმნიდან ათი წლის თავზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და EU NEIGHBOURS east პროგრამის მიერ მართული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA) ქსელი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მასშტაბით ათასობით ახალგაზრდას აერთიანებს. თუმცა ამ ინიციატივის გავლენა არ ფასდება მხოლოდ პროექტებითა და ღონისძიებებით, არამედ იმითაც, თუ რამდენი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა მისი მეშვეობით.
„გავიაზრე, რომ ევროპა სხვადასხვაგვარი ისტორიული გამოცდილებების, ტრავმებისა და გამარჯვებების კომპლექსური მოზაიკაა“, – ამბობს იელიზავეტა ადამსკა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი უკრაინიდან.
გზა ლიდერობიდან პასუხისმგებლობის აღებამდე
იელიზავეტა ადამსკას ცხოვრებაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა. 2019 წელს, როცა ელჩის სტატუსი მოიპოვა, ის უკვე მუშაობდა გენდერულ თანასწორობასთან, ინკლუზიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებზე.
„საკუთარი პროექტები მქონდა. გენდერული თანასწორობა, ეკოლოგია და ინკლუზია მაინტერესებდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვგრძნობდი, რომ ცვლილება მჭირდებოდა“, – ჰყვება ის.
სწორედ მაშინ აღმოაჩინა ადამსკამ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი: „თუ 2019 წელს ევროკავშირი ჩემთვის რაღაც აბსტრაქტული მოცემულობა იყო, დღეს ის კონკრეტულ სახეებად, კონკრეტულ ამბებად და იმის კონკრეტულ რწმენადაა ქცეული, რომ უკრაინის მომავალი ამ ხალხთან ყოველდღიურ დიალოგშია“.
საერთო ღირებულებებისა და ამბიციების მქონე ადამიანების გარემოცვაში ის მალევე იქცა ინიციატივის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრად. მოგვიანებით დასავლეთ უკრაინაში YEA-ს ქსელის ხელმძღვანელობაც ითავა, რის შემდეგაც ინიციატივის შიგნით გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქმიანობაზე აიღო პასუხისმგებლობა.
მაგრამ 2022 წლის თებერვალში ყველაფერი შეიცვალა. მილიონობით უკრაინელის მსგავსად, ახალგაზრდა ევროპელი ელჩებიც მოულოდნელად აღმოჩნდნენ სრულიად ახალ რეალობაში. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ის გვინდოდა, რომ ჩვენი ხმა გაეგონათ“, – აღნიშნავს ადამსკა.
ამის შემდეგ საგანმანათლებლო აქტივობები სულ მეტად კონცენტრირდა მედეგობაზე, მედიაწიგნიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თემთა გაძლიერებაზე. ქსელის წევრები ახალ რეალობასთან სწრაფად ადაპტირდნენ, დაიწყეს ახალი ინიციატივების ორგანიზება და ახალ-ახალ გამოწვევებთან გამკლავება.
„ადამიანები ახალი ენერგიით შეუდგნენ საქმეს და უამრავი ისეთი აქტივობა წამოიწყეს, რომელთა მიზანიც დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მედეგობის გაძლიერება იყო“, – იხსენებს ის.
იმავე დროს, თავად ქსელიც განვითარდა. „თუ ადრე ახალგაზრდულ ლიდერობაზე ვსაუბრობდით, ომის დაწყების მერე ზოგადად ლიდერობის საკითხებზე გადავერთეთ“, – ჰყვება ადამსკა, – „ყველანი ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. ეს პროექტებითაც თვალსაჩინოა და ჩანს იმაშიც, თუ როგორ ვურთიერთობთ, როგორ ვეკონტაქტებით ინსტიტუტებს და ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან“.
და მაინც, ომის მიუხედავად, იელიზავეტა ადამსკას სჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამ ქსელის წევრობისგან ისწავლა, უცვლელი რჩება. მისთვის ევროპა აბსტრაქტული პოლიტიკური ცნებიდან იქცა რაღაც ისეთად, რაც ღრმად ადამიანურია.
როცა ქსელთან ერთად იზრდები
დანიელ ბიზდიგა 2017 წელს შეუერთდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას – მაშინ, როცა ქსელი ახალი ჩამოყალიბებული იყო. იმ დროისთვის მოლდოვაში მისი წევრების რაოდენობა ოცს არ აღემატებოდა.
ბიზდიგას პირველი აქტივობა მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა: ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად მთელი მოლდოვის მასშტაბით სტუმრობდა სკოლებს. ამ გამოცდილებამ მყისიერად დაარწმუნა, რომ ეს სრულიად განსხვავებული ინიციატივა იყო.
„ვფიქრობ, გაწევრიანებისთანავე მივიღე გამოცდილება, რომელმაც ქსელში დარჩენა მომანდომა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ თანატოლებთან დროის გატარება და ურთიერთობა ძალიან ღირებული აღმოჩნდა. იმავე დროს, მოლდოვაში მნიშვნელოვან სამუშაოსაც ვწევდით, რადგან ხალხს ვუზიარებდით, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი და რას სთავაზობს ის მოლდოვას“, – ჰყვება ბიზდიგა.
მისთვის ქსელში გაწევრიანება უკვე დაწყებული ევროპული თავგადასავლის ბუნებრივი გაგრძელება იყო. ახალგაზრდა ევროპელ ელჩად გახდომამდე მას უკვე მიეღო მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში და უშუალოდ გამოეცადა, როგორ აფართოებს ჰორიზონტებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო გაცვლითი ინიციატივები.
„ამ გამოცდილებამ დამანახა, როგორი მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და მოლდოვას შორის გაცვლითი პროგრამების არსებობა და უკეთესი მომავლისთვის ერთად მუშაობა“, – აღნიშნავს ის.
წლების სვლასთან ერთად მოლდოვაც და ქსელიც თვალში საცემად შეიცვალა.
„ქსელი აშკარად ძალიან გაიზარდა“, – ამბობს ის, – „თავიდან მოლდოვაში ის ოცზე ნაკლები ახალგაზრდისგან შედგებოდა. მას მერე ქსელში ასობით ახალგაზრდა გაწევრიანდა, რომელთაც მიეცათ საშუალება, ჩართულიყვნენ მის აქტივობებში და თავიანთი წვლილი შეეტანათ მოლდოვისა და ევროკავშირის დაახლოების პროცესში“.
ახალგაზრდა ევროპელ ელჩად ყოფნის სამი წლის თავზე ის მოლდოვაში ქსელის ეროვნული კოორდინატორი გახდა. რეგიონის მასშტაბით ჩართული მრავალი ახალგაზრდის მსგავსად, ბიზდიგასაც სჯერა, რომ ქსელის ერთ-ერთი უდიდესი ღირებულება არის მისი უნარი, ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა ეროვნებისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.
„პირადად მე ის განსხვავებული პერსპექტივების გამომუშავებაში დამეხმარა. ჩვენ ხშირად სამყაროს საკუთარი საზოგადოების და საკუთარი ქვეყნის პრიზმიდან ვუყურებთ. ეს კი ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის გაუგებრობის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს“, – ამბობს ის.
დანიელ ბიზდიგას თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების ბევრმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა მოლდოვაში ჩასვლისას ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ შინ სრულიად ახლებური ხედვით დაბრუნდა.
„მოლდოვის მსგავს ქვეყნებში ბევრ ახალგაზრდას უნდა უკეთესი მომავალი. მათ მშვიდობიან ევროპაში ცხოვრება სურთ; თავიანთი ქვეყნის განვითარებისა და აყვავების ხილვა სურთ“, – აღნიშნავს ის.
მისი მტკიცებით, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მსგავსი პროექტები ამგვარ სურვილთა კონკრეტულ ქმედებებად გარდასახვას უწყობს ხელს.
პატარა ნაბიჯებით დიდ შედეგებამდე
ანა ძირკვაძე ქსელს შედარებით გვიან, 24 წლის ასაკში შეუერთდა, როცა მის შესახებ მეგობრისგან გაიგო. იმ დროისთვის ის უკვე სწავლობდა ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე და ევროპის პოლიტიკა აინტერესებდა. თუმცა ქსელში აქტიური წევრის სტატუსით მხოლოდ ორი წელი შეეძლო დარჩენა, რადგან ამის შემდეგ დადგენილ ასაკობრივ ზღვარს მიაღწევდა.
„აქტიურ წევრად ყოფნისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა – სულ რაღაც ორ წლამდე“, – იხსენებს ის, – „თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის მიღმაც ვსაქმიანობდი და სხვა პროექტებიც მქონდა, ვფიქრობ, მაინც მოვახერხე აქტიურ წევრად დარჩენა. ძალიან მიხარია, რომ მაინც შევძელი ქსელში ჩემი წვლილის შეტანა“.

მან მაშინვე პირადად მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე, ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომის პრობლემის გადაჭრაზე დაიწყო მუშაობა. კიდევ ერთ ახალგაზრდა ევროპელ ელჩთან, ნიკა ჩუგოშვილთან ერთად ის საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ორგანიზებას შეუდგა. ახალგაზრდა ელჩები სოფლებში მოგზაურობდნენ, სკოლებს სტუმრობდნენ და მოსწავლეებს ხელმისაწვდომ შესაძლებლობებსა და თავად ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივაზე ესაუბრებოდნენ.
„სხვადასხვა რეგიონში ვიმოგზაურეთ და სოფლების სკოლებს ვეწვიეთ. Erasmus+-სა და ამ პროგრამით ხელმისაწვდომ სასწავლო შესაძლებლობებზე ვმართავდით პრეზენტაციებს. ჩვენ ასევე ვყვებოდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელზე და მოსწავლეებს ვუხსნიდით, როგორ შეეძლოთ, რომ თავადაც გამხდარიყვნენ მისი წევრები“, – იხსენებს ის.
მართალია, თავად ანა ძირკვაძე თბილისში გაიზარდა, მაგრამ მისნაირი აქტიური და მოტივირებული სტუდენტისთვისაც კი რთული იყო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე ინფორმაციის მიღება.
„იმის მიუხედავად, რომ სოფლად გაზრდილ მრავალ ახალგაზრდაზე მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, მაინც დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა ამ მიმართულებით არსებული პროგრამების აღმოსაჩენად“, – ჰყვება ის.
ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტის შემდეგ გუნდს კახეთში მომუშავე მასწავლებელი დაუკავშირდა და შესთავაზა ახალი პროექტის იდეა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე მომუშავე საერთაშორისო კამპანიას, Orange the World, უკავშირდებოდა. სამ სხვა ახალგაზრდა ევროპელ ელჩთან ერთად, მათ გენდერული თანასწორობის თემაზე ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა მოაწყვეს, რომელშიც ოთხი სოფლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ – მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდანაც, სადაც ადრეული და იძულებითი ქორწინების მსგავსი ტრადიციები ახალგაზრდა ქალებისა და გოგოებისთვის ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება.
ანა ძირკვაძეს ყველაზე მეტად დისკუსიებში ბიჭების აქტიურმა მონაწილეობამ გააოცა.
„ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულები იმ გამოწვევებზე, რომლებსაც თემში მცხოვრები გოგოები აწყდებიან და მათ მხარდაჭერას სტერეოტიპებსა და უთანასწორობაზე ღიად საუბრით ცდილობდნენ. ამ საუბრებმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა“, – იხსენებს ის.
ქსელის მეშვეობით ის საქართველოს საზღვრებს მიღმაც დაუკავშირდა თანატოლებს. პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ჩატარებულ „ახალგაზრდა ლიდერთა და ევროპული ეკონომიკის კონგრესის“ რიგით მესამე ევროპულ ფორუმზე მან მთელი რეგიონის მასშტაბით მომუშავე ელჩები გაიცნო, რომლებთანაც წლების მერეც ინარჩუნებს მეგობრობას.
„ახლა, როცა პორტუგალიაში ვცხოვრობ, კვლავ მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც ქსელის მეშვეობით გავიცანი. ძალიან დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ ევროპაში სადაც უნდა წახვიდე, თითქმის ყველგან დაგხვდება ვიღაც, ვინც ამ ქსელის მეშვეობით გაიცანი“, – აღნიშნავს ძირკვაძე.
ის ამბობს, რომ დღესაც კი, სადაც უნდა ცხოვრობდეს, მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქსელის საქმიანობაში: „ზოგჯერ პატარა ნაბიჯებითაც შეიძლება დიდ შედეგებამდე მისვლა“.
ევროპული ინიციატივები დედაქალაქის მიღმა
სომეხი ლილიტ სოფიანიც ახალგაზრდული პროგრამების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამს. ის ქსელს 2018 წელს შეუერთდა. „უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი პირველი ახალგაზრდული ინიციატივა იყო, რომლის წევრიც გავხდი“, – იხსენებს ის, – „იქამდე მოხალისეობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ასევე არ მქონდა ინფორმაცია იმ მრავალ ახალგაზრდულ შესაძლებლობაზე, რომელიც მაშინ არსებობდა“.
ქსელში გაწევრიანებას სოფიანი პიროვნულ ზრდასთან აკავშირებს. „ამ ქსელმა პირდაპირი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. მისი დახმარებით შევიძინე თავდაჯერება, ლიდერობისა და ორგანიზების უნარები. ასევე აღმოვაჩინე სხვადასხვა გზა და მეთოდი საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და ჩემს თემში დადებითი ცვლილებების შესატანად“, – ამბობს ის და გვიყვება, როგორ გარდაიქმნა ეს გამოცდილება კონკრეტულ ქმედებებად.
სოფიანმა, რომელიც წარმოშობით სომხეთის ლორეს პროვინციიდან არის, მიზნად ერევნის მიღმა მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება დაისახა. მან სოფლებსა და პატარა დასახლებებში სასკოლო ვიზიტების ორგანიზება დაიწყო, რათა ევროპული მობილობის სქემებზე, ახალგაზრდულ ჩართულობასა და სამოქალაქო მონაწილეობაზე იმ ადგილებში მცხოვრებთათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, სადაც მსგავსი ინიციატივების შესახებ ნაკლებად იციან.
„მე ასევე მჯერა, რომ რეგიონში მცხოვრებ ხალხს კიდევ უფრო მეტად სჭირდება მსგავსი ქსელებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა, ვიდრე დედაქალაქის თუ სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობას. ამიტომ ვეცადე, ამომევსო ინფორმაციული ვაკუუმი და ეს შესაძლებლობები ჩემი რეგიონისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და პატარა სოფლების მცხოვრებთათვის გამეცნო“, – აღნიშნავს სოფიანი.
სკოლებში ვიზიტების გარდა, მან ასევე ორგანიზება გაუწია არაფორმალური განათლების აქტივობებს მედიაწიგნიერების მსგავს თემებზე, რაც ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების გადამოწმების უნარების გამომუშავებაში ეხმარება. სხვა ინიციატივებს შორის იყო ადგილობრივი გარემოს დასუფთავების აქციები და ფოტოგრაფიის ვორქშოპი, რომელიც მონაწილეებს ევროპული ღირებულებების შემოქმედებითად გააზრებაში დაეხმარა.
დღეს სოფიანს ქსელის ფარგლებში მენტორის როლი აქვს მორგებული და ახლად არჩეულ ელჩებს პირველ თვეებში ორიენტირებასა და საკუთარი ინიციატივების განვითარებაში ეხმარება. თუმცა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გამოცდილებად კვლავ ადგილობრივ თემებთან მუშაობა რჩება.
გასული ათი წლის განმავლობაში ის ასევე შეესწრო, თუ როგორ შეიცვალა ევროკავშირისადმი სომეხი ახალგაზრდების დამოკიდებულება.
„ათი წლის წინ ალბათ ბევრმა არ იცოდა ევროკავშირის შესახებ და მასზე მრავალი სტერეოტიპი იყო გავრცელებული“, – ამბობს ის, – „ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი აღქმაა – იდეა, თითქოს ევროკავშირს შენი ეროვნული იდენტობის, შენი კულტურის წაშლა უნდა“.
სოფიანისთვის ქსელის გავლენა ცალკეული პროექტის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება.
„მისი მიზანია სტერეოტიპების უკან მოტოვება და ხალხისთვის იმ ღირებულებების გაცნობა, რომლებსაც ევროკავშირი სხვა ქვეყნებს უზიარებს. ის ისეთი ცნებების ნამდვილი არსის გაგებაში გვეხმარება, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და იმ ღირებულებათა ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ“, – აღნიშნავს სოფიანი.
სივრცე დიალოგისთვის
აზერბაიჯანელი ნუბარ რაჰიმოვა ქსელს 2023 წელს იმ კოლეგის რჩევით შეუერთდა, რომელიც უკვე იყო აქტიური წევრი.
„საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიას ვსწავლობდი, როცა მეგობარმა მომიყვა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელზე. მან თავისი გამოცდილებები გამიზიარა და ის შესაძლებლობებიც გამაცნო, რომელსაც ქსელი ახალგაზრდებს სთავაზობდა“, – იხსენებს ის.
რაჰიმოვა ინიციატივით დაინტერესდა და განაცხადის შეტანა გადაწყვიტა. გაწევრიანებიდან მალევე ის „ევროსკოლის“ დიპლომატიური კლუბის საქმიანობაში ჩაერთო.
რაჰიმოვასთვის ინიციატივის ღირებულება მხოლოდ ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავებით არ შემოიფარგლება, ის ადამიანებს ერთმანეთის გამოცდილებებსაც აცნობს.
„ამ ქსელის საშუალებით გაცნობილ თითოეულ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს საკუთარი ისტორია, საკუთარი გამოცდილება და საკუთარი უნიკალური უნარები აქვს. ქსელის მეშვეობით უამრავი ადამიანი გავიცანი და მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე“, – ამბობს ის.
ამ გამოცდილებამ ის არა მარტო პროფესიულად გაზარდა, არამედ პიროვნულადაც: „ცხადია, ის დამეხმარა, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ გამოცდილებამ პიროვნულადაც გამზარდა. მან მასწავლა, როგორ ვეკონტაქტო განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებების და უნარების მქონე ადამიანებს“.
რაჰიმოვა იმას უსვამს ხაზს, რასაც რეგიონის მასშტაბით ქსელის არაერთი წევრი აღნიშნავს: ახლებური პერსპექტივების გაცნობის ღირებულებას.
„ერთმანეთისგან უამრავი რამის სწავლაა შესაძლებელი. ის ბევრი სხვადასხვა კუთხით გეხმარება, რომ პიროვნულად გაიზარდო, რადგან შენ გამუდმებით სწავლობ სხვა ადამიანებისგან“, – ამბობს ის და ურთავს, რომ ქსელი მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს.
ქსელის წევრები ახალ იდეებს ეცნობიან: „საერთაშორისო შესაძლებლობებში მონაწილეობა იმიტომ მინდა, რომ მოპოვებული ცოდნა და უნარები გამოვიყენო და სხვა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს გავუზიარო, რათა, თავის მხრივ, მათაც შეძლონ რაღაც ახლის სწავლა და განვითარება“, – გვიხსნის ის.
ადამიანებთან ურთიერთობა ევროპის ახლებურად აღმოსაჩენად
პატრისია რაპოსო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელთან ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა. პორტუგალიაში გაზრდილი რაპოსო გეოგრაფიულადაც და კულტურულადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან ერთობ დაშორებული იყო.
ის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს 2021 წელს შეუერთდა. ამას მოჰყვა დისკუსიების, აზრთა გაცვლის, პროექტებისა და მეგობრობის ოთხი წელიწადი, რომელმაც ევროპაზე მისი შეხედულებები გარდაქმნა.
ქსელში რაპოსომ აზერბაიჯანთან დიალოგის ინიციატივის კოორდინატორის როლი მოირგო და კულტურაზე, საზოგადოებასა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის ურთიერთობებზე დისკუსიების ორგანიზება ითავა. მოგვიანებით ის ევროკავშირის განყოფილების საბჭოს წევრი გახდა.
თუმცა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ერთი გამოცდილება აღმოჩნდა. ინიციატივის, „მეტი ევროკავშირი მოლდოვაში“, ფარგლებში ის მოლდოვაში გაემგზავრა და კოლეგა ელჩებთან ერთად კიშინიოვისა და კაჰულის სკოლები მოინახულა.
„მოსწავლეებს ევროკავშირზე ვესაუბრებოდით და ვუყვებოდით, მაგალითად, რა სარგებელს მოუტანდა ევროკავშირში გაწევრიანება მოლდოვას“, – იხსენებს ის.
ამ საუბრებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „უკუკავშირი ძალიან დადებითი აღმოჩნდა, ადამიანები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში. შეხვედრების მერე მოსწავლეები მოდიოდნენ და ევროპაში სწავლის შესაძლებლობების შესახებ დამატებით კითხვებს გვისვამდნენ“.
რაპოსო არა მხოლოდ ადგილობრივთა ენთუზიაზმმა გააოცა, არამედ იმის შესაძლებლობამაც, საკუთარი თვალით ეხილა, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროპულ თანამშრომლობას.
„მე რომ დავიბადე, პორტუგალია უკვე იყო ევროკავშირის წევრი და ეს გახლდათ ჩემთვის ნაცნობი ერთადერთი რეალობა“, – ჰყვება ის, – „იმ ქვეყნის რეალობის ნახვა, რომელიც ჯერ არ არის ევროკავშირში, მაგრამ ამ მიმართულებით სიარული სურს, მართლაც მრავლისმთქმელი აღმოჩნდა“.
კაჰულში ბიზნესინკუბატორის მონახულებამ ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამოკვეთა. ცენტრს ევროკავშირისგან უკვე მიეღო მხარდაჭერა და ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარებოდა.
„ამან საშუალება მომცა, უშუალოდ დამენახა, როგორც ცვლის ევროპა ადამიანების ცხოვრებას“, – იხსენებს რაპოსო, — დაფინანსების გარეშე მრავალ ადამიანს არ ექნებოდა ის შესაძლებლობები“. მას სჯერა, რომ ახალი აღმოჩენების ეს პროცესი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის არსებითი ნაწილია. „ჩვენ ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, გავიცნოთ ჩვენი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან და პირველწყაროდან მოვისმინოთ, როგორ ცხოვრობენ ამ ადგილებში. ამ გზით კავშირები გაცილებით სწრაფად მყარდება“, – ამბობს ის.
რაპოსოსთვის ქსელი იმ ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს, რომელიც ხშირად ტრადიციული პოლიტიკური დებატების მიღმა რჩება. „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ან ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიები ხშირად პოლიტიკოსების, ბიუროკრატების ან ახალი ამბების მიღმა არ მიდის“, – გვიხსნის ის, – „ჩვენამდე შეიძლება მოაღწიოს ცნობებმა საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ან უკრაინაში ომის შესახებ, მაგრამ როცა ახალგაზრდები ამ თემებს გაცილებით გასაგები, უშუალო ენით ხსნიან, მეტად ძლიერი კავშირი მყარდება“.
ამგვარი საუბრების დახმარებით მოვლენები, რომლებიც ადრე გეოგრაფიულად დაშორებული ჩანდა, შენთან ახლოს მოდის.
ქსელში გატარებული წლების გახსენებისას რაპოსო ორ პარალელურ მიღწევას გამოკვეთს. პირველია ის ზეგავლენა, რომელსაც ელჩები თავიანთ თემებზე ღონისძიებების, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებისა და საჯარო დისკუსიების მეშვეობით აღწევენ. მეორე კი ისაა, რასაც თავად მონაწილეები განიცდიან.
„ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობები, განვივითაროთ უნარები, გამოვიწვრთნათ ემპათია და ვისწავლოთ პროექტების მართვა, რადგან თავად გვიწევს სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება“, – აღნიშნავს ის.
მრავალი ახალგაზრდა ქსელს მაშინ უერთდება, როცა ჯერ კიდევ სწავლობს ან კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფება. ზოგისთვის ეს საჯარო ღონისძიების ორგანიზების, პროექტის მართვის ან აუდიტორიის წინაშე გამოსვლის პირველი გამოცდილებაა. წლების შემდეგ ბევრი იაზრებს, რომ ყველაზე ღირებული რამ, რაც გზად შეიძინეს, CV-ში ჩაწერილი წინადადება კი არ არის, არამედ თემი, რომლის ნაწილიც ხდები. „ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, სწორედ ამგვარი კავშირებია“, – ამბობს პატრისია რაპოსო.
ინიციატივის დაწყებიდან ათი წლის თავზე სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მის იმ მთავარ მიღწევად, რომელიც ყველაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს: განსაკუთრებით ღირებული არა მხოლოდ ორგანიზებული პროექტები ან გაზიარებული შესაძლებლობებია, არამედ ურთიერთობები, რომლებიც ამ აქტივობების დასრულების შემდეგაც გრძელდება.
ავტორი: ოლგა კონსევიჩი
სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად TSN.ua-ზე





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,