ორმხრივი სარგებელი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით მოაქვს
ივლისი 21, 2026

ორმხრივი სარგებელი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით მოაქვს


საქართველოს სურს, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგიონულ ცენტრად იქცეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული GAIN პროექტის ფარგლებში ქვეყანამ ევროპის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა შეძლო.

მაშინ, როცა საქართველო ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების განვითარებისკენ მიისწრაფვის, ლოგიკურია, რომ ეს პროცესი იმ ადგილიდან დაიწყოს, სადაც ქვეყანაში პირველი კომპიუტერი განთავსდა.

„მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი (MICM), რომელიც 1956 წელს დაარსდა, დიდი ხანია, რაც გამოთვლითი ტექნიკის, პროგრამირებისა და გამოყენებითი კვლევების სათავეში დგას“, – აღნიშნავს MICM-ის დირექტორის მოადგილე, გიორგი გიორგობიანი, – „მაგრამ ლიდერის ამ პოზიციის შესანარჩუნებლად MICM-მა ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ახალი ტექნოლოგიები უნდა დანერგოს – ამ პროცესის დასაწყებად კი საჭიროა, რომ ჩვენს თანამშრომლებს შესაბამისი უნარები ჰქონდეთ“.

სწორედ აქ ჩაერთო პროექტი GAIN.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ უნიკალური თანამშრომლობის მიზანი MICM-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ისეთ ცენტრად გარდაქმნა არის, რომელიც ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ და საუკეთესო სპეციალისტებს მოიზიდავს.

„ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან – DFKI-სთან (გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი) და Inria-სთან (საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი) – და, ასევე, მაღალტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის კვლევის შესაძლებლობათა განვითარება შევძელით“, – აცხადებს გიორგობიანი, რომელიც თავად უწევდა პროექტს კოორდინირებას.

როგორ იქმნება ახალი შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში

პროექტის ერთ-ერთი მიზანი კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ სპეციალისტთა მხარდაჭერა იყო. შედეგად, მის ფარგლებში უნართა განვითარება იმ 27-მა ქართველმა მკვლევარმა შეძლო, რომელთა შორისაც იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერები და დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტები. სწავლების პროცესი, ძირითადად, კვლევითი ვებინარების, სემინარების, სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობებისა და საზაფხულო სკოლის პროგრამების მეშვეობით მიმდინარეობდა.

„ეს საზაფხულო სკოლები, რომლებიც როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში ტარდებოდა, მიზნად ისახავდა სამეცნიერო უნარების გაუმჯობესებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევრების მომზადებას, რაც მათ, საბოლოოდ, საერთაშორისო გარემოში საქმიანი კავშირების დამყარებას გაუადვილებს“, – განმარტავს გიორგობიანი.

თუმცა პროექტი მხოლოდ სწავლებაზე არ კონცენტრირდებოდა. დამწყებმა მკვლევრებმა მისი მეშვეობით ახლად შეძენილი უნარების პრაქტიკაში გამოცდის მრავალი შესაძლებლობაც მიიღეს. ამ მიზნით MICM ისეთი მოწინავე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, როგორიცაა მაღალი წარმადობის გამოთვლითი სერვერი, რომლის დახმარებითაც მკვლევრებს ხელოვნური ინტელექტის თავიანთი ალგორითმების გაშვება შეუძლიათ.

MICM-ის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ახალი ლაბორატორიის გამოყენებით, მკვლევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საპილოტე ინოვაციურ პროექტებში, რომლის ფარგლებშიც მათ მონაცემთა ოთხი ნაკრები, ღია წვდომის ხუთი პროგრამული უზრუნველყოფა და ხელოვნური ინტელექტის ორი მოდელი შეიმუშავეს.

„პროექტმა GAIN საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ზუსტად იმ დროს შექმნა, როდესაც ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ეროვნულ სტრატეგიას ავითარებს და ევროპასთან კავშირების გაძლიერება სურს“,– აღნიშნავს გიორგობიანი.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში წარმოქმნილი უნიკალური ნიშ

თუმცა პროექტ GAIN-ით მხოლოდ ქართველი მკვლევრები არ სარგებლობენ. „ევროკავშირში ჩვენი პარტნიორები და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავენი, თავის მხრივ, დიდ სარგებელს იღებენ MICM-ის უნიკალურ სპეციალიზებულ ცოდნაზე წვდომით“, – აცხადებს გიორგობიანი.

მის თანახმად, სპეციალიზებული ცოდნის ეს ნიშა სამედიცინო აპლიკაციებსა და ენობრივ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მოიცავს.

მაგალითად, სამედიცინო აპლიკაციების მიმართულებით MICM-მა პროექტის მხარდაჭერით ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ადრეული გამოვლენისა და მონიტორინგისთვის შეიმუშავა ინსტრუმენტები. მან ასევე შექმნა ხელოვნური ინტელექტით მართული სისტემები, რომლებსაც ფსიქიატრიული სამედიცინო ჩანაწერებისა და ნეიროფსიქოლოგიური კვლევისთვის გაკეთებული ელექტროენცეფალოგრამის მონაცემთა ნაკრებების გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება ლინგვისტიკურ სფეროს, MICM ადგილობრივ სტარტაპს ქართული ენისთვის რამდენიმე დიდი ენობრივი მოდელის (LLM) შემუშავებასა და კომერციალიზაციაში დაეხმარა. „პროექტმა ეფექტიანად შეუწყო ხელი განვითარებული ტექნოლოგიების აკადემიური სივრციდან ეკონომიკურ სექტორში გადატანის პროცესს, რითაც ქვეყნის ფართო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში შეიტანა წვლილი“, – აღნიშნავს გიორგობიანი.

LLM-ები განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ევროპული ბიზნესებისთვის, რომელთაც ადგილობრივ ბაზარზე სურთ შემოსვლა. ამ ტექნოლოგიას, ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაშიც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაბალი ციფრული რესურსის მქონე ენებს ეხება.

მუდმივად მზარდი გავლენა

პროექტმა GAIN ხელოვნური ინტელექტის ევროპულ კვლევით საზოგადოებაში MICM-ის პოპულარიზაციისა და ინტეგრირების მისია კი შეასრულა, მაგრამ ამით მისი გავლენა არ ამოწურულა.

MICM-ში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუდმივი დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, ინსტიტუტის მთავარ ამოცანას ამ სფეროში საკუთარი თავის მეტად დამკვიდრება წარმოადგენს. ამ მიზნით ის არა მხოლოდ ევროკავშირის ძველ პარტნიორებთან აღრმავებს თანამშრომლობას, არამედ საფუძველს უყრის ახალ პარტნიორობებს სხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

პროექტი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ისეთ ახალ თანამშრომლობათა განვითარებას, როგორიცაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი (FORGE-AI) და პროექტი WARIE, რომელიც ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა.

პროექტმა თავისი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამართულ სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე წარადგინა. „პროექტ GAIN-ის ფარგლებში დამყარებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა MICM-ს არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების რეგიონულ ლიდერად აქცევს, არამედ მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებაშიც ანიჭებს გადამწყვეტ როლს“, – აცხადებს გიორგობიანი.

სტატია თავდაპირველი სახით გამოქვეყნებულია ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის (DG RTD) მიერ



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,