
მასობრივი ემიგრაციის შედეგად მოლდოვა იმ ქვეყანათა რიცხვში აღმოჩნდა, რომლებშიც მოსახლეობა ყველაზე სწრაფი ტემპებით იკლებს. ოთხიდან ერთი მოლდოველი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამ ტენდენციის შესაცვლელად სახელმწიფო თავის მოქალაქეებში უკან დაბრუნების სურვილის აღძვრას ცდილობს.
„კიშინიოვი კონტრასტების ქალაქია“, – აღნიშნავს საშა, სპორტულ კეპსა და ჩალისფერ ჟაკეტში გამოწყობილი ბიჭი, რომელსაც Casa Zemstvei-ის საზოგადოებრივ ცენტრში სიგარეტისა და უკოფეინო ყავის თანხლებით ვესაუბრე. საშას ფრაზა კლიშეს ჰგავს, მაგრამ 750 ათასამდე მოლდოველის მშობლიურ ქალაქში სეირნობისას ეს სიტყვები არაერთხელ გამახსენდა.
დედაქალაქის ცენტრშიც კი ხის ბოძებიანი დაბალი სახლები დგას, რომელთა ფასადებთანაც ხშირად წააწყდები ჩაქუჩითა თუ ფუნჯით ხელში ჩამუხლულ ხელოსნებს. ფართო გამზირებს, სადაც მანქანები და ლურჯ-თეთრი ტროლეიბუსები ნაკადებად მიზოზინობენ, გარდიგარდმო ბეტონის შთამბეჭდავი ბრუტალისტური ნაგებობები და ნეოკლასიკური ბარელიეფებით შემკული თეთრი კირქვის შენობები აკრავთ. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე ქუჩის მოშორებით გრანდიოზული ბულვარები ოღროჩოღრო გზებით იცვლება, სადაც, მათი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, კიდევ მეტი მანქანაა ჯიუტად დაპარკინგებული.
გვიანი მარტი დგას და ქუჩებში გაზაფხული შეუპოვრად იმკვიდრებს თავს. გზად გაშენებულ პარკებს, რომლებშიც ჯერ კიდევ ნაზამთრალი შეუფოთლავი ხეების სიშიშვლეა გაბატონებული, უკვე ახალისებს ფორსიზიას ხასხასა ყვითელი ყვავილები. ტროტუარებზე ყვავილებიანი თავსაბურავებით მოსილი მოხუცი ქალები დგანან და ნარგიზების ბუკეტებს, ერთ ციცქნა კაქტუსებსა თუ ქორფა მწვანე ხახვის კონებს რამდენიმე მოლდოვურ ლეუდ ყიდიან. იქვეა უზარმაზარი მაღაზიები და ძვირიანი კაფეები თუ რესტორნები – Google Maps-ზე ხშირად „ევროპულ რესტორნებად“ რომაა მონიშნული – და მომხმარებლებს კაშკაშა ბანერებით იზიდავენ.
„კიშინიოვი ევროპული ქალაქის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს თუ საბჭოურისას? გასულ წელს უცხოელი მეგობრები მყავდნენ და ასე მითხრეს, ევროპული გარემო იგრძნობაო, ძალიან გამიხარდა“, – ეს იყო ფრაზა, რომელიც ამ ქალაქში ჩემი ვიზიტისას რამდენიმე სხვადასხვა ფორმით მოვისმინე.
ომსა და ევროპულ ინტეგრაციას შორის
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოლდოვაში საჯარო დებატების მთავარ თემად გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქცა. ბევრი შიშობდა, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთის მომდევნო მსხვერპლი მოლდოვა გახდებოდა – ქვეყანა, რომელიც უკრაინას ზომით ოცჯერ ჩამოუვარდება.
მართალია, ეს არ მომხდარა, მაგრამ საზღვრების გასწვრივ გაჩაღებული ომი ქვეყანაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. მარტის შუა პერიოდში მთავრობამ რუსეთის მიერ უკრაინის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად მდინარე დნესტრის დაბინძურების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შეტევების შედეგად მოლდოვასაც ეთიშება ხოლმე ელექტროენერგია.
ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2023 წლის დეკემბერში გახსნა. მაშინ, როცა, მაგალითად, ჩრდილოეთი მაკედონია ან სერბეთი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც კანდიდატის სტატუსს სჯერდებიან და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, მოლდოვის ხელისუფლება ნაჩქარევად ატარებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს და იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულება 2030 წლისთვის გაფორმდება.
ევროპული ინტეგრაციის კურსი მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც დადასტურდა 2024 წელს თანადროულად ჩატარებული ორი არჩევნებით: რეფერენდუმით, რომლის შედეგადაც ევროკავშირში ინტეგრაციის დაპირება მოლდოვის კონსტიტუციაში აისახა და საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელშიც მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) ლიდერი, მაია სანდუ მეორე ვადით აირჩიეს. ეს კურსი დადასტურდა 2025 წელსაც, როცა PAS-მა საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
თუმცა ეს არჩევნები სხვაგვარი შედეგებით დასრულდებოდა, რომ არა იმ მოლდოვური დიასპორის მიერ მიცემული ხმები, რომელიც დღეს დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს ითვლის.
ექიმებისა და საფლავის მთხრელთა დეფიციტი
მოლდოვა იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მცირდება. მაშინ, როცა 1991 წელს მისი მოსახლეობა ლამის ოთხ-ნახევარ მილიონს შეადგენდა, დღეს ქვეყანაში სამ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. აქ ყოველი მეხუთე ბავშვი ერთმშობლიან ოჯახში ან ორივე მშობლის გარეშე იზრდება.

„ადგილობრივი ტრადიციით, როცა ვინმე გარდაიცვლება, მისი საფლავი რვა კაცმა უნდა გათხაროს. მაგრამ ზოგ სოფელში რვა ზრდასრული კაცის პოვნაც კი ჭირს“, – ამბობს სოციოლოგი და ჟურნალისტი, ვიტალი სპრინჩეანა, რომლის ეს სიტყვებიც ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ერთი კონკრეტული მაგალითით ზედმიწევნით ასახავს. მოლდოვაში, საფლავის მთხრელებთან ერთად, ექიმების ნაკლებობაცაა; მოსახლეობა ბერდება და მომავალში გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა იმდენად შეიძლება შემცირდეს, რომ ისედაც დაბალი პენსიებისა და არასაკმარისად დაფინანსებული საჯარო მომსახურების შენარჩუნებაც კი გართულდეს.
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე მოლდოვა მძიმე და ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისში გაეხვია და კარგა ხანს ევროპის უღარიბეს ქვეყნად მოიხსენიებოდა. ის კვლავ რჩება ყველაზე ღარიბ ქვეყანათა შორის, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ამჟამად უფრო მძიმე მდგომარეობაში ომით დაზარალებული უკრაინა და კოსოვო (რომლის დამოუკიდებლობასაც გაეროს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი აღიარებს) არიან.
საზღვარგარეთ მუშაობის მიზნით მასობრივი ემიგრაცია 1990-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად, ძირითადად, კაცები მიდიოდნენ. მათი დანიშნულების ადგილი ყველაზე ხშირად რუსეთი იყო, სადაც მშენებლობებზე იწყებდნენ მუშაობას – მათ იქ ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ და თან რუსულიც იცოდნენ. 1998 წელს რუსეთში მომხდარი ფინანსური კრიზისის შემდეგ მოლდოვის მოსახლეობამ დასავლეთით უფრო დაიწყო ემიგრაცია, განსაკუთრებით – რუმინეთსა და იტალიაში, სადაც მოლდოველმა ქალებმა მომვლელებზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება დაიწყეს.
თავდაპირველად, მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ. ეს 2007 წელს შეიცვალა, როცა რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, რამაც მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია. რუმინეთი მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს ანიჭებს, ვინც 1940 წლამდე – ანუ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა ბესარაბია (თანამედროვე მოლდოვის ტერიტორია) მიიერთა – რუმინეთის მოქალაქე იყო. მოქალაქეობის მიღება ამ ადამიანთა მესამე თაობამდე შთამომავლებსაც შეუძლიათ. დღეს მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ფლობს ორმაგ მოქალაქეობას.
„საუკეთესოები უკვე წავიდნენ“
ემიგრაციის ახალი ტალღა მოლდოვას თავს 2014 წელს დაატყდა, რისი გამომწვევი მიზეზებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღება და მოსახლეობაში „ერთმილიარდიანი“ კორუფციის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ გაჩენილი უიმედობის განცდა იყო. იმ თაღლითებს შორის, რომლებმაც მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარი მიითვისეს, იყვნენ ევროკავშირის მიერ სანქცირებული ოლიგარქები, ილან შორი და ვლადიმირ პლაჰოტნიუკი და, ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლად ფილატი, რომელიც 2009 წელს ხელისუფლების სათავეში იმ დანაპირებით მოვიდა, რომ ქვეყანას სიღარიბიდან გამოიყვანდა და ევროკავშირში შეიყვანდა.
იმ დროისთვის ქვეყანას 2000-იანების დასაწყისში დასავლეთში მძიმე სამუშაოს შესასრულებლად წასულ ემიგრანტთა შვილებიც დიდი რაოდენობით ტოვებდნენ. თავიანთი მშობლებისგან განსხვავებით, ისინი სამშობლოდან მხოლოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ მიდიოდნენ, არამედ – გაცუდებული პოლიტიკური იმედებისა და საჯარო სერვისების სავალალო მდგომარეობის გამოც.

„ჩემი სტუდენტობისას საუნივერსიტეტო განათლება ბიზნესი იყო; დიპლომები იყიდებოდა. ჩემი ზოგი ჯგუფელი ლექციებსაც კი არ ესწრებოდა და მაინც საუკეთესო ქულებს იღებდა“, – იხსენებს ვლადა ჩობანუ, რომელსაც გამჭვირვალობასა და სამოქალაქო ჩართულობაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, „პოლიტიკისა და რეფორმების ცენტრის“ თეთრკედლებიან სადა ოფისში შევხვდი.
ჩობანუმ ბაკალავრის ხარისხი მოლდოვის უნივერსიტეტში მიიღო და მაგისტრატურის გასაგრძელებლად გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. „საკითხავი ის კი არ იყო, უნდა გამეკეთებინა ეს თუ არა, არამედ – როდის. თუ ბაკალავრიატს მოლდოვაში დაამთავრებდი, ლამის აუცილებლობად მიიჩნეოდა, რომ სამაგისტროზე საზღვარგარეთ ჩაგებარებინა“, – ურთავს ის.
როგორც სოციოლოგი და მიგრაციის ექსპერტი, ალექსანდრ მაკუჰინიც ადასტურებს, იმ დროს ემიგრაცია „ნორმად“ მიიჩნეოდა: „თუ კონკრეტული კარიერის ქონა, მეცნიერების დარგში წარმატების მიღწევა, ან საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობა გინდოდა, ემიგრაციის გარდა სხვა არჩევანი არ გქონდა“.
სპრინჩეანა აღნიშნავს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა სოციალური ქსელები პოპულარობას იძენდა, იმ პარტიებმა მოიპოვეს ძალაუფლება, რომელთა მთავარი საპროგრამო დაპირება ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია იყო. შედეგად, ემიგრაციაზე საჯარო დებატებმა სრულიად ახალი სახე მიიღო.
„ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზავნილი ისაა, რომ ‘საუკეთესოები უკვე წავიდნენ’. ამაში სიმართლის მარცვალი ურევია: ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, მრავალი ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი თუ მეცნიერი მიემგზავრებოდა დასავლეთში, სადაც თავიანთ გამოცდილებასთან შეუსაბამო, გაცილებით დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე საქმდებოდნენ. თუმცა 2010 წლამდე სიტყვა ‘დიასპორა’ საერთოდ არ გამოიყენებოდა; ადამიანები, უბრალოდ, ‘მოლდოველ გასტარბაიტერებზე’ ლაპარაკობდნენ“, – ამბობს სპრინჩეანა.
2010-იან წლებში, ახალი ტექნოლოგიების მზარდი გავლენის შედეგად, მოლდოვური დიასპორის ნაწილმა დისტანციურად დაიწყო ადგილობრივ პოლიტიკურ საქმეებში ჩართვა. „მათ დაიწყეს ადგილობრივი სიტუაციის შეფასება, სამშობლოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ბრაზის, სევდისა თუ სიხარულის გამოხატვა და, რაც ყველაზე მთავარია, არჩევნებში მონაწილეობა. ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალები მიხვდნენ, რომ ეს იყო ამომრჩეველთა ძალიან მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც ამ პარტიებს მათი პროგრამის გარკვეული ასპექტების გამო უჭერდნენ მხარს. ამიტომაც, ისინი წინასაარჩევნო კამპანიების სამიზნედ აქციეს“, – ჰყვება სპრინჩეანა. შედეგად, აზრი, რომ ‘საუკეთესოები უკვე წავიდნენ’, ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისადმი ელიტის ნაწილის უკმაყოფილებასაც გამოხატავს.
2012 წელს, როცა ვლად ფილატის ხელისუფლება რიტორიკის დონეზე პროევროპულ პოზიციას იკავებდა, შეიქმნა „დიასპორასთან ურთიერთობების ბიურო“, რომლის მიზანიც იყო ემიგრანტებსა და მოლდოვას შორის კავშირების გაძლიერება – და, რაც მთავარია, სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისგან დაცლილ ქვეყანაში მათი დაბრუნების ხელშეწყობა.
ოქროს ციებ-ცხელება
„მოლდოვაში დაბრუნება ველურ დასავლეთში, ოქროს ციებ-ცხელების პერიოდის კალიფორნიაში ჩასვლის მსგავსია. ეს მარტივი ოდნავადაც არაა. მაგრამ მაინც ახლაა დასაბრუნებლად საუკეთესო დრო. თავის დასამკვიდრებლად ერთი-ორი წელი მუხლჩაუხრელად უნდა იმუშაო – და მერე იმაზე კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი ფულის გამომუშავებას დაიწყებ, ვიდრე შეერთებულ შტატებში ან ევროპაში გექნებოდა“, – სხაპასხუპით მიხსნის ლურჯზოლებიან თეთრ პერანგში გამოწყობილი 38 წლის ვლად ვედრაშკო.
იმ „ევროპული რესტორნებიდან“ ერთ-ერთში ვხვდებით ერთმანეთს, სადაც თავად ხშირად საუზმობს ხოლმე. აქ ფასები მართლაც ევროპულია – მინერალური წყლის დიდ ბოთლში, ლატეში, ომლეტსა და მოშუშული ძროხის ხორცის ბრუსკეტაში 20 ევროს ეკვივალენტ თანხას ვტოვებთ. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი დაახლოებით 800 ევროა და დასაქმებულთა მხოლოდ მესამედი გამოიმუშავებს საშუალოზე მაღალ თანხას.
მეღვინეების ოჯახში გაზრდილი და ეკონომისტის სპეციალობის მქონე ვედრაშკო თავისი „ამერიკული ოცნების“ ასასრულებლად 2013 წელს წავიდა შეერთებულ შტატებში. თავად ამბობს, რომ მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო „მეწარმის გენი“ და ორ წელიწადში ელექტრონული კომერციის სფეროში წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. „მაგრამ სულიერად თავს კარგად ვერ ვგრძნობდი; თითქოს შინაგანად მაკლდა რაღაც. მგონი, მთელი ის დრო უკან დასაბრუნებელ მიზეზს ველოდებოდი“, – ჰყვება ის.
უკან დაბრუნების მიზეზი 2018 წელს იპოვა, როცა მის მშობლებს მეღვინეობის მართვა აღარ შეეძლოთ. დღეს მას თავისი მშობლიური სოფლიდან გააქვს ღვინო ევროკავშირში და თავის ცოდნას სხვა მეღვინეებს უზიარებს. „ჩემი ამერიკული ოცნება მოლდოვაში ავიხდინე: წარმატებული მეწარმე გავხდი, რომელიც სხვების ცხოვრებასაც უკეთესობისკენ ცვლის“, – აცხადებს ვედრაშკო და ინტერვიუს დასასრულს მოჭოჭმანე მოლდოველებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ქვეყანაში, რადგან თხუთმეტ წელიწადში უკვე გვიანი იქნება.
„ევროპული მოლდოვის“ მშენებლობა შრომითი რესურსის დეფიციტის პირობებში
მოლდოვის სახელმწიფო ადმინისტრაცია ახალგაზრდა პროფესიონალების მოსაზიდად აქტიურად ცდილობს იმ ადამიანთა ისტორიების პოპულარიზებას, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნებით „ოქრო იპოვეს“. დიასპორის წევრების დაბრუნებაზე მომუშავე პროგრამების უმრავლესობა მცირე მეწარმეებზე კონცენტრირდება და მათ საგადასახადო შეღავათებსა და გრანტებს სთავაზობს.
დამატებით, სახელმწიფო საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს იმითაც იზიდავს, რომ საშინაო პოლიტიკასა და „თანამედროვე ევროპული მოლდოვის“ მშენებლობაში სწრაფი და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობას უსახავს. ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეედინება ევროპული გრანტები, სახელმწიფოს ხალხი სჭირდება და საჯარო ადმინისტრირების კარიერულ კიბეზე ერთობ სწრაფად და მარტივად შეიძლება ასვლა.
არც სამოქალაქო სექტორშია დიდად განსხვავებული მდგომარეობა. „როცა შენს თემში რაიმეს გაკეთება გსურს, ან სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართვას გადაწყვეტ, შედეგებს საკმაოდ მალე აღწევ. განსაკუთრებით ახლა, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მთავრობა იმაზე მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ადრე იყვნენ. ისეთი განცდა გეუფლება, რომ მნიშვნელოვანი ხარ და შენი ხმა აქ მეტად წონიანია, ვიდრე საზღვარგარეთ იქნებოდა“, – ამბობს ჩობანუ.
ის მოლდოვაში 2013 წელს დაბრუნდა, იმ დროს, როცა ვლად ფილატის ხელისუფლების უმაღლეს ფენებში ფესვგადგმული კორუფციის შედეგად დემოკრატიული უკუსვლა უკვე თვალსაჩინო იყო.
„ყველა, ცოტა არ იყოს, უცნაური თვალით მიყურებდა. მაშინ სამშობლოში დაბრუნება წარუმატებლობასთან, სიმხდალესთან ასოცირდებოდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩემი მეგობრების უმრავლესობამ დატოვა ქვეყანა. ზოგი მათგანი ამტკიცებდა, რომ მას მერე დაბრუნდებოდა, რაც მოლდოვაში სიტუაცია მოწესრიგდებოდა და დემოკრატია ძალას მოიკრებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ვინ უნდა გააკეთოს?“ – სვამს კითხვას ჩობანუ და თან ეღიმება.
როცა შინ სიღარიბე სჯობს უცხოეთში მდიდრულად ცხოვრებას
თუმცა, საჯარო და სამოქალაქო სექტორებში ხელფასები კერძო სექტორთან შედარებით კვლავ თვალში საცემად დაბალია. განსაკუთრებით მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რამაც ენერგეტიკული კრიზისი და მაღალი ინფლაცია გამოიწვია. შედეგად, მოლდოვას ფულის სესხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უწევს, რომელიც თავისი დებიტორებისგან „ფისკალურ დისციპლინას“ – მეორენაირად, ხელმომჭირნეობას – ითხოვს.

გაზაფხულის მორიგ მზიან დღეს სტელა კრუდუსა და მის მწერალ ძმასთან, დუმიტრუსთან ერთად სამხრეთ კიშინიოვში მდებარე სატრანსპორტო საშუალო სკოლაში მივემგზავრები. ამ სკოლაში სტელას უმცროსი ქალიშვილი სწავლობს. სტელა კიშინიოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფლიდან მშობელთა კრებაზე დასასწრებლად ჩამოვიდა. მას სულ ექვსი შვილი ჰყავს.
წესით, დილის ათზე უნდა ჩამოსულიყო ავტობუსით. მაგრამ, საბოლოოდ, შუადღეს მოვიდა ტაქსით, რადგან ავტობუსი, უბრალოდ, არ გამოჩნდა. „სესხი აიღო და პროცენტების გადახდა ვერ შეძლო“, – ჰყვება დუმიტრუ თავის დაზე, – „იტალიაში მომვლელად წავიდა. ორი წელი დასჭირდა სესხის მთლიანად დასაფარად. მერე დამატებით სამი წელი ცოტაოდენი ფულის დაზოგვას ეცადა და საერთო ჯამში ხუთი წლის თავზე დაბრუნდა ჩვენს სოფელში“. სტელა გულღიად იღიმის და სიფრთხილით წარმოთქვამს: „მილეტრეჩენტო, მილეკუატროჩენტო ევრო“. იტალიაში მომვლელად მუშაობისას თვეში 1300 თუ 1400 ევროს იღებდა.
დღეს სტელა თავის სოფელში ავტომობილების ქარხანაში მუშაობს. „კუატროჩენტო, ჩინკვეჩენტო ევრო“, – ურთავს ის. ანუ მოლდოვის ქარხანაში ის ახლა დაახლოებით 400-500 ევროს გამოიმუშავებს. „მაგრამ ამბობს, რომ ურჩევნია, საკუთარ სამშობლოში ღარიბი იყოს, ვიდრე უცხოეთში მდიდრულად ცხოვრობდეს. თანაც, ჩვენს სოფელში შეუძლია, საკუთარ სახლში იცხოვროს და ცხოველები ჰყავდეს“, – თარგმნის დუმიტრუ დის სიტყვებს. სტელა თავის ცხოველებს ჩამოთვლის: ძროხები, ცხენები და ორი ზაზუნა ჰყავს, რომელთაგან ერთი აგრესიულია. „მორდე“, ხსნის სტელა – იკბინებაო – და ხუმრობით კბილებს აკრაჭუნებს.
სანამ სტელა კრებას ესწრება, მე ალინას ვესაუბრები, ფრანგულის მასწავლებელს, რომელიც თავის ქმართან ერთად რომში ცხოვრობდა. წითელ პიჯაკში გამოწყობილ ამ მოხდენილ ქალს ზუსტად ახსოვს, რამდენი ხანი გაატარა ემიგრაციაში: ხუთი წელი, რვა თვე და ორი დღე. „ამან უამრავი რამის სწავლის შესაძლებლობა მომცა; ახალი ჰორიზონტები გამიხსნა! კარგად შევძელით ინტეგრირება… მაგრამ შენს მშობლიურ მიწაზე სხვანაირად სუნთქავ“, – მეუბნება ის.
ალინა მონდომებით მიყვება, როგორ ვითარდება მოლდოვის საგანმანათლებლო სისტემა და როგორი ამაყია, რომ საზღვარგარეთ დაგროვილი გამოცდილების შედეგად ამ პროცესში წვლილის შეტანა თავადაც შეუძლია. ამის შემდეგ საჯარო განათლების სექტორში არსებულ სამუშაო პირობებზე ვეკითხები.
„ოპტიმისტი ვარ; წუწუნი არ მჩვევია; ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი სიტუაცია ჩემი ოცნებების ასახდენ შესაძლებლობად დავინახო“, – ალინა პასუხის გაცემას თავმდაბლურად იწყებს, – „მაგრამ… საჯარო განათლების სფეროში ეკონომიკური სიტუაცია, მართლაც რომ, ცოტა რთულადაა. მეორე მხრივ, კერძო განათლების სექტორში ღირსეული ხელფასები არის; და ამიტომაც იქ მოტივირებული და შემოქმედებითი ადამიანები მუშაობენ“.
ალინა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა ურთიერთობდეს დაბრუნებულ მოქალაქეებთან და ხელახლა ინტეგრაციაში უნდა ეხმარებოდეს არა მხოლოდ მეწარმეებს, არამედ ყველას. „ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც დაბრუნდნენ, აქ ორი თუ სამი წელი გაატარეს და მერე ისევ საზღვარგარეთ წავიდნენ“, – ამბობს ის.
სულ რამდენიმე წუთში უკვე სტელასა და მის ქალიშვილთან ერთად ვზივარ პარკში მოწყობილი კაფეს ტერასაზე. სტელას შვილი თავდაჯერებით ამბობს, რომ სკოლის დამთავრების მერე საზღვარგარეთ წავა. ჯერ არ იცის, სად ან რა მიზნით – ის ხომ მხოლოდ 15 წლისაა – მაგრამ წასვლა კი უნდა.
დიდი უმრავლესობა არ დაბრუნდება
როგორც მიგრაციის ექსპერტი, მაკუჰინი ადასტურებს, ემიგრაციის პროცესი საპირისპირო ტენდენციით არ იცვლება. 2020 და 2025 წლებს შორის ქვეყანამ 200 ათასი ადამიანი დაკარგა. ისინი, ვინც ბრუნდებიან, ამას პირადი მიზეზებით აკეთებენ. მეორე მხრივ, წასულთაგან მრავალი უკვე მიჯაჭვულია ახალ ქვეყანას, იქნება ეს სამსახურით, სახლითა თუ ოჯახით.

„დიასპორასთან მომუშავე სამთავრობო პროგრამები ხშირად კულტურაზე კონცენტრირდება და ნოსტალგიური გრძნობების გაღვიძებას ცდილობს: მოლდოველი ხარ, სამშობლოში დაბრუნდი, აქ ხელგაშლილი დაგხვდებით! შეიძლება, ცინიკურად ჟღერს, მაგრამ დიასპორის დასაბრუნებლად ყველაზე ეფექტიანი გზა ეკონომიკური მხარდაჭერა არის“, – ასკვნის მაკუჰინი.
ჩობანუ აღნიშნავს, რომ ადამიანებს კარგი სამსახურის ცარიელი დაპირებით ვერ მოიზიდავ: „ჩვენ გვჭირდება უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოციალური სისტემა, ხელმისაწვდომი საცხოვრებლები – რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. დორინ რეჩანმა [ყოფილი პრემიერ-მინისტრი] ახლახან განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ უძრავი ქონების ბაზარში არ ჩაერევიან, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეწინააღმდეგება“.
როცა სპრინჩეანას ვეკითხები, მთავრობამ რა უნდა გააკეთოს წასული მოქალაქეების უკან მოსაზიდად, ის კითხვითვე მპასუხობს: „და გვჭირდება რომ ეს? მოლდოველი ემიგრანტების დიდი უმრავლესობა აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. რა აზრი აქვს საჯარო რესურსების იმ ადამიანების დარწმუნების მცდელობაში ხარჯვას, რომელთაც არაფერი არ დაარწმუნებთ?! კი, მოლდოვას ხალხი სჭირდება. მაგრამ სამყაროს უამრავ რეგიონში ცხოვრება ამაზე გაცილებით რთული არის. დედამიწაზე მრავალი ადამიანისთვის გამოიყურება მოლდოვა მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად“.
ძველის დავიწყებისა და დეკონსტრუქციისთვის იდეალური ქვეყანა
შაბათის საღამო კიშინიოვში Casa Zemstvei-ის საზოგადოებრივი ცენტრის გამოსამშვიდობებელ საღამოზე გავატარე. ასეთი ადგილი ქალაქში მეორე არ მოიძებნება. ადრე ის ქვიარების კაფეს მასპინძლობდა, აქვე აჩვენებდნენ დამოუკიდებელ ფილმებს, მართავდნენ ლექციებს, ზოგჯერ კი ადამიანებს კარაოკეთი შეეძლოთ თავის შექცევა. ახლა, 15 წლის შემდეგ, ეს ადგილი იხურება. ეთნოგრაფიის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც შენობას ფლობს, როგორც ამბობენ, სივრცის გარემონტება სურს და ამიტომ ცენტრს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
იმ საღამოს მრავალი ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვა გაისმა, ბოლოს კი სცენა ემიგრაციაში ყოფნის გამოცდილების მქონე მოკლეთმიანმა ქალმა დაიკავა. „რუმინეთიდან დაბრუნების მერე Casa Zemstvei ჩემთვის წარმოადგენდა ადგილს, სადაც უამრავი ჯადოსნური რამ გადამხდა, სადაც ადამიანებთან კავშირი აღვადგინე და სადაც ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდი“, – გრძნობით აღნიშნავს ის მიკროფონში.
სიმღერით, ცეკვითა და ამბების გაზიარებით სავსე ამ საღამოს დასასრულს ბაღში მუქთმიანი ქალის გვერდით აღმოვჩნდი, რომელიც ვიღაცას უყვება, იტალიაში სწავლის დროს თავიდან როგორ არავის არ უნდოდა, რომ ანარქიული მთავრობის პრაქტიკაში მუშაობის თემაზე მისი თეზისისთვის ეხელმძღვანელა. „ყველა იმას მეუბნებოდა, რომ უტოპია არისო; წარმოსახვა აკლდათ. კიდევ რამდენი რამ გვაქვს დასავიწყებელი, რამდენი რამ მოითხოვს დეკონსტრუქციას!“
ამ ქალს ვეკითხები, იტალიიდან რატომ დაბრუნდა. „იტალიაში რა უნდა აკეთო?“ – არის მისი პასუხი. კითხვას ვუბრუნებ: „და მოლდოვაში რა უნდა აკეთო?“. დაუფიქრებლად მპასუხობს: „ეს ძალიან პატარა და ენერგიული ქვეყანაა. გამუდმებით რაღაცას ვაშენებთ, ვაახლებთ, ვანგრევთ და რაღაც ახალს ვეძებთ. მოლდოვა იდეალური ქვეყანაა ძველად ნასწავლის დავიწყებისა და დეკონსტრუქციისთვის; დასავლეთზე გაცილებით უკეთესი“.
ავტორი: პეტრა დვორჟაკოვა
სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა ჩეხურ ენაზე Deník Referendum-ის მიერ





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.