„არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა „ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ
მაისი 3, 2022

„არც ძილი შემეძლო, არც ჭამა“: როგორ უბიძგა უკრაინაში ომმა „ვეტერან ქალთა მოძრაობას“ მოქმედებისკენ


2014 წელს ეკატერინა პრიიმაკმა ცხოვრების მშვიდობიან სტილთან შეგუება ვერ შეძლო. მან პარამედიკოსად დაიწყო მუშაობა „ჰოსპიტალიერის“ ქვედანაყოფში, მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონში, რომელიც პირველად დახმარებას უწევდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს საბრძოლო ზონიდან. კოდური სახელიც შესაბამისი აირჩია  — „ზოია“. ბერძნულად ეს სიცოცხლეს ნიშნავს.

ეკატერინამ 11 თვე გაატარა ფრონტის ხაზზე, როგორც პარამედიკოსმა. ომამდე ის ტელევიზიაში მუშაობდა, მაგრამ 2018 წელს მან გადაწყვიტა, საკუთარი ძალისხმევა სხვა მიმართულებით მიემართა და ასე შეიქმნა „უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარის მოადგილეც გახდა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანმა ინტერვენციამ უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, მისი გეგმებიც თავდაყირა დააყენა. ახლა ის მთლიანად არმიის დახმარებაზეა გადართული. „გულხელდაკრეფილი როგორ უნდა ვმჯდარიყავი? 24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში საშინელ სტრესში ვიყავი. არც ძილი შემეძლო, არც ჭამა. გამუდმებით რაღაც უნდა მეკეთებინა. ეს ჩემი ქვეყანაა. მისდამი ჩემს დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ისეთივე ვარ, როგორიც 2014 წელს ვიყავი. სურვილებიც იგივე მაქვს. 2014 წელს ქვეყანას ჩემნაირი ადამიანები — მოხალისე პარამედიკოსები სჭირდებოდა. დღეს სხვა რამეზეა მოთხოვნა. ჩემი ახლანდელი საქმიანობა იმის კანონზომიერი შედეგია, რასაც დემობილიზაციის შემდეგ ვაკეთებდი. დღეს ამით მეტ სარგებელს მოვიტან“, — განმარტავს ეკატერინა.

როგორც თავად ამბობს, მიხვდა, რომ პარამედიკოსის ფუნქციას დღეს ეფექტიანად ვეღარ შეასრულებდა, რადგან ომის დაწყებისას აქტიური როტაციის გავლის შემდეგ სისხლის დანახვის აუტანლობა დასჩემდა. „ჩემი რეაქციებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ნაყოფიერად ვიმუშავებდი. ამიტომ მომარაგებაში გადასვლა გადავწყვიტე. იმდენი ზარი შემოდის, რომ ჩემი ტელეფონი მუდმივად დაკავებულია“, — ამბობს ის.

ეკატერინა პრიიმაკი/ფოტო: “უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობა”

დღეს ეკატერინა მედდა-ჰოსპიტალიერ იულია სიდოროვასთან (კოდური სახელით, „კუბა ლიბრე“) ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ მოხალისეთა შტაბს ხელმძღვანელობს. ვეტერანი ქალები თავდაპირველად ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანი ეკიპაჟის ორგანიზებას აპირებდნენ — ამისათვის უნარები და გამოცდილება საკმარისზე მეტი ჰქონდათ. „არტილერისტის და მძღოლის პოვნა ადვილი იყო. მანქანა გვყავდა.  პირველ დღეებში ვფიქრობდით, რომ მისი დახმარებით დაჭრილების ევაკუაციას შევძლებდით. თუმცა ჩემი უპირველესი, საბაზისო რეფლექსი ასეთი იყო: საჭიროა შტაბის ჩამოყალიბება. როდესაც არ იცი, რა გააკეთო, პასუხი შტაბის ჩამოყალიბებაა. მივხვდით, რომ სამედიცინო ევაკუაცია არ გამოგვივიდოდა, რადგან პირველადი სამედიცინო დახმარების მხოლოდ  ერთი ნაკრები გვქონდა. „კუბას“ სამედიცინო ზურგჩანთა ხარკოვში დარჩა, მე კი ყველაფერი, რაც მქონდა, ჯერ კიდევ 2015 წელს დავტოვე ბაზაში. მივხვდით, რომ არაფერი გაგვაჩნდა და ვერც ვერაფერს ვიშოვნიდით. არ გვქონდა არც აღჭურვილობა, არც ჩაფხუტები, არც ჯავშანჟილეტები და არც ტაქტიკური მედიცინისთვის ვიყავით მზად. ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ მანქანა და შტაბი. ასე რომ, ყველაფრის ძებნა დავიწყეთ და ამ დროს თითქოს ორგანიზატორობის მეორე სუნთქვა გაგვეხსნა“, — ჰყვება ეკატერინა.

თან იმაზე ეცინება, რომ ზოგჯერ სურვილი აქვს, ეს ყველაფერი დაივიწყოს, დაისვენოს მოხალისეობის ველური ტემპისგან და ჰოსტომელში „ჰოსპიტალიერებთან“ როტაციაზე წასვლა მოითხოვოს. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს სამხედრო მედიკოსის რეფლექსები — ყვირილზე, მედიკები!“ დღესაც რეაგირებს და წამში გარბის საშველად, თუნდაც ვიღაც ხუმრობით ყვიროდეს.

„მაგრამ იმ თითოეული მოხალისისადმი ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომლებიც ჩვენს შტაბში მუშაობენ (და ზოგიერთი ცხოვრობს კიდეც აქ)“, — ურთავს ეკატერინა, — „ჩვენთან შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. როდესაც ჩვენ ირგვლივ ბრძოლები მიმდინარეობდა, ვხუმრობდით, რამე რომ მოხდეს, ჩვენი შტაბი ერის აღორძინებას შეძლებდაო. იმიტომ, რომ აქ მუშაობენ მხატვრები, არქიტექტორები, მოქანდაკეები, რეჟისორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები… ჩვენთან არიან ადამიანები მარიუპოლიდან, კიევის მიმდებარე რეგიონებიდან. ანუ ისინი, ვისაც უკან დასაბრუნებელი ადგილი არ აქვთ. ისინი სამუშაოზე ბოლომდე იხარჯებიან. როგორ უნდა მივატოვო ეს ხალხი?“

წარსულის მოგონება — 2014 წელი

2014 წლის ომის დასაწყისში თავისი მოვალეობების შესრულება დონეცკის აეროპორტთან, ყველაზე ცხელ წერტილებში — სოფელ პესკიში და ბუტოვკის მაღაროს ტერიტორიაზე მოუწია. თუმცა ეკატერინას მიაჩნია, რომ ომში მისი გამოცდილება არ იყო ყველაზე რთული — ზოგიერთი ქვედანაყოფი გაცილებით უარეს პირობებში იბრძოდა.

„ადრე გასაჭირზე ვლაპარაკობდი, ვყვებოდი ქალების ისტორიებზე, საშინელ პირობებზე, სექსიზმზე და იმ გარემოზე, რომელშიც ისინი იბრძოდნენ. თუმცა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, 2014 წელს „ჰოსპიტალიერებს“ ყველაფერი ჰქონდათ, რაც აუცილებელი იყო. ყველაფრით აღჭურვილები ვიყავით, შეგვეძლო შხაპის მიღება, ჩვენთვის საკვები მოჰქონდათ. იმ დროს, ამ გადმოსახედიდან, მეტ-ნაკლებად კომფორტულად ვიყავით“, — იგონებს ეკატერინა.

დემობილიზაციის შემდეგ ის „უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა და აქტიურად იცავდა სამხედრო ქალთა უფლებებს. ომში დაბრუნებაზე არ ფიქრობდა და ხუმრობდა, რომ ახლა იმაზე გაცილებით ფრთხილი იყო, ვიდრე — 8 წლის წინ.

მოხალისეთა მოძრაობა დღევანდელ პირობებში

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან ერთად მოხალისეებად კაცებმაც დაიწყეს მუშაობა. გარდა ამისა, შტაბში მხოლოდ სამი ვეტერანი ქალი დავრჩით. ჩვენი გოგოების უმრავლესობა ახლა წინა ხაზზე იბრძვის, დანარჩენები კი ჩვენსავით აღჭურვილობის ძებნით არიან დაკავებული, ოღონდ სხვა რეგიონებში“, — განმარტავს ეკატერინა.

სიცილით ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთი განსხვავებაა — მათ თანამშრომლობა იმ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთანაც კი დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ვეტერანებთან სულ კამათი ჰქონდათ. ომმა გამოასწორა ურთიერთობები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მზად არიან, ოკუპანტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.

ახლა ეკატერინა დროის უმეტეს ნაწილს შტაბში ტელეფონით ხელში ატარებს და სხვადასხვა საკითხს აგვარებს. იმდენად ბევრს მუშაობს, რომ ზოგჯერ ამინდის ან დღე-ღამის ცვლილებაც კი შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მისი სიტყვებით, მოხალისედ მუშაობისას სიკვდილის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს სამუშაო არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლოა — განსაკუთრებით ახლა. „2014 წლისგან ახლა მდგომარეობაც განსხვავდება. ამას ისინიც ადასტურებენ, ვინც მოხალისედ იმ პერიოდიდან მუშაობს. 2014-ში შესაძლებელი იყო ‘მილიტარისტში’ მისვლა, მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის ყიდვა და აღმოსავლეთში გაგზავნა. ახლა ეს შეუძლებელია. უზარმაზარ მოთხოვნას რესურსები ვერ აკმაყოფილებს. თითოეული სავალუტო ოპერაცია, საზღვარზე თითოეული გადასვლა საშინელი თავის ტკივილია“, — ამბობს ვეტერანი.

რესურსების ძიების და მოთხოვნების დაკმაყოფილების მთელი სირთულის მიუხედავად, ფონდის საწყობში პრაქტიკულად ყველაფერია — წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ტაქტიკური მოწყობილობა, აღჭურვილობა. აქ მუშაობს სამზარეულო, სადაც ქვეყნის დამცველებისთვის საჭმელს ამზადებენ და „ბარი“, სადაც მზადდება კოქტეილები (რაც ასევე ძალიან საჭიროა დამცველებისთვის). აქვთ ასევე დრონების საკუთარი სახელოსნო, სადაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველაფერი — დრონების აწყობაც და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლებაც. „ჩვენ გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ცოტ-ცოტა და მცირე რაოდენობით, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია“, — აღნიშნავს ეკატერინა.

„ჩვენ ლოგისტიკის, უზრუნველყოფის და ჰუმანიტარულ საკითხებში ვწევთ დახმარებას“, — ჰყვება ის, — „ძალისხმევას სამხედროების და სამოქალაქო პირების დახმარებაზე ვანაწილებთ. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სამხედროებს აქვთ — ჩვენი გოგოები (ჩვენი ვეტერანი ქალებიდან  ახლა თითქმის ყველა იბრძვის) წინა ხაზზე არიან. ვაგროვებთ თანხებს, ვყიდულობთ აღჭურვილობას, ვეძებთ ყოველგვარ გულის გადასაყოლებელ ნივთს სამხედროებისთვის“.

მათ შესახებ, ვინც ომს არ გაექცა

კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ მოძრაობას კიდევ ერთი პრიორიტეტი დაემატა — იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც რუსეთის ოკუპაცია გადაიტანეს. „იქ სიცივე და შიმშილია და, უბრალოდ, საშინელება ხდება“, — ამბობს ეკატერინა“, — იმიტომ, რომ როდესაც ბრძოლის ცეცხლი ქრება და პატარა გამარჯვებებით მოგვრილი სიხარული ნელდება, აშკარავდება ომის ნამდვილი სახე და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა. ის, რაც იქ ვნახეთ, საშინელებაა. მე ვიცი, რომ, მაგალითად, სამხედროებს ახლა ნამდვილად მიაწვდიან საკვებს. ამ ხალხს კი დახმარება სჭირდება. მათ ცხოველებსაც დახმარება სჭირდებათ. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ბუჩასა და ირპინში. ჩვენ ამ საშინელების მხოლოდ მცირედს ვხედავთ. დატრიალებული უბედურება, სინამდვილეში, წარმოუდგენლად უფრო დიდი და მასშტაბურია. სამწუხაროდ, ომიდან შორს მყოფმა ადამიანებმა შეიძლება ძალიან მალე დაივიწყონ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდეთ“.

სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ პირველი დასვენების დღის აღება ეკატერინამ კვირას, 3 აპრილს გადაწყვიტა — რაც ძალიან ინანა. ეს ის დღე იყო, როცა მსოფლიოს ბუჩადან წამოსული ცნობებით ჯოჯოხეთში პორტალი  გაუხსნეს. „ვიწექი და ვგრძნობდი მთლიანად დაძაბულ სხეულს. არაფრის კეთება არ შემეძლო. მოკუნტული, გამუდმებით ახალ ამბებს ვუყურებდი. ასეთი შეგრძნება ბევრს ექნებოდა. სამსახურში რომ ვყოფილიყავი და ჩემს საქმეში ჩართული, შედარებით გამიადვილდებოდა ამის ატანა“, —  აღიარებს ის.

ამის შემდეგ ეკატერინა გუნდთან ერთად რუსებისგან გათავისუფლებული ქალაქების დასახმარებლად გაემგზავრა. ეს მივლინება ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისთვისაც კი — მიუხედავად იმისა, რომ ომი ახლოდან აქამდეც ჰქონდა ნანახი. ამბობს, რომ მანამდე გარდატეხის მომენტი დონეცკში გამგზავრება იყო, სადაც დაინახა, როგორ გაურბოდა ხალხი ომს. ეს გამაოგნებელი სანახაობა იყო. ახლა კი აღმოაჩინა, რომ გაცილებით უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც ომს ვერ გაექცნენ.

„რეალურად, ნგრევის კუთხით უარესს ველოდი“, — ჰყვება ის, — „ნანგრევებით სავსე პეიზაჟებს მიჩვეული ვარ. უფრო მეტად განადგურებული ქალაქებიც მინახავს. ახლა ყველაზე მძიმე ადამიანებთან ურთიერთობაა. როდესაც კაცი ძმათა სასაფლაოს გიჩვენებს, გიყვება, როგორ დაწვეს იქ ქალი ცოცხლად და ტირილს იწყებს, მერე კი სიგარეტს უკიდებს, აშკარა ხდება, რომ ადამიანი იქ უნდა დარჩეს და დაელოდოს, სანამ ქალაქს მის ფსიქიკასთან ერთად აღადგენენ. ამ დროს ხვდები, რომ ახლა ამ კაცს მშვიდობიანი ქალაქი ალბათ მოკლავდა“.

„არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ“, — დასძენს ეკატერინა, — „ზოგჯერ გინდება, საერთოდ დატოვო შენი სხეული, რომ ეს ტკივილი ასე მძაფრად აღარ იგრძნო. მაგრამ ახლა უფრო მეტად ემოციურ სიცარიელეს ვგრძნობ. მიკვირს, რომ მრისხანების ან სიძულვილის შეგრძნება არ მაქვს. იმიტომ, რომ რუსები ჯერ კიდევ მანამდე მძულდნენ, სანამ ეს სიძულვილი საყოველთაო გახდებოდა. მაგრამ ახლა მხოლოდ ტკივილს და სიცარიელეს ვგრძნობ. თუმცა ვიცი, როდესაც ვმუშაობ, აბსოლუტურად ნორმალურად გამოვიყურები — ჩვეულებრივი და მხიარული ვჩანვარ“.

სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის, ამდენს რატომაც მუშაობს.

გამარჯვების შესახებ

ეკატერინა ერთ-ერთია იმ ვეტერანებს შორის, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რუსეთის აგრესია დონბასით არ დამთავრდებოდა. „ზუსტად ვიცოდი, რომ ომი განახლდებოდა. მაგრამ მეგონა, რომ მშვიდობიანი ცხოვრებისთვის კიდევ რამდენიმე წელი გვექნებოდა. მეგონა, რომ აღმოსავლეთში დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა შეგვავიწროვებდნენ. მჯეროდა, რუსეთს ბოლო მალე მოეღებოდა და ის დიდი ომის დაწყების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ ბოლო არ მოღებია. არ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ ამაზე წავიდოდნენ. თუმცა, ეს გარდაუვალი იყო. რადგან ეს მხოლოდ ომი არ არის, ეს ორ ცივილიზაციას შორის ბრძოლაა“, — ამბობს ეკატერინა.

მისთვის აშკარა კიდევ ერთი ფაქტია — ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. „არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. მე მჯერა კარმის. მჯერა, რომ მხარს გვიჭერენ წინა განმათავისუფლებელი ბრძოლის ძალები. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან მაგონებს მაიდანს. მაგრამ ახლა მომავლისათვის ბრძოლა მიმდინარეობს არა კიევის ცენტრში, არამედ მთელ ქვეყანაში. ასეთი დიდი ძალა არ შეიძლება, დამარცხდეს. ვხედავ, რომ ჩემ ირგვლივ ადამიანები მზად არიან, ქვეყანა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცვან. ვხედავ, რომ ყველა მოტივირებულია. სწორედ ასეთი მოტივაციაა გამარჯვება“, — აღნიშნავს ის.

ამასთანავე, ეკატერინა ნამდვილად არ აიდეალებს სიტუაციას და ყველა პრობლემას და ნაკლს ხედავს. მათ შორის — ჯარის შიგნითაც. „ერთი სტრუქტურის შიგნით შეიძლება შესანიშნავი ჯარისკაცები და ოფიცრები იყვნენ, რომლებსაც გარე მტრის გარდა, შიდა პრობლემებთანაც უწევდეთ ბრძოლა. კი, უარყოფითიც ბევრია. მაგრამ ახლა საზოგადოების თანამშრომლობის ყველა ფორმატიდან საუკეთესოები მუშაობენ. ყველა ყოჩაღია. ჩვენს ყველა პრობლემას მერე გადავჭრით. გამარჯვების შემდეგ სხვები ვიქნებით და უფრო დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს. რადგან ეს ყველაფერი ძალიან ძვირად მოვიპოვეთ“, — განმარტავს ვეტერანი.

ეკატერინას მტკიცებით, ამ ომს რომ გაუძლონ, უკრაინელები ერთმანეთის მიმართ უფრო მგრძნობიარენი უნდა იყვნენ — მათ ეს გადაარჩენს.

„უკრაინის მოხალისეთა კორპუსში ჩვენი კაპელანი როტაციაზე გაგზავნის წინ ყოველთვის ამბობდა, მტერი სიყვარულით მოკალითო. მაშინ ამ სიტყვების აზრს ვერ ვხვდებოდი: ეს როგორ? ნამდვილი ბოდვაა! ის რა, მოკვლის სიყვარულს გვირჩევს-მეთქი? ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა. წარმოუდგენელია, უკრაინის აშენება რუსების მიმართ სიძულვილზე დააფუძნო. სიძულვილი ბრძოლის ენერგიას გაძლევს. მაგრამ აღსადგენად საჭირო რესურსი სიყვარულია. მოკალით მტერი სიყვარულით — აქ შენიანების, ანუ მათი სიყვარული იგულისხმება, ვისაც დაცვა და მზრუნველობით გულის გათბობა სჭირდება. დღეს სიძულვილი ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ არ უნდა იყო სარკე მათთვის, ვინც მხოლოდ ბოროტებით და სიძულვილით არის აღსავსე. გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება ერთმანეთზე ზრუნვას და ნდობას დავუთმოთ“, — ამბობს ეკატერინა.

„უკრაინელ ვეტერან ქალთა მოძრაობის“ მხარდაჭერა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.

ავტორი: ევგენია მაზური

სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად და რუსულად 24tv.ua-ზე



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,