ეს ამბავი ქუთაისის გულიდან იწყება, როცა მომავლის ხედვით, სიმტკიცითა და მიზანსწრაფულობით შეიარაღებულმა ვაჟამ ახალგაზრდების გაძლიერება დაისახა მიზნად. დასავლეთ საქართველოში, ერთმანეთის გვერდში მდგომ ოჯახში გაზრდილი ვაჟა ოცნებობდა შესაძლებლობებზე, რომლებიც იმ დროს მიუწვდომელი ჩანდა. დღეს, „ცოდნის ოდის“ საშუალებით, ვაჟა ამ ოცნებებს რეალობად აქცევს – ის ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს სწავლა, ერთმანეთთან ურთიერთობა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეუძლიათ.
„ქუთაისში ძალიან კარგი ბავშვობა გავატარე“, – იხსენებს ვაჟა, – „მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და საცხოვრებლად თბილისში გადავედი. იქ გავიცანი აქტიური ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე არაერთ გაცვლით პროგრამასა თუ ინიციატივაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ მაშინ ვკითხე საკუთარ თავს – მე რატომ არ მქონდა მსგავსი შესაძლებლობები ჩემს მშობლიურ ქალაქში?“
ამ კითხვის პასუხად ვაჟას გაუჩნდა მისია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა: მან გადაწყვიტა, საკუთარ მხარეში შეექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები ცოდნასა და შთაგონებას მიიღებდნენ.
ვაჟას ოცნება „ცოდნის ოდად“ რეალიზდა – ესაა მრავალფუნქციური ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი ბაბუის ძველი სახლის ბაზაზე აშენდა. შენობაში ამჟამად რემონტი მთავრდება, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Youth SKYE Net – ქსელი „უნარები და ცოდნა ახალგაზრდობის გასაძლიერებლად“, ფარგლებში და World Vision საქართველოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

„ჩვენს რეგიონებში ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე და არ იცნობენ ადამიანებს, რომელთა წარმატების ისტორიებსაც შთაგონების წყაროდ გამოიყენებდნენ“, – ამბობს ვაჟა, – „ახალგაზრდებს სჭირდებათ მენტორები, რომლებიც უჩვენებენ, თუ როგორი მომავალი შეუძლიათ ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, რომ პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებები გამოიწვიო“.
სწორედ ამას ემსახურება „ცოდნის ოდა“: ადგილი, რომელიც აერთიანებს ბიბლიოთეკას, კომპიუტერებით აღჭურვილ საკონფერენციო ოთახს და ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეს სემინარებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ვაჟა გეგმავს, ახალგაზრდებს კომპიუტერული ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, კარიერული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემებზე შეხვედრები ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
„პირველი შესაძლებლობა, რამაც ჩემში ცვლილება გამოიწვია, 3-დღიანი დებატების კლუბი იყო“, – იხსენებს ის, – „იმ პატარა ნაბიჯს უფრო დიდი ნაბიჯები მოჰყვა, ეს ჯაჭვური რეაქციაა. ახლა მინდა, მსგავსი პირველი ნაბიჯების გადადგმაში სხვებსაც დავეხმარო“.
ვაჟას გეგმები რეალობად მაშინ იქცა, როდესაც ის EU4Youth პროგრამის SKYE NET პროექტს დაუკავშირდა. ინიციატივის შესახებ მან თბილისში, სოციალური მეწარმეობის ფორუმზე გაიგო, რის მერეც გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი შეიტანა და მომავლის საკუთარი ხედვა წარმატებით წარადგინა.
„სივრცის რემონტი მამაჩემთან ერთად უკვე დაწყებული მქონდა, მაგრამ მის დასასრულებლად თანხა არ გვყოფნიდა“, – გვიხსნის ვაჟა, – „SKYE NET-ის წყალობით, დაახლოებით 14,000 ლარის მხარდაჭერა მივიღე, რის შედეგადაც შევძელი, რომ „ცოდნის ოდის“ პროექტი ბოლომდე მიმეყვანა“.
World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული და EU4Youth პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტი, SKYE NET, ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან საშუალებას აძლევს, განივითარონ სამეწარმეო და კარიერის მართვის უნარები, ჩამოაყალიბონ სოციალური საწარმოები და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ამ პროექტმა ათ ახალგაზრდა მეწარმეს დაუჭირა მხარი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ვაჟა არის.
„SKYE NET-მა არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა შემომთავაზა“, – ამბობს ვაჟა, – „არამედ, მან ასევე ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და სასწავლო გამოცდილების შეძენის საშუალებაც მომცა“.

მართლაც, დაფინანსება მხარდაჭერის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. SKYE NET-ის საშუალებით ვაჟამ მონაწილეობა მიიღო მოლდოვაში გამართულ სოციალური მეწარმეობის ფორუმში – პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელმაც საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში ცვლილებებზე მომუშავე ადამიანები შეკრიბა. ვაჟა მიიჩნევს, რომ ფორუმში მონაწილეობამ გარდამტეხი გავლენა მოახდინა მის როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაზე.
„მოლდოვაში შევხვდი მეწარმეებს, რომლებიც მართავენ ახალგაზრდულ ცენტრებს და სოციალურ კაფეებს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას და უნარებს იძენენ, არამედ საქმდებიან კიდეც. ამან კავშირების და ურთიერთობების უდიდესი მნიშვნელობა დამანახა. იმის შემყურემ, თუ რამდენისთვის მიეღწიათ სხვებს, გავიფიქრე – ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივე? ჩვენს საზოგადოებაში რატომ არ შეიძლება იმავეს გაკეთება?“ – იხსენებს ვაჟა.
ფორუმზე ვაჟას ასევე საშუალება მიეცა, საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან გაეზიარებინა მოსაზრებები.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია სანაცნობო წრის გაფართოება. გავიცანი ადამიანები მოლდოვიდან, სომხეთიდან და სიეტლიდანაც კი. მომავალში ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ინიციატივების განხორციელებას ვგეგმავ. მინდა, საზღვრები გავარღვიო და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საერთო მიზნების მისაღწევად დავაკავშირო ერთმანეთს“.
„ცოდნის ოდას“ ისიც გამოარჩევს, რომ მყარ ოჯახურ კავშირებს ეფუძნება. ვაჟას მამა – პროფესიით ინჟინერი – შვილის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
„სახლი ბაბუაჩემს ეკუთვნოდა. მის აღდგენაზე მამაჩემი დამეხმარა, რომელმაც ყველაფერი იცის რემონტის შესახებ, და სწორედ ამან შთაბერა პროექტს სული. გადავწყვიტეთ, რომ ამ გზით შეგვეტანა წვლილი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში“.
ვაჟასთვის წარმატება არა ფულით ან სტატუსით იზომება, არამედ იმ ადამიანებით, რომლებსაც შენი სჯერათ.
„წარმატება ჩემთვის ნიშნავს, გვერდით სწორი ადამიანები გყავდეს – ისინი, ვისაც შენი სჯერა, ვინც შთაგაგონებს და თანამებრძოლივით ზურგს გიმაგრებს. ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებ. აუცილებელია ნდობა, ერთგულება და საერთო მიზანი“.

მომავლის ხედვა
ვაჟასთვის „ცოდნის ოდა“ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ახალგაზრდულ ცენტრი. ეს უფრო დიდი მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია: მისი მისიაა, შექმნას აქტიური საგანმანათლებლო და კულტურული კომპლექსი, პატარა ჰოსტელით, მუსიკალური და კულტურული ფესტივალებით და გრძელვადიანი მდგრადობისკენ მიმავალი გზით. „ამჟამად რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ამ მიზნის მიღწევას ემსახურება“, – ამბობს ის, – „ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ისეთ რამეს, რაც სარგებელს არა მარტო დღევანდელ ახალგაზრდობას მოუტანს, არამედ, მომავალ თაობებსაც“.
ვაჟა ახალგაზრდა მეწარმეებს მოუწოდებს, იპოვონ მიზანი და პარტნიორები:
„ჩემი რჩევა რა არის? იპოვეთ ის, რაც აკლია თქვენს საზოგადოებას და მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება. ნუ შეგეშინდებათ, საკუთარ თავშიც და გარე სამყაროშიც ეძიოთ ის, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. იყავით ახალი იდეებისადმი ღია. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით გაცნობილი ადამიანები ყველაზე ძლიერი მოკავშირეები ხდებიან“.
პროექტი, EU4Youth SKYE Net – ქსელი „უნარები და ცოდნა ახალგაზრდობის გასაძლიერებლად“, ხელს უწყობს ახალგაზრდების, განსაკუთრებით დაუცველი ახალგაზრდების, აქტიურ მონაწილეობას დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი სამეწარმეო და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. ამასთანავე, პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით მოგვარებისკენ საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,