სოფოს გზა სოფლად ადამიანთა ცხოვრების გარდასაქმნელად
იანვარი 19, 2026

სოფოს გზა სოფლად ადამიანთა ცხოვრების გარდასაქმნელად


მიზანდასახულმა და ენთუზიაზმით სავსე სოფომ ქალაქი ორი წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად კახეთში, მშობლიურ სოფელში გადავიდა. ცვლილება მარტივი არ ყოფილა – მას უამრავი წინაღობის გადალახვა მოუწია. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, SKYE NET პროექტი და ევროკავშირის მხარდაჭერა მას ახალი ცხოვრებისეული მიზნის დასახვაში დაეხმარა.

სოფელ ვაზისუბანში სოფო სწრაფადვე იქცა ადგილობრივი თემის აქტიურ და სანდო წევრად. მან მოხალისეობრივად დაიწყო საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება და სოფლის მცხოვრებლებსა და საეკლესიო ღვთისმსახურებიდან გამოსულ მრევლის წევრებს უფასო ვახშმით უმასპინძლდებოდა. სოფოს ყოველთვის მიუწევდა გული ადამიანების დახმარებისკენ, თუმცა, დროის სვლასთან ერთად მისი მისიაც გაიზარდა. სოფოს უნდოდა, მეტ ადამიანს მისწვდომოდა და განსაკუთრებით თავისი სოფლის ქალების ცხოვრება შეეცვალა უკეთესობისკენ.

სოფოს მტკიცედ სჯერა, რომ ასეთი პროექტები განსაკუთრებით სოფლად არის მნიშვნელოვანი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობებია და ბევრი ადამიანი განვითარების პერსპექტივის არქონის გამო ტოვებს მშობლიურ მიწას.

„იმ ადგილებში, სადაც თითქოს საერთოდ არაფერი არ ხდება, ასეთი ინიციატივები ადამიანებს აძლევს იმედს, მოტივაციასა და დარჩენის მიზეზს. არაჩვეულებრივი დამთხვევა იყო, რომ World Vision საქართველოს ინოვაციური პროექტის შესახებ სოფელში გადასვლიდან მალევე გავიგე. ამ პროექტის დახმარებით შევძელი, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი და მეტად განვვითარებულიყავი“, ჰყვება სოფო.

მისი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან უწევს გამკლავება. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სოფოსთვის ამ პრობლემათა გადაჭრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ყოფილი ონკოლოგიური პაციენტი, ის რვა წელზე მეტია, რაც გამოჯანმრთელების გრძელ გზას ადგას. მას ქიმიოთერაპიის 40-ზე მეტი კურსისა და არაერთი ოპერაციის გადატანა მოუწია. მართალია, ხელს თავისუფლად ვეღარ ამოძრავებს და სამედიცინო იმპლანტით ცხოვრობს, მაგრამ მან საბოლოოდ დაამარცხა მესამე სტადიის ოსტეოსარკომა და აქტიურ და ღირსეულ ცხოვრებას აგრძელებს, რაც მრავლისთვის შთამაგონებელი მაგალითია.

„საავადმყოფოებში იმდენი წელი გავატარე, რომ, როცა საბოლოოდ დავამარცხე ავადმყოფობა, ქალაქში გაჩერება აღარ შემეძლო. ჩემი მშობლიური სოფელი მიხმობდა. შინ დაბრუნება მინდოდა, რათა იქაური თემის წევრი გავმხდარიყავი და დავხმარებოდი მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“.

პროექტმა სოფოს სოციალური საწარმოს, „კახეთი ივენთსის“ დაარსების სურვილი განუახლა და სამოქმედოდ თავდაჯერებაც შესძინა.

სოფოს მოსწონს კულისებიდან მოქმედება – საპროექტო განაცხადების შედგენა, ბიზნესსტრატეგიების დასახვა, ოპერაციების დაგეგმვა. თუმცა, მისი ამბიციები ბიზნესის მართვაზე შორს მიდის. მას სურს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაეხმაროს სოციალიზაციაში, რათა მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი – სოფომ ხომ პირადი გამოცდილებით იცის, რას შეიძლება გრძნობდნენ ეს ადამიანები. მისი მეორე მიზანი არის, წაახალისოს კომპანიები, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ქველმოქმედებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებში.

სოფომ პროექტზე, SKYE NET (უნარებისა და ცოდნის ქსელი ახალგაზრდობის გასაძლიერებლად), მეგობრისგან გაიგო და მაშინვე დაუფიქრებლად შეიტანა განაცხადი. ძალიან მალე ის საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ სხვა ახალგაზრდებთან ერთად შეარჩიეს. სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების თემაზე მომთხოვნი ტრენინგის გავლის შემდეგ სოფოს პროექტმა საბოლოო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. სოფომ ამ მხარდაჭერით დააარსა თავისი სოციალური საწარმო, „კახეთი ივენთსი“ – მრავალმხრივი ინიციატივა, რომლის საქმიანობაც აერთიანებს ღონისძიებების ორგანიზებას, CSR ინიციატივებსა და კომპანიებთან თანამშრომლობას. ამის პარალელურად, საწარმო ყოფილი და ამჟამინდელი ონკოლოგიური პაციენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის და ყველას აჩვენებს, რომ გამოწვევათა მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება.

„პროექტისგან მიღებული დაფინანსებით საღონისძიებო დეკორაციებისა და აუცილებელი ინვენტარის შეძენა შევძელით. მიღებული მხარდაჭერა უნიკალური იყო, რადგან ის მოიცავდა როგორც ცოდნის გადაცემას, ასევე ფინანსურ დახმარებას, რამაც საშუალება მოგვცა, საწარმო მყარ საძირკველზე დაგვეშენებინა. შეძენილი აღჭურვილობა, მათ შორის ავეჯი, ყვავილები და დეკორაციული ნივთები, მრავალჯერადი გამოყენებისა და ეკომეგობრულია. ამ რესურსებითა და მოპოვებული უნარებით მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება დავიწყეთ – მათ შორის, ღონისძიებების მართვა, PR საქმიანობა, კორპორაციული შეკრებები და ქორწილებიც კი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებასა და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას ხმარდება“, ამბობს სოფო.

წარმატების მიღწევასთან ერთად სოფომ გარშემო შემოიკრიბა ადგილობრივები, რომელთაც საწარმოში დასაქმება სურდათ. მან ტრენინგისას შეძენილი ცოდნა 14 ადამიანს გაუზიარა, რომელთაგან უმრავლესობა ონკოლოგიური პაციენტი ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი იყო. მრავალ მათგანს ღონისძიებათა მართვის მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ წვრთნისა და გუნდური მუშაობის წყალობით მათ ახალი უნარები შეიძინეს და მეტად თავდაჯერებულები გახდნენ.

„ამგვარი სამუშაო ჩვენთვის ნამდვილად ტრანსფორმაციული იყო, რადგან სოფელი გამოცოცხლდა. ადგილობრივებს ახლა საკუთარი ძალების სწამთ და საკუთარ იდეებს გვიზიარებენ ზოგი ადგილობრივ პროდუქტებსა და ნაკეთობებს გვთავაზობს, სხვები ტრადიციულ ტკბილეულსა და ჯემებს ამზადებენ. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სახის ღონისძიების წარმატებით ორგანიზება შეგვიძლია“, ღიმილით აღნიშნავს სოფო.

„კახეთი ივენთსი“ რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს და უკვე მოახერხა, მნიშვნელოვნად დახმარებოდა ადამიანებს. საქველმოქმედო საქმიანობითა და ისეთ ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა „პეპელა“, „კარფური“, „ვიშლისთი“ და „ანტრე“, საწარმომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების საგანმანათლებლო ნაკრებებით, სასკოლო ჩანთებითა და საკვები პროდუქტით მომარაგება შეძლო.

სოციალური საწარმო ჯერ კიდევ იზრდება და სულ უფრო მეტ ადგილობრივ მოსახლეს რთავს თავის საქმიანობაში. მან უკვე გაითქვა სახელი, რისი დასტურიცაა ის, რომ საწარმოს თბილისში „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) მასპინძლობით გამართული ზამთრის ბაზრობის დეკორაციებით მორთვა ანდვეს. „კახეთი ივენთსმა“ ბაზრობაზე თავისი კუთხეც მოაწყო და სტუმრებს ვაზისუბნელი ქალებისა და ოჯახების მიერ დამზადებული ჩურჩხელები, ფელამუში, ჩირი და ღვინო შესთავაზა. გაყიდვებიდან შემოსული მთლიანი თანხა კი სოფლის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას მოხმარდა.

ღონისძიებაზე „კახეთი ივენთსის“ კუთხე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც მოინახულა. მან სოფლის მცხოვრები ქალების მიერ დამზადებული ეკომეგობრული პროდუქცია გასინჯა და მათი ნამუშევრები შეაქო.

„ჩვენ არა მხოლოდ სივრცის მორთვა გვევალებოდა, არამედ, ასევე, ბანერების მომზადება და ღონისძიების რეკლამირებისა და მედიაგაშუქების მხარდაჭერაც. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან მადლიერები ვართ, რომ ორგანიზაცია გვენდო“, აღნიშნავს სოფო.

ამას გარდა, შობა-ახალი წლის პერიოდში საწარმომ მიიღო მსხვილი შეკვეთა TBC Pay-ის თანამშრომლებისთვის 365 სასაჩუქრე ყუთის და „ავერსისთვის“ 25 სასაჩუქრე ყუთის მოსამზადებლად. ამ დავალებასთან გასამკლავებლად სოფომ 25-მდე ადგილობრივი ქალი დაიხმარა, რათა ყუთები ნატურალური, ადგილობრივად დამზადებული ტკბილეულით გაევსოთ. გუნდმა შეკვეთა წარმატებით შეასრულა, რის შედეგადაც შემოსავალიც მიიღო და ქალების დასაქმებაც შეძლო.

დღეს სოფოს ისტორია იმის ნათელი მაგალითია, თუ რა ძალა აქვს ენთუზიაზმს, გვერდში დგომასა და შესაძლებლობას და როგორ შეიძლება, რომ გამოწვევა დადებითი ეფექტის მქონე სოციალურ ცვლილებად გარდაისახოს – თანაც, არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი თემისთვის. სოფო ამაზე გაჩერებას არ აპირებს და საწარმოს გაფართოებასა და მეტი ქალის გაძლიერებას გეგმავს.

„ქველმოქმედება და სხვების დახმარება მაბედნიერებს და ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობას სძენს. ჩემს მისიას შესრულებულად მაშინ ჩავთვლი, როცა ჩემს რეგიონში აღარავინ იქნება მშიერი და ყველა თავს კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობს. და რაც მთავარია, მე მჯერა, რომ ენთუზიაზმს მთების გადადგმა შეუძლია“, ამბობს სოფო.

SKYE NET პროექტი საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი შეზღუდული რესურსების მქონე დასახლებებში, ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებს ინოვაციური იდეების განვითარებაში. პროექტის მეშვეობით სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების თემაზე 60-მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი. სოფო იმ 10 ფინალისტს შორისაა, რომელთაც იდეის სოციალურ საწარმოდ გარდასაქმნელად და ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად დაფინანსება და სხვა საჭირო რესურსები მიიღეს.

პროექტს ევროკავშირი EU4Youth პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ის ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ, World Vision სომხეთთან, მილენიუმის ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტთან (მოლდოვა) და IRIS ბიზნესინკუბატორთან (სომხეთი) პარტნიორობით.

ავტორი: ლიკა ჭიღლაძე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,