სახელოსნო „იკორთა“: ადგილი, სადაც ქართველი ქალები უკეთეს მომავალს ქმნიან
იანვარი 16, 2026

სახელოსნო „იკორთა“: ადგილი, სადაც ქართველი ქალები უკეთეს მომავალს ქმნიან


წეროვანში, რომელიც დღეს იძულებით გადაადგილებული ბევრი ქართველის საცხოვრებელ ადგილად არის ქცეული, ყოველდღიურად იკრიბება ქალთა ჯგუფი. მათ საერთო მიზანი აქვთ: შექმნან ლამაზი, ღირებული ნივთები, რომლებიც დროს გაუძლებს. სახელოსნო „იკორთაში“ ქალები ვერცხლსა და ფერად მინანქარს სამკაულებად გარდაქმნიან, მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ ხელობა არ არის. სახელოსნო ის ადგილია, სადაც ისინი სწავლობენ, ვითარდებიან და  ერთმანეთს აძლიერებენ.

„იკორთა“ 2012 წელს დაარსდა – იმ დროს, როდესაც ადგილნაცვალი პირებისთვის დასაქმების შესაძლებლობები მწირი იყო, ხოლო სოციალური მეწარმეობა საქართველოში ახლად ყალიბდებოდა. დასახლებებში იძულებით გადაადგილებული ბევრი ადამიანი უსაფრთხოდ  ცხოვრობდა, მაგრამ მათ  სამსახურის პოვნა უჭირდათ და სტაბილურობის განცდა არ ჰქონდათ, რის შედეგადაც მრავალ მათგანს დაეკარგა რწმენა, რომ თავის პროფესიულ უნარებს ცხოვრებაში ოდესმე ისევ გამოიყენებდა. 2012 წელს „იკორთა“ სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ დაარსდა, რათა ქალებს ტრადიციული ტიხრული მინანქრის ტექნიკის შესწავლა, შემოსავლის მიღება და საკუთარი თავისადმი რწმენის აღდგენა შესძლებოდათ.

სწორედ ეს შეძლო ანა ახლოურმა, როდესაც ხუთი წლის წინ „იკორთაში“ მივიდა. მას სწავლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა. სახელოსნოში კი ანამ იპოვა ადგილი, სადაც სხვა ქალებთან ერთად სწავლასა და განვითარებას შეძლებდა. „’იკორთას’  დიდი მისია აქვს“,  ამბობს ანა, „ის იძულებით გადაადგილებულ ქალებს ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარება და აძლევს შანსს, დაიბრუნონ თავდაჯერება“. მართლაც, ანას მსგავსად, მრავალი ქალი სახელოსნოში მისვლისას ერთმანეთის გვერდში მდგომი პროფესიონალების ჯგუფის წევრი ხდება.

სამკაულების დამზადების პროცესი მათ ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. ტიხრული მინანქარი მოთმინებასა და ერთობლივ შრომას მოითხოვს: თავდაპირველად, მარტივი იდეა ესკიზად გადადის ფურცელზე და მერე ვერცხლის მავთულებისა და მინანქრის ფენებისთვის ფორმის მიცემით ცოცხლდება. მაგრამ მინანქრის სამკაულების დამზადება „იკორთაში“ მომუშავე ქალთა ხელსაქმედ სხვა მიზეზითაც შეირჩა: ამ ტრადიციულ მეთოდს ახალბედა იუველირები შედარებით მარტივად ეუფლებიან, ხოლო დამზადებული სამკაულები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარობით სარგებლობს.

თავდაპირველად, „იკორთამ“ მოწვეული მასწავლებლების დახმარებით ოთხი ქალი გამოწვრთნა, დროთა განმავლობაში კი ისინი თავად გახდნენ მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ უნარებს ახალ თაობებს გადასცემდნენ. „აქ ყველამ ნულიდან დაიწყო. გამოცდილება არავის ჰქონია“, იხსენებს ანა, „სწორედ ეს გამოარჩევს ‘იკორთას’ – ბიზნესის პარალელურად, ჩვენ შევქმენით პროფესიონალ ქალთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთად ეუფლებოდნენ ახალ ხელობას“.

სამკაულები ხშირად თანამშრომლობისა და დაკვირვების შედეგად იქმნება: ახალი კოლექციის შთაგონებად შარფის ორნამენტი, ნახატი ან კოლეგის მიერ შემოთავაზებული იდეა შეიძლება გახდეს. თითოეული ნივთის დამზადებას დაახლოებით ხუთი-შვიდი დღე სჭირდება – ეს პროცესი სიზუსტეს, შემოქმედებით მიდგომასა და გუნდურ მუშაობას მოითხოვს. აქ კრეატიულობა წახალისებულია, მაგრამ „იკორთა“ მომხმარებლის სურვილებსაც ითვალისწინებს და შემოქმედებით თავისუფლებას ბაზრის მოთხოვნებთან აბალანსებს. ანა გვიხსნის, რომ მათი მიზანია, შექმნან სამკაულები, რომლებიც ერთდროულად კლასიკურიც არის და თანამედროვეც და შეირჩევა დიზაინი, რომლის შექმნაც ქალებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. „ჩვენ არ ვქირაობთ სხვებს ტექნიკური დიზაინის შესაქმნელად. ჩვენთვის მთავარია, რომ დიზაინის შექმნა სახელოსნოში მომუშავე ქალებს შეეძლოთ“, განმარტავს ის.

სამუშაო ადგილზე მეტი

„იკორთა“ მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ეს არის სივრცე, სადაც ერთი თემის წევრები ერთმანეთს აძლიერებენ. იძულებით გადაადგილებული მრავალი ქალი წეროვანში აღმოჩენისას თავს დაკარგულად და გაუცხოებულად გრძნობდა. ანა ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელოსნოს სივრცე ამ ქალებისათვის: „ადამიანები აქ არა მარტო სამუშაოდ მოდიან, არამედ იმისთვისაც, რომ თავდაჯერება დაიბრუნონ და  რაღაც უფრო დიდის ნაწილი გახდნენ. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ზოგჯერ ერთმანეთს ვკურნავთ კიდეც“.

„იკორთამ“ პირველივე დღეებიდან პრიორიტეტად დაისახა ქალთა გაძლიერება, ვინაიდან მის დამაარსებლებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა პიროვნული და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის წინაპირობა არის. ზოგიერთი ქალი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ახალი პროფესიის დაუფლებას შეძლებდა. „იკორთა“ იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. „ერთ-ერთი დადებითი შედეგი ისაა, რომ ამ ქალებს მიეცათ მომავლის იმედი, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი რაღაც ახლის სწავლა და ამით ფულის გამომუშავება“, აღნიშნავს ანა.

პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებით გადაწყვეტილებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ქალებს დაეხმარა, საკუთარი თავი ახლებურად დაენახათ, რაც ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოჩნდა.

„იკორთაში“ მოქნილი სამუშაო გრაფიკიც უმნიშვნელოვანესია. ქალები სამუშაო საათებს ოჯახისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით განსაზღვრავენ, ხოლო შემოსავალი პროდუქტიულობის, უნარებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად იზრდება.

EU4Youth: ხელობიდან წარმოებამდე

თუმცა, სოციალური საწარმოს მართვას სირთულეებიც ახლავს თან. ანა გვეუბნება, რომ „იკორთას“ მხარდაჭერა სჭირდებოდა: „სოციალურ საწარმოებს ხშირად აკლიათ ბიზნესისთვის საჭირო მიდგომა. ფინანსური დაგეგმვა, ფასების განსაზღვრა და მართვა რთული იყო ექსპერტთა დახმარების გარეშე“.

ყველაფერი შეიცვალა, როცა „იკორთა“ EU4Youth Greenhouse for Social Innovators პროექტის მონაწილე გახდა. სახელოსნოსთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა მენტორთან თანამშრომლობა. ამ გამოცდილების შედეგად გუნდს სოციალური საწარმოს მართვაზე ახალი პერსპექტივები გამოუმუშავდა და შეძლო, დაენერგა სისტემური მიდგომა, ემართა მარაგები და ფინანსები და მეტად ეფექტიანად ემუშავა. ამ ცვლილებას ანა ასე იხსენებს: „ადრე ყოველთვის ვჩქარობდით, არ გვქონდა იმის დრო, რომ ჩვენი სამუშაო გვერდიდან, უცხო ადამიანის თვალით შეგვეფასებინა. ამაში მენტორი დაგვეხმარა, მან გვასწავლა ოპერაციების მართვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება და ფინანსური დაგეგმვა. ეს მხოლოდ რჩევები არ იყო; მან საწარმოს გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაგვადგმევინა“.

ასევე ძალზე ღირებული იყო სასწავლო ვიზიტი ბელგიაში. სხვა სოციალური საწარმოების სამუშაო პროცესებზე დაკვირვება „იკორთას“ გუნდს იმის გააზრებაში დაეხმარა, კონკრეტულად მათთვის რა მიდგომები იმუშავებდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ პროგრამის საშუალებით გუნდმა სხვა სოციალურ მეწარმეებთან დაამყარა კავშირი – ამ ქსელის დახმარებით გამოწვევების, იდეებისა და მოტივაციის გაზიარება გახდა შესაძლებელი.

სამომავლო პერსპექტივები

დღეს „იკორთაში“ ცხრა ქალი მუშაობს და ისინი იმედოვნებენ, რომ გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ – სახელოსნომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, ახალბედებისთვის კარი ღია ჰქონდეს და ხარისხიანი ნაკეთობებით გაითქვას სახელი.

„გვინდა, ხალხმა ჩვენი სამკაულები ხარისხისა და სილამაზისთვისაც დააფასოს და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც ეს სახელოსნო აქ მომუშავე ქალებისთვის აკეთებს“, ამბობს ანა. გუნდი იმედოვნებს, რომ მათ ნაკეთობებს მეტი ქართველი აღმოაჩენს და დააფასებს.

ანა ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს სოციალური მეწარმეობის შესწავლისკენ მოუწოდებს: „ჩვენ ვხედავთ, რა გამოწვევები არსებობს თემში და მათთან გამკლავება შეგვიძლია“, ამბობს ის. ანას მიაჩნია, რომ ბევრ ადამიანს აქვს იდეები, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ამ იდეებზე სოციალური საწარმო შეიძლება დაშენდეს. ამ პოტენციალის გამოვლენა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და სოციალური ბიზნესის პრინციპების გააზრებით არის შესაძლებელი.

„ძალიან მადლიერები ვართ EU4Youth პროექტის. ამ ტიპის მხარდაჭერის გარეშე სოციალური საწარმოების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა“.

„იკორთა“ იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია სოციალურ მეწარმეობას ადამიანების ცხოვრების გარდაქმნა. შემოქმედებითი პოტენციალის, უნარების განვითარებისა და თემის მხარდაჭერის გზით „იკორთა“ აძლიერებს ქალებს და ქმნის სამკაულებს, რომლებიც არა მხოლოდ სილამაზის გამო იწვევს აღფრთოვანებას, არამედ, იმ ადამიანების ისტორიების გამოც, რომლებიც მათ ქმნიან. თითოეული ნამუშევარი შეუპოვრობის, იმედისა და ახალი შესაძლებლობების ძალის ამბავს ჰყვება.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,