უკვე თვეებია, ბრიუსელში გამართულ დებატებსა და ეროვნულ – განსაკუთრებით, პოპულისტურ – კამპანიებში გამუდმებით ისმის ფრაზა, რომ ევროკავშირისთვის „უკრაინის დაფინანსება, უბრალოდ, ზედმეტად ძვირი ჯდება“. თუმცა, თუ რიცხვებს შევხედავთ, სულ სხვა სურათს დავინახავთ: პროგნოზების თანახმად, ევროკავშირი ამჟამად დაახლოებით იმავეს იხდის, რამდენსაც იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, რუსეთს ომი რომ მოეგო და ნატოსთან დაეწყო კონფლიქტი – თანაც, ეს უკანასკნელი სცენარი გაცილებით დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.
ეს დებატები აისახება იმაზეც, თუ როგორ განსხვავებულად წარმოაჩენს მედია უკრაინის მხარდაჭერის ფინანსურ ტვირთს. ევროპის უმსხვილესი საზღვრებსშორისი ჟურნალისტური ინიციატივის, PULSE-ის პარტნიორმა გამოცემამ, The Journal, ამას წინათ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აქარწყლებს მითს, თითქოს „უკრაინის დაფინანსება ირლანდიას მილიარდობით ევრო უჯდება“. ამის საპირისპიროდ, ახალი ამბების უნგრულ ვებსაიტზე, Origo, გამოქვეყნებული ფრაზა, რომ „უკრაინაზე ფინანსების ხარჯვა გახვრეტილ ტომარაში ფულის ჩაყრას ჰგავს“, კარგად აჩვენებს, როგორ იყენებს მთავრობის მხარდამჭერი მედია უნგრელი ხალხის ჰუმანიტარულ თუ რეალპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ შფოთვებს.
თუმცა, უფრო ზოგადად, მთელ ევროპაში შეიმჩნევა ახალი ტენდენცია: სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი აფუძნებს თავის კამპანიას მტკიცებაზე, რომ უკრაინაში ომის ფინანსური ტვირთი გაუმართლებლად დიდია. ეს მოვლენები გადამწყვეტ მომენტში ვითარდება, როცა ევროპამ საკუთარ თავზე სრულად უნდა აიღოს უკრაინის დაფინანსების პასუხისმგებლობა იმ ომში, რომელიც ნელ-ნელა ორივე მსოფლიო ომის ხანგრძლივობას უახლოვდება, ვაშინგტონი კი უკანა პლანზე გადასვლას არჩევს. ეს, თავის მხრივ, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზე ევროკავშირის ლიდერების უნარებსა და ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებს მნიშვნელოვან გამოცდას უწყობს.
ვინ უჭერს მხარს უკრაინას?
კილის ინსტიტუტის „უკრაინის მხარდაჭერის ტრეკერის“ უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ უნგრეთი უკრაინის მხარდასაჭერად შედარებით მცირე რესურსებს ხარჯავს – იმის მიუხედავად, ან, შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ ომი მის სიახლოვეს, მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს.
ეს მონაცემი მკვეთრად განსხვავდება შედარებით ნაკლებშემოსავლიანი ბალტიის ქვეყნებისა და სკანდინავიური სახელმწიფოების წილისგან, რომლებიც, მშპ-სთან შეფარდებით, ყველაზე დიდ დახმარებას სწევენ. გულუხვობით ასევე გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი, ხოლო გაცემული დაფინანსების აბსოლუტური მოცულობის მიხედვით გერმანია და საფრანგეთი ლიდერობენ.
თუმცა, საერთაშორისო გამსესხებლებსა და დონორებს შორის არსებობს ზოგადი კონსენსუსი, რომ უკრაინისთვის უწყვეტი მხარდაჭერის გარანტირება აუცილებელია. 2025 წლის 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეურბილებლად ამბობს: „ფულის დენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დონორების დაუყოვნებელი მოქმედება“.
IMF ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინას მოცულობითი ფისკალური და საგარეო დაფინანსება სჭირდება და რომ რისკები, ომის ხანგრძლივობისა თუ ინტენსივობის და დონორთა არასტაბილური მხარდაჭერის გათვალისწინებით, „განსაკუთრებით მაღალია“. პარალელურად, მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებას კონკრეტულ რიცხვში, 37 მილიარდ ევროში გამოხატავს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2026 წლის დასაწყისიდან და მომდევნო პერიოდშიც გადაუდებლად არის საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფა.
კილის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული უახლესი მონაცემები ასევე აჩვენებს, როგორ საგანგაშოდ იკლო 2025 წელს სამხედრო და თავდაცვითმა მხარდაჭერამ. 2022 წელს ომის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინის დახმარებაზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებების რიცხვი მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ევროპამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების სახით მხოლოდ დაახლოებით 4.2 მილიარდი ევრო გამოუყო – აშშ-ის მხარდაჭერის შეჩერების საკომპენსაციოდ ეს ძალიან დაბალი რიცხვია, აღნიშნულია კილის ინსტიტუტის ანალიზში.
ამავდროულად, ევროპის ქვეყნებს შორის მხარდაჭერის კუთხით უთანასწორობა გაიზარდა. საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი წილები, თუმცა, შეფარდებითი მონაცემებით, ისინი მაინც ჩამორჩებიან სკანდინავიის ქვეყნებს. ამის საპირისპიროდ, იტალიამ და ესპანეთმა მინიმალური წვლილი გაიღეს.
ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ტანკებისთვის ყველაზე დიდ დაფინანსებას გამოყოფს, ხოლო პოლონეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ და ბალტიის ქვეყნებმა უკრაინას ყველაზე დიდი რაოდენობის მძიმე შეიარაღება მიაწოდეს.
რაც შეეხება ირლანდიას, ამ თვის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა (ტიშეხმა), მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი სტრატეგიის ნაწილად უკრაინისთვის დამატებით 125 მილიონი ევრო გამოიყოფა.
სტრატეგია არალეტალური სამხედრო მხარდაჭერის სახით დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფასაც ითვალისწინებს. ამას გარდა, უკვე გაკეთდა განცხადება 100 მილიონი ევროს გამოყოფაზე, ხოლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის ცალკე 25 მილიონი ევრო გაიცემა.
წელს ირლანდიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ ჰუმანიტარული და სტაბილიზაციისთვის განკუთვნილი მხარდაჭერისთვის დაახლოებით 35.4 მილიონ ევროს გამოყოფს.
სხვა ქვეყნებში ლტოლვილებთან დაკავშირებული ხარჯი განსაკუთრებით დიდ ტვირთად აწევს გერმანიას, პოლონეთს, რუმინეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას.
რამდენი უჯდება ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერა?
ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის (EPRS) 2025 წლის ოქტომბრის მიმოხილვის თანახმად, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და 27-მა წევრმა სახელმწიფომ, „ევროპის გუნდის“ სახელით, უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის 2022 წლის თებერვლიდან დღემდე დაახლოებით 177.5 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს.

ამაში შედის მაკრო-ფინანსური დახმარება და „უკრაინის მექანიზმისთვის“ 2024-2027 წლებისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო, საიდანაც 38.27 მილიარდი ევრო წარმოადგენს პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას, ძირითადად, შეღავათიანი სესხების სახით. ამას ემატება სამხედრო დახმარება, რომლის მოცულობასაც EPRS დაახლოებით 63-65 მილიარდ ევროდ აფასებს, რაშიც წევრი სახელმწიფოების შენატანები და ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) მხარდაჭერაც შედის.
სულ ბოლოს, ლტოლვილთათვის განკუთვნილი მხარდაჭერა ის კომპონენტია, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ უკრაინასთან იშვიათად აკავშირებს. ამის მიუხედავად, კილის ინსტიტუტის „უკრაინის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებზე დაყრდნობით, EPRS ადგენს, რომ ადრეული 2022 წლიდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ლტოლვილებთან დაკავშირებით გაცემულმა ხარჯებმა დაახლოებით 155 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ – რაც მოიცავს ევროკავშირის საბიუჯეტო პროგრამებს, სამხედრო დახმარებასა და ლტოლვილებთან დაკავშირებულ ხარჯს – ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაცემული სრული მხარდაჭერა 3.5 წლის განმავლობაში 330 მილიარდ ევროს უტოლდება. წლიურად ეს დაახლოებით 90-100 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან შედარებით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მშპ 2024 წელს 15,000 მილიარდ ევროზე მეტი იყო – რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინისთვის გაღებული მხარდაჭერა ევროკავშირის წლიური ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 0.6-0.7 პროცენტულ ერთეულს უტოლდება.
EIB და EBRD: ევროკავშირის „განვითარებაზე ორიენტირებული ომის პერიოდის ეკონომიკა“
უკრაინის დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტებიც ასრულებენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფის 2025 წლის ივლისის განცხადების თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ბანკმა უკრაინის მხარდაჭერისა და სესხების სახით 3.6 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო – ეს თანხები, ძირითადად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ომის პერიოდში უკრაინის ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია: 2025 წელს რომში გამართულ „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ ბანკმა განაცხადა, რომ ომის პერიოდში მისმა დაფინანსებამ 7.6 მილიარდ ევროს მიაღწია და რომ ის მიზნად წლიური დაფინანსების 1.5-2 მილიარდ ევრომდე შენარჩუნებას ისახავს.
ეს რიცხვები არ წარმოადგენს „ფუფუნებაში ჩადებულ ინვესტიციებს“. მხარდაჭერა, ძირითადად, ელექტროსადგურებს, ხიდებს, ურბანული ცენტრალური გათბობის სისტემებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და მცირე და საშუალო საწარმოების გადარჩენას ხმარდება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერ იმას, რის გარეშეც ომში მყოფი ქვეყანა სწრაფად გადაიქცეოდა ევროკავშირის არასტაბილურ, ჩამოშლის პირას მყოფ მეზობლად.
ევროპა და შეერთებული შტატები: რეალურად, ვინ იხდის?
ტრანსატლანტიკური „ვინ იხდის უფრო მეტს?“ დებატების ფონზე, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ წლის პირველ ნახევარში ევროპამ უკან მოიტოვა უბრალო დამხმარის როლი და უკრაინის მთავარ ფინანსურ მხარდამჭერად იქცა. კილის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წლიდან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდასაჭერად მთლიანობაში დაახლოებით 165.7 მილიარდი ევრო გამოყვეს, მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 130.6 მილიარდი ევრო უზრუნველყო.
EPRS ასევე ხაზს უსვამს, რომ 2025 წლისთვის „ევროპის გუნდმა“ ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის საერთო მოცულობით შეერთებულ შტატებს გადაუსწრო.
სამხედრო აღჭურვილობის მხრივაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წელს უკრაინას ვაშინგტონზე ოდნავ მეტი გამოუყვეს: კერძოდ, 65.1 მილიარდი ევრო აშშ-ის მიერ გაცემულ 64.6 მილიარდ ევროსთან შედარებით. ამას ემატება 32.8 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის ვალდებულება, რომელიც ევროპამ საკუთარ თავზე აიღო.
თუმცა, საერთო სურათი გაცილებით კომპლექსურია, რადგან აშშ-ის მხარდაჭერის უდიდესი წილი გრანტებზე მოდის, მაშინ, როცა ევროკავშირის დაფინანსების დაახლოებით 75% შეღავათიანი სესხებია ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდებითა და საპროცენტო სუბსიდიებით. მართალია, ამ მხრივ ევროკავშირს უფრო დაბალი დაუყოვნებელი ხარჯები აქვს, მაგრამ ის, ამასთან, უფრო დიდ გრძელვადიან ფინანსურ რისკზე მიდის – ნაწილობრივ, იმ მოლოდინზე დაყრდნობით, რომ ეს სესხები საბოლოოდ რუსეთის აქტივებიდან ან „ომის რეპარაციების სესხების“ მეშვეობით დაიფარება.
რა დაჯდება უფრო ძვირი: უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის წინსვლა?
მტკიცების, თითქოს „უკრაინის დაფინანსება ზედმეტად ძვირი ჯდება“, საწინააღმდეგო საუკეთესო არგუმენტი იმის ჩვენებაა, თუ რამდენად ძვირად დაუჯდება ევროპას ამ ხარჯის გაწევაზე უარის თქმა.
საჯაროდ დაფინანსებული ნორვეგიული ანალიტიკური ფირმის, Corisk-ისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) მიერ
ბოლო დროს ჩატარებული კვლევა ამ ორი სცენარის შედარებით მკაფიო პროგნოზებს იძლევა:
კვლევა ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების შემცირებულ როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერის ტვირთი მეტწილად – როგორც ეს დღეს არის – ევროპას დაეკისრება.

რამდენი დაუჯდება ევროპას, რუსეთი რომ ნატოს წევრს დაესხას თავს?
არ არსებობს ევროკავშირის პირდაპირი, ოფიციალური კალკულაცია, თუ რა დაჯდება რუსეთის ნატოსთან ომი, თუმცა, არსებობს მიახლოებითი ვარაუდები, რა დაფინანსება დასჭირდება ევროპის თავდაცვას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ნატოდან გამოვა.
ბრიუსელში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, Bruegel-ის 2025 წლის ანალიზის თანახმად, ევროპას რომ შეერთებული შტატების გარეშე მოუწიოს რუსეთის შეკავება, ეს მომდევნო წლების განმავლობაში დამატებით მოითხოვს, სულ მცირე, 300,000 ქვეით ჯარისკაცს და თავდაცვისთვის ყოველწლიურად გამოსაყოფ დაახლოებით 250 მილიარდ ევროს.
ზემოთ მოხმობილი ნორვეგიული კვლევის თანახმად, პირველი სცენარით გათვალისწინებული რუსეთის მიერ ნატოს წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის საჭირო დამატებითი თავდაცვითი ხარჯები ევროპის საერთო დანახარჯებს 1.2-1.6 ტრილიონ ევრომდე გაზრდის.
მხოლოდ ეს მონაცემიც კი უკვე აღემატება იმ საერთო ხარჯს, რომელსაც ევროკავშირი უკრაინისთვის ამჟამად გასცემს. თანაც, ეს კალკულაცია ბალტიის ქვეყნების ინფრასტრუქტურის ან სკანდინავიის თეატრების პოტენციურ ნგრევასა თუ ლტოლვილთა ახალ ტალღებს არ ითვალისწინებს.
ავტორი: გიერგ ფოლკი
სტატია დაიწერა ევროპის საზღვრებსშორისი ჟურნალისტური პარტნიორობის ნაწილად, EU NEIGHBOURS east პროექტის ფარგლებში.
სტატია თავდაპირველი სახით გამოქვეყნდა უნგრულ ენაზე, გამოცემის HVG მიერ





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,