2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი დღის თავზე, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ითხოვა ევროკავშირში ქვეყნის „სპეციალური პროცედურით“ დაუყოვნებლივ მიღება (მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს) და მომდევნო საათების განმავლობაში ასწრაფებულ პროცესს რვა წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებმა დაუჭირეს მხარი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი პოლიტიკურად გაუმაგრა ზურგი იდეას, რომ უკრაინა „ევროპის ოჯახს ეკუთვნის“.
უკრაინის განაცხადმა დააგვირგვინა პროცესი, რომელიც, სულ მცირე, 2013 წელს დაიწყო, როცა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, არ მოეწერა ხელი ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის, ევრომაიდანის საპროტესტო აქციები გამოიწვია. ევრომაიდანის ჩახშობის მცდელობებსა და შეტაკებებში კიევში ათობით დემონსტრანტი მოკლეს; უკრაინის მოსახლეობის ნაწილი, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა იდეას, რომ ევროპა ქვეყნის არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას, არამედ პოლიტიკურ და მორალურ ბედისწერასაც წარმოადგენდა.
არაერთგვაროვანი ურთიერთობა
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობის მიღმა, ევროინტეგრაცია უკრაინაში დიდი ხანია, რაც მოდერნიზაციის წინაპირობად და პოსტსაბჭოთა პერიოდის სტაგნაციისგან თავის დაღწევის გზად ისახებოდა, რასაც ხშირად საარჩევნო კამპანიების დროს უსვამდნენ ხაზს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები. მაგრამ მრავალი ევროპული სახელმწიფო მიიჩნევდა, რომ უკრაინის ამბიციები – რომლებიც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ გაძლიერდა – სიფრთხილით უნდა მართულიყო და ნიუანსურ გეოპოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ რისკს შეიცავდა – განსაკუთრებით, ადრეულ 2000-იან წლებში, როდესაც რამდენიმე წევრი სახელმწიფო რუსეთთან ურთიერთობას არსებით მნიშვნელობას ანიჭებდა.

ამგვარ დამოკიდებულებაში პირველი გარდატეხა 2014 წელს მოხდა: ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ორ ეტაპად მოეწერა ხელი (2014 წლის მარტსა და ივნისში) და ის სრულად ძალაში მხოლოდ 2017 წლის 1 სექტემბერს შევიდა, რისი მიზეზიც ნიდერლანდებში საზოგადოების მხრიდან გამოხატული მოულოდნელი წინააღმდეგობა გახდა. შეთანხმება მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რამაც უკრაინის კანონმდებლობისა და სტანდარტების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა. იმავე ათწლეულში გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც მილიონობით უკრაინელისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: 2017 წლის ივნისიდან მოყოლებული, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტებისას (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ შესვლა შეუძლიათ — ევროკავშირის სტანდარტული გამონაკლისების გათვალისწინებით.
ამის მიუხედავად, 2022 წლამდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბუნდოვან, შორეულ მიზნად უფრო რჩებოდა, ვიდრე კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმად. 2022 წლის შეფასებაში ევროკომისიამ ამ გზაზე ქვეყნის პროგრესი დაუკავშირა სტრუქტურულ რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა თუ კორუფციასა და ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლა, რა დროსაც ამ მიმართულებებით უკრაინის წინსვლა აღნიშნა, თუმცა სისტემურ სუსტ წერტილებზეც გაამახვილა ყურადღება. ამ მოვლენებს ფონად გასდევდა ეგრეთ წოდებული „გაფართოებით გადაღლა“, რომელიც მოჰყვა 2004 წლის მასშტაბურ გაფართოებას, რაც გაძლიერდა ეკონომიკური კრიზისით და 2008 წლის მომდევნო პერიოდის ეკონომიკური ხელმომჭირნეობის წლებით; ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს ევროკავშირის უახლეს წევრად ხორვატია რჩება, რომელიც წევრი სახელმწიფო 2013 წელს გახდა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივამ კონკრეტული ფორმა მხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიძინა: გაფართოება ხომ უპირველესად პოლიტიკური გადაწყვეტილება არის.
როგორია ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა: კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ევროკავშირის კანონთა კრებული
ევროკავშირში გაწევრიანება დისკრეციული პოლიტიკური „ჯილდო“ არ არის; მის სამართლებრივ ჩარჩოს ხელშეკრულებები ადგენს. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლი ევროკავშირის ღირებულებების პატივის მცემ ევროპულ სახელმწიფოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას აძლევს, რის მერეც იწყება გრძელი პროცესი, რომელსაც ევროკომისიის შეფასებები და წევრ სახელმწიფოთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებები წარმართავს. არსებით ორიენტირს წარმოადგენს 1993 წელს მიღებული „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“: სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა, რაშიც ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა პატივისცემაც მოიაზრება; ქმედითი საბაზრო ეკონომიკა; და წევრობის ვალდებულებათა აღების შესაძლებლობა, რაც ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis, ევროინტეგრაციის პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობა) მიღებასა და შიდა საბაზრო კონკურენციასთან გამკლავების უნარის ქონას ნიშნავს.
ტექნიკურად, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირის კანონთა კრებულის 33 თავს ეხება. დღეისთვის ეს თავები ექვს თემატურ ბლოკადაა დაყოფილი – საფუძვლები; შიდა ბაზარი; კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებულობა; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა; და საგარეო ურთიერთობები. მოლაპარაკებების პროცესის განმსაზღვრელი პოლიტიკური წესის თანახმად, „საფუძვლების“ ბლოკი იხსნება პირველ რიგში და იხურება ბოლოს, რადგან სწორედ აქ მიღწეული პროგრესი განაპირობებს მთელი პროცესის ტემპსა და დამაჯერებლობას.
როცა ევროკომისიამ 2022 წლის 17 ივნისს უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემაზე გასცა რეკომენდაცია, მან, ამასთან, შვიდი დაუყოვნებლივ შესასრულებელი პრიორიტეტიც განსაზღვრა: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა; სასამართლოს რეფორმის გაგრძელება; ანტიკორუფციული ზომები, მათ შორის SAPO-სა და NABU-ს მართვა; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების მიღება; „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა შესაბამისად აღსრულება; აუდიოვიზუალური მედიის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან თანხმობაში მოყვანა; და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კანონების შესწორება. უკრაინის შესახებ 2024 წლის ანგარიშში კომისიამ აღწერა ის ეტაპობრივი პროცესი, რომელიც 2024 წლის ივნისში მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნით დასრულდა. კომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანამ დარჩენილი ნაბიჯები შეასრულა და რეფორმები დამაკმაყოფილებლად შეაფასა, რამაც შესაძლებელი გახადა მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღება.

თუმცა პრობლემა ისაა, რომ მოლაპარაკებების პროცესი წლები გრძელდება და მოიცავს სკრინინგს, ბლოკების გახსნასა და დახურვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთსულოვან გადაწყვეტილებებს თითოეულ ეტაპზე – პროგრესით დაწყებული, საბოლოო რატიფიკაციით დასრულებული. სწორედ აქ შემოდის სურათში სახელმწიფოთა ვეტოები. ბოლო თვეებში უკრაინის გაწევრიანებას ყველაზე სისტემურად ვიქტორ ორბანის უნგრეთი ეწინააღმდეგება, ხოლო რობერტ ფიცოს სლოვაკეთი – კიდევ ერთი მთავრობა, რომელიც კრემლისეულ პოზიციასთან დგას ახლოს – მხარს გაწევრიანების პირობების „მკაცრ ინტერპრეტაციას“ უჭერს. ორივე ქვეყანა, და მათთან ერთად ევროკავშირის არაერთი სახელმწიფოს ულტრამემარჯვენე და პოპულისტური პარტიები, ამტკიცებს, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირის ბიუჯეტს თითქოსდა გაუსაძლის ტვირთად დააწვება.
კიევ-მოჰილას აკადემიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის მიმართულებით ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის, რომან პეტროვის თანახმად, ამან პარადოქსი შექმნა: ბლოკები „ოფიციალურად“ გახსნილი არ არის, თუმცა ტექნიკური სამუშაო ეგრეთ წოდებული ლვივის ფორმატით არაოფიციალურად კვლავ მიმდინარეობს, რის პარალელურადაც ოფიციალური კიევი ელოდება ერთსულოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შესრულებულ ნაბიჯებს მოლაპარაკებების ოფიციალურ ეტაპებად აქცევს.
მაგრამ ერთსულოვნება იმ ათპუნქტიანი გეგმის მიუხედავადაც კი შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ მიიღწეს, რომელიც გაფართოების ევროკომისარმა, მარტა კოსმა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ რეფორმების ასაჩქარებლად და ბლოკების გასახსნელად წარადგინეს. „ამ ეტაპზე პრობლემები გვაქვს აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის მქონე რამდენიმე ქვეყანასთან: უპირველესად, უნგრეთთან და სლოვაკეთთან. ცხადია, ეს მთავრობები მომავალში შეიძლება შეიცვალოს [უნგრეთში არჩევნები ამ წლის აპრილშია დანიშნული და წინასაარჩევნო გამოკითხვებში ორბანის პარტია თითქმის ათი ქულითაა ჩამორჩენილი, შენიშვნა რედაქტორისგან]“, აღნიშნავს პეტროვი, „მაგრამ მემარჯვენე პოპულისტურ მთავრობათა ანტიუკრაინული ტალღაც ასევე შეიძლება გაიზარდოს, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც კი. ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ საფრანგეთი და გერმანია არიან“.
„დაჩქარებული წესით“ გაწევრიანების სირთულეები
ბოლო თვეებში მრავალი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი საუბრობს გაფართოების დაჩქარებისა და პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე – არა მხოლოდ ოფიციალური კიევისთვის, არამედ გაწევრიანების პროცესში პროგრესის მქონე სხვა ისეთი კანდიდატი ქვეყნებისთვისაც, როგორებიცაა მონტენეგრო, მოლდოვა და ალბანეთი, რომლებიც უკრაინაზე გაცილებით პატარა ზომისა არიან და ნაკლები გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ. ეს იმედები განაახლა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ნოემბერში გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირს ახალი წევრები ჰყავდეს.
უკრაინისთვის მსგავსი სცენარის შესაძლებლობა კიევსა და მოსკოვს შორის იმ ნელი და არასწორხაზოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისას გამოიკვეთა ხელახლა, რომელსაც დონალდ ტრამპის შეერთებული შტატები შუამავლობს. კერძოდ, ცალკეულმა პირმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინა, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად, უკვე 2027 წელს გაწევრიანდეს ევროკავშირში „შემსუბუქებული წევრობის“ მოდელის ფარგლებში. ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ უკრაინა ტექნიკურად ევროკავშირში იქნება, თუმცა არ ისარგებლებს სრულფასოვანი უფლებებით, მათ შორის, ვეტოს უფლებით. ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში Politico-ს ევროკავშირის მთავარმა კორესპონდენტმა, ზოია შეფტალოვიჩმა გაწერა ხუთი ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც გახდიდა შესაძლებელს ევროკავშირში უკრაინის 2027 წელს გაწევრიანებას.

„არ მგონია, რომ ეს რეალისტური პერსპექტივაა“, ამბობს პეტროვი, „თავდაპირველად, ტერმინები უნდა განვსაზღვროთ. თუ სრულფასოვან წევრობაზე ვსაუბრობთ, როგორც აქამდე განიხილებოდა, ამგვარი დროითი გრაფიკის დაცვა შეუძლებელია. 2027 წლისთვის უკრაინა ამას ვერ მოახერხებს; ჯერ მოლაპარაკებებიც კი არ დაწყებულა, რადგან პროცესს ბუდაპეშტი და ბრატისლავა ბლოკავენ. თუ სხვა ფორმატებს განვიხილავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს „ნაწილობრივი წევრობა“ საარჩევნო უფლებების გარეშე. ჩვენ ან სრულფასოვან წევრობაზე ვსაუბრობთ, ან საერთოდ არაფერზე, რადგან სხვაგვარი ფორმატები, უბრალოდ, არ არსებობს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რეფორმები აუცილებელია – ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოქმედი სისტემა მოძველებულია და კვლავ ერთსულოვნების პრინციპს ეფუძნება – მაგრამ არარეალისტურია, რომ უახლოეს მომავალში ველოდეთ მათ განხორციელებას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიპლომატიურად განაცხადა, რომ უკრაინა იმას მაინც ეცდება, რომ 2027 წლისთვის ტექნიკურად მზად იყოს გასაწევრიანებლად. თუმცა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკვე გამორიცხა ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, რაიმენაირი მსუბუქი ფორმატით გაწევრიანება. გერმანიის პოზიცია კი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპულ ძალთა ბალანსზე.
„ჩვენ გვიწევს, გავუმკლავდეთ მზარდ დაძაბულობას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო სჭირდება სანდო, დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას და როგორ ძლიერდება გარე მოთამაშეების ზეწოლა ჩვენს კანდიდატებზე – ზეწოლა, რომლის მიზანიც ევროკავშირის გზაზე მათი წინსვლის პოლიტიკური საფასურის გაზრდა არის“, აღნიშნა კოსმა თებერვლის დასაწყისში ტალინში ყოფნისას. „გაფართოების ჩვენეული მოდელი მოითხოვს დროს, სტაბილურობასა და რეფორმების ეტაპობრივად გატარებას. მაგრამ დღევანდელი გეოპოლიტიკური გარემო არასტაბილური და ხშირად ზეწოლის მომხდენი არის“, დაურთო მან და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ახალი მოდელი, რომელიც განიხილება, დადგენილი საწყისი წერტილიდან უნდა ამოდიოდეს: „სრულფასოვანი წევრობა მხოლოდ სრულფასოვან რეფორმებს მოსდევს“. კოსმა აქამდე უკვე ისაუბრა ევროკავშირში ახალი „ტროის ცხენების“ შეშვების საფრთხეზე, რათა აღარ განმეორდეს უნგრეთის სცენარი.
რეალურად რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს კიევს?
პეტროვი ჩამოთვლის რამდენიმე გამოწვევას, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეღობება. ისინი უკავშირდება „უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და სამართალს. ამასთან, თავად წევრი სახელმწიფოებიც არ არიან მზად, მიიღონ ომში მყოფი ქვეყანა და, შედეგად, პასუხისმგებლობა აიღონ მის ტერიტორიულ სუვერენიტეტზე ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპის ქვეშ. ერთია ფინანსური და სამხედრო დახმარება და მეორეა კონტინგენტებისა და ჯარისკაცების გაგზავნა“. ის ურთავს, რომ, მართალია, ზოგიერთები კვიპროსულ მოდელს ახსენებენ, რა დროსაც კვიპროსის რესპუბლიკა თავისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შეუერთდა ევროკავშირს, მაშინ, როცა მისი ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ თურქეთს ჰქონდა ოკუპირებული, მაგრამ იმ დროისთვის კუნძულზე საბრძოლო მოქმედებები ათწლეულობის განმავლობაში იყო გაყინული.
თუმცა ეს მოსაზრება დებატების თემად რჩება და ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს. სანამ პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბარიერები გადასალახავი რჩება, ბრიუსელში ომის პერიოდში გაწევრიანების საკითხი სულ უფრო მეტად აღიქმება უპრეცედენტო გამოწვევად, ვიდრე ერთმნიშვნელოვან შეუძლებლობად. გასული წლის განმავლობაში უკრაინის გაწევრიანებისთვის მზადებამ მრავალი მიმართულებით წაიწია წინ. ეგრეთ წოდებული „ლვივის ფორმატი“ წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას საშუალებას აძლევს, დაჩქარებულად წაწიონ წინ პროცესი: უკრაინამ უკვე მიიღო დეტალური ნიშნულები და ტექნიკური კრიტერიუმები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებებისას გაიცემა. ამ ეტაპზე სამუშაო სპეციფიკურ დეტალებზე კონცენტრირდება და კომისია უკვე განმარტავს შუალედურ და საბოლოო ნიშნულებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სასამართლო რეფორმა და საჯარო შესყიდვები. იმავე დროს, რუსეთის ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიფრთხილით ისაუბრა. მან უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის შესვლაზე კიევის ამბიციისთვის მხარის დაჭერაზე უარი თქვა და ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანების პროცესი ვერ მიებმება კონკრეტულ დროით ნიშნულებს – იმის მიუხედავად, რომ უკრაინა კონკრეტული დროითი გრაფიკის განსაზღვრას კვლავ ითხოვს.

ახლახან გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ, ზელენსკის თხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის მთავრობები არ არიან მზად, უკრაინას გაწევრიანების კონკრეტული თარიღი დაუსახელონ. „დიდი სამუშაოა შესასრულებელი“, განუცხადა მან პანელს.
პეტროვის თანახმად, იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ამჟამად განიხილება, ევროკავშირის სტანდარტებთან ყველაზე მეტად დაახლოებული საგარეო ურთიერთობებია, რომელიც სავაჭრო პოლიტიკას და საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას მოიცავს. შესაბამისობა აქ მეტწილად პოლიტიკური და დიპლომატიურია და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიუსელს შორის კოორდინაციას ეფუძნება: „უმეტესად საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისას მოარგოს“.
სხვა თავებთან მიმართებით ვითარება განსხვავებულია. შიდა ბაზრის ბლოკის ფარგლებში საკანონმდებლო რეფორმები ტექნიკურად კი შესაძლებელია, მაგრამ შესაძლოა, წააწყდეს „წინააღმდეგობას გარკვეული ეკონომიკური სექტორების მხრიდან, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორებისგან“, რომლებიც ტრადიციულად სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობენ. თუმცა მთავარ შემაფერხებელ გამოწვევად საფუძვლების ბლოკი რჩება, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას და განგრძობით რეფორმებსა და ხელშესახებ შედეგებს საჭიროებს: „კორუფცია გრძელდება, სკანდალები არ ქრება, არადა ეს სფეროები მუდამ დარჩება ევროკავშირის დაკვირვების ქვეშ“. გასულ ზაფხულს მომხდარი სკანდალი, რომელშიც გახვეული იყვნენ ანტიკორუფციული ორგანოები NABU და SAPO – რომლებიც პარლამენტის კენჭისყრით მთავრობის კონტროლის ქვეშ უნდა მოქცეულიყვნენ, თუმცა ზელენსკიმ მასობრივი პროტესტის ფონზე გადაწყვეტილება შეცვალა – პროგრესის გზაზე არსებულ გამოწვევებს გამოკვეთს.
პეტროვი ურთავს, რომ ბევრი რეფორმა ომის პერიოდში რთულად გასატარებელია. განსაკუთრებით ეს ეხება დაკავშირებულობისა და მწვანე გარდაქმნის სფეროებს, რომლებიც „მოითხოვს არა მხოლოდ კანონებს, არამედ ინვესტიციებსა და ადმინისტრაციულ უნარებს“.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ხშირად უგულებელყოფილ ორ პოლიტიკურ ფაქტორზე. პირველი ეხება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობას: ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ნებისმიერი სახის სტრატეგიული განხეთქილება გარდაუვალად აისახება კიევზე, რომელიც ორივეს მოკავშირეა. ამ კონტექსტში, ნატოს მომავალიც გაურკვეველია. ალიანსი რომ შესუსტდეს ან გარდაიქმნას, ევროკავშირის მრავალმა წევრმა სახელმწიფომ საერთო ევროპულ თავდაცვას შეიძლება დაუჭიროს მხარი. ასეთ სიტუაციაში კი უკრაინა – თავისი სამხედრო გამოცდილებითა და სტრატეგიული მნიშვნელობით – ერთობ სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება.

ხშირად სათანადოდ დაუფასებელი მეორე ფაქტორი ევროკავშირის შიდა რეფორმის საჭიროებას ეხება. არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც ლისაბონის შეთანხმებას ეფუძნება, ფართოდაა მიჩნეული დიდმასშტაბიანი გაფართოებისთვის შეუფერებლად. უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ერთდროული გაწევრიანება სიღრმისეულ ცვლილებებს მოითხოვს, იქნება ეს გარკვეულ სფეროებში ერთხმიანების პრინციპის გადახედვა თუ გარკვეულ სფეროებში, განსაკუთრებით თავდაცვის მიმართულებით, საერთო პოლიტიკის გაძლიერება. მაგრამ წევრ სახელმწიფოებს შორის ამგვარი მოლაპარაკებები კომპლექსური და პოლიტიკურად მტკივნეული იქნება.
საბოლოოდ, პეტროვი ეთანხმება მოსაზრებას, რომ „გაფართოება უპირველესად პოლიტიკური პროცესია“. წევრ სახელმწიფოთა შორის ერთსულოვნების არარსებობისას რეფორმების დარგში მნიშვნელოვანი პროგრესიც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი: „ასეთია წესები“. გაწევრიანებას მხარი თითოეულმა ეროვნულმა პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რაც რთულ კითხვებს აჩენს იმაზე, თუ რომელი ძალები იქნებიან ძალაუფლებაში კენჭისყრის მომენტში.
ისეთმა ძლიერად პროუკრაინულმა ქვეყანამაც კი, როგორიც ნიდერლანდებია, 2016 წელს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების თემაზე რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც ევროსკეპტიკოსების გამარჯვებით დასრულდა და ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს ფრთხილ პოზიციას. რა მოხდება, თუ მსგავსი სიტუაცია განმეორდება ორბანის უნგრეთში ან სხვა ქვეყნებში? ეს ფაქტორები ოფიციალურ კიევზე ნაკლებადაა დამოკიდებული და გაცილებით მეტად – ევროკავშირის შიდა პოლიტიკაზე.
უკრაინას მხოლოდ ის შეუძლია, რომ, ომთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რეფორმების მძიმე გზის გავლა გააგრძელოს და ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს – რის პარალელურადაც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში პოლიტიკური ამინდი მის საკეთილდღეოდ შეიცვლება.
ავტორი: ანდრეა ბრასჩაიკო
სტატია დაიწერა ევროპის საზღვრებსშორისი ჟურნალისტური პარტნიორობის ნაწილად, EU NEIGHBOURS east პროექტის ფარგლებში.
სტატია თავდაპირველი სახით გამოქვეყნდა იტალიურ ენაზე, გამოცემის OBCT მიერ





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,