პოლონეთში გამართულ ახალგაზრდა ლიდერების ევროპულ ფორუმს 50-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ესწრება
აპრილი 26, 2022

პოლონეთში გამართულ ახალგაზრდა ლიდერების ევროპულ ფორუმს 50-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ესწრება


ახალგაზრდა ლიდერების ევროპულ ფორუმში 50-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — მათ შორის 20 ელჩი უკრაინიდან — მონაწილეობს. ესაა სამდღიანი კონფერენცია, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 25-27 აპრილს, ევროპის ეკონომიკური კონგრესის ფარგლებში ტარდება. 

ფორუმი აერთიანებს 200-მდე ახალგაზრდა ევროპელ ლიდერს ევროკავშირიდან და სამეზობლოს ქვეყნებიდან. კონფერენციის ფარგლებში ტარდება ექსპერტთა დისკუსიები და თემატური სესიები ევროპელი ახალგაზრდობის თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინელი ახალგაზრდობის პრობლემების განხილვას ეთმობა.

ფორუმის ძირითადი ამოცანაა, საშუალება მისცეს ინიციატივიან ახალგაზრდა აქტივისტებს ევროკავშირიდან, დასავლეთ ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, დაამყარონ კავშირები და განიხილონ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მთელ ევროპაში. სამდღიან ფორუმს ესწრებიან აქტივისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სტუდენტები რეგიონული უნივერსიტეტებიდან და კონგრესში მონაწილე მეწარმეები. 

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ევროპას იმ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელთა შედეგების სრულყოფილად პროგნოზირება არ შეგვიძლია“, — ამბობენ ორგანიზატორები. მათი თქმით, ამის გამო ყველა სესიის და სამუშაო შეხვედრის კონტექსტი განისაზღვრება ომით და განიხილება უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები. „გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში რაც შეიძლება მეტმა უკრაინელმა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაზე იმ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, რომლებიც რუსეთიდან მოდის“.

დღის წესრიგში შეტანილი დანარჩენი თემები მოიცავს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის გეგმასა და 2019-2027 წლების ევროპის ახალგაზრდულ სტრატეგიას. ფორუმზე ასევე განიხილება ევროპელი ახალგაზრდობის 2021-2027 წლების პროგრამების თემატური პრიორიტეტები, რომელშიც შედის ინკლუზია და მრავალფეროვნება, ციფრული ტრანსფორმაცია, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობა.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ლიდერების ევროპული ფორუმი

პროგრამა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

SALTO Youth



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,