ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს
ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს


მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა საერთაშორისო დღის, 27 ივნისის წინა პერიოდში, ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლები რამდენიმე საწარმოს ეწვივნენ და ამ დახმარების ხელშესახებ შედეგებს გაეცნენ.

სტუმრებს შორის იყვნენ ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, და დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, მათ შემდეგი საწარმოები მოინახულეს:

  • შპს „კოსმო” (თბილისი) – ტრენდული ჩანთებისა და აქსესუარების სწრაფად მზარდი მწარმოებელი, რომლის პროდუქცია წარმატებით იყიდება ჰოლანდიის, დანიის, საფრანგეთის, იტალიისა და აშშ-ის ბაზრებზე. „კოსმო”-ში დასაქმებულია 80 თანამშრომელი, აქედან 88 პროცენტი ქალია.
  • შპს „ჯორჯიან ფექიჯინგი” (თბილისი) – ეკო-მეგობრული შეფუთვის მწარმოებელი, რომლის წარმოების პროცესი და ლოგისტიკა ევროკავშირში მიღებული გარემოსდაცვითი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
  • შპს „ოქს-ჯენი” (მცხეთა) – ბიოტექნოლოგიის კომპანია, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით, ბიომოლეკულური რეაგენტებისა და დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული მოწყობილობების ექსპორტს გერმანიასა და უნგრეთში ახდენს.
  • შპს „ჩემპი” (სოფელი დიცი, გორის მუნიციპალიტეტი) – ჯანსაღი ხემსის საწარმო, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ სოფელში მდებარეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასაქმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში. საწარმოში დასაქმებულია 13 ადამიანი, აქედან 12 ქალი. „ჩემპის“ გემრიელი და სასარგებლო პროდუქცია აშშ-სა და კანადაში იყიდება, ხოლო სულ მალე გერმანიის ბაზარზეც გამოჩნდება.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ამ ბიზნესებმა წარმოების მოდერნიზება და დანადგარების განახლება შეძლეს, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული სერტიფიცირების პროცესი გაიარეს და მიწოდების ჯაჭვები გააძლიერეს.

„ამ მცირე და საშუალო საწარმოების მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ევროკავშირი: ეს არის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რათა ამბიციური გეგმები რეალობად იქცეს. ჩვენი მხარდაჭერით, ქართული ბიზნესი ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს, უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და საერთაშორისო ბაზრებს იპყრობს. ამ დახმარების ხელშესახები შედეგები ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში აისახება.ევროკავშირისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა უამრავ წარმატების ისტორიას ითვლის. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ამ წარმატებათა რიცხვშია“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მომავალი ორი წლის მანძილზე, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კიდევ უფრო გააფართოებენ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას და მეტ დახმარებას გაუწევენ ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნის გზაზე.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „საექსპორტო ბაზრებზე წვდომის“ პროექტის ფარგლებში, მხარს უჭერენ ქართული ბიზნესის ევროპულ მომავალს.

2023 წლიდან, 306-მა საწარმომ მიიღო ტექნიკური დახმარება, ტრენინგი და საკონსულტაციო მხარდაჭერა კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და ექსპორტისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით. აქედან 73 პროცენტი ქალების მიერ დაფუძნებული ბიზნესებია.

ამ მხარდაჭერის შედეგად, შეიქმნა 960 ახალი სამუშაო ადგილი, ოცდახუთმა საწარმომ პირველად დაიწყო ექსპორტი ევროკავშირის ბაზრებზე, ხოლო ექსპორტის შემოსავლები საშუალოდ ხუთი პროცენტით გაიზარდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,