ევროპის დღე: უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა
მაისი 10, 2022

ევროპის დღე: უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

  • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
  • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
  • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

„ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,