
დაიწყო რეგისტრაცია მერების შეთანხმების ყოველწლიური ცერემონიისთვის, რომელიც 2026 წლის 15 ოქტომბერს ბრიუსელში, „შარლემანის“ შენობაში გაიმართება.
მერების შეთანხმების ხელმომწერია ყველა მასშტაბის ადგილობრივი ხელისუფლება, წარმოდგენილი დემოკრატიულად დაკომპლექტებული და არჩეული თანამდებობის პირებით, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები კლიმატისა და ენერგეტიკის სფეროში, მიუხედავად იმისა, ჯერ მხოლოდ იწყებენ საკუთარი პოლიტიკის გატარებას, თუ უკვე დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული მის განხორციელებაში. შეთანხმების ხელმომწერების ვალდებულებები უკავშირდება ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის ჩარჩოს, განსაკუთრებით – კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის. მერების შეთანხმების ხელმომწერები ასევე არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
ისევე, როგორც გასული წლის წარმატებულ ცერემონიაზე, წლევანდელ ღონისძიებაზე, რომლის თემაა „ადგილობრივი ლიდერები ხელმისაწვდომი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადობისთვის“, შეიკრიბებიან ევროპის ასობით ადგილობრივი და რეგიონული ლიდერი, ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა განიხილონ, თუ როგორ ასრულებენ ადგილობრივი ქმედებები ცენტრალურ როლს ევროპის პრიორიტეტების კონკრეტულ პრაქტიკულ რეალობად ქცევის საქმეში.
„ეს ნიშნავს ევროკავშირის ახლახან მიღებული ენერგეტიკული კანონმდებლობისა და სტრატეგიების, მათ შორის AccelerateEU და მოქალაქეთა ენერგეტიკული პაკეტის რეალურ პროექტებად გარდაქმნას: სახურავებზე, რაიონული გათბობის სისტემებში, მობილობის ქსელებსა და ადგილობრივ წარმოებაში. მოქალაქეთა ჩართულობის, ენერგეტიკული თანამეგობრობებისა და მონაწილეობითი მმართველობის საშუალებით, ადგილობრივი ხელისუფლება ასევე ამყარებს ნდობას და უზრუნველყოფს, რომ გარდამავალი პერიოდი იყოს სამართლიანი და ინკლუზიური“, – ნათქვამია მერების შეთანხმების პრესრელიზში.
ამ საკითხების შესასწავლად პროგრამაში დაგეგმილია აზრთა გაცვლა-გამოცვლა ენერგეტიკისა და საბინაო საკითხების ევროკომისარ დენ იორგენსენთან და კლიმატის, ნეტო-ნულოვანი ემისიის და სუფთა ზრდის საკითხებში ევროკომისარ ვოპკე ჰოეკსტრასთან, ასევე მერებთან, რეგიონულ ლიდერებთან და სხვა მაღალი დონის მომხსენებლებთან.
პოლიტიკური დისკუსიების გარდა, 2026 წლის ცერემონიაზე დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ცოდნას და ურთიერთსწავლებას. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დღეისათვის არსებული ძირითადი გამოწვევების განსახილველ სპეციალიზებულ სემინარებში, მათ შორის კლიმატის საკითხებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სემინარსა და პრაქტიკულ ტრენინგ-სესიაში, რომელზეც მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების სამოქმედო გეგმების (SECAP-ების) საინვესტიციო გეგმებად გარდაქმნის შესახებ იმსჯელებენ.
შეთანხმების მხარდამჭერებისა და კოორდინატორებისთვის განკუთვნილ სპეციალურ დისკუსიაზე განხილული იქნება, თუ როგორ შეიძლება მერების შეთანხმების შემდგომი ინტეგრირება კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხების დაგეგმვაში რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, შეთანხმების მონაწილეთა მიერ მიღწეული წარმატებების მაგალითზე.
დღის განმავლობაში ორგანიზებული ქნება სპეციალური სივრცეები ურთიერთობების დასამყარებლად, სადაც მონაწილეებს ექნებათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ კოლეგა-ლიდერებთან, დამხმარე ინიციატივებთან და ექსპერტებთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.