“5G ინტერნეტი კორონავირუსის გასავრცელებლად შექმნეს”, “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნაყოფობას იწვევს”, “ვირუსი კაცობრიობის გასანადგურებლად ხელოვნურადაა შექმნილი” – ეს იმ კონსპირაციული თეორიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც წელიწადზე მეტია, საზოგადოება მოიცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ამბები კორონავირუსის გავრცელებამდეც საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო, პანდემიამ ახალ-ახალი თეორიები შვა და მათი გამავრცელებელთა რაოდენობაც გაზარდა.
ყალბ ამბებსა და მათთან ბრძოლის გზებზე ჟურნალისტმა, პლატფორმა მედიაჩეკერის ექსპერტმა მაგდა გუგულაშვილმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, ბლოგერმა და აქტივისტმა ზურა ბალანჩივაძემ ისაუბრეს. იქიდან გამომდინარე, რომ 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება, სტუმრებმა დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის გარდა, ყალბ ამბებთან ბრძოლაში მედიის როლიც განიხილეს.
„სანამ კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ინფოდემია უწოდა, იმდენად დიდი დოზით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებით“ – ამბობს მაგდა გუგულაშვილი.
მაგდა პანდემიის პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციას რამდენიმე ნაწილად ყოფს. მისი თქმით, თავდაპირველად ყალბი ამბები ვირუსის წარმოშობის წყაროს შესახებ გავრცელდა, რასაც არასწორი პრევენციის გზები და ე.წ. “ხალხური” მეთოდებით მკურნალობის ხერხები, შემდეგ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ამბების ტალღა მოჰყვა.
მაგდა ყალბი ამბების ამოცნობად რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას გვიზიარებს:
„რადგან კორონავირუსზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე სანდო წყაროები ჩვენთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ადგილობრივი ცენტრები“ – აღნიშნავს მაგდა.
მაგდა მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინფორმაციისა და ახალი ამბებისადმი სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი: „ვურჩევდი ყველას, რომ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ავრცელებს ამას: მისი მეზობელი ეუბნება, სოციალურ ქსელში კითხულობს თუ მედიასაშუალებაში ისმენს ამ ინფორმაციას“.
ყალბი ამბების ამოსაცნობად რჩევებს ზურა ბალანჩივაძეც გვიზიარებს:
გადამოწმებასთან ერთად, ზურა ბალანჩივაძის თქმით, მედია ვალდებულია, ამბავს წყაროც მიუთითოს: „საკუთარ თავზე პასუხისმგებელ მედიას აუცილებლად აქვს მოყვანილი და გალინკული უცხოენოვანი წყარო. უცხოენოვან წყაროს კი აუცილებლად აქვს მოყვანილი ის კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც დაიწერა ეს სტატია“.
აღსანიშნავია, რომ ზურა ბალანჩივაძემ კორონავირუსი თავადაც დაამარცხა და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ მკითხველებს ინფორმაციას ფეისბუქზე დღიურების სახით უზიარებდა. თავად კორონავირუსის შესახებ არსებულ მითებს კომპეტენტური წყაროების დასკვნებითა და ინფორმაციით ებრძვის.
„პირადად მე, ჯერ არ ავცრილვარ და ველოდები, როდის მოვა ჩემი ჯერი. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვეყრდნობი იმ დასკვნებს, რომლებიც ვრცელდება… დღემდე დავდივარ კვლევებზე და ვიკვლევ რამე ცვლილება თუ დამიტოვა ვირუსმა… ამ ინფორმაციას საჯაროდაც ვწერ“, – ამბობს ზურა.
მაგდა და ზურა აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ვალდებულება ინფორმაციისადმი სკეპტიკური განწყობის შენარჩუნება და წყაროების შემოწმებაა, მედიის კი — საზოგადოებისთვის სანდო და რელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მაშინაა საჭირო, როდესაც საკითხი ადამიანების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას ეხება.
მოსაუბრეების თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში მართებს, რადგან დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად სწორედ აქ ვრცელდება.
თუ ყალბი ამბების ამოცნობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საზოგადოებისა და მედიის ვალდებულების საკითხი გაინტერესებთ, მოუსმინეთ პოდკასტს:
იმისთვის, რომ უკეთ გაერკვეთ თანამედროვე მედიასივრცეში და მეტი ინფორმაცია გქონდეთ დეზინფორმაციის საკითხებზე, ეწვიეთ ევროკავშირის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივისთვის შექმნილ ვებგვერდს ან გაეცანით კიდევ ერთ საინტერესო სტატიას: “დეზინფორმაციას ყველაფრის გაკეთება შეუძლია: ადამიანების განაწყენებიდან დაწყებული მათი დაღუპვით დამთავრებული”.
ავტორი: თამარ კიზივაძე
სტატია გამოქვეყნებულია ქართულად On.ge-ზე
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,