მდგრადი მედია: დამოუკიდებლობის მთავარი პირობა
აპრილი 27, 2018

მდგრადი მედია: დამოუკიდებლობის მთავარი პირობა


3 მაისს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს . ეს დღე იმ ფაქტს გვახსენებს, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია, გვახსენებს მედია პლურალიზმის მნიშვნელობას, ობიექტური, ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკის როლს მოქალაქეთა ინფორმირების, მათი ინტერესების დაცვის და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში.

ჩვენ ბევრი რამ გვსმენია დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა დამოუკიდებლობის რეალური არსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რას ნიშნავს დამოუკიდებელი აზრი,  ვიცით იმ  ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც პრობლემებს იკვლევენ და ხშირად უშუალო საფრთხის პირისპირ დგანან;  მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიცნობთ მედია-მენეჯერების საქმიანობას, რომლებიც ოფისებში მუშაობენ და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ეთერში გასვლას ან გამოქვეყნებას  ასევე, არაფერი ვიცით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასების და მომწოდებელთა  ანაზღაურების გაცემა.

ეს ის საკითხია, რომლის შესახებ ევროკავშირი კარგად არის ინფორმირებული. „საფრთხეები, რომლებიც თავისუფალ ჟურნალისტიკას ემუქრება, კომპლექსურია“, აღნიშნა ევროპული სამეზობლოს კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციაზე გასული წლის სექტემბერში: „პირადი ინტერესები და კონცენტრირებული მედია-მფლობელობა ხშირად ართულებს დამოუკიდებელი მედიის არსებობას“, აღნიშნა ასევე ევროკომისარმა და ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია  „გზების ძიება მედიის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.

„კონტენტსა და ჟურნალისტიკას უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ადგილობრივ მედიას მდგრადობის მისაღწევად მეტი დახმარება სჭირდება“, ამტკიცებს ვესელინ ვაჩკოვი, ჩეხეთის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ყოველდღიური გაზეთის, Lidové noviny, დირექტორი. ვაჩკოვი მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტში და უძღვებოდა მედია მენეჯმენტის სემინარების და მასტერ-კლასების სერიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,  რომლებიც ძირითადად საორგანიზაციო და ფინანსური მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაზე და ბეჭდვითი და ონლაინ მედიიდან შემოსავლების მაქსიმალურ ზრდაზე იყო ორიენტირებული.

  • Newsroom of Belarusian on-line media outlet TUT.BY

ვაჩკოვი ამბობს, რომ მედია საშუალებები, რომლებთანაც ის საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობდა, იცნობენ ჟურნალისტურ ეთიკას და ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ დაბალანსებული და შექმნან მაღალი ხარისხის მასალა, რომელიც „ევროპულ სტანდარტებსაც კი“ დააკმაყოფილებს.

„მაგრამ თუ სახელმწიფოს, ადგილობრივი მეწარმის ან ოლიგარქის ან თუნდაც ევროკავშირის დაფინანსებაზე ხართ დამოკიდებული, მალე მიხვდებით, რომ არ ხართ ბოლომდე თავისუფალი“.

დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის თვალსაზრისით ფინანსური ზეწოლა შეიძლება გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე პოლიტიკური ზეწოლა, ამბობს არტურ კორგენჩა, კიშინიოვში მდებარე წამყვანი მოლდოვური ტელეარხის PRO TV ახალი ამბების დირექტორი. „ფინანსური დამოუკიდებლობა სარედაქციო დამოუკიდებლობის სინონიმია – მოლდოვის ხელისუფლებას ეს გააზრებული აქვს და ცდილობს დამოუკიდებელი მედიის არსებობას სირთულეები შეუქმნას“, აღნიშნა მან.

გასულ წელს ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესები, რომლებიც ავალდებულებს სატელევიზიო არხებს ლოკალურ პროგრამირებას დღეში მინიმუმ რვა საათი დაუთმონ, მათგან ექვსი – პრაიმ-თაიმის დროს. „გარდა იმისა, რომ ეს უმძიმესი ფინანსური ტვირთია არხების უმრავლესობისთვის, კიშინიოვის PRO TV-ს ჩათვლით“, ეს ნიშნავდა, რომ სატელევიზიო არხებს არ შეეძლოთ პრაიმ-თაიმის დროს გადაეცათ მაღალრეიტინგული უცხოური პროგრამები, მაგალითად, ფეხბურთი ან ჰოლივუდის ფილმები – „სწორედ ის პროგრამები, რომლებიც იზიდავს რეკლამასდა აქედან გამომდინარე – ფულს“, აღნიშნა კორგენჩამ.

  • Veselin Vačkov, director of Czech daily newspaper Lidové noviny
  • Media Hub trainer Veselin Vačkov during follow-up meetings with Armenian on-line media ‘Aravot.am’ in Yerevan

PRO TV-მ მოახერხა თავის გადარჩენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) დახმარებით, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს. ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება დაეხმარა სატელევიზიო არხს PRO TV 4 ახალი შოუს მომზადებაში, გასართობი შოუების და ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუს ‘In PROfunzime’ ჩათვლით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა გახდა მოლდოვაში.

„ევროპის დემოკრატიის ფონდის საშუალებით შევძელით ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კვოტის დაკმაყოფილება“ და ამასთანავე უფრო მდგრადი საფუძვლის შექმნა მომავლისათვის, ამბობს კორგენჩა. „ეს შოუები პოპულარულია და მათ მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ გვჯერა, რომ ამ პროგრამების საშუალებით მომავალში რეკლამებს მოვიზიდავთ, რთული გარემოებების არსებობის მიუხედავად“.

გარდა ამისა, ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერა დაეხმარა PRO TV-ს აღნიშნული პროგრამებისთვის გადამღები ჯგუფების ჩამოყალიბებასა და საკუთარი რესურსების შექმნაში. „ამ ჯგუფებს ახლა უკვე აქვთ გამოცდილება იმისათვის, რომ განაგრძონ შოუების წარმოება და მომავალში ახალი სატელევიზიო პროექტები განახორციელონ“, ამბობს კორგენჩა.

მაგრამ ფინანსური ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის წინაშე მდგარი პრობლემების უმეტესობა იმ პრობლემების მსგავსია, რომლებმაც უკანასკნელ წლებში მთლიანად მოიცვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მედია სივრცე, ამბობს ვესელინ ვაჩკოვი. აღნიშნულ პრობლემებს შორის ვაჩკოვი ასახელებს ბეჭდური მედიის ტირაჟის შემცირებას, რაც კომპლექსურად გამოიწვია ეკონომიკურმა კრიზისმა, ბეჭდურიდან ციფრულ მედიაზე გადასვლამ და ონლაინ შემოსავლების მიღების სირთულეებმა, ასევე ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების საჭიროებამ და სარეკლამო შემოსავლების შეზღუდვამ.

ვაჩკოვის ტრენინგი მედია მენეჯმენტში, რომელიც ონლაინ კურსის სახითაც არსებობს, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ პრობლემებსაც მოიცავს. „ჩვენ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, ამბობს ვაჩკოვი. „მონაწილეები ნამდვილად კმაყოფილები არიან მხარდაჭერით, რომელიც მათ უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება“.

  • Artur Corghencea, news director at PRO TV (Republic of Moldova)
  • Artur Corghencea: “Financial independence is synonymous with editorial independence.”
  • L-r: Veselin Vačkov (Lidové noviny) talks to Anna Israelyan, editor-in-chief of Armenian on-line media “Aravot.am”

წარმატებული მედია ბიზნესის წარმართვა პატარა ბაზარზე თავისთავად გამოწვევაა, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა, ბელარუსის წამყვანი ონლაინ ახალი ამბების პორტალის TUT.BY აღმასრულებელი დირექტორი. პორტალს 50-ზე მეტი სარედაქციო თანამშრომელი ჰყავს, ხოლო მისი მკითხველების რიცხვი ბელარუსის ინტერნეტ-მომხმარებლების საერთო რაოდენობის 42.9%-ს შეადგენს.

„წარმატებული ფინანსური მოდელის დახმარებით დამოუკიდებელ მედია-საშუალებას თავის გადარჩენა შეუძლია“, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა. „გარდა ამისა, გაზრდილი შემოსავალი რეკლამის მსხვილი კორპორატიული დამკვეთებისგან დამოუკიდებლობის საშუალებასაც იძლევა“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2000 წლის სტარტაპიდან მთავარ ციფრულ მედია-მოთამაშედ იქცა, მისი დამოუკიდებლობა ბრენდის რეკლამის ბაზარზე ბელარუსში და ონლაინ კონკურენციის ზრდა, მათ შორის საერთაშორისო კონკურენციის, იმას ნიშნავდა, რომ ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად TUT.BY საჭიროებდა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურის შემქნას და საოპერაციო პროცესის გაუმჯობესებას.

ამისათვის, მან მიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ მცირე ბიზნესის სარეკომენდაციო პროგრამას, რომელმაც TUT.BY საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტების ჯგუფთან დააკავშირა. „პროექტი დაეხმარა კომპანიას ეფექტიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, გაუწია რეკომენდაციები ვიდეო სექტორის განვითარებისა და ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ასევე მისცა რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რამაც კომპანიის სტრუქტურა შეცვალა“, აღნიშნა ჩეკინამ.

ამის შედეგად შემოსავლები 20%-ით გაიზარდა. „რენტაბელობის ზრდამ, რა თქმა უნდა, თანდათან გაზარდა სარედაქციო ბიუჯეტი და დასაქმებული ჟურნალისტების რაოდენობა“, ამბობს ის და დასძენს: „ჩვენი რენტაბელობა საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება“.

ლუდმილა ჩეკინას სჯერა მომავლის, თუმცა აცნობიერებს დივერსიფიკაციის აუცილებლობას ზრდისათვის: “პატარა ქვეყნებში სარეკლამო მოდელის საფუძველზე მომუშავე მედიისთვის მთავარ პრობლემაშეზღუდული ბაზარი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შინაარსობრივი პროექტების განვითარება, რომლებიც იძლევა ფართო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას და სხვა ბაზრების წამყვან მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობა, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ და ეფექტურ სტრატეგია. “

  • Lyudmila Chekina, CEO at TUT.BY, the leading online news portal in Belarus
  • Office of TUT.BY, leading online news portal in Belarus

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე არის იმის შეხსენება, რომ ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელ მედიას ბიზნესის მდგრადი მოდელი სჭირდება.

„მედიის წარმართვა მხოლოდ სტატიების წერა არ არის“, ახსენებს ვესელინ ვაჩკოვი მონაწილეებს მედია მენეჯმენტის სემინარებზე. „მდგრადობა გამოწვევა უფროა, ვიდრე ხარისხი. და რაც უფრო  წარმატებულია მედია ეკონომიკურად, მით უფრო მეტია ჩვენი, როგორც ჟურნალისტების, თავისუფლების ხარისხი“.

***

ავტორი: კოსტა ს. პავლოვიჩი (ბი-ბი-სის ყოფილი ჟურნალისტი,  თანამშრომლობს Radio France Internationale-თან, გაზეთის Cyprus Mail მთავარი რედაქტორი)

ღია მედია ჰაბი

ღია მედია ჰაბი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მხარს უჭერს მედია პროფესიონალებს ევროკავშირის სამეზობლოს მთელ სივრცეში. პროექტის მედია მენეჯმენტის საქმიანობიდან სამეზობლოს რეგიონში სულ 753 ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის არის 244 ინდივიდუალური მედია მენეჯერი; შერჩეული დამოუკიდებელი მედია-საშუალებებისთვის სამუშაო ადგილებზე მენეჯმენტის განმეორებითი კონსულტაციები ტარდება. მედია ჰაბის ოთხი ონლაინ კურსი, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და არსებობს ასევე რუსულ ენაზე,  350 მომხმარებელმა გაიარა, მათგან 148 მომხმარებელმა – მედია მენეჯმენტის კურსი. www.openmediahub.com www.openmediahub.com/e-learning

ევროპის დემოკრატიის ფონდი

ევროპის დემოკრატიის ფონდი წარმოადგენს გრანტების გამცემ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიული ცვლილებების განმახორციელებლებს ევროპულ სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა და იღებს ევროკავშირის დაფინანსებას საკუთარი საოპერაციო ხარჯების დასაფარად. ევროპის დემოკრატიის ფონდი ეხმარება დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოძრაობებს და ცალკეულ აქტივისტებს პლურალისტური მრავალპარტიული სისტემის ხელშემწყობ საქმიანობაში, ამ ორგანიზაციების ზომის და ოფიციალური სტატუსის მიუხედავად; ფონდი ასევე ეხმარება დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ევროპის დემოკრატიის ფონდის მუშაობის ძირითადი სფეროა ევროკავშირის სამეზობლოში. www.democracyendowment.eu



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,