ქართველი მეცნიერები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ასთმის მკურნალობის ახალ გზებს ეძებენ
მაისი 7, 2019

ქართველი მეცნიერები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ასთმის მკურნალობის ახალ გზებს ეძებენ


ქართველი მეცნიერები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, ასთმის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ და თუ კვლევა წარმატებით დასრულდა, ანტიბიოტიკების ნაცვლად მას შესაძლოა, ფაგებით უმკურნალონ. პროექტი ევროკავშირმა 3 მილიონი ევროთი დააფინანსა.

ასთმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 235 მილიონი ადამიანია დაავადებული და ის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იმის მიუხედავად, რომ ქრონიკული ასთმა სრულად არ ინკურნება, დაავადების მართვა და ეფექტური კონტროლი შესაძლებელია. მკურნალობა პაციენტთა უმეტესობისთვის სიმპტომებისა და შეტევების პრევენციის და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებისთვის საჭირო მედიკამენტების ყოველდღიური მიღებით ხდება.

  • Colony of bachteriophages
  • Colony of bachteriophages

თბილისის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ ასთმის მკურნალობა შესაძლებელია ტრადიციული მედიცინისგან განსხვავებული მეთოდით – ფაგოთერაპიით. ალტერნატიული მედიცინის ეს სახეობა ბაქტერიოფაგებით მკურნალობას გულისხმობს. ბაქტერიოფაგები (იგივე ფაგები) არის ვირუსები, რომლებიც ბაქტერიულ უჯრედებს ანადგურებენ. გასულ საუკუნეში ბაქტერიოფაგის განვითარება სწორედ გიორგი ელიავას სახელს უკავშირდება, რომელიც საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუში მოღვაწე კანადელ მეცნიერ ფელიქს დ’ერელთან თანამშრომლობდა და 1934 წელს თბილისში ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსულოგიის ინსტიტუტი დააარსა. ფაგების აღმოჩენის შემდეგ, თავდაპირველად მათი მეშვეობით მკურნალობდნენ დიზენტერიას, ტიფს, ქოლერას, თუმცა ყოველთვის არც თუ ისე წარმატებით. ამ დარგის მკვლევარები ფაგოთერაპიის რეპუტაციის შელახვას იმ მეთოდოლოგიური შეცდომებით ხსნიან, რომელიც მაშინ მიკრობიოლოგიის განვითარების არასაკმარისი დონით იყო განპირობებული. დასავლეთში ეს მიმართულება არ განვითარებულა, მით უმეტეს, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ.   

ელიავას ინსტიტუტის კვლევების თანახმად, ასთმური დისბიოზის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი ბაქტერიოფაგების (ფაგების) მკვეთრად შემცირებული რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ფაგოთერაპიის გზით, ასთმური სასუნთქი გზების ეუბიოზის აღდგენა დაავადების კლინიკური გამოვლინების და იმუნური არეულობის კონტროლის საშუალება უნდა გახდეს.

რამდენად რეალურია ეს და მართლაც შესაძლებელია თუ არა, ბაქტერიოფაგებით ასთმის მკურნალობა, დაახლოებით 3 წელიწადში, ევროკავშირის მიერ “ჰორიზონტი 2020”-ის ფარგლებში, დაფინანსებული კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ოთხწლიან პროექტს “ეუბიოზის აღდგენის თერაპიის შექმნა ასთმისთვის” (CURE) 10 პარტნიორისგან შემგარი კონსორციუმი ახორციელებს. კონსორციუმში საქართველოდან შემავალი პარტნიორი ორგანიზაციები არიან: გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინსტიტუტი და შპს ელიავას ბიო პრეპარატები, რომლებსაც ევროკავშირისგან, ფინანსური კონტრიბუციის სახით, 222 500 ევრო და 60 000 ევრო აქვთ მიღებული. კონსორციუმში, ასევე, შედიან ათენის აკადემიის ბიომედიცინური კვლევების ფონდი (BRFAA), შვეიცარიის ალერგიისა და ასთმის კვლევის ინსტიტუტი (SIAF), ათენის კაპოდისტრიის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი, შვედეთის უმეოს უნივერსიტეტი, EXELIXIS, ევროპის ალერგიისა და საჰაერო დაავადებების პაციენტების ასოციაციების ფედერაცია (EFA) და ლოძის უნივერსიტეტი.

  • At the Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology think that asthma can be treated with phage therapy
  • Laboratory technician Nino Grdzelishvili at Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology
  • Images of bachteriophages

პროექტი ერთი წელია, რაც მიმდინარეობს და მისი საბოლოო შედეგები 3 წელიწადში გახდება ცნობილი.

“ასთმით დაავადებულ ადამიანებს აკლიათ გარკვეული ბაქტეორიოფაგები. ჩვენი დავალებაა, ჯანმრთელი ადამიანის ზედა სასუნთქი გზებიდან გამოვყოთ ბაქტეორიოფაგები, შევისწავლოთ ისინი, მოვამრავლოთ, შევქმნათ მედიკამენტები და ამ გზით დავაბრუნოთ ეკოლოგიურ სისტემაში. ჩვენ ვიღებთ ზედა სასუნთქი გზების ეპითელიუმს, რომელსაც ვზრდით ორგანიზმის გარეთ (ამის ტექნიკა არსებობს და მეთოდი უფრო ჰუმანურია, ვიდრე ცხოველური ცდები). შემდეგ ამ კულტურას დავასნებოვნებთ იმ ბაქტერიებით, რომლებიც არსებობს ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში და დავამატებთ ბაქტერიოფაგებს, რის შემდეგაც იმუნოლოგიურ პარამეტრებს გავზომავთ. ასე გავთვლით, რა რაოდენობით, როდის და რომელი ბაქტერიოფაგები უნდა დავამატოთ. წარმოიდგინეთ ტყე, რომელშიც მოხდა ხანძარი და იქ დაიწვა მცენარეები. ამ ტყის აღდგენისთვის ხომ ახალი მცენარეები უნდა შეიტანოთ იქ? დაახლოებით იგივეს ვაკეთებთ. ბაქტერიოფაგები, რომლებიც აკლია ასთმით დაავადებულ ადამიანს, უნდა დავამატოთ მის მიკრობიოტას (ანუ მიკროორგანიზმების შემადგენლობას ზედა სასუნთქ გზებში) და ამით აღვადგინოთ ბალანსი”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნინა ჭანიშვილი, პროექტის თანამენეჯერი საქართველოს მხრიდან და ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ასეთი ბაქტერიოფაგები უკვე გამოყოფილია, ახლა მათი დახარისხება ხდება, რის შემდეგაც უჯრედული ცდებისთვის იმუნოლოგებთან გაიგზავნება.

კონკრეტული ფაგების ნარევის ასთმურ სასუნთქი გზების ეკოლოგიაზე მოქმედების ეფექტის განსაზღვრის შემდეგ, შეიქმნება ფაგური პრეპარატები, რომლებიც ასთმის კლინიკური ტესტირებებისთვის გადაირჩევიან.

“ეს იქნება იმუნომოდულატორი. ზოგადად, ასთმის დაავადებულებს უნიშნავენ ანტიბიოტიკებს და სტეროიდებს. თუ ჩვენ ბაქტერიოფაგები შევიტანეთ მკურნალობის არსენალში, შეიძლება, მათ ეს საერთოდ არ დასჭირდეთ, რადგან  განიკურნებიან, ან ექნებათ უფრო ხანგრძლივი რემისიები, ვიდრე ჩვეულებრივ”, – ამბობს ნინა ჭანიშვილი.

რით სჯობს ფაგი ანტიბიოტიკს? – ნინა ჭანიშვილის განმარტებით, ანტიობიოტიკებისადმი დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და აბსოლუტურად უვნებელია. ასევე, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ხდება, რაც ფაგების შემთხვევაში ასე არ არის.

  • Nina Chanishvili, co-manager of CURE project on the Georgian side and a representative of the Tbilisi Institute
  • At Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology
  • At Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology

ფაგოთერაპია ევროკავშირის ქვეყნებში საერთოდ არ არის დანერგილი, ამ გზით ასთმით მკურნალობის შესაძლებლობა კი ჯერ დაუდასტურებელია. ნინა ჭანიშვილი აცნობიერებს, რომ პროექტი სარისკოა.

“შეიძლება პროექტის ბოლოს მართლა უარყოფა მივიღოთ, მაგრამ პირველი წლიდან ჩანს, რომ უარყოფა არ იქნება. პროექტი თავისთავად ორიგინალური, უცნაური, იმიტომ რომ ასეთნაირი მიდგომა, ასთმის  მიმართ ყოველ შემთხვევაში, არ განხოციელებულა”.

თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, ასთმის მკურნალობის ეს მეთოდი ალბათ, ჯერ საქართველოში დაინერგება, როგორც ქვეყანაში, სადაც უკვე დაშვებულია ფაგოთერაპია. (ევროკავშირის ქვეყნებში კი ბაქტერიოფაგების გამოყენება თერაპიისთვის ჯერჯერობით მიუღებელია).

ბაქტერიოფაგებით ამჟამად საქართველოში ჩირქმბდადი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების – სტაფილოკოკის, სტრეფტოკოკის, ნაწლავის ჩხირი და ა.შ., ასევე, ნაწლავური  ინფექციების მკურნალობა ხდება. 

ჰორიზონტი 2020-ის შესახებ

“ჰორიზონტი 2020” არის ევროკავშირის ყველაზე ფართო მულტინაციონალური პროგრამა კვლევისა და ინოვაციის სფეროში. მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებს, კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ განაცხადი და ჩაერთონ სამუშაო პროგრამის აქტივობებში.

  • Researcher at at Scientists at Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology
  • Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology
  • Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology
  • At Tbilisi George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology

პროგრამის ბიუჯეტი 2018-20 წლებში 30 მილიარდი ევროა. “ჰორიზონტი 2020”-ის დაფინანსების მოპოვება ხდება მონაწილეთა პორტალზე გამოქვეყნებულ კონკურსებში საპროექტო წინადადებების წარდგენის საფუძველზე. კონკურსებში განსაზღვრულია ის თემატურ სფერო(ები), რომელთა ფარგლებშიც გაიცემა დაფინანსება და მოცემულია თითოეულ სფეროზე გასათვალისწინებელი შეფასების კრიტერიუმი.

“ჰორიზონტი 2020”-ის ფარგლებში, ქართველი პარტნიორების მონაწილეობით, 17 პროექტია დაფინანსებული.

Author: Nino Chichua

Article published in Georgian by Netgazeti.ge



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,