ქეთი წილოსანი – ქალი, რომელმაც საკუთარი ისტორია თანასწორობისთვის ბრძოლის მოძრაობად აქცია
© Dina Oganova/UNFPA Georgia
ნოემბერი 28, 2025

ქეთი წილოსანი – ქალი, რომელმაც საკუთარი ისტორია თანასწორობისთვის ბრძოლის მოძრაობად აქცია


„15 წლის ასაკში ადრეულმა ქორწინებამ ჩემი ცხოვრება თითქოს დროებით შეაჩერა: სწავლა შეწყდა, ოცნებები გადაიდო, შესაძლებლობები კი – თითქოს გაქრა“, – იხსენებს ქეთი წილოსანი, რომელიც ლანჩხუთში, თბილისიდან 300 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქში გაიზარდა. „თუმცა შინაგანად ყოველთვის ვიცოდი, რომ ცხოვრება მხოლოდ სახლის კედლებში არ სრულდებოდა“.

2018 წელს ქეთი წილოსანი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და „ფონდი ტასოს“ მიერ ერთობლივად წამოწყებულ პროექტს შეუერთდა, რომლის მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იყო. ეს ნაბიჯი მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გასაუბრებაზე ბევრი ნაცნობი წარმატებული ქალი იყო ჩვენი რეგიონიდან. როდესაც ჩემი თავის წარდგენის დრო მოვიდა, არ ვიცოდი, ამდენ წარმატებულ ქალში რა უნდა მეთქვა საკუთარ თავზე. ამიტომ სულ ერთი წინადადება ვთქვი „ვარ 2 შვილის დედა და დიასახლისი“. თუმცა სწორედ ეს შეხვედრა აღმოჩნდა ჩემი ცხოვრებისთვის გარდამტეხი, ჩემ ცხოვრებაში ცვლილების საწყისი“, – იხსენებს ქეთი.

ამ გამოცდილების შედეგად, 2020 წელს მან გახსნა კაფე „ქეთოსთან“ – ახალგაზრდების თავშეყრისთვის განკუთვნილი პირველი სივრცე ლანჩხუთში. ეს პატარა სოციალური საწარმო მალევე იქცა სივრცედ, რომელიც უხვად მასპინძლობდა ტრენინგ-აქტივობებსა თუ შემოქმედებით საღამოებს და თემის წევრებს სოციალიზაციისა და სოლიდარობის გამოხატვის საშუალებას აძლევდა.

„ვმართავდით პოეზიის საღამოებს, კინოჩვენებებს, ტრენინგებსა და მუსიკალურ ღონისძიებებს. კაფე იქცა ადგილად, სადაც ახალგაზრდებსა და ქალებს შეეძლოთ ერთად ესწავლათ, ეოცნებათ და გაძლიერებულიყვნენ“, – ამბობს ქეთი. კაფეში ათამდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ასევე კაფეში ბევრ ადგილობრივ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, მიეღო პირველი სამუშაო გამოცდილება.

კაფე „ქეთოსთან“, ქეთი წილოსანის მონდომებით, თემში განახლებისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. ის იქცა ყველასთვის ხელმისაწვდომ და ადგილობრივ კულტურაზე მორგებულ სივრცედ, რომელიც ქალებსა და გოგოებს შეხვედრისთვის, სწავლისა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისთვის უსაფრთხო და სანდო გარემოს სთავაზობდა.

„კაფეში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ტრენინგები და დისკუსიები ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ლიდერობის თემებზე“, – იხსენებს ქეთი. „ეს შეხვედრები მხოლოდ თეორიული ცოდნა არ იყო – ისინი პრაქტიკულ უნარებს აძლევდა მონაწილეებს, მათში აძლიერებდა თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას. ბევრმა ქალმა და გოგომ სწორედ აქ გაიგო პირველად, რომ საკუთარი უფლებების დაცვა შესაძლებელი და, მეტიც, აუცილებელია“.

ერთ-ერთმა ინიციატივამ – „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“ – რომელსაც UN Women-ის ინიციატივით, ერთობლივი პროგრამის – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში განხორციელდა, წარუშლელი კვალი დატოვა თემის წევრებზე.

„გოგოები, რომლებიც თავიდან ჩუმად, მორიდებულად მოდიოდნენ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ხმამაღლა იწყებდნენ საკუთარი აზრის გამოთქმას”, – იხსენებს ქეთი. „იმდენად
უსაფრთოდ იგრძნეს თავი, ღიად გაიზიარეს პირადი გამოცდილებები, რომ შემდეგ უკვე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი, გაჟღერება და შესაბამისი ზომების მიღებაც“.

მათმა გამბედაობამ რეალური შედეგი გამოიღო: რამდენიმე შემთხვევის გამჟღავნების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო მოკვლევა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ერთი მასწავლებელი ახლა სასჯელს იხდის.

„ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ იყო ძლიერი გზავნილი და შეხსენება იმისა, რომ უსაფრთხო სივრცე და სათანადო მხარდაჭერა ქალებსა და გოგოებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ მთელი საზოგადოება“, ამბობს ქეთი.

2023 წელს, მას შემდეგ, რაც კაფე „ქეთოსთან“ დაიხურა იმის გამო, რომ შენობის მფლობელმა უარი განაცხადა იჯარის განახლებაზე, ქეთი წილოსანმა და მისმა მეგობრებმა წამოიწყეს ქრაუდფანდინგ-კამპანია, რომლის შედეგადაც შეგროვდა აუქციონზე ავტობუსის შესაძენად საკმარისი თანხა – ასე დაიბადა ბორბლებზე მოძრავი კაფე „ყავის ავტობუსი“, რომელსაც ყავასთან ერთად, საინტერესო საუბრები და გაერთიანების სულისკვეთება მიჰქონდა გურიის რეგიონის შორეულ სოფლებში.

სხვადასხვა ინიციატივების, მათ შორის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მეშვეობით, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, ქეთი წილოსანი აგრძელებს საქართველოს რეგიონებში ისეთი საკითხების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ღრმად ფესვგადგმულ, მავნე ნორმებს უკავშირდება. „სტერეოტიპები, რომ „ქალი მხოლოდ სახლში უნდა იყოს“, „ქალი ვერ იქნება ლიდერი“, ჩვენთან ჯერ კიდევ ძლიერია. მაგრამ ყოველდღიური, პრაქტიკული მაგალითებით – კაფეში, ტრენინგებზე, ავტობუსში – ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ქალს შეუძლია იყოს ლიდერი და საზოგადოებაში ცვლილებების ინიციატორი და განმახორციელებელი“, – ამბობს ქეთი.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,