გზა წარმატებისკენ: ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარება
მარტი 27, 2024

გზა წარმატებისკენ: ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარება


სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პრაქტიკული გამოცდილების არქონაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აჭარაში, სადაც ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტწილად თეორიულ მიდგომებზე კონცენტრირდებიან, რის შედეგადაც სტუდენტები ხშირად სათანადო პრაქტიკულ ცოდნას ვერ იღებენ. ამას ისიც ემატება, რომ რეგიონში ადამიანური რესურსების მართვის, გაყიდვების, მარკეტინგის თუ მსგავს მოთხოვნად სფეროებში სამუშაოდ საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“, ევროკავშირის მხარდაჭერით ცდილობს ამ დანაკლისთა შევსებას, რათა ახალგაზრდებს კარიერის დაწყება გაუმარტივდეთ. 

„ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ 2015 წელს დაარსდა, როცა მერი ნამგალაძე ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე შექმნილი საკურსო ნამუშევრით შთაგონებულმა, მან სხვა რამდენიმე თანამოაზრე სტუდენტთან ერთად გადაწყვიტა ჩართულიყო სოციალურ პროექტში, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ამ გამოცდილებამ მერის გუნდის ფორმირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსების მოტივაცია მისცა. „ჩვენი თავდაპირველი პროექტების მიზანი განათლების სფეროში ჩვენ მიერ გამოვლენილ პრობლემათა აღმოფხვრა იყო. კერძოდ, ჩვენ ვთავაზობდით ტრენინგებს საპროექტო განაცხადების წერის, მოხალისეობის, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობისა თუ სახელმწიფო უწყებებში ვიზიტების ორგანიზების მიმართულებებით“, — ჰყვება მერი. 2015 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ თავის აქტივობებში 300-მდე ახალგაზრდა ჩართო და შექმნა ბიზნესქსელი, რომელიც ახალგაზრდებს ადგილობრივ კერძო კომპანიებთან და ისეთ სახელმწიფო უწყებებთან აკავშირებს, როგორებიცაა, მაგალითად, აჭარის დასაქმების სააგენტო, ახალგაზრდობის სააგენტო, დასაქმების რეგიონული ცენტრი და ბათუმის მერია.

2023 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. გრანტმა მათ საშუალება მისცა, შეექმნათ სპეციალური სატრენინგო მოდული, რომელიც მუშაობის ან ბიზნესის დაწყების მსურველი 30 ახალგაზრდის საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული.

„ჩვენი სამიზნე ასაკი 16-იდან 29 წლამდე იყო. სტუდენტთა ჩართულობის მაქსიმალურად გასაზრდელად, ჩვენ შემოვიარეთ რამდენიმე საგანმანათლებლო ინსტიტუტი — მათ შორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის კოლეჯი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. ასევე, გავავრცელეთ ინფორმაცია სოციალური მედიით და ბათუმის რადიოს მეშვეობით“, — იხსენებს მერი, — „და ჩვენმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო: ახალგაზრდებისგან 160 განაცხადი მივიღეთ. მათგან მხოლოდ 30-ის არჩევა მარტივი არ ყოფილა“.

პროფესიული მიზანდასახულობა, სოციალური მედიამარკეტინგი და ბიზნესგეგმის შედგენა იყო კურსების ის სამი თემა, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა საბაზრო მოთხოვნათა გათვალისწინებით სიფრთხილით შეარჩიეს.

„ახალგაზრდებში მოტივაციისა და ანალიტიკური უნარების მნიშვნელოვანი ნაკლებობაა“, — აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, — „თავიდან ვეცადეთ, მონაწილეთა კარიერული მიზნები და მისწრაფებები გამოგვევლინა: იქნებოდა ეს საკუთარი ბიზნესის დაწყება თუ კომპანიაში სამუშაოს პოვნა. ამის შემდეგ კი ჩვენი მიდგომა მათ მიზნებს მივუსადაგეთ“.

ორ ჯგუფს, რომელთაგან თითოეული 15 ახალგაზრდისგან შედგებოდა, რვა მოდულის მქონე კურსი ჩაუტარდა. ტრენინგის პრაქტიკული კომპონენტი 10 ადგილობრივი კომპანიისთვის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას მოიაზრებდა. მცირერიცხოვან ჯგუფებად დაყოფილმა მონაწილეებმა მოამზადეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეტალური სტრატეგიები და შეადგინეს შესაბამისი ბიუჯეტები.

თამარ დანელია სათვალეების ადგილობრივი ქართული ბრენდის, „მეზას” დამაარსებელია. ახალგაზრდების ჯგუფმა ტრენინგის ფარგლებში მისი კომპანიისთვისაც შექმნეს მარკეტინგული სტრატეგია. „ახალგაზრდების ახალი, ინოვაციური იდეები მართლაც მრავლისმთქმელი აღმოჩნდა! ახალმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ საშუალება მოგვცა, დაგვეხვეწა ხილვადობის გასაზრდელად შემუშავებული მიდგომა და გაგვეყიდა მეტი პროდუქტი. საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა, ჩვენთვის სარგებლის მოტანის გარდა, ასევე იყო ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ახალგაზრდების გაძლიერებას ჩვენი ბიზნესპრაქტიკის ხელშესახებად გაუმჯობესება“, — აცხადებს თამარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლო აქტივობა ბათუმში ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება იყო, რომლის დროსაც 100-მდე ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, უშუალოდ გასაუბრებოდა საზოგადოებრივი სექტორის, მათ შორის ბათუმის მერიის, დასაქმების სააგენტოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს. ფორუმზე ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტებიც განიხილეს. ახალგაზრდებს კი მიეცათ შანსი, საქმიანი კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ დამსაქმებლებთან და წარედგინათ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც ტრენინგების გავლისას შეადგინეს.

ინიციატივის დასრულებიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე უკვე შესაძლებელი გახდა კონკრეტული მიღწევების აღნუსხვა. ტრენინგის ერთმა მონაწილემ კერძო კომპანიაში დაიწყო მუშაობა; ორმა კი საკუთარი ბიზნესი აამუშავა. 18 წლის სტუდენტი, ანა ხალვაში მარკეტინგულმა კომპანიამ, „დიჯითალ პორტმა“ დაასაქმა და ახლა ის სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს. „ტრენინგი დამეხმარა, დამესახა მიზნები და მეპოვა სამსახური. მიღებული ცოდნა სრულყოფილად ერგება ჩემს ამჟამინდელ პროფესიულ ინტერესებს, რის შედეგადაც წარმატებით დავსაქმდი“, — ჰყვება ანა.

26 წლის ნესტან ზოიძე სუპერმარკეტების ქსელში მუშაობდა. მისი ოჯახი ბათუმიდან ორი საათის სავალი გზით დაშორებულ სოფელ ჩანჩხალოში საოჯახო სასტუმროსა და რესტორანს ფლობს. „ტრენინგამდე ჩემი ოჯახის ბიზნესის განვითარება მიუღწეველ მიზნად მეჩვენებოდა“, — ამბობს ის, — „არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობებში მონაწილეობით გავიაზრე, როგორი მარკეტინგი სჭირდება საოჯახო სასტუმროსა და რესტორანს. ამ გამოცდილებამ შემაძლებინა, წამოვსულიყავი კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურიდან, რომ მთელი ჩემი დრო ჩვენი საოჯახო ბიზნესისთვის დამეთმო. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა“.

ის, რომ ორგანიზაციის ინიციატივას ხანგრძლივი გავლენა ექნება, ბათუმის ბიზნესქსელის არსებობითაც მტკიცდება. ქსელი ახალგაზრდებს ადგილობრივი ბიზნესების 200-მდე წარმომადგენელთან აკავშირებს. ქსელის წევრები Facebook-ის ჯგუფში არიან გაწევრიანებულები, თუმცა ეწყობა ფიზიკური შეხვედრებიც, რომელთაგან პირველი კომპანიების თანადაფინანსებით შედგა. ქსელი კომპანიებს კონკრეტულად სტუდენტებისთვის განკუთვნილ ვაკანსიებზე ინფორმაციის გასავრცელებელ სივრცეს აძლევს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას — კერძოდ კი ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამიტომ ვაპირებთ, მოვიპოვოთ ახალი დაფინანსება ამ ქსელის გასაძლიერებლად და გასაფართოებლად“, — აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“, თავმჯდომარე, მერი ნამგალაძე.

ავტორი: ვოლჰა პროხარავა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,