„გავიგუდეთ“ — რუსთაველები სუფთა ჰაერს ითხოვენ
მაისი 11, 2022

„გავიგუდეთ“ — რუსთაველები სუფთა ჰაერს ითხოვენ


გარემოსდამცველ აქტივისტთა ჯგუფი, „გავიგუდეთ“ რუსთავში, საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრში დაბინძურების შემცირებაზე მუშაობს.

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თინათინ მაღედანმა არც კი იცოდა, რომ რუსთავი, მისი მშობლიური ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი იყო საქართველოში. რუსთავი თბილისიდან მანქანით 40 წუთის სავალ მანძილზეა და საბჭოთა დროიდან მოყოლებული ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. დღეს მის ტერიტორიაზე 50-მდე ქარხანა მუშაობს. მათი უმეტესობა ქალაქის განაპირას მდებარეობს და გარემოსდაცვით კანონებს არ იცავს.   

იმის გამო, რომ ეს ქარხნები საცხოვრებელი უბნებიდან შედარებით მოშორებითაა განთავსებული, მოსახლეობას მათი არსებობის იგნორირება უადვილდება. მაღედანმა ეს ქარხნები პირველად მხოლოდ 2019 წელს ნახა, როდესაც გარემოს დაცვის ორგანიზაციის, „გავიგუდეთ“-ის ფეისბუქის პოსტს წააწყდა, რომელიც დეტალურად საუბრობდა ქარხნების საზიანო გამონაბოლქვის მოცულობაზე.

დღეს თინათინი „გავიგუდეთ“-ის ხელმძღვანელია. მან მაღალანაზღაურებადი სამსახური იმისთვის დატოვა, რომ ამ ორგანიზაციას შეერთებოდა  და სრულად მიეძღვნა თავი გარემოსდაცვითი აქტივიზმისათვის.

„იქამდე ვერ იაზრებ, რეალურად რამდენად ცუდადაა საქმე, სანამ ამას საკუთარი თვალით არ ნახავ“, — ამბობს ის ევროპის დემოკრატიის ფონდთან (EED) საუბრისას, — „სწორედ ამიტომ ახლა ჩვენ რუსთავის მცხოვრებლები ინდუსტრიულ ადგილებში მიგვყავს, რათა მათ სრულად დაინახონ პრობლემის მასშტაბი. ხალხი, ძირითადად, თბილისში მუშაობს და სწავლობს, რუსთავში კი მხოლოდ ღამის გასათევად ბრუნდება. ასე რომ, მათ, შეიძლება, არ იცოდნენ თავიანთ ქალაქში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ — ზუსტად ისე, როგორც მე არ ვიცოდი ეს რამდენიმე წლის წინ“.

„გავიგუდეთ“ რეგულარულად ადევნებს თვალყურს რუსთავში ჰაერის ხარისხს — და შედეგები შოკისმომგვრელია. წელიწადში დაახლოებით 281 დღის განმავლობაში ქალაქში ჰაერის ხარისხი ხასიათდება როგორც „ცუდი“ ან „ძალზე ცუდი“.

ჯგუფი ამ მონაცემებს რეგულარულად აქვეყნებს სოციალურ მედიაში. აქვეა თავმოყრილი ქარხნების ვიდეოები და ფოტოები, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება შეძლოს. როგორც ჩანს, ეს სტრატეგია მუშაობს. „წინასაარჩევნო გამოკითხვისას რუსთავის მცხოვრებელთა უმეტესობამ სამი ყველაზე აქტუალური პრობლემიდან ერთ-ერთად დაბინძურება დაასახელა“, — ამბობს თინათინი.

ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებასთან მუშაობა

„გავიგუდეთ“, ამასთან, ადგილობრივი და სახელმწიფო მმართველობებისგან  საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვს. მათ წვლილი შეიტანეს ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შედგენაში და უზრუნველყვეს, რომ მასში მოსახლეობის საჭიროებებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსების მეშვეობით, ისინი ახლა ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობების მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელებას მეთვალყურეობენ.    

„გავიგუდეთ“-ის გუნდი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს პარლამენტის მიერ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონის მიღებას და დაბინძურებასთან დაკავშირებულ იმ სხვა  საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის გარემოს დაბინძურებისათვის განსაზღვრულ ჯარიმებს — ადრე ისინი იმდენად დაბალი იყო, რომ საწარმოებს მოძველებული აღჭურვილობის განახლებას მათი გადახდა ერჩივნათ.

ამასთან, ახალი კანონი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს უფლებას აძლევს, შეაჩეროს დამაბინძურებელი ქარხნების მუშაობა სასამართლო ბრძანების მიღებამდე, რის მოპოვებასაც ხანდახან თვეები და წლებიც კი სჭირდება. დაბოლოს, კანონი ითხოვს, რომ რუსთავში არსებულმა 24-მა ქარხანამ თავის საკვამურებში მონიტორინგის სპეციალური მექანიზმები დააყენოს, რომლებიც შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს საშიში გამონაბოლქვის დონის შესახებ ინფორმაციას ავტომატურად გადასცემენ.

თინათინი აღიარებს, რომ ამ ახალი კანონის მიღება გრძელი და რთული პროცესი იყო. პარლამენტმა მის დასამტკიცებლად საჭირო სამი მოსმენა გადადო,  მაგრამ „გავიგუდეთ“ შეუპოვრად აგრძელებდა პროტესტს და კანონის მისაღებად კონკრეტული ვადების დამტკიცებას ითხოვდა. დიდწილად სწორედ მათი დაუზარელი შრომის დამსახურებაა, რომ პარლამენტმა, საბოლოოდ, ეს კანონი მიიღო.

იგი ამბობს, რომ „გავიგუდეთ“ ყოველთვის მზად არის, ითანამშრომლოს სახელისუფლებო ორგანოებთან რუსთავში გარემოსთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

„ჩვენი საქმიანობა პროტესტით არ შემოიფარგლება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის ის კონკრეტული გზები, რომლებიც რუსთავის მცხოვრებლების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ სახელისუფლებო ორგანოებს სამუშაოს შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ“, — აღნიშნავს თინათინი.

რუსთაველების ნდობის მოპოვება

თინათინის თქმით, ჰაერის ხარისხზე ზრუნვისას ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ რუსთავში ბევრი ადამიანი ამ ქარხნებშია დასაქმებული.  

„ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია მათი დახურვა“, — განმარტავს ის, — „საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ყოველი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია. ქარხანაში მომუშავე ერთ პირს თავის ხელფასით სამი ან ოთხი ადამიანის გამოკვება შეიძლება უწევდეს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ საწარმოებმა რეგულაციები დაიცვან, რათა ჩვენს მოქალაქეებს სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლოთ“.

ამ მიდგომამ, ცხადია, ხელი შეუწყო „გავიგუდეთ“-ის პოპულარობას რუსთავში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გუნდი ხუთი ადამიანისგან შემდგარი პატარა ჯგუფია, მრავლად არიან ისინიც, ვინც ორგანიზაციას მოხალისეობრივად სიამოვნებით ეხმარება. „გავიგუდეთ“-ის საქმიანობაში დღეს მაღედანის ოჯახიც კია ჩართული: მისი დედა გუნდის წევრია, მამამ კი ხეების დარგვის კამპანიის ორგანიზებაში შეიტანა წვლილი. ამას გარდა, ადგილობრივი არქიტექტორი, რომელიც გუნდს ხეების დარგვის კამპანიისათვის მწვანე სივრცის მოწყობაში დაეხმარა, ახლა მისი ქმარია.

„გავიგუდეთ“-ს ეფექტიანი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციის მოპოვებაში სოციალური მედიაც მნიშვნელოვნად წაადგა. მათ მიგნებებსა და მონაცემებს არა მხოლოდ ფართო საზოგადოება ენდობა, არამედ — სხვა გარემოსდაცვითი კომპანიებიც. ამის ილუსტრაციაა ის, რომ საქართველოს სხვადასხვა წერტილში მომუშავე მსგავსი ორიენტაციის მქონე ორგანიზაციები „გავიგუდეთ“-ის გუნდს ერთობლივ პროექტებზე თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ.   

„საქართველოში გარემოს დაცვის საკითხებზე ცოტა ადამიანი მუშაობს. ამიტომ ჩვენ გვინდა, შევქმნათ ორგანიზაციების ძლიერი ქსელი, რომლის წევრებიც საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან“, — ხსნის მაღედანი.

„გავიგუდეთ“ განაგრძობს სამოქმედო გეგმისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მეთვალყურეობას. გუნდი, ამასთან, მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნასაც გეგმავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ შეცვალონ ადამიანების დამოკიდებულება და რუსთავში და მის ფარგლებს გარეთ გარემოს დაცვაზე ზრუნვისა და მდგრადი ურბანიზმის ნამდვილი კულტურა შექმნან.   

ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ 2013 წელს შეიქმნა, მხარს უჭერს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პროდემოკრატიულ მოძრაობებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც პლურალისტური, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებაზე მუშაობენ. საქართველოში ფონდი გვერდში უდგას „გავიგუდეთ“-ის მსგავს სამოქალაქო აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედიას, უფლებადამცველებს და ანტიკორუფციული მიმართულებით მომუშავე აქტივისტებს.

ორგანიზაციებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ითხოვონ დაფინანსება, რისთვისაც, უბრალოდ, განაცხადის ფორმის შევსებაა საჭირო. მხარდაჭერისთვის მოთხოვნილი თანხა, როგორც წესი, 10,000 ევროდან 150,000 ევრომდე მერყეობს, თუმცა ევროპის დემოკრატიის ფონდს ამ თანხაზე ნაკლები ან მეტი ოდენობის გრანტებიც გაუცია. მისი მხარდაჭერა, საშუალოდ, 40,000 ევროდან 60,000 ევრომდე თანხას შეადგენს.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,