ანა დათიაშვილი: „ჩვენ ერთი მთავარი მიზანი გვაქვს — გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა“
იანვარი 25, 2023

ანა დათიაშვილი: „ჩვენ ერთი მთავარი მიზანი გვაქვს — გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა“


23 წლის ანა დათიაშვილი ქალაქ ზესტაფონში დაარსებული საინიციატივო ჯგუფის, „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“, ხელმძღვანელია.  მან ეს ახალგაზრდული ჯგუფი მეგობრებთან ერთად იმისთვის შექმნა, რომ თავის გარშემო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისთვის შეეწყო ხელი და ახალგაზრდა ქალებს და კაცებს დახმარებოდა.  ანა ერთ-ერთია იმ 226 ახალგაზრდას შორის, ვინც პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ფარგლებში შემუშავებულ ინიციატივაში, „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელობით განხორციელებული ინიციატივის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრაა.

„მე საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ლიდერობა არ არის მარტივი. ყველას უნდა მისცე გარკვეული ცოდნა, მოტივაცია, უნდა მართო პროცესები და ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში — მაგრამ ეს ჩემი მოწოდებაა. ამ ეტაპზე, ძირითადად, საგანმანათლებლო პროექტებზე ვმუშაობთ, რადგან ახალგაზრდებს ყველაზე მეტად განათლება სჭირდებათ.

მჯერა, რომ ჩვენი აქტივიზმით არაერთ ადამიანს რეგიონის დატოვებას გადავაფიქრებინებთ, შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს, განვახორციელებთ საინტერესო პროექტებს და ჩავრთავთ მათში ახალგაზრდებს. თუ ახალგაზრდებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდი, ასწავლი პრობლემების დიპლომატიური გზით, ძალადობის გარეშე გადაჭრას და მოტივაციას მისცემ, სათანადო შედეგებსაც მიიღებ. ახალგაზრდობა დიდი ძალაა.

სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ისინი, ვინც სულ მალე ოჯახებს შექმნიან, საპასუხისმგებლო თანამდებობებს დაიკავებენ და შვილებს აღზრდიან. მათთვის სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა აუცილებელია. სწორედ ამ გზით შეიძლება აღმოიფხვრას ძალადობა, დისკრიმინაცია და დამამცირებელი მოპყრობა ოჯახებსა თუ სამუშაო სივრცეებში.

ჩვენ ერთი მთავარი მიზანი გვაქვს — გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. განათლება, ცნობიერების ამაღლება და ახალი შესაძლებლობების შექმნა  გენდერული (და ზოგადი) თანასწორობისკენ სვლას აასწრაფებს.

დიდი ხანი არაა, რაც საქმეს შევუდექით, მაგრამ უკვე ბევრი მოვასწარით. ადვოკატირების შედეგად და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ვიპოვეთ სივრცე, სადაც ვაჩვენებთ ფილმებს და მერე დისკუსიებს ვმართავთ. აქვე ვატარებთ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ამ ეტაპზე ჩვენს საკვირაო სკოლაში ყოველკვირეულად დაახლოებით 30 მოსწავლე დადის. ყოველი მომდევნო შეხვედრა გენდერულ სტერეოტიპებს სულ უფრო ასუსტებს.

ზესტაფონში გენდერულ სტერეოტიპებს დღემდე აქვს ფეხი მოკიდებული. ჩვენ ამ სტერეოტიპების გამომწვევ მიზეზებს უნდა მივაკვლიოთ და აღმოვფხვრათ ისინი. სწორედ ამიტომაა განათლება ასე მნიშვნელოვანი. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ის უნარები შემეძინა, რომლებიც განათლების სისტემაში ცვლილებების შეტანას შემაძლებინებდა. შედეგად, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა და მართვის პროგრამაზე გავაგრძელე. მგონია, რომ ბევრი რამის დადებითისკენ შეცვლას შევძლებ.

ჩვენი მთავარი გამოწვევა გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, გენდერის შესახებ გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებთან ბრძოლაა. ამიტომ ვცდილობთ, ახალგაზრდებს ინფორმაცია ისე მივაწოდოთ, რომ სათქმელი მარტივად გაიგონ. მაგალითად, გავმართეთ თეატრალური ფორუმი, „ადრეული ქორწინება“, რომლითაც გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი.

ჩემ გარშემო ახალგაზრდებს ვურჩევდი, არასდროს შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს. ყოველი გამოცდილება მომავალი წარმატებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რადგან სწორედ ასე ვიძენთ საჭირო უნარებს.“

ინიციატივა, „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში შემუშავდა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,