ახალბედა მშობლები სტერეოტიპების წინააღმდეგ
თებერვალი 6, 2023

ახალბედა მშობლები სტერეოტიპების წინააღმდეგ


გიორგი ჯავახიშვილი და ანასტასია იანაკოპულოსი ოთხი თვის ანისიას მშობლები არიან. ანისია მათი პირველი შვილია და მას თანაბარი ძალისხმევით ზრდიან.

როგორც გიორგი ამბობს, მისთვის მამობა „ძალიან რთული, მაგრამ საოცრად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა“. ამ გამოცდილებამ მას ცხოვრების წესიც შეუცვალა:

„თუ აქამდე პირველ ადგილას ჩემი სურვილები და ინტერესები იყო, ახლა ინსტინქტურად გადავერთე ამ პატარა ადამიანზე და ჩემი ყველა ფიქრი თუ საზრუნავი მის გარშემო ტრიალებს“. ის ასევე დასძენს, რომ აქამდე თუ გარეთ გასვლასა და თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარებაზე ეჭირა თვალი, ახლა შეიძლება, რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი არ გაუჩნდეს მსგავსი სურვილი, რადგან „სახლში ისეთი ვიღაც ჰყავს“, ვინც მის ცხოვრებას ავსებს.

როგორც ამბობს, შვილის დაბადების შემდეგ სერიოზული ადამიანისგან „ნამდვილ მასხარად“ იქცა:

„მეც და ჩემი მეუღლეც ზოგჯერ ისე ვერთობით ბავშვთან თამაშით, ვინმეს რომ ვიდეო გადაეღო და მოგვიანებით ეჩვენებინა, ალბათ ძალიან შეგვრცხვებოდა. მაგრამ ბავშვთან ყველა კომპლექსი გვეხსნება, ოღონდ გაიცინოს. რომ გამიღიმებს ხოლმე, სანთელივით ვდნები.“ 

„მამების სკოლა“

როცა გაიგეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ, გიორგიმ და ანასტასიამ „დიდი ემოციური სტრესი“ გაიარეს, რადგან უცებ სრულიად ახალი კითხვების პირისპირ აღმოჩნდნენ.

„დავიწყე ინფორმაციის ძებნა: ვგუგლავდი, ვკითხულობდი და ამ დროს გადავეყარე ‘მამების სკოლას’. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გავიარე რეგისტრაცია. იმ მომენტში მივხვდი, ბევრი რაღაც იყო, რაც სასწრაფოდ მჭირდებოდა და ძალიან გამიმართლა, რომ ზუსტად ამ დროს აღმოვაჩინე ეს სკოლა“, — ამბობს გიორგი.

ის დღეს იმ 90-მდე მამას შორისაა, რომლებმაც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ორგანიზაციის, „ვიზრუნოთ ერთად“, ინიციატივაში, „მამების სკოლაში“ მიიღეს მონაწილეობა. ინიციატივა 2021 წლიდან მოყოლებული, თბილისსა და ქუთაისში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  

„ანასტასიასაც თანამედროვე ღირებულებები აქვს და ძალიან უნდოდა, აქტიურად ჩავრთულიყავი როგორც ორსულობის, ისე მშობიარობისა და მერე ბავშვის აღზრდის პროცესში. მივხვდი, ძალიან ესიამოვნა, ინიციატივა რომ გამოვავლინე და თავად გადავდგი ეს ნაბიჯი“, — ამბობს გიორგი „მამების სკოლაში“ მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების შესახებ.

როგორც ის აღნიშნავს, „მამების სკოლამ“ ბევრი რამ ასწავლა და მეტად თავდაჯერებული გახადა. თუ თავიდან ყოყმანობდა, დასწრებოდა თუ არა მშობიარობას, სხვა მამების რჩევით დარწმუნდა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას არ უნდა გამოკლებოდა.

„ბევრი მარწმუნებდა, რთულია, სტრესულია და არ შეხვიდე, იქ რა გინდაო. მაგრამ ‘მამების სკოლაში’ მითხრეს, თუ შეგიძლია და თვლი, რომ ფსიქოლოგიურად მზად ხარ, აუცილებლად უნდა დაესწრო, რადგან შენს ცოლს იქ ისეთი ვინმე სჭირდება, ვინც გვერდით დაუდგება და დაეხმარებაო“, — იხსენებს გიორგი, რომელმაც მეუღლესთან ერთად სამშობიარო განყოფილებაში 18 საათი გაატარა. 

ერთ მომენტში, როცა ახალშობილთან არავინ იყო, მივიდა და ის სიტყვა დაუძახა, რომლითაც შვილს იქამდე მიმართავდა, სანამ დაიბადებოდა: „თითზე მომეჭიდა, შემომხედა და ვიგრძენი, რომ რასაც მის მუცლად ყოფნის დროს ვაკეთებდი, სწორი და საჭირო იყო“.

მამობას სწავლა არ უნდა?

გიორგის თქმით, „მამების სკოლამ“ ბევრ რამეში გაუმყარა ცოდნა და უკეთ გააცნობიერებინა, რა როლს უნდა თამაშობდეს მამა ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა სკოლაში მისვლაზე მის გადაწყვეტილებას არაერთი ახლობელი სკეპტიკურად შეხვდა.

„სკოლაში ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით პირად გამოცდილებებს, საკუთარი მამებისადმი დამოკიდებულებას და იმ მოგონებებს, რომლებიც ბავშვობიდან შემოგვრჩა. ამ ყველაფრის გააზრებით და გადაფასებით მივხვდი, როგორ ცდებოდნენ ისინი, ვინც სკოლაში მისვლის იდეას არ მიწონებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ კაცს, და განსაკუთრებით ქართველ კაცს, არ ეკადრება, ვიღაცას დაუჯდეს და იმან მამობა ასწავლოს, რადგან მამობას სწავლა არ უნდა და ეს თავისთავად მოდისო. ისეთ კონსერვატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ‘მამების სკოლა’ სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ძალიან დიდ რამეს აკეთებს“.

ქალის და კაცის საქმე

გიორგის მტკიცე რწმენით, იმისათვის, რომ საქართველოში ქალების მიმართ ძალადობა აღმოიფხვრას, პატარაობიდანვე უნდა ვისწავლოთ თანასწორობის შესახებ:

„ბიჭებს, როგორც წესი, ‘კაცურ’ საქმეებს აკეთებინებენ ხოლმე: მამა გარაჟში ჩაიყვანს, მეგობრებთან საქეიფოდ გაიყოლებს ან რამე მსგავსს შესთავაზებს. ამ დროს კი გოგოები დედებთან რჩებიან და სახლის დალაგებაში ეხმარებიან. ბიჭებს ასწავლიან, რომ არ უნდა დაალაგონ, რადგან ეს კაცის საქმე არ არის. მსგავსი რაღაცები უნდა აღმოიფხვრას. ბავშვობის ტრავმები მოგვიანებით, ზრდასრულობაში ბევრ რამეს განაპირობებს“.

მისივე თქმით, ბევრი ქალი მალავს, რომ ქმარი მასზე ძალადობს, რადგან „წასასვლელი არსად აქვს“, რაც არასწორია; პირიქით, ქალმა უნდა იცოდეს, რომ „რაც უნდა მოხდეს, აქვს წასასვლელი და ყოველთვის შეუძლია მშობლებთან დაბრუნება“:

„ამით ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლება. ყველაფერი შეიძლება ხელის ერთხელ აღმართვით დაიწყოს, რაც მერე სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს და  ფატალურადაც მთავრდება ხოლმე. ქალმა უნდა იცოდეს, რომ, ქმრის გარდა, ჰყავს საკუთარი ოჯახი, თავისი მშობლები, რომლებსაც შეუძლია, დაეყრდნოს, აზრები გაუზიაროს და რომლებიც, თავის მხრივ, გვერდში დაუდგებიან, ნებისმიერ დროს მისცემენ სახლში დაბრუნების უფლებას, რადგან სახლი მისიცაა და ის მხოლოდ ბიჭ შვილებს არ ეკუთვნის“.

ევროკავშირი წლებია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და სხვა მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად მუშაობს. ბავშვების აღზრდაში და სახლის საქმეებში ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერის გზით ოჯახების დახმარება პროექტის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, უმთავრესი პრიორიტეტია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად ხორციელდება.  თბილისსა და ქუთაისში გახსნილი „მამების სკოლა“ ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზნების შესრულებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,