მზია ამაღლობელი აზრის თავისუფლებისთვის გაცემული სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატი გახლდა. მან ეს ჯილდო ასევე პატიმრობაში მყოფ ბელარუსელ ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად მიიღო. ჯილდოს ევროპარლამენტი 16 დეკემბერს გასცემს.
22 ოქტომბერს ლაურეატების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ამ წლის ჯილდო გადაეცემა „ორ ჟურნალისტს, რომელთა გამბედაობაც შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს იძულებით გაჩუმებაზე“.
„ორივემ დიდი ფასი გადაიხადა სიმართლის თქმისთვის და ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ. პარლამენტი მათ და იმ ყველა ადამიანის გვერდით დგას, რომლებიც თავისუფლების მოთხოვნას აგრძელებენ“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვარში პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლებისას დააკავეს. აგვისტოში მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, მზია ამაღლობელი საქართველოს იმ პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო გახდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ რეჟიმს.
2025 წლის 19 ივნისს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვა და დაგმო „’ქართული ოცნების’ რეჟიმის სისტემური თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“.
ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტი, ესეისტი, ბლოგერი და აქტივისტია. ის ლუკაშენკას რეჟიმის ღია კრიტიკითა და, ასევე, ისტორიასა და ადამიანის უფლებებზე დაწერილი ტექსტებით არის ცნობილი. ის არაერთხელ დაუკავებიათ. 2021 წლიდან პატიმრობაში მყოფ პოჩობუტს გამოსასწორებელ კოლონიაში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია და ოჯახის წევრებს მისი მონახულება ეკრძალებათ.
2023 წლის 15 მარტს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა ანდჟეი პოჩობუტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“.
საბჭოელი ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის გაიცემა, ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა. 1988 წლიდან მოყოლებული მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად ანიჭებს პიროვნებებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში წვლილის შეტანისთვის.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,