4 მაისს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტმა ევროპის კონტინენტსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე 40-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეკრიბა დევიზით „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. პირველად ხდება, რომ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრას არაევროპული ქვეყანა შეუერთდა — სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და უკეთ გაუწიონ კოორდინაცია ქმედებებს დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცების, დაკავშირებადობის განვითარების და ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
სამიტს თანათავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ანტონიუ კოშტამ ხაზი გაუსვა ამ სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას.
„ეს არის ისტორიული მოვლენა, ვინაიდან ევროპის პოლიტიკური საზოგადოება პირველად იკრიბება აქ, სამხრეთ კავკასიაში; და ვინაიდან მან სომხეთი დააყენა ევროპის გულში — სწორედ იქ, სადაც მისი ადგილია — მისი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა კოშტამ.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ დღე დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. „ეს ნიშნავს, რომ ეს სამიტი სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში — რომლის გამართვა შესაძლებელი გახდა მამაცი პოლიტიკური არჩევანის და შეუპოვარი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.
პრეზიდენტმა კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირი მზადაა ითანამშრომლოს სომხეთთან და რეგიონთან მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მდგრად დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მყარ ეკონომიკურ კავშირებს მეზობლებს შორის.
ერევანში გამართულ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების უმთავრესი პრიორიტეტია“ და ზელენსკის თავისი გზავნილები გაუზიარა: „უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი გვერდით დაუდგება უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მდგრადი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, მთელი პატივისცემით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მეორეც, ჩვენ წინ უნდა წავწიოთ უკრაინის გაწევრიანების პროცესი და ამისათვის რაც შეიძლება მალე უნდა გავხსნათ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი“.
დაწყებული 2022 წლიდან, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეკრება ჩატარდა რვაჯერ. სამიტის მიზანია პოლიტიკური დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათ გადაიჭრა საერთო ინტერესების შემცველი საკითხები და გაძლიერდეს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის მომდევნო შეხვედრები გაიმართება ირლანდიაში 2026 წლის ნოემბერში და შვეიცარიაში 2027 წლის აპრილში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,