4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების იმ სისტემური ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა არის, განაცხადეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა.
ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს. მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. „მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის“, ვკითხულობთ 6 მარტის განცხადებაში.
„ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და უფრო შორდება ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს“, აღნიშნავენ კალასი და კოსი, „ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც იმ პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“.
საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებათა საპასუხოდ ევროკომისიამ 6 მარტს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.
იმავე დროს, ევროკავშირის უმაღლესმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდში ედგა ეკონომიკური კრიზისის დროს და ფინანსურად ეხმარებოდა და რომ ის გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: „საქართველოს ექსპორტზე ზეგავლენის მომხდენი იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც რუსეთმა შემოიღო, ევროკავშირმა საქართველოს მწარმოებლებისთვის სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოვა. საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს ასობით სტიპენდიის შეთავაზებით იღებს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საშუალებით, ჩვენ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გასაწევრიანებლად გავუღეთ კარი“.
კაია კალასმა და მარტა კოსმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ამ ხანგრძლივ პარტნიორობას ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და, სამწუხაროდ, უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას“. მათ დაურთეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის „მხოლოდ სახელი შერჩა“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,