6 მარტს ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამიერიდან ამ პირებს შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებით შესვლისას ვიზის ქონა მოეთხოვებათ.
ეს ვიზის შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევაა. გადაწყვეტილებას წინ წევრ სახელმწიფოთა თანხმობა უძღოდა.
ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების „განზრახ და მუდმივ დარღვევას“, ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა, მათ შორის აქციის მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დევნამ, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია არაერთი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა“, ნათქვამია განცხადებაში, „საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომელთაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება“.
დამატებით, 6 მარტსავე ევროკომისიამ წევრი სახელმწიფოებისთვის მიიღო სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც გასცემს რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას საქართველოს ყველა მოქალაქე გაძლიერებულად შემოწმდეს: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები უნდა გამოიყენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვათ.
წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორებიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. ამასთან, შესვლა-გასვლის სისტემა, რომელიც ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ეტაპობრივად ინერგება, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით ზომას უზრუნველყოფს.
ამას გარდა, როცა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზის ასაღებად შეიტანენ განაცხადს, რეკომენდებულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა საფუძვლიანად განიხილონ განაცხადი, ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები განმცხადებლებისგან. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გასცენ ვიზა, თუ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობა რაიმე სახის ეჭვს გამოიწვევს.
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში 6 მარტსავე შევა და გაგრძელდება 12 თვეს, 2027 წლის 6 მარტამდე. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაჭრის მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ევროკომისიას შეუძლია, შეჩერების ვადა 24 თვემდე გაახანგრძლივოს. ევროკომისიას ასევე შეუძლია, რომ ეს ზომა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გაავრცელოს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,