ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს
ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას. რეზოლუცია, ამასთან, ამ და სხვა მკვლელობების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სოფელ კირბალში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაშაულები ჩაიდინეს 2023 წლის 6 ნოემბერს — ანუ ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მისცემოდა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

პარლამენტი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

რეზოლუციის ტექსტი 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო 7, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის სრულად ნახვა აქაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,