ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა
იანვარი 27, 2023

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა


25 იანვარს თბილისში ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილი, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. 

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის იმ გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები, მათ შორის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკა. მათ, ამასთან, რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს. 

გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხებში და ხაზი გაუსვეს მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგები წელიწადში ერთხელ იმართება. ამ შეხვედრებზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები განიხილება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,