19 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მერვე ანგარიში მიიღო. მართალია, პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობამ გადადგა ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის წინა ანგარიშებში გაიცა, ზოგ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ მოუგვარებელია.
„უვიზო მოგზაურობა ამარტივებს მობილობას და ხალხთაშორის კონტაქტს, ავითარებს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორებს და ხელს უწყობს კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლებს“, ვკითხულობთ ევროკომისიის ანგარიშში, „მან ასევე შეიძლება წაახალისოს დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო თანამშრომლობა. თუმცა, არასწორად გამოყენებისას ის მიგრაციასა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც აჩენს, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“.
ანგარიში მიმოიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ განვითარებებს, მიგრაციის საკითხებს (მათ შორის საზღვრის მართვასა და რეადმისიას), უსაფრთხოებისა და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მასში თითოეული ქვეყნისთვის განკუთვნილი კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი.
საქართველო
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკომისიას არ მიაწოდა ინფორმაცია წინა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ. უმეტეს სფეროში არ გატარებულა გამოსასწორებელი ზომები, ხოლო რამდენიმე სხვა მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ საგრძნობლად უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის იმ ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა. ანალოგიურად, უკუსვლა დაფიქსირდა სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებშიც.
„ეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან უკან დახევის აშკარა შემთხვევაა და ძირს უთხრის იმ ურთიერთნდობას, რომელზეც უვიზო რეჟიმია დაფუძნებული“, ნათქვამია ანგარიშში, „ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში“.
ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეიძლება შეეხოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უპირველესად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ კომისიის რეკომენდაციები გაუთვალისწინებელი დარჩა. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ მოაგვარებს საკითხებს, შეზღუდვა შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოოდ, საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი და გადაინაცვლოს სავიზო რეგულაციის I დანართის სიაში (სავიზო მოთხოვნების მქონე მესამე ქვეყნების სია).
საქართველო ასევე ვალდებულია, 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც ევროკავშირშიც და საქართველოშიც ვიზა მოეთხოვებათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლის დაშვების პრაქტიკა, რის საფუძვლადაც „ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს“ (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა გამოიყენება.
ევროკომისია განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და კვლავ გააგრძელებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის წლიური ანგარიშების მიწოდებას.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი ევროკავშირის არაწევრ 64 ქვეყანასა და ტერიტორიასთან აქვს. ამ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე 180 დღის განმავლობაში 90 დღით გაჩერების უფლება აქვთ.
დამატებითი ინფორმაცია
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მიღებული მერვე ანგარიში





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,