21 აპრილს ბრიუსელში გამართულ საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაც განიხილეს.
საბჭომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია მიმოიხილა და დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირის ზეწოლაზე იმსჯელა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება.
„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიის უკუსვლის პროცესის შებრუნების ნიშნებს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს სჭირდება კურსის შეცვლა. და, ცხადია, ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგში გულწრფელი ჩართულობაც იქნება იმის ნიშანი, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა“, – დაასკვნა კალასმა.
მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების, ახლო მომავალში დაგეგმილი ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხები.
უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მინისტრებმა იმსჯელეს 2026-2027 წლებში ქვეყნისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემასა და იმ გზებზე, რომლებითაც რუსეთზე თანმიმდევრული ზეწოლის გაძლიერებაა შესაძლებელი, მათ შორის სანქციების მე-20 პაკეტის მიღებით.
საბჭომ ამასთან მიიღო შემზღუდველი ზომები კიდევ ორი სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებზე, კერძოდ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე. ასევე გადაწყდა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების 2027 წლის 29 აპრილამდე გახანგრძლივება იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დესტაბილიზაციის, ძირის გამოთხრის ან საფრთხის ქვეშ დაყენებისკენ მიმართულ ქმედებებზე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის მიწოდება, რათა მან შეძლოს საკუთარი პოზიციების შენარჩუნება, სანამ პუტინი არ გაიგებს, რომ ეს ომი არანაირ შედეგს არ მოუტანს“, – განაცხადა კალასმა, – „მაშინ, როცა რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს უკრაინული კულტურის წაშლას, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის წარმოჩენის შესაძლებლობა. რუსეთის დაბრუნება ვენეციის ბიენალეზე მორალურად მიუღებელია და ევროკავშირი აპირებს მისი დაფინანსების შეწყვეტას“.
სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით სხვადასხვა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესი მთელ რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად ზრდის ამ პროცესის მხარდაჭერას.
აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბრისას კაია კალასმა აღნიშნა, რომ ქვეყანა „ენერგიისა და დაკავშირებულობის მიმართულებებით მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ჩვენ კავშირების გაღრმავება გვსურს და მალე განვაახლებთ ახალი ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს“.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები და 4-5 მაისს ერევანში დაგეგმილი პირველი სამიტი, რომელსაც კაია კალასმა „პარტნიორობის გაღრმავების დასტური“ უწოდა.
დამატებითი ინფორმაცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,