ევროკავშირი და გაერო საქართველოს დასახმარებლად: 4.4 მილიონი ევროს ღირებულების ინიციატივა ნარჩენების შემცირების, გადამუშავების სტიმულირების და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით
ოქტომბერი 21, 2025

ევროკავშირი და გაერო საქართველოს დასახმარებლად: 4.4 მილიონი ევროს ღირებულების ინიციატივა ნარჩენების შემცირების, გადამუშავების სტიმულირების და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით


ევროკავშირმა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმთან პარტნიორობით, რომელსაც გაეროს ხელმძღვანელობს, დაიწყო ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია დააჩქაროს საქართველოს გადასვლა ცირკულარულ ეკონომიკაზე. ინიციატივის გახსნის ღონისძიება 16 ოქტომბერს თბილისში გაიმართა.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების სფეროს გაძლიერებას, მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებში.

ორწლიან პროექტს (2025–2027) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4.4 მილიონი ევროს ბიუჯეტით  განახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო (UBA); პროექტს დამატებითი ექსპერტიზით უზრუნველყოფს Avfall Sverige – შვედეთის ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სავაჭრო ასოციაცია.

პროექტის ძირითადი პრიორიტეტია მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) მყარი ეროვნული სისტემების შექმნა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა და პრაქტიკული ინსტრუმენტები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად. გარდა ამისა, პროგრამა გააძლიერებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებს — მათ შორის მწარმოებელთა პასუხისმგებლობის ორგანიზაციებს (PROs), სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებსა და სოციალურ საწარმოებს — შესაძლებლობების განვითარების, მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერისა და ინკლუზიური პარტნიორობის გზით, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან, სისტემურ ცვლილებებს.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით, ადამიანებისა და პლანეტის სასარგებლოდ“, — აღნიშნა ანელიზ ვანვეიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის, დაკავშირებადობის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის ხელმძღვანელმა. „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ უნდა გადავხედოთ რესურსების შექმნისა და გამოყენების არსებულ წესებს.  ეს გულისხმობს ღირებულებების შექმნას და ამავდროულად ნარჩენების შემცირებას, რათა ეკონომიკა გახდეს მდგრადი და კონკურენტუნარიანი”.

თბილისში გამართულ გახსნის ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ძირითადი ხარვეზების განხილვას, რასაც საქართველო ცირკულარობის მიმართულებით აწყდება, კერძოდ, განხილული იქნა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობაში არსებული ხარვეზები ისეთი ნარჩენების მართვისას, როგორიცაა შეფუთვა, ბატარეები, ნარჩენი ზეთები, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები, მოძველებული საბურავები და სატრანსპორტო საშუალებები.

ამჟამად საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 23 მილიონ ტონა ნარჩენს გამოიმუშავებს. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მასალების შიდა მოხმარება 13.7 ტონას შეადგენს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება; მაგრამ მისი ცირკულარობის საშუალო მაჩვენებელი 1.48 პროცენტია – გაცილებით დაბალი, ვიდრე იგივე მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში (11.5 პროცენტი).  

მთავარ გამოწვევად რჩება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საზოგადოების დაბალი ცნობიერება და  არასაკმარისი ინვესტიციები გადამუშავების ტექნოლოგიებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზიპროგრამა “მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის”



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,