EMCDDA-ისა და ევროპოლის ანგარიში: უკრაინაში რუსეთის ომი ევროკავშირისკენ მიმავალ ჰეროინის მარშრუტებს ცვლის 
იანვარი 30, 2024

EMCDDA-ისა და ევროპოლის ანგარიში: უკრაინაში რუსეთის ომი ევროკავშირისკენ მიმავალ ჰეროინის მარშრუტებს ცვლის 


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, დიდი ალბათობით, ტრეფიკინგის მარშრუტების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია, რადგან კრიმინალური ქსელები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ამის შესახებ ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრისა (EMCDDA) და ევროპოლის მიერ 24 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ნარკოტიკების ბაზარი ევროკავშირში: ჰეროინი და სხვა ოპიოიდები“, ვკითხულობთ. 

ანგარიშში აღწერილია ჰეროინის (ევროპაში ყველაზე ხშირად გამოყენებული უკანონო ოპიოიდი) ევროპული ბაზარი — დამზადებითა და ტრეფიკინგით დაწყებული, დისტრიბუციითა და გამოყენებით დასრულებული. ავღანეთიდან ევროპამდე ჰეროინით უკანონოდ ვაჭრობის ოთხი ძირითადი მარშრუტი გამოიყენება: ბალკანეთის, სამხრეთი, კავკასიის და ჩრდილოეთი. 

ანგარიშის თანახმად, კავკასიის მარშრუტზე ჰეროინი გადააქვთ შავ ზღვაზე მოცურავე ბორნებით — საქართველოდან ბულგარეთამდე, რუმინეთამდე და, ბოლო დრომდე, უკრაინამდეც.

ბოლო რამდენიმე წელში ამ მარშრუტზე განხორციელებული რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი ჰეროინის კონფისკაცია მოწმობს, რომ ეს გზა მართლაც გამოიყენება დიდი ოდენობით ოპიოიდების ირანიდან ევროპამდე გადასატანად — სომხეთის, ან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

„ისტორიულად, კავკასიის ჰეროინის მარშრუტი გადიოდა უკრაინის ოდესის პორტზე, საიდანაც ნარკოტიკების პარტიები ან ქვეყანაშივე ინახებოდა ან პირდაპირ რუმინეთის ან ბულგარეთის პორტებში იგზავნებოდა. კონფლიქტმა ბათუმიდან ოდესამდე ბორნების მიმოსვლა შეაფერხა, კომერციული ვაჭრობა კი გადამისამართდა რუმინეთისკენ, მოლდოვისკენ ან ბულგარეთისკენ. ყველა ეს ცვლილება გავლენას ახდენს ჰეროინის ტრეფიკინგზე“, წერია ანგარიშში. 

კრიმინალური ქსელები უკრაინაზე გამავალი მარშრუტების ალტერნატივებს ეძებენ. ამის შედეგად, ჰეროინის მიწაზე გამავალმა მარშრუტებმა, შესაძლოა, ბალკანეთის ქვეყნებზე გადაინაცვლოს. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა, მოლდოვასთან ერთად, ისტორიულად ჰეროინის საცავ პუნქტადაც გამოიყენებოდა. „რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია, რომ უკრაინაში უკანონოდ შენახული ჰეროინი ევროკავშირში იგზავნებოდეს“, აღნიშნულია ანგარიშში, „მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება მოხდეს მიწით. ამასთან,  უკრაინაში მოქმედმა კრიმინალურმა ქსელებმა ამ მიზნით  ლტოლვილთა გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება გამოიყენონ“.

რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდილი ზომები და რუსეთის მთავრობასა და საქონლის მიმოსვლაზე დაკისრებული სანქციები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთიდან ევროკავშირამდე ჩრდილოეთის მარშრუტით განხორციელებულ ჰეროინის ტრეფიკინგს.

ანგარიშისვე თანახმად, იმის მიუხედავად, რომ თალიბანმა ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაცია აკრძალა (UNODC-ის უკანასკნელი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში უკანონო ოპიუმის კულტივაციამაც და წარმოებამაც 95%-ით დაიკლო), ჯერჯერობით ევროპაში ჰეროინის ნაკლებობა არ შეიმჩნევა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ნარკოტიკების ბაზარი ევროკავშირში: ჰეროინი და სხვა ოპიოიდები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,