ადამიანის უფლებათა დარღვევებმა და „ოქროს პასპორტებმა“ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს 
European Parliament
ივნისი 19, 2025

ადამიანის უფლებათა დარღვევებმა და „ოქროს პასპორტებმა“ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს 


17 ივნისს ევროპარლამენტმა და საბჭომ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა (რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს) ევროკავშირს საშუალებას აძლევს, მეტად მოქნილად უპასუხოს გარემოებებს, როცა ქვეყნები არ ერთგულობენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვან პრინციპებს. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების ასამოქმედებელი არსებული საფუძვლები მოიცავს იმ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, რომელთა თავშესაფრის მინიჭების კოეფიციენტი დაბალია, ან მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას, რომლებსაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან ქვეყანაში დარჩენის დათქმულ ვადას გადააცილეს.

საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რამდენიმე ახალ საფუძველზე:

  • ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როცა — ევროკავშირთან ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვის გამო — ამან შეიძლება გამოიწვიოს  სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეთა არაკანონიერი შესვლა;
  • ინვესტორებისთვის მოქალაქეობის („ოქროს პასპორტების“) მინიჭების სქემის არსებობა, რა დროსაც მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც რეალურად არ არიან დაკავშირებულები შესაბამის მესამე ქვეყანასთან, რაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის გადახდის  ან ინვესტიციების სანაცვლოდ ხდება. 
  • ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებში არსებული ხარვეზები;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხში ან გაეროს წესდების სერიოზული დარღვევების დროს.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების პერიოდი გაიზრდება და 9 თვის ნაცვლად 12 თვე გახდება. ეს საწყისი პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით (არსებული სისტემით გათვალისწინებული 18 თვის ნაცვლად). დროებითი შეჩერების ამ ფაზის განმავლობაში ევროკომისიას შეეძლება, ჩაერთოს დიალოგში მესამე ქვეყანასთან, რათა მას შეჩერების მიზეზების მოგვარების შესაძლებლობა მიეცეს. 

საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რაც შესაძლებელს გახდის, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძირითადი უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე. „ამჟამად შეჩერების მეორე ფაზა ყველა მოქალაქეს ეხება, მაგრამ ეს არაპროპორციული რეაგირება შეიძლება იყოს მაშინ, როცა სიტუაციაზე პასუხისმგებელი აშკარად მთავრობა არის“, – ნათქვამია საბჭოს პრესრელიზში.

ახალი წესების მიხედვით, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე. სანაცვლოდ, ზემოხსენებულ შემთხვევებში, ევროკავშირს შეეძლება, შეზღუდვების გაგრძელების გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებსა და დიპლომატებზე გაავრცელოს.

ევროკავშირს ასევე შეუძლია, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ გააუქმოს, თუ მესამე ქვეყანა დროებითი შეჩერების საფუძვლად ქცეულ მიზეზებს არ მოაგვარებს.

შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებით მოგზაურობა ამჟამად 61 მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ (სავიზო შეთანხმებების ამჟამინდელი რუკა). საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. სომხეთი და აზერბაიჯანი გამარტივებული სავიზო პროცედურებით სარგებლობენ. ამ ეტაპზე ბელარუსი ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან (რუსეთთან და ვანუატუსთან ერთად), რომელთანაც სავიზო შეთანხმებები სრულად არის შეჩერებული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,