2023 წლის გამოშვება: თბილისის ევროპულ სკოლას საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით მეოთხე ნაკადი ამთავრებს
მაისი 24, 2023

2023 წლის გამოშვება: თბილისის ევროპულ სკოლას საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით მეოთხე ნაკადი ამთავრებს


აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამამ 23 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეთა მეოთხე ნაკადის მიერ სწავლის დასრულება აღნიშნა. საზეიმო ცერემონია, რომელსაც „საქართველოს საერთაშორისო სკოლა  — ახალი სკოლა“ მასპინძლობდა, თბილისის რუსთაველის თეატრში ჩატარდა. 

2023 წლის 28 კურსდამთავრებულიდან 17 მოსწავლე საქართველოდან არის — მათ შორის თბილისიდან, ბათუმიდან, გორიდან, ოზურგეთიდან და კაჭრეთიდან. სულ მცირე ხუთ მოსწავლეს უკვე დადასტურებულად აქვს მიღებული ნაწილობრივი ან სრული სტიპენდია აშშ-ში, იაპონიასა და გერმანიაში ისეთ სპეციალობებზე სასწავლებლად, როგორიცაა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, მექანიკის ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ბიზნესის ადმინისტრირება. მათ მიერ მოპოვებული დაფინანსების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 306,000 ევროს შეადგენს.

„ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საშუალო სკოლის მოსწავლეების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფაში და ხელს უწყობს მათ პიროვნულ და კარიერულ ზრდას“,აღნიშნა ცერემონიაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა. 

საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის გამცემი სასტიპენდიო პროგრამა 2018 წელს  შეიქმნა. მას შემდეგ ევროკავშირის 2-წლიანი სრული სტიპენდია აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის 145-მა მოსწავლემ მოიპოვა. 2023-2025 აკადემიური წლების პროგრამას დამატებით 20 მოსწავლე შეუერთდება. სასტიპენდიო ფონდი, რომლის საშუალებით 2018 წლიდან დღემდე კურსდამთავრებულთა ოთხი გამოშვება დაფინანსდა, 5 მილიონ ევროს აღემატება.

სკოლის კურსდამთავრებულთა 95-მა პროცენტმა სრული ან ნაწილობრივი სტიპენდია მოიპოვა მრავალი სხვადასხვა დისციპლინის შესასწავლად. მათ სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელეს— იქნება ეს ერაზმუსის, მაასტრიხტის, უტრეხტის, სორბონის, ბოლონიის, ჰარვარდის, იელის, ბრაუნის, ჰონკონგის თუ სხვა უნივერსიტეტები. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მოსწავლეთა უმრავლესობა გეგმავს, დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის განვითარებას მოახმაროს. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმატების ისტორიას და საქართველოს მთავრობას სრული ვალდებულება აქვს აღებული ამ პროექტის შესანარჩუნებლად“, — განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში ევროკავშირის იმ რეგიონული ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად საშუალო განათლების მიმართულებით ახალგაზრდების საჭიროებათა დაკმაყოფილებას ისახავს. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. ამ გზით ისინი უკეთ დასაქმების შესაძლებლობას იღებენ და უკეთ იაზრებენ ევროკავშირის არსს. 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS), რომლის პარტნიორები არიან: „საქართველოს საერთაშორისო სკოლა  — ახალი სკოლა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაცია.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,