ლეგალური მიგრაცია: საბჭომ და ევროპარლამენტმა ერთჯერადი ნებართვის დირექტივაზე შეთანხმებას მიაღწიეს
დეკემბერი 22, 2023

ლეგალური მიგრაცია: საბჭომ და ევროპარლამენტმა ერთჯერადი ნებართვის დირექტივაზე შეთანხმებას მიაღწიეს


20 დეკემბერს ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფომ, ესპანეთმა და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, განაახლონ ევროკავშირის კანონი, რომელიც ევროკავშირის შრომით ბაზარზე კანონიერ მიგრაციას არეგულირებს.

ერთჯერადი ნებართვის დირექტივა ევროკავშირის ქვეყნებს აღნიშნული ნებართვის გასაცემად საჭირო სააპლიკაციო პროცესს განუსაზღვრავს და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მშრომელთათვის საერთო უფლებებს ადგენს. ამასთან, წევრი სახელმწიფოები თავად გადაწყვეტენ, რომელი და რამდენი არაწევრი ქვეყნიდან სურთ მშრომელთა თავიანთ შრომით ბაზარზე დაშვება.

„ეს საერთაშორისო ნიჭიერი კადრების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ამასთან, მესამე ქვეყნების მშრომელთათვის მეტი უფლებების და ევროკავშირის მშრომელთა საპირწონე მოპყრობის უზრუნველყოფა შრომით ექსპლუატაციას შეამცირებს“, ვკითხულობთ ევროპის კავშირის საბჭოს პრესრელიზში. 

სააპლიკაციო პროცედურა

მშრომელს მესამე ქვეყნიდან განაცხადის წარდგენა შეუძლია როგორც მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან, ასევე — კანონმდებლების მიერ მიღწეული ახალი შეთანხმების თანახმად — ევროკავშირიდანაც, თუკი განმცხადებელი ფლობს მოქმედ ნებართვას ცხოვრების უფლებაზე. როცა წევრი სახელმწიფო ერთჯერადი ნებართვის გაცემას გადაწყვეტს, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს როგორც რეზიდენტობის, ასევე მუშაობის უფლებას.

ხანგრძლივობა

საბჭომ და ევროპარლამენტმა გადაწყვიტეს, რომ ერთჯერადი ნებართვა სრულად შევსებული აპლიკაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში უნდა გაიცეს. ეს პერიოდი შრომით ბაზარზე არსებული სიტუაციის შესამოწმებლად საჭირო დროსაც  მოიცავს. ამის მერე წევრი სახელმწიფოები გასცემენ ვიზას, რომელიც განმცხადებელს მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მისცემს. 

დამსაქმებლის შეცვლა

ერთჯერადი ნებართვის მფლობელებს დამქირავებლის შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ — ამისათვის მათ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა შეატყობინონ. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ იმ დროის მინიმუმი ხანგრძლივობა, რის განმავლობაშიც უნდა იმუშაოს ერთჯერადი ნებართვის მფლობელმა პირველ დამსაქმებელთან. სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში მშრომელს აქვს უფლება, დარჩეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ უმუშევრობის მთლიანი პერიოდი არ აღემატება სამ თვეს ერთჯერადი ნებართვის მოქმედების განმავლობაში, ან ექვს თვეს, თუ ნებართვის მიღებიდან ორი წელია გასული. 

მას მერე, რაც შეთანხმება მიიღწა, საბჭომაც და ევროპარლამენტმაც ტექსტი ფორმალურად უნდა დაამტკიცონ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,