საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს — დაესწარით ღონისძიებას 11 მაისს 
მაისი 7, 2024

საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს — დაესწარით ღონისძიებას 11 მაისს 


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღის წლევანდელ ღონისძიებას შაბათს, 11 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში უმასპინძლებს. 

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის1950 წლის დეკლარაციას ეძღვნება. რობერტ შუმანმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ დეკლარაციით თანამედროვე ევროკავშირის იდეას ჩაუყარა საფუძველი. 

„წელს თბილისში გამართული დღესასწაული ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსთვის — ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის — ევროკავშირში გაწევრიანების კარი, როგორც იქნა, ფართოდ გაიღო. ახლა კი ქართველებმა, საჭირო რეფორმების სწრაფად გატარებით, ამ კარში უნდა შეაბიჯონ“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

ოფიციალური გახსნის ცერემონია მე-4 პავილიონში 11:30-ზე გაიმართება.

მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები სტუმრებს საკუთარი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას გააცნობენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს წარადგენენ, პრიზებს გასცემენ და კულტურულ წარმოდგენებსა და კონცერტებს გამართავენ.

მე-11 პავილიონი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უმასპინძლებს და მათ საქმიანობას წარადგენს. ამ სივრცეში პროექტების წარმომადგენლები სტუმრებს შესთავაზებენ თამაშებსა და აქტივობებს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ახალგაზრდობა, ციფრული ტრანსფორმაცია, დემოკრატია და სხვა.

ეზოს სივრცეს აგრომარკეტი „უნიკალური ქართული გემო“ დაიკავებს — აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერების მიერ წარმოებული კერძებისა და პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. სტუმრები ასევე შეიტყობენ, თუ როგორ ავითარებენ წარმოებას ფერმერები საქართველოში და რა წვლილი მიუძღვის ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას.

საზეიმო პროგრამა არაერთ საბავშვო ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაცაა თოჯინების წარმოდგენ, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“. 

წელს პირველად, მე-3 პავილიონს ის მეწარმეები დაიკავებენ, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს. ამ სივრცეში სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

მე-6 პავილიონი უმასპინძლებს ევროპის დღის საუბრებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა ევროკავშირის ღირებულებები, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები თუ შესაძლებლობები ბიზნესისა და ახალგაზრდებისთვის. საუბრების წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. ამ დისკუსიების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და საზოგადოების ჩართულობას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის დღე 2024-ის დღის წესრიგი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,