ჟურნალისტიკა გარდამტეხ მომენტში: როგორ ემსახურება მედია საზოგადოების ინტერესებს კრიზისულ დროს 
International Press Institute
ივნისი 5, 2024

ჟურნალისტიკა გარდამტეხ მომენტში: როგორ ემსახურება მედია საზოგადოების ინტერესებს კრიზისულ დროს 


22-24 მაისს ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) მსოფლიო კონგრესსა და მედიის ინოვაციის ფესტივალზე ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებზე სამსჯელოდ წამყვანმა და გავლენიანმა საერთაშორისო ექსპერტებმა  მოიყარეს თავი.

ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური უთანასწორობით, ომებით, გეოპოლიტიკური კონფლიქტებით, ჰუმანიტარული პრობლემებით, დეზინფორმაციითა და ძლიერი პოლარიზაციით გამოწვეულ იმ გლობალურ კრიზისზე, რომელიც დამოუკიდებელ მედიაზე ახდენს ზეგავლენას.

ტენდენციები, რომლებიც მედიაინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს

ამჟამად მედიაინდუსტრია ცვლილებებს ყველა მხრიდან განიცდის. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი (AI) ერთდროულად პრობლემებსაც წარმოშობს და იმედებსაც იძლევა. იმავე დროს, Google და Meta ციფრული რეკლამისთვის მსოფლიო მასშტაბით გაღებული ხარჯების უკვე დაახლოებით ნახევარს იღებს.

გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად ჟურნალისტიკისთვის არ არსებობს მდგრადი ბიზნესმოდელი, სარეკლამო შემოსავლებმა კი თვალშისაცემად იკლო.

სულ უფრო მატულობს ტერიტორიები, სადაც ახალი ამბები მწირად შუქდება. ეს განსაკუთრებით ადგილობრივ მედიაორგანიზაციებზე ახდენს გავლენას. თანამედროვე გამოწვევებს ტრადიციული ბიზნესმოდელები ვეღარ უმკლავდება და ეს პროცესი COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკურმა შედეგებმა კიდევ უფრო აასწრაფა.

მწვავე განხილვის თემად რჩება უსაფრთხოების ზომები და სიტყვის თავისუფლება. შედეგად, სულ უფრო იკვეთება ჟურნალისტების უფლებებისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობის დამცველი ელემენტების — აღკვეთე, დაიცავი, გაასაჩივრე — საჭიროება, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მიღებული რეზოლუციით განისაზღვრა. მაგალითად, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას რთული პერიოდი უდგას.

IPI-მ, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტურ ორგანიზაციებთან ერთად, წერილობით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლებს და მოუწოდა მათ, მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც „უცხოელი აგენტების კანონის“ სახელითაა ცნობილი და უზრუნველყოს მიმდინარე აქციების გამშუქებელი ჟურნალისტების უსაფრთხოება. საქართველოში მასობრივი გამოსვლების გამომწვევი ეს კანონი იმეორებს იმ მუხლებს, რომელსაც რუსეთი, უნგრეთი და ყირგიზეთი ოპოზიციური და სამოქალაქო  საზოგადოების ხმების ჩასახშობად იყენებს. ევროკავშირმა შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ წაიყვანოს ქვეყანა ამ ახალი ტრაექტორიით და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

თანამშრომლობის ძალა

აღნიშნულ საკითხებს ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე მრავალსაათიანი განხილვები დაეთმო. კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი ჟურნალისტური გამოძიებები და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობაა. ჩვენ ვესაუბრეთ IPI-ის დამოუკიდებელი მედიის პროგრამების დირექტორს, ტიმოთი ლარჯს, რომელიც ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროგრამაზე, „საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის“ (IJ4EU), არის პასუხისმგებელი.

მას სჯერა, რომ მსგავსი პროექტები ჟურნალისტებს აერთიანებს. „ეს ის ამბებია, რომელთა მნიშვნელობაც სცდება ეროვნულ საზღვრებს — იქნება ეს ორგანიზებული დანაშაული თუ უსაფრთხოების საკითხები, გარემოსდაცვითი თემები თუ კორუფცია. სულ უფრო საჭირო ხდება, რომ მსგავსი უაღრესად მნიშვნელოვანი ამბები თანამშრომლობით მომზადდეს, რადგან ახალი ამბების რედაქციათა უმრავლესობას არ შეუძლია, დამოუკიდებლად გააშუქოს სახელმწიფოთაშორისი ამბები“, — აცხადებს ტიმოთი ლარჯი.

წელს IJ4EU-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერ საგრანტო კონკურსზე პირველ ტურში შემოსული განაცხადები მრავალ სხვადასხვა თემას მოიცავდა, თუმცა აშკარა ტენდენციებიც გამოიკვეთა.

„ერთი თვალშისაცემი ტენდენცია ისაა, რომ უკრაინა კვლავ აღიქმება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მაინც რჩება ყურადღების ცენტრში, რაც ასეც უნდა იყოს. მომდევნო თვეებშიც უნდა ველოდოთ არცთუ ცოტა ამბავს უსაფრთხოებასა და რუსეთის დეზინფორმაციულ ქსელებზე, სხვა მსგავს საკითხებთან ერთად. ჩვენი დაკვირვებით, მეორე ყველაზე პოპულარული თემა გარემოსდაცვაა. ხშირია ამბები კლიმატის ცვლილებასა და დაბინძურებაზე, თანაც ამ საკითხებს სხვადასხვა საინტერესო გლობალურ ასპექტზე ყურადღების გამახვილებით ევროპის მიღმაც აშუქებენ“, — ურთავს ტიმოთი ლარჯი.

თითოეულ გუნდს წევრები უნდა ჰყავდეს სულ მცირე ორ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის სექტორთაშორისი მიმართულების ხელმომწერები არიან. შედეგად, პროექტების განხორციელება უკრაინასა და საქართველოს კი შეუძლიათ, მაგრამ, ამასთან, სხვა ქვეყნებსაც აქვთ უფლება, იყვნენ შემოქმედებითი გუნდების წევრები.

ჟურნალისტური გამოძიების მხარდამჭერი სქემის ბოლო კონკურსის ფარგლებში 34 სახელმწიფოთაშორის გუნდს ჰყავდა ერთი ან მეტი ჟურნალისტი უკრაინაში, 14 გუნდი საქართველოში და ოთხი გუნდი მოლდოვასა და სომხეთში. მომდევნო კონკურსი 2024 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი. დეტალური ინფორმაციის ხილვა IJ4EU-ის ვებსაიტზეა შესაძლებელი.

ადგილობრივი ჟურნალისტიკა როგორც თამაშის წესების შემცვლელი

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე მედიასაშუალებები არაერთი გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდნენ. უკრაინაში მყოფი ჟურნალისტების სამუშაო პირობები იქამდეც არასახარბიელო იყო, მაგრამ ომის დაწყების მერე მთავარ საზრუნავად ადგილობრივი მედიის გადარჩენა იქცა.

ლერა ლაუდა, უკრაინის მედიის განვითარების ადგილობრივი სააგენტოს, ABO-ს ხელმძღვანელი, ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. „დღეს უკრაინის ადგილობრივ მედიას ადგილობრივი აუდიტორიის ნდობის მოპოვების შანსი და შესაძლებლობა აქვს“, — ამბობს ის.

ხარკივის რაიონში მომუშავე მედიაჯგუფის, Nakipilo, რეპორტიორი ვიქტორ პიჩუგინი ურთავს, რომ ომის დროს უკრაინელი ჟურნალისტები დღეში 20 საათს მუშაობენ და მათი საჭიროებები მხოლოდ იზრდება. „იმავე დროს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ აუდიტორია ახსნა-განმარტებებით მოვამარაგოთ — განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც ხელისუფლება ხალხს არ აწვდის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო საკმარის ინფორმაციას“, — ასე გვიხსნის ის ადგილობრივი მედიის როლსა და ღირებულებას.

მაგალითად, ლვივის მედიაფორუმთან, ABO-სთან და მედიაგანვითარების ფონდთან თანამშრომლობით, პროგრამამ, DW Akademie’s MediaFit, 42 მედიასაშუალების კრიზისის მართვის მხარდაჭერითა და ფინანსური გრანტებით მომარაგება შეძლო. ამ გზით ეს მედიასაშუალებები ძირითადი ხარჯების დაფარვასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ MediaFit-ს თანადაფინანსებით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) უზრუნველყოფს. ამას გარდა, ევროკავშირის მხარდაჭერის წყალობით, უკრაინაში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს შეუძლიათ, გამოიყენონ DW Akademie-ის მიერ უზრუნველყოფილი კონტენტის შესაქმნელი მექანიზმი, შემოქმედთა ფონდი.

მედიის მთავარი გამოწვევები კრიზისის დროს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს შორისაა არასაკმარისი დაფინანსება, ფიზიკური საფრთხეები და მედიამართვის გამოცდილების ნაკლებობა. რაც შეეხება ტექნიკურ რესურსებს, უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებს კვლავ სჭირდებათ ისეთი ბაზისური ტექნოლოგია, როგორიცაა გენერატორები და ინტერნეტზე წვდომა მაშინ, როცა ელექტროენერგია დაბომბვის შედეგად ხშირად ითიშება.

დიდი ტექნოლოგიის ერაში მედია მნიშვნელოვან წინაღობებს აწყდება.  JournalismAI-ის 2023 წლის გლობალური გამოკითხვის თანახმად, დიდი და პატარა ზომის რედაქციებში ხელოვნური ინტელექტი უმეტესწილად ახალი ამბების შექმნისა და დისტრიბუციის პროცესში გამოიყენება. მედიაინდუსტრიაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი — პროდუქტიულობის გაზრდის შანსს თუ სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მედიის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს დონორები ასრულებენ. დღეისთვის მედიაორგანიზაციების უპირველესი გამოწვევა მდგრადობის მიღწევაა.

„როცა ფინანსური მდგრადობა კრიზისშია, იგივე ემართება მედიის უნარსაც, მოემსახუროს საზოგადოების ინტერესებს და შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა“, — აცხადებს  საკომუნიკაციო და ინფორმაციული სტრატეგიისა და პოლიტიკის მრჩეველი იუნესკოში, სირლა მაკეიბი.

სულ ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, რომ დიდმასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიასთან ბრძოლა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური, ჟურნალისტური და სოციალური გამოწვევაა. ამ ბრძოლის შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამყაროს მომავალ წესრიგს. დეზინფორმაციის შეჩერება რთულია, მედია კი ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ის პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანების ყოველდღიურობასა და კეთილდღეობაზე.

ავტორი: ოლგა კონსევიჩი

სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად TSN.ua-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,